მამა პაისი მთაწმინდელი

თავი პირველი - გულგრილი თაობა

უფლისადმი გულგრილობა ყველაფრისადმი გულგრილობამდე მიგვიყვანს

– ეს რა ხმები ისმის?

– თვითმფრინავია, წმიდა მამაო.

– ერთი ფანჯარა დახურე, ისღა გვაკლია, რომ აქ შემოფრინდეს! იმ გამოთაყვანებულ მდგომარეობაში, სადამდეც ქვეყანა დავიდა ბოლოს და ბოლოს, ესეც შეიძლება მოხდეს. გაიყო ყველაფერი: ოჯახი, განათლება, სახელმწიფოებრივი სამსახურები... ისინი კი ყურსაც არ იბერტყავენ! მათ ხომ არაფერი გააჩნიათ...

– წმიდაო მამაო, ვინაა დამნაშავე იმაში, რომ ჩვენ ასეთ მდგომარეობამდე მივედით?

– მე საერთოდ ვამბობ: მინდა ხაზი გავუსვა, სადამდე მივიდა გულგრილობა. წადი რომელიმე სკოლაში და, მაგალითად, ნახავთუ ფანჯრები ღიაა და სარკმელს ქარი აბრახუნებს, მაშინ დიდი საქმეა, რომ ბავშვი მოძებნო და დახურო ისინი, რომ მინები არ დაიმსხვრეს. ადამიანები დოყლაპიებივით დგანან, უყურებენ, როგორ ბრახუნებს ფანჯრები, გვერდით ისე გაუვლიან, თითქოს არაფერი ხდებოდეს. სულერთია! ერთი ოფიცერი, რომელიც საწყობებზე იყო პასუხისმგებელი, მიყვებოდა: – „საშინლად ვიტანჯები, ნორმალური ჯარისკაცი რომ ვიპოვო!“ საწყობის სადარაჯოდ [1] რომ ან სხვებმა იგი არ გადაწვან, ან თავად არ დააგდოს უყურადღებობით რაიმე ნამწვავი“.

ნელ-თბილობის სულს ვაჟკაცობა საერთოდ არა აქვს! ჩვენ საბოლოოდ გავფუჭდით! ნეტავ კიდევ როგორ გვითმენს უფალი? წინათ კი როგორი ღირსება, როგორი სათნოთმოყვარება იყო [2]. 1940 წლის ომში [3], საზღვარზე იტალიელებს ჩვენს მესაზღვრეებთან ჰქონდათ ურთიერთობა და მათ ბერძნულ საგუშაგოებსაც სტუმრობდნენ. და შეხედეთ, როგორი სათნოთმოყვარეობა ჰქონდათ ბერძნებს:

ერთხელ, როდესაც იტალიელები მოვიდნენ საბერძნეთის საგუშაგოზე, ბერძნებმა მათთვის ყავის მომზადება დაიწყეს. ერთმა ბერძენმა ოფიცერმა მათ თვალწინ ფულის დასტა ამოიღო – 50-იანი კუპიურები, სულ ასი დრაჰმა, მაშინ კი ფულს ფასი ჰქონდა, და ისინი ცეცხლის გასაჩაღებლად ჩააგდო, რათა იტალიელებისთვის დაენახვებინა, რომ საბერძნეთის სახელმწიფო მდიდარია. იტალიელებმა განცვიფრებისაგან ენა გადაყლაპეს. აი, ეს იყო მსხვერპლი!

დღეს კი ჩვენამდეც კი მოვიდა ის სული, რომელიც არსებობდა კომუნისტურ ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ წელს მოსავალი მოიყვანეს, ნახავთ, რუსეთში რა საშინელი შიმშილობა იქნება! ხორბალი დროზე არ დათესეს – შემოდგომაზე სამკალად გავიდნენ. განა შემოდგომაზე მკის დროა? თუ ხორბალი საკუთარი არაა, მაშინ როგორღა იზრუნებენ მასზე და სამკალად რად წავლენ?! მათი ცხოვრება ერთი მთლიანი იძულებაა. მათ არ აქვთ გულმოდგინება იმისთვის, რომ რაიმე შექმნან, რადგან ისინი ამდენი წელია არაფერს ქმნიდნენ. და ამ მოდუნებული სულით, რომელიც გაჩნდა, ამ გულგრილობით მთელი სახელმწიფო ფსკერისკენ დაეშვა. მათ ამასთან ხელი არა აქვთ. მოვიდა წასვლის დრო? მიდიან, წვიმა კი ხორბალს აფუჭებს. მეორე დღეს დანიშნულ დროს მოვლენ, რაც დარჩა იმის ასაღებად! განა, თუ შენი საკუთარი ხორბალი კალოზე ყრია და გაწვიმდა – შენ მას დაკარგავ? არც კი დაიძინებ, ოღონდაც ის გადაარჩინო. და მაშინ დაღლილობისგანაც სიხარულს, ლხენას იგრძნობ.

უფლისადმი გულგრილობას ყველაფრისადმი გულგრილობისკენ მივყავართ; მივყავართ რღვევამდეც. უფლის რწმენა – უდიდესი საქმეა. ადამიანი ემსახურება უფალს, შემდეგ კი უყვარს თავისი მშობლები, თავისი სახლი, ახლობები, თავისი საქმე, თავისი სოფელი, თავისი მხარე, თავისი სახელმწიფო, თავისი მამული. ვისაც არ უყვარს უფალი, თავისი ოჯახი, მას საერთოდ არაფერი უყვარს. და ბუნებრივია, რომ მას თავისი მამულიც არ უყვარს, რადგან სამშობლო ეს დიდი ოჯახია. მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი აქედან იწყება. ადამიანს არ სწამს ღმერთი და შემდეგ ანგარიშს არ უწევსარც მშობლებს, არც ოჯახს, არც სოფელს, არც სამშობლოს. და აი, სწორედ ამის გაყოფა სურთ დღეს, რისთვისაც ამ მოდუნებულობის მდგომარეობას ნერგავენ. ერთმა პოლიციელმა მომწერა: – „არ შემიძლია ჩამოსვლა, რადგან ბევრი საქმე დამიგროვდა. რაიონში ორნი დავრჩით, მაშინ, როცა რვანი უნდა ვიყოთ“. გესმის, რა ხდება?! იმის მაგივრად, რომ კიდევ ორი დაამატონ, პირიქით, ისინი მხოლიდ ორს ტოვებენ!

მაგრამ, საბედნიეროდ, არის გამონაკლისიც. ერთხელ ერთი მამა მოვიდა და მეუბნება: – ,„ილოცე ანგელოსისთვის [4] თორემ მას მოკლავენ“. მე მის შვილს ჯერ კიდევ ყრმობიდან ვიცნობდი, ახლა კი იგი უკვე ჯარში იყო – საგანგებო სამსახურში. „რატომ, – ვეკითხები, – რა მოხდა?“ იგი მეუბნება: – “ერთხელ მან დაინახა, რომ სხვა ჯარისკაცები იმის ნაცვლად, რომ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობები შეესრულებინათ, ბანქოს თამაშობდნენ, მან შენიშვნა მისცა, მაგრამ არ მოუსმინეს. შემდეგ პატაკი შეიტანა მათზე, მაშინ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც თამაშობდა, დაემუქრა, რომ მოკლავდა“. – „მომისმინე, – ვუთხარი მამამისს, – სიკვდილით არ მოკლავენ, მაგრამ ვილოცებ, რომ ანგელოსი ტრიბუნალს არ გადასცენ იმის გამო, რომ ბანქოს ისიც არ თამაშობდა!“.

მეორე ამბავი რომ გავიგე, ვთქვი: „დიდება ღმერთს, არიან კვლავ ბერძნები, რომლებიც გულშემატკივრობენ საკუთარ სამშობლოს“. როდესაც თურქეთის თვითმფრინავებმა საზღვარი დაარღვიეს, ერთი მფრინავი შეეცადა, მათთვის ოდნავ გადაესწრო, რათა ფოტოსურათი გადაეღო იმის დასამტკიცებლად, რომ მტრებმა საზღვარი დაარღვიეს. მეორე პილოტი მას უყვიროდა: – „თავი დაანებე!“– მაგრამ მან დაიჟინა და დაედევნა. თურქს უკეთესი თვითმფრინავი ჰყავდა და უფრო სწრაფადაც ფრინავდა, თვითმფრინავიც ძალიან დაბლა დაჰყავდა, ისე რომ, საწყალი ბერძენი ზღვაში ჩაფრინდა! მაგრამ ამის გვერდით არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თვითმფრინავით მხოლოდ დასეირნობენ! აი, როგორ განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან!

ადამიანისთვის აუცილებელია შევიდეს სიკეთის არსში, შეიგრძნოს მისი აუცილებლობა, სხვაგვარად ერთი მთლიანი გულგრილობა იარსებებს. სცადე, ვინმე ძალდატანებით გაუშვი საბრძოლველად! იგი შეეცდება, გამოიქცეს იქედან ან აქედანვე გაძვრეს! თუმცაღა, როცა მიხვდება, რაოდენი ბოროტება მოაქვს მტერს, იგი შემდეგთავად წავა და მოხალისედ ჩაეწერება!

 

დღეს ადამიანები საკუთარი თავის გარშემო ტრიალებენ

ადრე ჩემთან სამშობლოში, ფარასში, ამბობდნენ: – „თუ საქმე გაქვს, ხვალისთვის არ გადადო. თუ კარგი საჭმელი გაქვს, ხვალისთვის დაიტოვე. შეიძლება, სტუმარი მოვიდეს!“ დღეს ასე ფიქრობენ: – „სამუშაო გადავდოთ, იქნება ხვალ ვინმე მოვიდეს და მოგვეხმაროს, ხოლო კარგი საჭმელი მოდი, ამ საღამოსვე შევჭამოთ!“ ადამიანთს უმრავლესობა დღეს საკუთარი თავის გარშემო ტრიალებეს, ისინი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ. დავუშვათ, მოვიდა თავსხმა წვიმა. დავინახავთ: თქვენი უმრავლესობა იმაზე იფიქრებს, ხომ არ დარჩა ჩამოუხსნელი თეთრეული და მის ჩამოსახსნელად გაიქცევა. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამაზე შორს ისინი ვერ მიდიან. თეთრეული თუნდაც დასველდეს, კვლავ ხომ გაშრება. მაგრამ როგორღა არიან ისინი, ვინც ამ დროს კალოს ლეწენ! გტკივათ კი თქვენ მათ გამო, ილოცებთ კი მათთვის? ანდა ქუხილის დროს, საბრალოები, ვინც მინდორში მუშაობენ, ან ისინი – ვისაც სათბურები აქვთ. ანუ, ადამიანი არ ფიქრობს მეორე ადამიანზე, არ გამოდის თავისი „მე“-დან, არამედ გამუდმებით საკუთარი თავის გარშემო ტრიალებს. თუმცაღა თავის გარშემო ტრიალით, მას ცენტრში თავისი თავი ჰყავს და არა – ქრისტე. ის იმ ღერძს მიღმაა, რომელიც ქრისტეა. თუ ადამიანს სურს, მიაღწიოს იმას, რომ ახლობლებზე იფიქროს, მაშინ მისი გონება ჯერ დარწმუნებული უნდა იყოს ქრისტეში. მაშინ იგი ახლობლებზეც იფიქრებს, შემდეგ კი ცხოველებზეც და მთელ ბუნებაზეც. მისი „რადიოსადგური“ ჩართულია და როგორც კი ნიშანი მოდის – იგი მიიჩქარის დასახმარებლად. თუ გონება არაა ქრისტეში, მაშინ არც გული მუშაობს და ამიტომ მას არ უყვარს არც ქრისტე, არც ახლობლები და, მითუმეტეს, არც ბუნება – ცხოველები, ხეები, მცენარეები. თუ მოიქცევით ისე, როგორც ახლა, მაშინ როგორ მიაღწევთ ცხოველებთან, ფრინველებთან ასეთივე ურთიერთობას? თუ ჩიტი სახურავიდან ჩამოვარდება, თქვენ მას გამოკვებავთ, მაგრამ თუ არ ჩამოვარდება ,ამაზე არც კი იფიქრებთ. მე ვხედავ ჩიტს და ვამბობ: – „საწყალი უნდა გამოიკვებოს!“ ვფშვნი ნამცეცებს და წყალს ვდგამ, რათა მათ დალიონ. ხეებზე ვხედავ ავადმყოფ ტოტებს, მაშინვე მინდა, მოვჭრა ისინი, რათა მათ დანარჩენი ტოტები არ დაავადმყოფონ. ან ბრახუნობს, ეხეთქება კარი, ფანჯარა – ჩემი გონება იქითკენ გარბის. თუ რამე მინდა, დავივიწყებ და იმას მივაქცევ ყურადღებას, ხომ არ გატყდა კარი, ფანჯარა, რამე ცუდი ხომ არ დატრიალდა. საკუთარ თავზე საქმეებს შორის ვფიქრობ. თუ ვინმე ფიქრობს და ქმნილებათა გულშემატკივარია, მაშ, რაოდენ უფრო მეტად ფიქრობს იგი მათ შემქმნელზე! და თუ ადამიანი ასე არ იქცევა, მაშინ როგორღა მოვა იგი უფალთან თანხმობაში?! და კიდევ: ქუჩაში გავლისას ირგვლივ მოათვალიერეთ. იქნებ ვინმემ უყურადღებობით ან ბოროტებით (ვისურვებდი, რომ არავინ ჩადიოდეს ბოროტებას) რაიმე დააგდო და ცეცხლი გააჩინა, ამიტომ დააკვირდით. ესეც სულიერ მხარეს განეკუთვნება, რადგან ამ მზერაშიც არის სიყვარული. სენაკიდან გამოსვლისას ძირს ვიყურები, ვიყურები სახურავზე, შევიყნოსავ ხომ არ არის დამწვრის სუნი. სხვა საქმეა, თუ შენ ისეთი რწმენა გაქვს, რომ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ლოცვას დაიწყებ და ხანძარიც ქრება. თუ ასე არ ხდება, მაშინ უნდა იმოქმედო, და იმოქმედო ადამიანურად. ან თუ შორიდან გრგვინვა ისმის, ვაყურადებ, რა არის: ზარბაზანია, სწავლება მიმდინარეობს, თუ რაიმეს აფეთქებენ? მაშინვე იქ მიემართება ჩემი გონება და ამ მოვლენაზე ლოცვას ვიწყებ. იგი, სხვათა სიყვარულით საკუთარ თავს არაფრად აგდებს, უფლის უდიდესი მზრუნველობითაა გარემოცული და ყოველი ადამიანიც ზრუნავს მასზე. მაგრამ დღევანდელი თაობა – ეს გულგრილი თაობაა! უმეტესობა მხოლოდ აღლუმისთვის თუ გამოდგება. თუ რაიმე მოხდება, თავდაცვას მათგან ვერ მოითხოვ! თუმცა დღეს აღლუმებიც რომ აღარ უნდათ! ძველად დადიოდნენ აღლუმებზე, უსმენდნენ მარშებს, მათ შიგნით რაღაც უფეთქავდათ. დღეს ჩვენს შორის, ბერძნებში, მოდუნებულობაა. რასაკვირველია, სხვა ერები უარეს დღეში არიან, რადგან მათ იდეალი არ ჰყავდათ. რა თქმა უნდა, ბერძნებს უამრავი ნაკლი აქვთ, მაგრამ აქვთ უფლის ნიჭიც – სათნოთმოყვარება და სიმამაცე. სხვა ერებს ასეთი სიტყვებიც კი არა აქვთ ლექსიკონში.

 

ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ [5]

ჩემთან სენაკში მოვიდა ერთი თავიდან ფეხამდე ათეისტი. ათასგვარი რამ ილაპარაკა და შემდეგ აცხადებს: – „მე ხატმებრძოლი ვარ“. და აი, ასე: დაიწყო იმით, რომ არაფერი სწამდა და მივიდა ხატმებრძოლობამდე! – „ჰეი, შენ, – ვეუბნები, – უღმერთოვ, თუ არაფრის გწამს, მაშინ რატომ მეუბნები, რომ ხატმებრძოლი ხარ? ხატმებრძოლობის დროს [6] ზოგიერთი ქრისტიანი უსაზღვრო მოშურნეობის გამო ხიბლში ჩავარდა, მათ მიაღწიეს მეორე უკიდურესობას და შემდეგ ეკლესიამ ყოველივეს თავისი ადგილი მიუჩინა. არ ყოფილა ისე, რომ მათ არ სწამდათ“. და, სხვათა შორის, ეს ათეისტი იწონებდა დღევანდელ ვითარებას. წავკინკლავდით. „ჰო, კარგი, – ვეუბნები, – ეს რა საქმეა? მოსამართლეებს გასამართლების ეშინიათ. ხალხს სარჩელი შეაქვს დამნაშავეებზე, მაგრამ შემდეგ მოსარჩელეს ემუქრებიან და მათ სარჩელის უკან წაღება უხდებათ. ბოლოს და ბოლოს, ვინ განაგებს ყოველივეამას? შენ რა, მოგწონს ასეთი რამ? იწონებ ამას? შენ ხომ თავად ხარ დამნაშავე! ამისთვის მოხვედი? აბა, წადი აქედან! მე იგი გავაგდე.

– წმიდაო მამაო, არ გეშინიათ, ასე რომ ლაპარაკობთ?

– რისი უნდა მეშინოდეს? სამარე ჩემთვის უკვე გავითხარე. რომ არ გამეთხარა, მაშინ ალბათ, ვიღაც სხვას მოუწევდა ძალის დახარჯვა და თხრა. ახლა კი მხოლოდ ორი მუჭა მიწის მიყრაღაა საჭირო...

ვიცნობ კიდეც ერთ უღმერთოს, მგმობელს, რომელიც ტელევიზიით გამოჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველაზე მგმობელ სიტყვებს წარმოთქვამს ქრისტესა და ღვთისმშობელზე, ეკლესია დუმს და არ განკვეთს ასეთებს. მისი განკვეთა განა ცოდვაა?

– წმიდაო მამაო, მაშინ რაღას მიხვდებიან, რომ განიკვეთონ, ისინი ხომ მაინც არაფერს აღიარებენ?

– უკიდურეს შემთხვევაში, ნათელი გახდება, რომ ეკლესია თავის აზრს გამოთქვამს.

– მდუმარება, წმიდაო მამაო, ეს იგივეა, რომ აღიარო ასეთი რამ?

– დიახ. ერთმა რაღაც საგმობი დაწერა ღვთისმშობელზე და ყველა დუმდა. ერთს ვეუბნები: „აბა, ხედავ, რას წერს მავანი?“ – „ეჰ, – ამბობს იგი, – რას უზამ? მას თუ უპასუხებ, დაისვრები“. ეშინია თქმის.

– რისი შეეშინდა, წმიდაო მამაო?

– ეშინია, რომ მასზე არაფერი დაწერონ, რათა საქვეყნოდ არ გამოაჭენონ და ამიტომ ღვთისმშობლის გმობას ითმენს! მოდით, ნუღარ დავიცდით, ვიდრე ვინმე სხვა ამოათრევს გველს ხვრელიდან, რათა ჩვენ სიმშვიდეში დავრჩეთ. ეს სიყვარულის ნაკლებობაა. ამიტომ ამოძრავებს ადამიანს ანგარება. ამიტომაცაა ახლა გავრცელებული ასეთი სული: – „მოდით, მავანთან კარგ ურთიერთობაში ვიყოთ, რათა მან ჩვენ შეგვაქოს. ხოლო ვიღაცასთან ვიმეგობროთ, რათა მან არ შეგვარცხვინოს, რათა სულელებად არ გვთვლიდნენ, რათა ჩვენ არ გავხდეთ მსხვერპლი“! ვიღაც კი გულგრილობის გამო დუმს: “გავჩუმდები, – ფიქრობს იგი, – რათა ჩემზე გაზეთებში არ დაწერონ“. ანუ უმრავლესობა აბსოლუტურად გულგრილია. ახლა რაღაცის ოდნავ შეცვლა დაიწყო, მაგრამ რამდენი ხანი არ წერდა არავინ არაფერს?! დიდი ხნის, მრავალი წლის წინ, წმიდა მათზე ერთ კაცს ვუყვირე. – „შენ პატრიოტიზმი გაქვს გამძაფრებული“, – მითხრა მაშინ მან. ცოტა ხნის წინ ის ჩამოვიდა, მომძებნა და დაიწყო: – „ყველაფერი გახრწნეს: ოჯახი, აღზრდა...“ აი, როდის დადგა დრო მეპასუხა მისთვის მისივე სიტყვებით: –„პატრიოტიზმი, – ვუთხარი მე, – შენ გამძაფრებული გაქვს“.

საქმეთა ასეთმა ვითარებამ მიგვიყანა რაღაც ცუდამდე და რაღაც კარგამდეც. ცუდი ისაა, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებსაც შიგნით რაღაც ჰქონდათ, გულგრილნი ხდებიან და ამბობენ: – „განა მე შევძლებ მდგომერეობის შეცვლას?“ კარგი კი ისაა, რომ ბევრმა დაფიქრება და შეცვლა დაიწყო. ზოგიერთნი ჩამოდიან, მპოულობენ და ცდილობენ, იმ ბოროტების გამართლება იპოვონ, რაც მათ ადრე ჩაიდინეს. ეს იმიტომ, რომ ისინი დაფიქრდნენ.

– ანუ, წმიდაო მამაო, მუდამ უნდა ვაღიაროთ ჩვენი რწმენა?

„– აუცილებელია განსჯა. არის შემთხვევა, როცა არაა საჭირო ხმამაღლა ლაპარაკი და არის შემთხვევა, როცა შემართებით უნდა ვაღიაროთ ჩვენი რწმენა. იმიტომ, რომ თუ დავდუმდებით, მაშინ პასუხისმგებლობას ვტვირთულობთ. ამ მძიმე წლებში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აკეთოს ის, რაც ადამიანისთვისაა შესაძლებელი, ხოლო ის, რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, უფლის ნებას უნდა მივანდოთ. ასე ჩვენი სინდისი მშვიდად იქნება, რადგან ჩვენ ვაკეთებდით იმას, რაც შეგვეძლო. თუ წინ არ აღვუდგებით, მაშინ საფლავიდან აღდგებიან ჩვენი წინაპრები. მათ ხომ იმდენი იტანჯეს მამულისათვის. ხოლო რას ვაკეთებთ ჩვენ მისთვის? მართლმადიდებელ ელადას, მის გარდამოცემას, მის წმიდანებს და მის გმირებს თავად ბერძნები ებრძვიან, ჩვენ კი ვდუმვართ! ეს ხომ საშინელებაა. ერთს ვუთხარი: – „რატომ დუმხართ? რად ვარგა ის, რასაც ესა და ეს აკეთებს“? იგი მპასუხობს: – „რა უნდა ვთქვა, მან ხომ ყველაფერი აამყრალა?“ – „მაშ, რატომღა დუმხართ? მისცხე მას!“არაფერი ამის მსგავსი, მას თავს ანებებენ ერთ პოლიტიკოსს კარგად მივაწექი, თქვი – მე ამას არ ვეთანხმები“! ეს პატიოსანი საქციელი იქნება! შენ რა გინდა: – „რომ თვითონ კარგად მოეწყო და ყველა დანარჩენი გაცამტვერდეს?!“

თუ ქრისტიანები აღმსარებელნი არ გახდებიან, არ აღუდგებიან წინ ბოროტებას, მაშინ დამაქცეველნი უფრო მეტად გათავხედდებიან. თუ ქრისტიანები წინააღმდეგობას გაუწევენ მათ, მაშინ შეიძლება, ისინი კიდევაც დაფიქრდნენ. მაგრამ არც ახლანდელი ქრისტიანები არიან მებრძოლნი. პირველი ქრისტიანები კერკეტი კაკლები იყვნენ; მათ მთელი მსოფლიო შეცვალეს. ბიზანტიურ ეპოქაში თუ ეკლესიიდან გაჰქონდათ ერთი ხატი, ხალხი წინააღმდეგობას უწევდა. ქრისტემ ჯვარცმა დაითმინა იმისთვის, რომ ჩვენ აღვედგინეთ, ჩვენ კი გულგრილნი ვართ! თუ ეკლესია დუმს, რომ კონფლიქტში არ ჩაებას სახელმწიფოსთან, თუ, მიტროპოლიტები დუმილს ამჯობინებენ, რათა ყველასთან კარგ ურთიერთობაში იყვნენ, რადგან მათ ჰუმანიტარული დაწესებულებები ეხმარებიან, თუ მთაწმინდელნიც დუმან, რათა მათ არ წაართვან ეკონომიკური დახმარება [7], მაშინ ვინღა ილაპარაკებს?! ერთ იღუმენს ვუთხარი: – „თუ თქვენ გამოგიცხადებენ, რომ გადახდას შეწყვეტენ, მაშინ თქვენ უპასუხებთ, რომ თქვენი მხრივ შეწყვეტთ უცხო სტუმრების მიღებას, რათა მათაც მოეფხანოთ ზურგები“. ღვთისმეტყველების მასწავლებლებიც წყნარად სხედან: – „ჩვენ – ამბობენ ისინი, –საახელმწიფო მოხელეები ვართ: ხელფასს წაგვართმევენ და მერე როგორღა ვიცხოვრებთ?“ მონასტრები, სხვათა შორის, პენსიებსაც წამოეგნენ. განა რატომ არ უნდა ავიღო ეს მცირედი მოკრძალებული პენსია [8], ის კი არა, თუ ბერი დაზღვეულია – ესეც უნამუსობაა. თუ იგი დაზღვეულია, როგორც უქონელი, მაშინ, დიახ, ეს მისთვის საპატიოა, მაგრამ მისი – სამეურნეოში დაზღვევა რა საჭიროა? ბერმა დატოვა დიდი პენსია, წავიდა ამ ქვეყნიდან, მოვიდა მონასტერში და მას კვლავ უხდიან პენსიას! იქამდე მივალთ, რომ პენსიის გამო ქრისტეს გავცემთ!

– წმიდაო მამაო, როგორ მოვიქცეთ, თუ, მაგალითად, მონაზონმა რამდენიმე წელი მასწავლებლად იმუშავა და ახლა პენსია ეკუთვნის?

– ეს უკვე სულ სხვა საქმეა. მაგრამ აი, რას გეტყვი: თუ იგი ამ პენსიას ვინმეს გადააბარებს, მაშინ ქრისტესგან კარგ პენსიას მიიღებს!

 

ვხედავ, რა გველის და ამიტომ მტკივა

წლები მიდიან, და – როგორი მძიმე წლები! სიძნელეები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ქვაბი თუხთუხებს. და თუ ვინმე არაა გამატკიცებული, როგორ მოიქცევა, როდესაც რთულ ვითარებაში აღომოჩნდება? უფალს არ შეუქმნია ადამიანები ნიჭის გარეშე. ჩვენ გვჭირდება, დავამუშავოთ ჩვენი პატივმოყვარეობა. და თუ, ღმერთო დაგვიფარე, მართლა დაიწყება რყევა, ბევრი კი დარჩება ფეხზე? 40-იანი წლების ომის წინ კონიცაში [9] ჩემი სადურგლოს გვერდით იყო ბაზარი, რომელშიც სოფლებიდან ჩამოჰქონდათ სიმინდი და ა.შ. როდესაც გლეხებს ბაზარში სიმინდი მოჰქონდათ, ზოგიერთი „მდიდარი“ ბანკებში რაღაც პროცენტებს იღებდა – ცხვირს უბზუებდა ამ სიმინდს: – „აბა, რა ღირს?“ როდესაც ომი დაიწყო და მათ თავადაც მოუხდათ ყველაფრის გაყიდვა, ერთი ღიმილით მოდიოდა: „დღე მშვიდობისა!“ – მეორე თავაზიანად კითხულობდა: – „სიმინდი ხომ არ გაქვს?“ ამიტომ ახლა მადლობა შესწირეთ ღმერთს ყველაფრისათვის. შეეცადეთ, იყოთ ვაჟკაცნი. გაიჭირვეთ ცოტათი. ვხედავ, რა გველის და ამიტომ შემტკივა გული. და იცით, რად გადაიქცნენ ქრისტიანები სხვა ქვეყნებში? [10] რუსეთში – კატორღებში! ისეთი სიძნელეებია! რა სასულიერო წიგნები! ალბანეთს სათვალავშიც კი არ ვიღებთ! საჭმელი არაფერია. არ დატოვეს არც ეკლესია, არც მონასტერი. სახელებიც კი შეცვალეს, რადგან არ სურდათ, ქრისტიანული სახელების გაგონება. ამერიკაშიც კი მართლმადიდებელი მღვდელი ბევრი არაა, ისინი სხვადასხვა ადგილებში არიან გაფანტულნი და იცით, როგორ იტანჯებიან? თუ ახლომახლო მართლმადიდებელი სამრევლო არაა, მაშინ საათობით მიდიან მატარებლით სადმე შორს იმისთვის, რომ ღვთისმსახურებას დაესწრონ. იმისათვის რომ, რაიმე პრობლემაზე რჩევა მიიღონ, მთაწმინდაზე ჩამოდიან! ამიტომ ეს მოშვებული სული, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს, უდიდესი უმადურობაა.

რამდენ წმინდანს აჩენს უფალი ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებ-ში, რამდენ წამებულს! ისინი სიკვდილზე წავიდნენ. მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ და არ დაეთანხმნენ კანონს, როცა ისინი უფლის კანონებს ეწინაღმდეგებოდა. „მე არ ვეთანხმები, მომკალით, ციხეში ჩამსვით!“ – ამბობდნენ ისინი, რათა სხვებიც არ შემცდარიყვნენ. ჩვენთან კი ბევრი ძალდატანების გარეშე ავლენს ასეთ გულგრილობას. მათ რომ იცოდნენ, რა არის სიძნელეები, ომი ან ავი წლები, მაშინ ყველაფერს სხვანაირად შეხედავდნენ. იმიტომ, რომ ახლა თითქოს არაფერი ხდება. ეს იმას ჰგავს, რომ ადამიანი ზაფხულში ავსტრალიიდან ჩაფრინდეს საბერძნეთში, ხოლო შემოდგომაზე, როცა ავსტრალიაში გაზაფხული დგება, უკან გაბრუნდეს. გაზაფხულიდან – გაზაფხულში, ხოლო ზამთარი არ ნახოს. მან არც კი იცის, როგორია ზამთარი; არც ავდარს, არაფერს ამდაგვარს არ ხედავს.

– წმიდაო მამაო, როგორ დავეხმაროთ გულგრილ ადამიანს?

– უნდა ვაიძულოთ, კარგად შეწუხდეს, საგონებელში ჩავარდეს, შეფიქრიანდეს, რათა მან თავად მოინდომოს საკუთარი თავის დახმარება. იმისათვის, რომ სხვას წყალი მიაწოდო, საჭიროა, რომ მას სწყუროდეს. აბა, სცადე და აიძულე ვინმე, ჭამოს – ხომ გული აერევა. თუ სხვა ადამიანს რაიმე არ სურს, მე არ შემიძლია, თუ მას ეს არ უნდა, მას თავისუფლება, თავისუფალი ნება წავართვა.

 

უცოდინარობას გამართლება არ აქვს

– ხომ შეიძლება, წმიდაო მამაო, ზოგიერთები უცოდინარობის გამო იყვნენ გულგრილნი?

– რომელი უცოდინარობა?! მე გიამბობ უცოდინარობაზე: ერთმა ქალქედიკელმა ფილოლოგმა არ იცოდა, რა იყო მთაწმინდა! [11] ვიღაც გერმანელმა მასწავლებელმა უამბო მას მთაწმინდის შესახებ და ისინი ერთად ჩამოვიდნენ. გერმანელმა, თუმცა პროტსტანტი იყო, იცოდა რამდენი მონასტერი იყო წმიდა მთაზე და ის კი არა – სად რომელი წმიდა ნაწილი განისვენებდა! აქვს ასეთ უცოდინრობას გამართლება? მეორე ქალქედიკელს ნათესავმა ამერიკიდან ურჩია, ჩემთან ჩამოსულიყო, რათა დავხმარებოდი. ამერიკიდან! კიდევ გეტყვით: ჩემთან სენაკში ფლორინიდან მოვიდა ერთი კაცი [12] - „შენ უშუალოდ ფლორინიდან ხარ?“ – ვკითხე მას. „დიახ, – მიპასუხა მან, – სწორედ იქიდან“. – „თქვენ იქ კარგი მიტროპოლიტი გყავთ“. – „ის რომელ გუნდში თამაშობს?“ – მკითხა მან. ეგონა, რომ ფეხბურთელი იყო! ის ფეხბურთზე ისე იყო გაგიჟებული, რომ თავისი ეპარქიის მეუფესაც კი არ იცნობდა. ღვთის სიტყვა ვერავისგან რომ ვერ მოისმინონ, კანდიოტისს ხომ მაინც ყველა იცნობს?! [13] ასეთ უცოდინარობას გამართლება არა აქვს.

არა, დღეს მსოფლიოში უცოდინარობას გამართლება არ აქვს. კეთილგანწყობილება და ღვთისმოსაობა აკლიათ. მას ვისაც აქვს კეთილი სურვილი, შეიცნოს ქრისტე, შეიცნობს, მიმართავს მას. მი სგვერდით რომ არ აღმოჩნდეს არც ღვთისმეტყველი, არც ბერი და თუ მას აქვს კეთილგანწყობა, მისი მოქცევის საბაბი აღმოჩნდება ან გველი, ან მხეცი, ელვა, წყალდიდობა ან რაიმე სხვა მოვლენა. უფალი დაეხმარება მას. ერთი ახალგაზრდა ანარქისტი ბერძენი გერმანიაში წავიდა. იქ იგი გამოსასწორებელ სახლში მოხვდა, რადგან ნარკოტიკებს და სხვა ამისთანებს მიეძალა. არაფერმა უშველა. ვიღაცამ გამოსასწორებელ სახლში სახარება მისცა. მან წაიკითხა ის და მაშინვე გამოსწორდა. გადაწყვიტა: – „წავალ საბერძნეთში, იქ მართლმადიდებლობაა“. დაბრუნდა თავის სოფელში, ნათესაობა დაქორწინებას აძალებდა. დააქორწინეს, გაჩნდა ბავშვი. ახალგაზრდა მამა სახარებას კითხულობდა, ტაძარში დადიოდა, დღესასწაულებზე არ მუშაობდა. როდესაც სხვები ხედავდნენ, რომ იგი ასე ცხოვრობდა, ამბობდნენ: „სახარების კითხვამ ჭკუიდან შეშალა, გონება აერია“. ცოლმა მალე მიატოვა და ბავშვიც თან წაიყვანა. როცა ცოლი წავიდა, კაცმა ყველაფერი დატოვა, რაც სოფელში ჰქონდა: ადგილ-მამული, ტრაქტორი და მღვიმეში სამოღვაწეოდ წავიდა. ერთმა სასულიერო პირმა უთხრა: – „შენ ჯერ ცოლი უნდა იპოვო, მასთან ყველაფერი მოაგვარო და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტო, როგორ მოიქცე“. რაღას იზამდა, თესალონიკში ცოლის საძებნელად წავიდა. მას სჯეროდა, რომ რაკიღა სასულიერო პირმა ასე უთხრა, ქრისტე ცოლს გამოუჩენდა. თესალონიკში ქრისტემ ცოლი არ აჩვენა. სხვათა შორის, მან გერმანელები გაიცნო, ისინი რწმენას აზიარა და ერთ-ერთი მათგანი მონათლა. ამ გერმანელებმა მას ათენამდე აუღეს ბილეთი, მაგრამ არც იქ აღმოჩნდა მისი ცოლი. გერმანელებმა კვლავ უყიდეს ბილეთი და იგი კრეტაზე წავიდა. იქ რაღაც სამუშაოზე მოეწყო და ერთ მოძღვართან მივიდა, მან მოისმინა ამ კაცის პრობლემები დაუთხრა: – შენი ცოლ-შვილი ასეთი და ასეთი შესახედაობის ხომ არ არის, ცოტა ხნის წინ ერთი ქალი ჩამოვიდა და სადღაც აქ მუშაობსო. მღვდელმა მას ზუსტად მისი ცოლი აღუწერა. – „ის უნდა იყოს, – უპასუხა კაცმა. მოძღვარმა შეატყობინა ცოლს. როგორც კი ქმარი დაინახა, ქალი გაშეშდა. – „შენ მე ჯადოქრობის მეშვეობით მიპოვე, შენ ჯადოქარი ხარ“. – თქვა მან. ვიდრე კაცმა რაიმეს თქმა მოასწრო, ცოლმა დატოვა და გაიქცა. ქმარმა ქალი კვლავ დაკარგა. კაცმა ჩემს შესახებ შეიტყო და სენაკში მოვიდა ჩემთან. ერთხელ დააკაკუნა და ელოდა, ვიდრე გავაღებდი, გვერდზე გადგა და მეტანიებს ასრულებდა. ტანსაცმელი სულ დაფლეთოდა. ყველაფერი მიამბო. ცოტაოდენი გამხმარი ლეღვი მქონდა და მივეცი. „კბილები არ მაქვს“ – მითხრა მან. „არც მე მაქვს“ – ვუპასუხე მე. „გტკივა? – მკითხა მან – მე მტკივა და ტკივილისგან ქრისტესმიერი სიხარული იბადება“. – „იქნებ, რაიმე პერანგი მოგცე?“ – შევთავაზე მე. – „ორი მაქვს, – მითხრა მან, – როგორც კი დათბება, ერთს გავცემ“. მე ვუთხარი: – “მიხედე, გაუფრთხილდი შენს ჯანმრთელობას, ვიდრე ყველაფერს არ მოაგვარებ და არ მოილაპარაკებ ცოლთან, რადგან ბავშვის გამო პასუხისმგებლობა გეკისრება“. როგორი თვითუარყოფაა! როგორი რწმენა! ის ხომ 27 წლისაც არ იყო. და სად შეეძლო გაეგო მონაზვნური ცხოვრების შესახებ?! მას ჰქონდა სრული უმეცრება, მაგრამ კეთილი განწყობაც ჰქონდა და უფალი დაეხმარა, რომ იგი ღრმად სახარებისეულად წარემართა.

ამიტომ ვამბობ, რომ უცოდინრობა დღეს ვერაფრით გამართლდება. მხოლოდ გონებრივად არასრულფასოვანი ადამიანები ან პატარა ბავშვები იხდიან ბოდიშს თავისი უცოდინრობის გამო. მაგრამ დღეს პატარა ბავშვებიც კი ყველაფერს ხვდებიან! ასე რომ, თუ ადამიანს უნდა, მრავალი საშუალებაა იმისთვის, რომ შეიცნოს ჭეშმარიტება.

 


1. საწვავისა და საპოხის მასალის საწყობი.

2. სათნოთმოყვარეობა – ეს სიტყვა მრავალმხრივ გვხვდება ბერი პაისის მეტყველებაში, რომელიც ხაზს უსვამს სათნოთმოყვარეობის მნიშვნელობას სულიერ ცხოვრებაში. თანამედროვე ქართულში ამ სიტყვის ეკვივალენტი არ გვაქვს. სიტყვასიტყვით იგი შეიძლება, გადაითარგმნოს როგორც – სულგრძელობა, განწყობილება თავგანწირვისკენ, მატერიალურისადმი ზიზღი – ზნეობრიობის ან სულიერი იდეალების გამო.

3. 1940-41 წწ. ომი საბერძნეთსა და ფაშისტურ იტალიას შორის.

4. ეს მისი ვაჟია, რომელსაც ანგელოზი ჰქვია.

5. წარმოთქმულია 1992 წ.

6. ხატმებრძოლობა – ქრისტიანული ერესი, ას წელზე მეტ (726-843) ხანს არყევდა ბიზანტიის იმპერიას და დროებით ჩაცხრა VII მსოფლიო კრებაზე (787 წ.). მეორე ეტაპი ხატმებრძოლობისა დაწყებული იმპერატორ ლევ V სომეხის დროს, შეწყვეტილ იქნა წმიდა პატრიარქ მეთოდეს დროს 843 წელს. ხატმებრძოლებს უწოდებენ ქრისტიანებს, რომლებიც არ მიაგებენ პატივს წმიდა ხატებს.

7. ბერს მხედველობაში აქვს ეკონომიკური დახმარება (ანუ „მეტოქიონის გადასახადი“), ანუ განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც ეკისრებოდა საბერძნეთის მთავრობას, რომ ყოველწლიურად გადაეხადა წმიდა მონასტრისათვის ათონის მათაზე 1924 წლიდან. მაშინ მთაწმინდის მონასტრებმა მცირე აზიიდან დევნილ ბერძნებს გადასცეს თავისი მეტოქიონი, ძველად მათი ზეთის, ხორბლის, ღვინის და სხვა შემოსავლების წყარო.

8. სადაზღვევო გაერთიანება იმ პირთათვის, რომლებიც სოფლისმეურნეობით არიან დაკავებულნი.

9. ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ საბერძნეთში, რომელშიც ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები გაატარა ბერმა.

10. წარმორთქმულია 1987 წლის მაისში.

11. ქალქედიკა – ნახევარკუნძული და ადმინისტრაციული ერთეული სამხრეთ-აღმოსავლეთ საბერძნეთის ზეგანზე 2995 კმა ქალქედიკის ნახევარკუნძულის სამი სანაპიროდან ერთ-ერთი ათონის წმიდა მთაა. ავტომობილით ერთი ბოლოდან მეორემდე შეიძლება 2 საათში ჩახვიდეთ.

12. ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ საბერძნეთში.

13. ავგუსტინე (კანდიოტისი) (დაიბ. 1907 წ.) ფლორინის მიტროპოლიტი 1967-დან 1999 წლამდე. ავტორია მრავალი სასულიერო წიგნისა და მგზნებარე ქადაგებისა, ფართოდაა ცნობილი მთელ საბერძნეთში.