მამა პაისი მთაწმინდელი

წმ. ბერის გამონათქვამებიდან

„იმისათვის, რომ უფლის სამსჯავროში შეაღწიო,
ღვთისაგან არჩეული „დეპუტატი“ უნდა გახდე და
საკუთარი თავისთვის თბილ ადგილს არ უნდა იწყობდე“.

– წმიდაო მამაო, როგორ უყურებთ იმას, რაც ხდება?

– თქვენ როგორ უყურებთ?

– ჩვენ რა გვეთქმის, წმიდაო მამაო... თქვენ გვითხარით.

– მაშფოთებს გამეფებული გულგრილობა. რაღაც მზადდება. ჩვენ წესიერად ჯერაც ვერ გავიგეთ, რა დროში ვცხოვრობთ, არ ვიცით, რომ მოვკვდებით. რა გამოვა ყოველივე ამისგან, არ ვიცი, მდგომარეობა ძალზედ რთულია. სამყაროს ბედი რამდენიმე ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ უფალი ჯერ კიდევ ამუხრუჭებს. ჩვენ ბევრი და ტკივილით ლოცვა გვმართებს, რათა უფალი ჩაერიოს იმაში, რაც ხდება. გულმხურვალედ მოვეკიდოთ ამას და სულიერად ვიცხოვროთ. ძალიან რთული დროა. უამრავი ფერფლი, ნაგავი, გულგრილობაა ირგვლივ – და იმისათვის, რომ ეს ყოველივე გაიფანტოს, საჭიროა, ძლიერად დაუბეროს. მოხუცები ამბობდნენ, რომ მოვა დრო, როდესაც ადამიანები დაიწყებდნენ წიხლების კვრას! და აი, ანგრევენ გალავნებს, არაფერს უწევენ ანგარიშს. საშინელებაა! დადგა ბაბილონის აღრევის ხანა! წააიკითხეთ სამი ყრმის ლოცვა და დაინახავთ, როგორი თავმდაბლობით ლოცულობდნენ ისინი [1]. და 82-ე ფსალმუნი: „ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ, ნუ დასდუმნები“. აი, ესაა საჭირო, სხვანაირად კარგს არაფერს ელოდე. საჭიროა, საღვთო ჩარევა.

ჩნდება ზოგიერთი ევროპული ავადმყოფობა და ისინი სულ უფრო ვრცელდება. ერთმა ოჯახის უფროსმა – ინგლისში მცხოვრებმა კვიპროსელმა მითხრა: – „ჩვენ სულიერი საფრთხის წინაშე ვართ. მთელი ოჯახით უნდა გავიქცეთ ინგლისიდან“. ხედავ – იქ მამა ქალიშვილზე ქორწინდება, დედა – ვაჟზე... ასეთი რაღაცეები, რაღა ითქმის, სირცხვილია. ჩვენ კი მაჩვებივით გვძინავს. მე არ მოგიწოდებ სატირლად, ძმაო, არამედ მივაქციოთ ყურადღება უდიდეს მომავალ საფრთხეს და აღვაპყროთ ხელები უფლისკენ. დავფიქრდეთ, როგორ დავიცვათ თავი ბოროტებისაგან. საჭიროა, დავამუხრუჭოთ, რადგან არსებობს ყველაფრის განადგურების საფრთხე. ახლა დროა წინასწარმეტყველის სიტყვები ვილოცოთ: ,„დასხენ მთავრანი მათნი, ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და სალმანა... რომელთა თქუეს: დავიმკვიდროთ თვისად სიწმიდე ღმრთისაი“ [2].

უდიდესი მღელვარებაა. ისეთი აბნეულობაა, რომ ხალხს თავბრუ აქვს დახვეული. ხალხი ფუტკარივითაა. თუ სკას დაარტყამ, ფუტკრები გარეთ გამოფრინდებიან, დაიწყებენ ზუზუნს და აფორიაქებულნი დაფრინავენ სკის გარშემო. შემდეგ ისინი იმ მიმართულებას იღებენ, საითაც ქარი დაუბერავს. თუ სამხრეთის ქარია, სკაში დაბრუნდებიან, თუ ჩრდილოეთის - გაფრინდებიან. ასევეა ხალხიც, რომლებსაც უბერავს ხან ნაციონალური „სამხრეთის“, ხან კი ნაციონალური „ჩრდილოეთის ქარი“ და მას, საწყალს, თავი გაბრუებული აქვს. თუმცაღა, მიუხედავად ამ მღელვარებისა, მე ვგრძნობ ჩემში ერთგვარ ნუგეშს, ერთგვარ სიმტკიცეს. შეიძლება, ზეთისხილის ხე გახმა კიდეც, მაგრამ იგი გამოიღებს ახალ ყლორტებს. არის ქრისტიანთა ნაწილი, რომლებშიც განისვენებს უფალი. არიან კიდევ უფლის ადამიანები, მლოცველები, და კეთილი უფალი გვითმენს ჩვენ და კვლავაც ყველაფერს მოაწესრიგებს. მლოცველი ადამიანები გვიტოვებენ იმედს. ნუ გეშინიათ. ჩვენ, როგორც ეთნოსმა, უამრავი განსაცდელი გადავიტანეთ და არ დავიღუპეთ. ასე რომ, განა შეგვაშინებს ქარბუქი, რომელიც თავს უნდა დაგვატყდეს?! არც ახლა დავიღუპებით, უფალს ვუყვარვართ. საჭიროების შემთხვევაში ადამიანში დამალულია ძალა. ასეთი წლები მრავლად არ იქნება. მხოლოდ ქუხს.

გეუბნებით, ეს იმიტომ კი არ არის, რომ შეშინდეთ, არამედ იმისთვის, რომ იცოდეთ, სად ვიმყოფებით. ეს ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი საშუალებაა, სიძნელეთა, ტანჯვათა დღესასწაულია. იყავით ქრისტესთან, იცხოვრეთ მისი მცნებების თანახმად და ილოცეთ, რომ შეძლოთ, სიძნელეების მოგვარება, დავიცხროთ ვნებები, რათა მოვიდეს საღვთო მადლი და თუ ჩვენში შემოვა კეთილი მშფოთვარება (იმაზე, სად ვიმყოფებით და რა გველოდება წინ), მაშინ ეს ძალიან დაგვეხმარება, რათა აუცილებელი ზომები მივიღოთ და მოვემზადოთ. დაე, ჩვენი ცხოვრება იყოს უფრო ზომიერი. მოდით, ვიცხოვროთ უფრო სულიერად, ვიყოთ უფრო მეგობრულნი, დავეხმაროთ მათ, ვისაც სტკივა, დავეხმაროთ საწყლებს (გაჭირვებულებს) სიყვარულით, სიტყვით, სიკეთით. მოდით, ვილოცოთ, რომ გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები.

 

ღმერთი აჩვენებს გზას

კეთილი ღმერთი საუკეთესო სახით მოაწყობს ყოველივეს, მაგრამ აუცილებელია ბევრი მოთმინება და ყურადღება, რადგან ხშირად ხალხი ჩქარობს, გახსნას აბურდული გორგალი და კიდევ უფრო მეტად ხლავრთავს მას. უფალი კი მოთმინებით ხსნის. ის, რაც დღეს ხდება, დიდხანს არ გაგრძელდება. უფალი ცოცხს მოიმარჯვებს! 1830 წელს წმიდა მთაზე თურქთა მრავალრიცხოვანი ჯარი იმყოფებოდა და ამიტომ გარკვეული დროით ივერთა მონასტერში არც ერთი ბერი აღარ დარჩა. მამები წავიდნენ – ზოგმა წმიდა ნაწილები წაიღო, ზოგი კი იმიტომ, რომ აჯანყებას დახმარებოდა. მხოლოდ ერთი ბერი მოდიოდა შორიდან კანდლების დასანთებადდა დასასუფთავებლად. მონასტერი შიგნით და გარეთაც სავსე იყო შეიარაღებული თურქებით და ეს საწყალი იატაკის წმენდისას ამბობდა: – „ღვთისმშობელო, რას გვიქადის ეს ყველაფერი?“ ერთხელ, როდესაც ეს ბერი ღვთისმშობლის წინაშე ტკივილით ლოცულობდა, მისკენ მომავალი ქალი იხილა, რომელსაც გასხივოსნებული და განათებული სახე ჰქონდა. ეს ღვთისმშობელი იყო. მან ბერს ხელიდან ცოცხი გამოართვა და უთხრა: – ,,არ იცი კარგად დაგვა, მე თავად დავგვი“, და დაიწყო დასუფთავება, შემდეგ კი საკურთხევლში გაუჩინარდა. სამი დღის შემდეგ ყველა თურქი წავიდა. ღვთისმშობელმა ისინი განდევნა. ის, რაც არამართებულია, უფალი განაგდებს ისევე, როგორც თვალიდან აშორებენ ცრემლები მტვრის ნამცეცებს. ეშმაკი მუშაობს, მაგრამ უფალიც მუშაობს და ბოროტება სარგებლად გარდაიქცევა ისე, რომ მისგან სიკეთე მიიღება. ამტრევენ კაფელს, უფალი კი შემდეგ მისი ნამტვრევებისაგან მშვენიერ მოზაიკას ქმნის. ამიტომ ოდნავადაც არ გეწყინოს, რამეთუ ყველას და ყველაფერს უფალი მფარველობს, რომელიც ყოველივეს განაგებსდა თითოეულს განსასჯელის სკამზე დასვამს – ჩადენილისათვის პასუხისსაგებად, რომლის შესაბამისადაც თითოეული მისგან მიიღებს სამაგიეროს. დაჯილდოვდებიან ისინი, ვინც რაიმეში დაეხმარებიან სიკეთეს; და დაისჯება ის, ვინც ბოროტებას ჩადის. უფალი ბოლოსდაბოლოს ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი აგებს პასუხს იმაზე, რაც მან გააკეთა ამ მძიმე წლებში თავისი ლოცვებითა და სიკეთით.

დღეს ცდილობენ, დაანგრიონ რწმენა და იმისათვის, რომ რწმენის შენობა ჩამოიქცეს, ჩუმ-ჩუმად აცლიან თითო აგურს. თუმცაღა, პასუხისმგებელნი ამ ნგრევაში ჩვენ ყველანი ვართ: არა მარტო ისინი, ვინც იღებენ აგურებს და ანგრევენ, არამედ ჩვენც, ვინც ვხედავთ, როგორ ინგრევა რწმენა და არავითარ ღონეს არ მივმართავთ მის გასამაგრებლად. ის, ვინც ახლობელს ბოროტებისკენ უბიძგებს, პასუხს აგებს უფლის წინაშე. მაგრამ პასუხს აგებს ისიც, ვინც ასეთ დროს გვერდით იყო: ისიც ხომ ხედავდა, როგორ ვნებდნენ მოყვასს და წინ არ აღუდგა ამას. ხალხი იოლად უჯერებს ადამიანს, რომელსაც დარწმუნება შეუძლია.

– წმიდაო მამაო, ადამიანები მხეცებივით არიან...

– მე მხეცებზე არ ვჩივი. იცი, ცხოველებს არ შეუძლიათ დიდი ბოროტების ჩადენა, რადგან არ აქვთ გონება, მაშინ, როცა ადამიანი დაშორდა უფალს, იგი უდიდეს მხეცზე უარესიც კი ხდება! იგი დიდ ბოროტებას ჩადის. ძლიერი ძმარი ამჟავებული ღვინისგან კეთდება; ძმრის სხვა, ხელოვნური სახეები არც ისე ძლიერია... საშინელებაა, როდესაც ეშმაკი გარყვნილ ადამიანს შეეკვრება, მაშინ იგი ორმაგად ვნებს სხვებს, ისევე, როგორც ხორციელი ფიქრები, – როდესაც ისინი ხორცს უერთდებიან, დიდად ვნებენ მას. იმასათვის, რომ ეშმაკი ასეთ ადამიანთან ერთად თანამშრომლობდეს, კაცი იმედს მასზე უნდა ამყარებდეს. ეს ადამიანი თავად უნდა ანიჭებდეს უპირატესობას ბოროტებას, თავად უნდა ფლობდეს მას შინაგანად.

შედეგად, ღმერთო დაგვიფარე, ეს გამრყვნელები განზრახ სიძნელეებს გვიქმნიან, ავიწროებენ დანარჩენ ადამიანებს, მონასტრებს. ისინი გაბოროტებულნი არიან ეკლესიაზე, მონაზვნობაზე იმის გამო, რომ ისინი ხელს უშლიან მათ გეგმებს. ახლანდელ ვითარებებს მხოლოდ სულიერად შეიძლება აღვუდგეთ წინ და არა – საერო ხერხებით. გრიგალი ოდნავ კვლავ გაძლიერდება, გამორიყავს ნაპირზე კონსერვის ქილებს, ნაგავს, უსარგებლო ნივთებს, ხოლო შემდეგ მდგომარეობა გაირკვევა. და თქვენ დაინახავთ ასეთ ვითებაში ერთნი როგორ მიიღებენ სუფთა სასყიდელს, ხოლო სხვანი გადაიხდიან ვალს. ისე გამოვა, რომ გადატანილი სატანჯველი ხალხისათვის უაზრო არ აღმოჩნდება, თუმცაღა, რა თქმა უნდა, არც ამას იტყვიან: „დიდება შენდა უფალო“!

როგორ ვუყვარვართ ღმერთს! ის, რაც დღეს ხდება [3] და ისიც, რასაც ახლა ფიქრობენ, გააკეთონ, ხდებოდა 20 წლის წინაც, როცა ხალხს უდიდესი სულიერი უმეცრება ჰქონდა, რაც ძალიან მძიმე იყო. დღეს ხალხმა იცის: ეკლესია უფრო გაძლიერდა. უფალს უყვარს ადამიანი – თავისი ქმნილება – და იზრუნებს იმაზე, რაც მას სჭირდება, ოღონდაც თავად ადამიანს სწამდეს და იცავდეს მის მცნებებს.

 

„წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს!“ [4]

ძველად, თუ რომელიმე უკრძალველი ბერი დროს საერო საქმეებზეზრუნვაში ფლანგავდა, მაშინ მას კოშკში კეტავდნენ [5] დღეს პირიქითაა: კრძალული ბერი უნდა გამოკეტო კოშკში, თუ იგი არ ინტერესდება და არ განიცდის იმ მდგომარეობას, რომელმაც ერში დაისადგურა. იმიტომ, რომ ადრე ისინი, ვინც ხელისუფლებაში იყო, გულით უფალს ატარებდნენ, მაშინ, როცა ახლა ბევრ მათგანს, ვინც ხელისუფლებაშია, იგი საერთოდ არ სწამს. დღეს ბევრია ისეთი, ვინც ყველაფრის: ოჯახის, ახალგაზრდობის, ეკლესიის გაყოფისაკენ მიილტვის. ჩვენს დროში დაინტერესება და წუხილი ვითარებაზე, რომელშიც იმყოფება ჩვენი ერი – ეს უკვე აღმსარებლობაა, რამეთუ სახელმწიფო იბრძვის საღვთო კანონის წინააღმდეგ. კანონები კი, რომელსაც ის იღებს, უფლის კანონების წინააღმდეგაა მიმართული.

იმდენად გულგრილი ადამიანებიც არსებობენ, რომ ეკლესიასაც კი არ ცნობენ საღვთო დაწესებულებად და საკუთარ ერს ქედმაღლურად ეპყრობიან, მაგრამ იმისათვის, რომ თავად იზარმაცონ, ამბობენ: – „პავლე მოციქული ამბობს, რომ არ უნდა დაინტერესდე საერო საგნებით“ და გულგრილნი რჩებიან. მაგრამ პავლე მოციქული სულ სხვა რამეს გულისხმობდა. მის დროს ძალაუფლება კერპთაყვანისმცემელ ერებს ჰქონდათ. ზოგიერთნი კავშირს წყვეტდნენ სახელმწიფოსთან და ქრისტეს აღიარებდნენ. სწორედ ასეთ ადამიანებს ეუბნება პავლე მოციქული: „არავინ მოღუაწე შეეყოფის სოფლისა საქმეთა“ [6] იმისათვის, რომ ისინი გამოყოფილიყვნენ ამქვეყნიურს, რადგან მთელი ქვეყანა კერპთაყვანისმცემელი იყო. თუმცაღა, იმ დროიდან, როდესაც კონსტანტინე დიდის ხელისუფლება დამყარდა და ქრისტიანობამ გაიმარჯვა, ნელ-ნელა ჩამოყალიბდა უდიდესი ქრისტიანული მემკვიდრეობა – ეკლესიებით, მონასტრებით, ხელოვნებით, ღვთისმსახურების წესებით და ა.შ. და ე.ი. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რომ შევინახოთ ეს ყოველივე და ის ეკლესიის მტრებს არ მივცეთ დასაქუცმაცებლად. ზოგიერთი მოძღვრისგანაც კი მიხდებოდა ასეთი სიტყვები მოსმენა: -„თქვენ ამით ნუ დაკავდებით!“ მათ რომ უდიდესი სიწმიდე ჰქონოდათ და ლოცვით იმ მდგომარეობამდე მიეღწიათ, რომ აღარაფრით დაინტერსებულიყვნენ, მაშინ ფეხებსაც დავუკოცნიდით. მაგრამ ახლა ისინი „სულერთიები“ არიან, რადგან სურთ, ყველასთვის კარგები იყვნენ და უდარდელად იცხოვრონ. გულგრილობა ერისკაცისთვისაც კი დაუშვებელია და მით უმეტეს – სულიერი ადამიანებისთვის. პატიოსანი, სულიერი ადამიანი გულგრილად არაფერს არ უნდა აკეთებდეს. „წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს“ – ამბობს იერემია წინასწარმეტყველი.

 

სულიერად დავეხმაროთ ხალხს

ძველად ათიდან ექვსი ადამიანი ღვთისმოშიში იყო, ორი – საშუალო და ორი – გულგრილი, მაგრამ უკანასკნელთაც ჰქონდათ შინაგანი რწმენა. დღეს ასე არაა. არ ვიცი, სადამდე მივა ეს ყველაფერი. ახლა შევეცადოთ, რამდენადაც შეგვიძლია, ხალხს სულიერად შევეწიოთ. საჭიროა ბევრი ყურადღება და განსჯა. მოვლენას სხვადასხვა მხრიდან უნდა შევხედოთ და ხალხს დავეხმაროთ. გგონიათ, მე მომწონს, ადამიანები აქ რომ იკრიბებიან, ან მე მინდა ამდენი ხალხის დანახვა? არა, მაგრამ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, უბედურ ხალხს ცოტაოდენი დახმარება ესაჭიროება. სწორედ იმიტომ არ გავხდი მოძღვარი, რომ ხალხთან არ მქონოდა საქმე, და საბოლოოდ, კიდევ უფრო მეტად ვიმყოფები მათთან. მაგრამ უფალმა იცის ჩემი განწყობა და მაძლევს იმაზე მეტს, რასაც იგი მომცემდა მაშინ, იმას რომ ვაკეთებდე, რაც თავად მომწონს. რამდენჯერ მითხოვია ღვთისმშობლისთვის, მოეძებნა ჩემთვის წყნარი, განცალკევებული ადგილი, რათა არაფერი დამენახა, არ გამეგონა და მელოცა მთელი ქვეყნიერებისათვის, მაგრამ ის არ მისმენს; ხოლო სხვები, ჩემი უმნიშვნელო თხოვნები – ესმის. მაგრამ შეხედე, ვიდრე ხალხთან გავალ, უფალი რაიმე ავადმყოფობით სარეცელზე მიმაჯაჭვავს ხოლმე, რათა დავისვენო. იგი არ მაძლევს იმ სიტკბოს, რასაც ადრე ლოცვის ჟამს განვიცდიდი, იმიტომ, რომ მაშინ ვეღარ შევძლებდი, დავშორებოდი მას. თუ ასეთ დროს მოდიოდა ვინმე სენაკში, თავს ვაიძულებდი, ამ სულიერი მდგომარეობისთვის თავი დამეღწია [7].

იქ სენაკში მე სხვათა განწესებით ვცხოვრობ. შიგნით ვკითხულობ ფსალმუნებს, გარედან კი აკაკუნებენ. – „მოითმინეთ თხუთმეტი წუთი“. – ვეუბნები მე, ისინი კი ყვირიან: – „ეი, მამაო, მორჩი ლოცვას. ღმერთს არ ეწყინება!“ გესმით, სადამდე მიდიან? ჰო, კარგი, ცოტა ხნით რომ გიხდებოდეს მოწყვეტა! მაგრამ, როგორც კი გარეთ გავდივარ – მორჩა! რაც იმ დრომდე მოვასწარი – მოვასწარი. შვიდის ნახევარზე ან დილის შვიდ საათზე წყნარად რომ ვიყო, მე მწუხრიც უნდა აღვასრულო. როდესაც თქვენ ცისკარს ამთავრებთ, მე უკვე მწუხრს ვასრულებ. კარგია, თუ დილით მოვასწრებ მივიღო ანტიდორი, შემდეგ – არანაირი ჩაი – მკვდარივით ვეცემი. ისეც მომხდარა, რომ აღდგომასა და ბრწყინვალე შვიდეულშიც ვიცავდი 9 საათს, სამდღიანს [8]. შეგიძლია თუ არ შეგიძლია, – უნდა შეძლო! ერთხელ, არც კი ვიცი, რამ შეუშალა ხალხს ხელი მოსვლაში, შესაძლოა შტორმი იყო ზღვაზე და გემი არ ჩამოვიდა, მაგრამ სენაკში არავინ მოსულა. ოჰ, მე მაშინ სინასეული დღე განვიცადე! როგორც ძველად წმიდა ეპისტიმეს გამოქვაბულში [9]. როცა ზღვაზე გრიგალია, ჩემთან წყნარი ამინდია, ხოლო, როცა ზღვაზე წყნარი ამინდია – ჩემთან გრიგალია.

რა თქმა უნდა, მე მაქვს საშუალება, განვმარტოვდე სადმე და დავეყუდო. იცით, რამდენი ადამიანი მთავაზობდა გზის ხარჯების გადახდას, რათა წავსულიყავი კალიფორნიაში, კანადაში?! „ჩამოდით, – ამბობენ ისინი, – ჩვენ გვაქვს ისიქასტირები“ [10]. უცნობ ადგილას თუ აღმოვჩნდები, თავს ისე ვიგრძნობ, როგორც სამოთხეში. არავის ეცოდინება, ვინ ვარ, მექნება საკუთარი განაწესი – როგორც თავად მსურს – ბერული ცხოვრება. მაგრამ იცი, დემობილიზაცია მხოლოდ ომის შემდეგ ხდება. ახლა კი ომია, სულიერი ომი. მე წინა ხაზზე უნდა ვიყო. უამრავი მარქსისტი, უამრავი მასონი, უამრავი სატანისტი და სხვა დანარჩენია ირგვლივ! რამდენი ეშმაკეული, ანარქისტი, ხიბლში მყოფი მოდის, რომ მათი ხიბლი ვაკურთხოთ. და რამდენს აგზავნიან ჩემთან, არ აცალონ, რომ დაფიქრდნენ; ერთნი იმისთვის, რომ თავიდანვე მოიშორონ ისინი, სხვანი კი იმიტომ, რომ თავად არ ამოიყვანონ გველი ხვრელიდან... თქვენ რომ იცოდეთ, როგორ და რამდენი მხრიდან მავიწროებენ?! ადამიანთა სატკივარით პირში ნაღველი გამიჩნდა. მაგრამ შინაგანად ნუგეშს ვგრძნობ. რომ წავიდე, თვითონვე ჩავთვლი, რომ წავედი წინა ხაზიდან, რომ უკან დავიხიე, ამას მოღალატეობად მივიჩნევ. მე ეს ასე მესმის. განა ეს მინდოდა, როდესაც მოღვაწეობას ვიწყებდი ან განა მე მონასტრებს მინდოდა დავხმარებოდი?! სხვაგან მივდიოდი და სულ სხვაგან აღმოვჩნდი. ეკლესიას ანგრევენ? „არა უშავს“, – იტყვის ვიღაც. იგი თავად მეგობრობს ამ დამანგრეველთან და სხვებთანაც, რათა თბილად მოეწყოს! მაგრამ რა თბილად! ბოლოს და ბოლოს მას თავად „მოაწყობს“ ეშმაკი. ეს ხომ უსინდისობაა! მე რომ მინდოდეს იმის კეთება, რაც სიამოვნებას მანიჭებს, ოჰ, რომ იცოდეთ, რა იოლი იქნებოდა ეს! თუმცაღა მიზანი ის კი არაა, რომის ვაკეთო, რაც მაწყობს, არამედ ის, – რომ სხვებს დავეხმარო. მე რომ იმაზე ვფიქრობდე, თავად როგორ მოვეწყო, მაშინ ბევრ ადგილას მოვეწყობოდი. მაგრამ იმისათვის, რომ უფლის სამსჯავროში შეაღწიო, ღვთისაგან არჩეული „დეპუტატი“ უნდა გახდე და საკუთარი თავისთვის თბილი ადგილის მოწყობას არ უნდა ცდილობდე“.

 


1. დან. 2,21. აზარიას ლოცვა და სამი ყრმის გალობა.

2. მსაჯ. 7, 8.

3. წარმოთქმულია 1985 წლის ივნისში.

4. იერ. 98, 10

5. მთაწმიდის მონასტრების მაღალი თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც მეკობრეთაგან დასაცავად გამოიყენებოდა.

6. ტიმ. 2,4.

7. დაძაბული სულიერი მდგომარეობის შემდეგ, რაც ბერმა გადაიტანა (იგი გრძნობდა, რომ დნება უფლის და ადამიანებისადმი სიყვარულით, როგორც სანთელი – სიცხეში), მან მიიღო ზეციური უწყება იმის შესახებ, რომ უარი არ უნდა ეთქვა ადამიანთა დახმარებაზე. ამ დროიდან მან დღე მასთან მისულ ხალხს მიუძღვნა, ხოლო ღამით სამყაროს მრავალმხრივ პრობლემებისათვის ლოცულობდა. თუმცაღა მომლოცველთა რიცხვი უკიდურესად გაიზარდა, ბერს სურდა, განმარტოებულიყო უცნობ ადგილას, რათა მთელი თავისი დრო ლოცვისთვის მიეძღვნა. მაშინ, მას მეორეჯერ გამოეცხადა, რომ უნდა დარჩენილიყო თავის სენაკში „პანაგუდაში“ და დახმარებოდა ხალხს.

8. წყალსა და საჭმელზე თავის შეკავება 9 საათამდე მონაზვნური დროით სამი დღის მანძილზე.

9. 1962-64 წწ. ბერი მოღვაწეობდა სინას უდაბნოში, წმ. ეპისტიმიას სენაკში.

10. ბერძნ:– მდუმარება. – განსაკუთრებული ტიპის მონასტერი, ხშირად დამოკიდებული მთავარ მონასტერზე. ასევე – განმარტოებული სენაკი, რომელიც მთავარ სამყოფელთაგან შორიახლოა განთავსებული.