მამა პაისი მთაწმინდელი

ნაწილი მეხუთე - სულიერი საჭურველი

„თუ ვინმე წუხს იმის გამო, რაც ამჟამად ქვეყანაზეა გამეფებული, თუკი ვინმე ლოცულობს ამისთვის, მაშინ ადამიანები ღებულობენ შეწევნას და ამასთან, მათი თავისუფალი ნება არ ირღვევა“

თავი პირველი - ლოცვის, როგორც ძლიერი საჭურველის შესახებ

აუცილებელია ბევრი ლოცვა

უწინდელ დროს, როდესაც ერისკაცი რაიმეს გაკეთებას დააპირებდა, წინასწარ ფიქრობდა. ხოლო თუკი სულიერი ადამიანი მოისურვებდა რამის გაკეთებას, იგი ფიქრობდა და ლოცულობდა კიდეც. ჩვენს დროში „სულიერი“ ადამიანებიც კი არამცთუ არ ლოცულობენ, არამედ, არც კი ფიქრობენ. საქმე ხშირად სერიოზულ საკითხებს ეხება, ისინი კი ექსპერიმენტებს ატარებენ, და თანაც ვისზე – ადამიანებზე! ყველა შემთხვევაში, ვიდრე რამეს წამოვიწყებდეთ, საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: – „კარგად ავწონ-დავწონე თუ არა? ვილოცე თუ არა ამისთვის?“ როცა ადამიანი ფიქრისა და ლოცვის გარეშე აპირებს რამის დაწყებას, იგი სატანისამებრ იქცევა. ხშირად მრავალი ქრისტიანი თავისი ქმედებით აბრკოლებს ღვთის ჩარევას. მათ ჰგონიათ, რომ ამოცანას თავადვე დაძლევენ და თანაც მაშინ, როცა ზოგიერთი ურწმუნოც კი ამბობს სიტყვებს: – „ღვთის შეწევნით...“ ისინი ამასაც კი აღარ ამბობენ. მაგალითად, ვიღაც იბრძვის კარნავალის წინააღმდეგ [1], მაშინ როცა შეეძლება, ილოცოს და ღმერთი ისეთ სეტყვას მოაწევს, რომ ხალხი დაიშლება, თავს უშველიან და ყოველგვარი წარმოდგენა გადაიდება. ან დავუშვათ, ზოგიერთები რომელიმე იერარქს რამეში ადანაშაულებს, სხვები ამ ბრალდებებს სახელმწიფო საბჭოში ასაჩივრებენ, ამაზეც არ ჩერდებიან: დემონსტრაციები, ხმაური, სტატიები, გაზეთები... დაუსრულებელი ადამიანური მცდელობები – ისინი ღმერთს მოქმედების საშუალებას არ აძლევენ, მაშინვე ლოცვას კი არ იწყებენ, რომ უფალმა ლოცვის მეშეობით უპასუხოს. ყოველივე ის, რაც გამოუსწორებელი და გამოუსწორებადია, სიმდაბლითა და ლოცვით გამოსწორდება.

დღეს ჩვენ აპოკალიფსის ეპოქაში ვცხოვრობთ; არაა საჭირო, რომ წინასწარმეტყველი იყო იმისათვის, რათა ეს გაიგო. ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით ხდება. ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება. ეს ქვეყნად გაბატონებული ვითარებიდანაც ცხადია. ამიტომაც ახლა, როგორც არასდროს, ძლიერად უნდა დავეყრდნოთ ლოცვას და ბოროტებას ლოცვით ვებრძოლოთ. ეს ერთდაერთი გამოსავალია. შევთხოვოთ უფალს, შეიბრალოს თავისი ქმნილება, თუნდაც სიბრალულის ღირსი არ ვიყოთ. ადამიანები ვერ მიაღწევენ ურთიერთგაგებას. ყველა იმას გააკეთებს, რაც თავში მოუვა. აღსრულდება ის, რაც წმიდა კოზმა ეთოლიელმა იწინასწარმეტყველა [2] „დიდხანს უნდა იარონ, რომ ადამიანს შეხვდნენ, ისინი კი ვინც, ცოცხლები დარჩებიან, ოქროს კოვზებით შეჭამენ“. ცხადია, ზოგიერთები ფიქრობენ: „რა სარგებლობა მოაქვს ლოცვას, თუკი წინასწარმეტყველება მაინც ასრულდება?“ ღმერთმა იცის, რომ მოვლენები სწორედ ასე წარიმართება, მაგრამ ჩვენ ვლოცულობთ იმისათვის, რომ ბოროტება ნაკლებად მტკივნეული იყოს და არ გავრცელდეს. ამიტომაც სახარებაში ნათქვამია, რომ რჩეულთათვის ეს დღეები შემოკლდება? მაგლითად, ლოცვის ძალა ომში სასწაულებს იქმს: მეტი ადამიანი რჩება ცოცხალი, მსხვერპლი კი მცირეა. ყოველივე ამისგან ადამიანები სულიერ სარგებელს ღებულობენ, მორწმუნენი ხდებიან და, კარგი გაგებით, იცვლებიან.

სახუმარო საქმე ხომ არ არის. ისიც კი სასწაულია უკვე, რომ აქამდეც მსოფლიო ჰაერში არ აფრინდა. დაე, განიპყრას ღმერთმა თავისი მარჯვენა! მთელი სამყარო სამი-ოთხ კაცზეა დამოკიდებული, მისი ბედი რამდენიმე გონებაარეული ადამიანის ხელშია. ზუსტად ისეა, როგორც ანდაზაში: „ცხენები ერთმანეთს ებრძვიან, მათი ჩლიქები კი ქათმებს ხვდება“. ასეც არის. როცა იწყება არეულობა დიდ სახელმწიფოებს შორის, უსამართლობები საცოდავ პატარა ქვეყნებს ატყდება თავს. წიხლებს დიდები ისვრიან, პატარები კი ინგრევიან. ბევრი-ბევრი ლოცვა არის საჭირო, რათა ღმერთმა გონება გაუნათლოს ხელისუფლებაში მყოფთ, რადგან, თუკი მოისურვებენ, მათ შეუძლიათ მსოფლიოს დანგრევა. მაგრამ ღმერთს ძალიან ადვილად შეუძლია, ცოტათი ისინიც გაანათლოს. თუკი იგი რომელიმე ერთს გაანათლებს, როგორც კი ის ერთი შესაბამის განკარგულებას გასცემს, ყველაფერი შეიცვლება.

 

ლოცვითი ვედრება

– წმიდაო მამაო, თუ შესაძლებელია, დაასახელოთ რაიმე ერთი – მათ შორის, რაზეც აუცილებლად განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ.

– უწინარეს ყოვლისა, უნდა ვითხოვოთ, რომ ჩვენი ლოცვის შედეგად მათ, ვინც ცოცხალია, და ისინიც, ვინც შემდეგ იცხოვრებს, ღვთის თაყვანისცემა დაიწყონ. როდესაც ლოცვის დროს ვამბობ: – „მიანიჭე წყალობა, ვინც გიციან შენ“! დავძენ ხოლმე: „და ვინც არ გიციან შენ“. ასეც კი ვლოცულობ: „უფალო, იხსენი უზნეონი“. ეკლესიამ, რა თქმა უნდა, სწორად დაადგინა ლოცვითი მოწოდება: – „უფალო, აცხოვნენ კეთილმსახურნი.“, ვინაიდან სხვაგვარად უზნეოები შეიძლება გაბრაზებულიყვნენ, როცა გაიგონებდნენ, რომ მათთვის ლოცულობენ. შემდეგ, როცა მღვედელი წარმოთქვამს: – „ყოველთა ჩვენს ლოცვებს შემოვედრებულთათვის ვილოცოთ“, მე ვამატებ: – „და არაშემოვედრებულთათვის“, ვინაიდან ჩვენ უნდა ვილოცოთ იმათთვისაც, ვინც გვთხოვა და ვისაც ეს არ უთხოვია, მათზე ვისაც ვიცნობთ და ვისაც არ ვიცნობთ. რამდენ ათას ადამიანს ბევრად უფრო მეტად სჭირდება ეს და უფრო სერიოზული პრობლემები აქვს, ვიდრე იმათ, ვინც ჩვენ ლოცვა გვთხოვა! ვილოცოთ მათთვისაც, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ, რათა სიმართლე ცხადი გახდეს, ვილოცოთ, რათა შეიწყალონ ისინი, ვინც ციხეებში არიან, განცდილი ტანჯვა-წამება კი სასიკეთოდ წაადგეთ და გამოსწორდნენ.

ცეცხლს რომ შეშას ვუკეთებ, ვლოცულობ: – „გაათბე, უფალო ისინი, ვისაც სითბო აკლია“. როცა წერილებს ვწვავ, რომლებსაც მე მწერენ (წაკითხვის შემდეგ მათ ვწვავ, რადგნ ისინი ისეთ შინაარსს შეიცავენ, რაც სხვებმა არ უნდა იცოდნენ, უმეტესობა ცოდვათა აღსარებებია), ვამბობ: – „დაე, დაფერფლოს ღმერთმა მათი ნაკლოვანებები. დაეხმაროს, რათა იცხოვრონ სულიერად და განანათლოს ისინი“. და კიდევ, ჩვეულებად მაქვს, წმიდანებს იმ ადამიანების მფარველობა ვთხოვო, რომლებიც მათ სახელებს ატარებენ, ყველა წმიდანს კი ვთხოვ შუამდგომლობას მათთვის, ვისაც არ ჰყავს მფარველი წმიდანი [4].

– წმიდაო მამაო, რა უკეთესია: ღვთის წყალობის თხოვნა საერთოდ თუ მაცხოვრის მცნების მიხედვით – „ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ“ [5], ლოცვისას რაიმე კონკრეტულის თხოვნა?

– ილოცე საერთოდ და თქვი: – „უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე ფიზიკურად და სულიერად ტანჯულნი“. ეს ლოცვა მიცვალებულებსაც მოიცავს. თუ რომელიმე ნათესავი გაგახსენდება, მასზე წარმოთქვი ლოცვა: – „შეიწყალე მონა შენი (სახელი)“ და მაშინვე გადადი საზოგადო ლოცვაზე მთელი მსოფლიოსთვის: „შეიწყალე მთელი ქვეყანა შენი“. შენ შეგიძლია, გაიხსენო განსაცდელში მყოფი რომელიმე კონკრეტული ადამიანი, ცოტა ილოცო მისთვის, შემდეგ კი წარმოთქვა ლოცვა: – „უფალო, იესო ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ“; ილოცე ყველასთვის ტკივილით, რათა... მატარებელი მხოლოდ ერთი მგზავრით არ გავიდეს. არც უნდა გავიჭედოთ ერთ ვინმეზე, თორემ შემდეგ ვერ შევძლებთ, ლოცვით შევეწიოთ ვერც საკუთარ თავს, ვერც – სხვებს. როცა ლოცულობ, მაგალითად, ვინმესთვის, ვინც კიბოთია დაავადებული, ილოცე ყველასთვის, ვისაც კიბო აქვს, და დაამატე ლოცვა გარდაცვალებულთათვის. ან, თუკი ხედავ ვინმე საცოდავს, დაე, შენი გონება მაშინვე ყველა საწყალ ადამიანს მიემართებოდეს და ილოცე მათთვის. მახსოვს, ბავშვობაში როგორ დავინახე ერთი ღარიბი, რომელიც თურქული სახლის ზღურბლთან მომკვდარიყო, ჩვენი სახლიდან ათ მეტრში. მას პეტრეს ეძახდნენ. თურქმა ქალმა იგი დილით ჭიშკართან მწოლიარე იპოვა და როცა შეანჯღრია, მიხვდა, რომ მომკვდარიყო. მე დღემდე ვიხსენებ მას. რამდენი ასეთი „პეტრეა“ ამქვეყნად! მლოცველისთვის სასარგებლოა, ითხოვოს რაიმე განსაზღვრული და იფიქროს იმაზე, რომ ჩვენი ახლობლები იტანჯებიან, ვინაიდან ამის გამო მისი გული ტკვილით დაწყლულდება. შემდეგ ადამიანი გულში ამ ტკივილით ლოცვისას კონკრეტულიდან საზოგადოს უბრუნდება და გულითადი ლოცვით მეტად ეხმარება ადამიანებს.

ბერისთვის კარგია, თავისი ლოცვა სამ ნაწილად დაყოს: საკუთარი თავისთვის, მთელი ქვეყნიერებისთვის და გარდაცვლილებისთვის. ამ გაყოფაშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი თანაბრად გვეჩვენება, ბერის მზრუნველობის ყველაზე მეტი წილი მაინც საკუთარი თავია, ვინაიდან მისი სული ერთია, მაშინ როცა ცოცხალთა და გარდაცვლილთა – მილიარდობითაა.

– წმიდაო მამაო, მე კი მორჩილების აღსრულებისას ჩვეულებრივ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვლოცულობ ხოლმე.

– ეს არასწორია. თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ილოცებ სენაკში, საკუთარი თავისთვის ილოცებ მორჩილების აღსრულებისას, მაშ გული როგორ დაგიწყლულდება ტკივილისგან? როცა ვინმეს უჩნდება სიყვარული, ტკივილი, თავგანწირვა, ჩნდება რაღაც უმაღლესი თანამოზიარეობა სხვებთან, გული კი ამით ტკბება. ამგვარად, ადამიანი არ ივიწყებს ლოცვას – შრომის დროსაც. მაშინ ადამიანები ღებულობენ ნამდვილ დახმარებას, მაგრამ შეწევნას ღებულობს თავად მცლოველიც და სულიერ სიხარულს განიცდის. შეასრულე შენი მორჩილება და ილოცე: – „უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ“! რათა შენი ლოცვა ყველა ადამიანს დაეხმაროს. ეს „შეგვიწყალე ჩვენ“ ყველა ადამიანს მოიცავს, მათაც კი, იმ ხუთ-ექვს კაცს – ანუ რამდენიც არიან – „დიდებულებს“, რომლებზეც დამოკიდებულია მსოფლიოს მომავალი. იშრომე და ილოცე მათთვის, ვინც შრომობს. ეს ლოცვა ეხმარება იმათაც, ვინც ფიზიკურად შრომობს და იმათაც, ვინც სულიერ ღვაწლს ეწევა. იმიტომ, რომ ბევრნი შრომობენ, და ამასთან, შრომობენ გულმოდგინედ. ერთნი – ეკლესიისა და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ, სხვები – ბოროტად, მის საზიანოდ. მთელ ღამეებს ათენებენ, რათა მოიფიქრონ, როგორ დაანგრიონ მსოფლიო. მესამენი იკრიბებიან კონფერენციებზე და ცდილობენ, იპოვონ საშუალება, რათა ხელი შეუშალონ მათ ბოროტების ჩადენაში. მეოთხენი ასევე დღედაღამ მუშაობენ, არ სძინავთ, ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაწყვეტას ცდილობენ. ილოცე, რომ ღმერთმა გაანათლოს ბოროტი ადამიანები და მათ ნაკლები ბოროტება ჩაიდინონ; და რომ ღმერთმა სრულებით გააქარწყლოს ბოროტება. ილოცე, რომ მან განანათლოს კეთილნი, რათა ისინი ეხმარებოდნენ ადამიანებს. ილოცე მათთვის, ვისაც შრომა სურს, მაგრამ ავადმყოფობის გამო, არ შეუძლია. ილოცე მათთვის, ვინც ჯანმრთელია, მაგრამ სამუშაოს ვერ პოულობს, მაშინ როცა ძალიან უჭირს. იფიქრე სხვადსხვა გარემოებებზე და ილოცე მათთვის. როცა გონება ამ ყველა ადამიანს მიემართება, გული ტკივილისგან წყლულდება და ლოცვა გულისმიერი ხდება. მთელი დღის განმავლობაში რამდენი ადამიანი საჭიროებს ლოცვას! დროს ამაოდ ნუ დაკარგავთ! როცა ადამიანი ლოცვას იწყებს იმისთვის, ვინც ეს სთხოვა (მნიშვნელობა არა აქვს, თუნდაც ეს ადამიანი დიდად არ საჭიროებდეს ლოცვას, მაგრამ თვლიდეს, რომ სჭირდება ის), მლოცველი მიდის უფრო წინ და ფიქრობს ყველა იმ ადამიანზე, ვინც უმეტეს გასაჭირს განიცდის. და მაშინ შემწეობას ღებულობს ისიც, ვინც თვლიდა, რომ ლოცვა სჭირდებოდა, ვინაიდან იგი გახდა საბაბი იმისათვის, რომ ვინმეს მრავალი ადამიანისთვის ელოცა.

 

შეწევნა, რომელიც ლოცვის მეშვეობით მიეცემა ადამიანს

– წმიდაო მამაო, წმიდა იაკობ მოციქული ამბობს: „ფრიად შემძლებელ არს ლოცვა მართლისა შეწევნად“. რას ნიშნავს – შემძლებელ არს?

– საჭიროა, რომ მას, ვინც ითხოვს ვინმეს ლოცვებს, ამასთან, თავადაც სურდეს საკუთარი თავის დახმარება, სურდეს ცხონება. ის უნდა მოღვაწეობდეს. ანუ იმისათვის, რომ მიიღოს შემწეობა მართალი ადამიანის ლოცვის მეშვეობით, თავადაც უნდა ჰქონდეს კეთილი განწყობა. ღმერთი ისმენს ლოცვას, რომელიც გულით აღესრულება, თუმცაღა მას, ვისთვისაც ლოცულობენ, უნდა სურდეს შეწევნის მიღება. თუკი მას ეს არ სურს, მლოცველს უნდა ჰქონდეს წმიდა პაისი დიდის სიწმიდე, რათა შეძლოს მისი სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა [7]. ამიტომაც ჯერ მათთვის ილოცეთ, ვისაც ცხონება სურს.

მე, როცა სხვადასხვა გაჭირვებისას ღმერთს ვევედრები, ვეუბნები: – „ღმერთო ჩემო, დაე, შენი შეწევნა თვალსაჩინო იყოს, რათა, ადამიანებმა აქედან სულიერი სარგებელი მიიღონ. თუკი იგი შეუმჩნეველი იქნება, მაშინ ნუ დაგვეხმარები“. მრავალს არც კი ესმის, რა ქარიშხლებისაგან გვიცავს უფალი, სრულებით არ ფიქრობენ ამაზე და არ ადიდებენ მას. ამიტომ ვთხოვოთ, რომ ქრისტე, დედა ღვთისა, წმიდანები დაეხმარონ ადამიანებს, მაგრამ დაე, მათი შეწევნა შესამჩნევი იყოს, რათა ადამიანებს ეს წაადგეთ. დავუშვათ, ვიღაცას ტყეში გზა აებნა, ღმერთი აწყობს ისე, რომ იგი ეჭიდება იქ, რაზეც ვერ მოეჭიდები და ცოცხალი გადარჩება. ან ვინმე ვარდება და არ სახიჩრდება, საავტომობილო კატასტროფაში ხვდება და უვნებელი გადარჩება, ყველა ამ შემთხვევაში უნდა ვილოცოთ, რომ ადამიანი მიხვდეს: იგი იმიტომ გადარჩა, რომ ღმერთი დაეხმარა და თუ ამას შეიგნებს, სულიერ სარგებელს მიიღებს. ერთი ჩემი ნაცნობი ხიდიდან მდინარეში გადავარდა და ცოცხალი გადარჩა. – „რა, – ვკითხე მას, – იმიტომ გადახტი, რომ სიღრმე გაგეზომა?“ წმიდანები ხელით გვიჭერენ. ერთ ახალგაზრდას კურთხევისას ჯვარი ვაჩუქე. იგი მოტოციკლეტით მიქროდა და მასთან ერთად ტაქსს გადაახტა, ჰაერში ამოტრიალდა და ისევ გზაზე გაქანდა – ერთი ნაკაწრიც კი არ მიუღია. უეჭველი სიკვდილისაგან მრავალი გადარჩენილა, მაგრამ ბევრი არ მოსულა გონს და არ გამოსწორებულა.

– თუკი მე ვინმესთვის ვლოცულობ, მაგრამ ის თავად არ ითხოვს დახმარებას, მიიღებს კი ამას?

– ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. უწინარეს ყოვლისა, თუ ამ ადამიანს კეთილი განწყობა აქვს, მაგრამ მას არ შეხვედრია მისი რეალიზების კეთილსასურველი შესაძლებლობა, მას აქვს ღვთაებრივი შეწევნის უფლება. სხვებმა რომც არ ილოცონ მისთვის, მოვა დრო და ღმერთი მისცემს მას კეთილ შესაძლებლობას, რომ გამოსწორდეს. მაგრამ თუკი ის ითხოვს შეწევნას თავიდანვე, ღმერთი ჩაერევა და იგი უფრო ადრე გამოსწორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უფრო გვიან გამოსწორდება. ლოცვით ჩვენ ვაძლევთ ღმერთს იმის უფლებას, რომ ჩაერიოს. უეჭველია, თუ ადამიანი გულით ითხოვს შეწევნას და სიმდაბლით იტყვის: – „მამაო, ჩემთვისაც ილოცე!“ ის შენს გულს აღანთებს და ვეღარ დაივიწყებ მას. და თუკი ის სრულებით ზემოდან, ქედმაღლურად გეუბნება: – „ილოცე, ილოცე სკვნილი გადამარცვლე....“ ეს იგივეა, თითქოსდა ამბობდეს: „სალამი!“ – როგორღა გაგახსენდება იგი?

როცა სრულდება გულისმიერი, ტკვილიანი ლოცვა ქვეყნიური საჭიროებებისათვის, ადამიანები, როლებიც იმ დროს ითხოვენ შეწევნას უფლისგან, მაშინვე ღებულობენ მას. მე ბევრი აშკარა მაგალითის მოყვანა შემიძლია. მრავალი წლის წინ ერთი კაცი, რომელიც სასოწარკვეთილებაში იყო და გონება დაბინდული ჰქონდა, საზღვარზე გადავიდა და ერთ-ერთ კომუნისტურ ქვეყანაში მოხვდა. იქ იგი მზვერავი ეგონათ და შეიპყრეს, სცემდნენ და ციხეში გაგზავნეს. ციხეში ის ლოცულობდა. ერთმა ჩემმა ნაცნობმა ბერმა გაიგო მისი უბედურების შესახებ და ილოცა: – „ღმერთო ჩემო, გთხოვ, გაათავისუფლე იგი! შენთვის ამის ქმნა ადვილია“. ციხიდან იგი დაკითხვაზე წაიყვანეს, დაკითხვის შემდეგ კი... საბერძნეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. როცა შემდეგ ჩვენი გამომძიებლები ეკითხებოდნენ, იგი პასუხობდა: – „მე მცემდნენ, ჩამსვეს ციხეში, მოითხოვდნენ აღიარებას. მერე რა მოხდა, არ მახსოვს. ვერც კი მივხვდი, როგორ აღმოვჩნდი საბერძნეთის საგუშაგოსთან, არ ვიცი, როგორ მოხდა ეს“. აი, ასეთი ძალა აქვს ლოცვას. ლოცვა ღმერთს მოწყალებისაკენ მიდრეკს.

კარგია, თუ ჩვენი „გადამცემი“ შეუსვენებლად მუშაობს, რათა ყველას დახმარება მოასწროს, ვინც კი ამას ითხოვს. ჯარში, კავშირგაბმულობისის ნაწილში ჩვენ არა მხოლოდ სხვების რადიოსადგურებს ვაკვირდებოდით, არამედ ჩვენსას ვეხმარებოდით კიდეც. ჩვენ ვრთავდით შუალედურ რადიოსადგურს იმისთვის, ვინც ცენტრიდან შორს იმყოფებოდა და საკმარისი სიმძლავრე არ გააჩნდა. ჩვენ ვღებულობდით მათ შეტყობინებებს და შემდეგ სხვებს გადავცემდით. ჩვენ ყოველთვის ორნი ვიყავით და გადამცემთან მთელი დღე-ღამე ორ ცვლაში ვმორიგეობდით, ვინაიდან რადისტი ერთი რომ ყოფილიყო, შეიძლება, კავშირი გამწყდარიყო და მაშინ ის, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, ვერ მიიღებდა მას, მისი შეტყობინება დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწედა. ერთ ასეთ გადამცემს, თუკი ის განუწყვეტლივ მუშაობს, შეუძლია დაეხმაროს მათ, ვისი შეტყობინებებიც ვერ აღწევს ცენტრამდე. ასევე ის, ვისაც აქვს კადნიერება უფლის წინაშე და ლოცულობს ახლობლებისთვის, რთავს თავის შუალედურ „რადიოსადგურს“ ღმერთსა და იმ ადამიანს შორის, ვისაც დახმარება სჭირდება. მაგრამ თუ ერთი ითხოვს დახმარებას, მეორე კი თავის რადიოსადგურს გამორთავს, მაშ რაღა გამოვა აქედან?

 

ლოცვას ღირსებას მისი ხარისხი ანიჭებს

– წმიდაო მამაო, როცა რაიმე სერიოზულს ვითხოვთ, განა ლოცვას მარხვა არ უნდა ახლდეს თან?

– ამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ეს აუცილებელია. მარხვა, ასკეზი ლოცვის წინაპირობაა. მაგრამ იმისათვის, რომ ლოცვა ჭეშმარიტი იყოს, საჭიროა ადამიანების გამო ტკივილი განიცადო. ჩვენი ეპოქის მრავალი ქრისტიანისათვის ხომ სურვილი იმისა, რომ არ აღელდნენ, უკვე ტიპიკონად, წესად იქცა. პენსიონერებსაც კი, რომლებიც მთელი დღის მანძილზე უსაქმურად არიან, არ სურთ, ახლოს მიუშვან რომელიმე მიტოვებული ბავშვი, ვინაიდან იგი მათ ათას ხათაბალას გაუჩენს. ურჩევნიათ, მიირთვან, ფინჯანი ყავა დააყოლონ, გაისერინონ, საავადმყოფოში მოინახულონ რომელიმე ავადმყოფი, რომელსაც თავს ექთნები და მომვლელები დასტრიალებენ, ანუ – მივიდნენ იქ, სადაც ყველაფერი წესრიგშია, ვინაიდან ეს უფრო ადვილია. ანუ ეს ყოველივე მათ სიამოვნებას ანიჭებთ, ამასთანავე, გულს იმით დაიმშვიდებენ, რომ თავიანთი ვალი მოიხადეს. რამდენს ვთხოვე, დახმარებოდნენ მიტოვებულ ბავშვებს! მაგრამ – სულ ამაოდ.

წმიდა მთაზე ერთხელ ლიტანია წამოიწყეს წვიმის სათხოვნელად, წვიმის ნაცვლად კი ხანძარი გაჩნდა! ლიტანიაზე არ შეიძლება ისე წასვლა, თითქოს სეირნობა იყოს. ტკივილი უნდა დაიბადოს. და განა განსაცდელი ან რაიმე დაბრკოლება გადაუჭრელი დარჩება, თუკი ბერ-მონაზვნები მთელი გულით ილოცებენ? მაგრამ მე ვხედავ, რა სული გამეფებულა მონასტრებში, მიუხედავად ამ ძნელი წლებისა. „უნდა გვიხაროდეს!“ აქ კი მთელი მსოფლიო ცეცხლშია გახვეული. ვთქვათ, გვთხოვენ, ღამისთევის ლოცვა აღვასრულოთ, რომელიმე ავადმყოფისათვის. ჩვენ ვგალობთ – „აღვიპყრობ ხელთა ჩემთა წინაშე შენსა!“ და გვიხარია. ადამიანი კვდება, ჩვენ კი კმაყოფილებით ვატარებთ დროს და ვამბობთ: – „ღამისთევის ლოცვა აღვასრულეთ ავადმყოფისათვის“. აბა, რა ღამისთევა იყო ეს?! თქვენ ხომ გასართობი მოიწყვეთ! დიახ, ეს ხომ სულიერი გართობაა. ზოგჯერ კი ჩვენ არ ვლოცულობთ იმათთვის, ვინც ავადაა, მაშინაც კი როცა მღვდელი ამბობს: – „აღვასრულოთ მსახურება ყოველთა სნეულთათვის“... ეს დახმარება ქმედითი იქნებოდა, თუ ცოტაოდენს სკვნილზეც ვილოცებდით. მე ეკლესიის მიერ დადგენილი მსახურების გაუქმებისაკენ კი არ მოვუწოდებ ვინმეს, მაგრამ ასეთ შემთხვევებში, ახლახანს მოყვანილი მაგალითის მსგავსად, საჭიროა მცირეოდენი დრო მაინც გამოვნახოთ იმისათვის, რომ გადავთვალოთ სულ მცირე, სკვნილის ერთ-ორი მარცვალი მაინც ლოცვით: „უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე მონა შენი“. მთელი საფუძველი ლოცვის ხარისხშია. ლოცვა გულითადი უნდა იყოს და ტკივილიდან მომდინარეობდეს. უფლისათვის ღირებულია არა იმდენად რაოდენობა, რამდენადაც ლოცვის ხარისხი. ლოცვის სიმრავლე მონასტრებშია, მაგრამ ეს ცოტაა, უნდა იყოს ხარისხიც. რამდენი ადამიანი ლოცულობს და რამდენი საათის განმავლობაში?! ეს ლოცვა რომ გულისმიერი ყოფილიყო, სამყარო უკვე დიდი ხნის წინ შეიცვლებოდა! ამიტომაც მთავარი ისაა, რომ საეკლესიო მსახურებები გულიდან აღესრულებოდეს. გულისმიერი ლოცვა არა მხოლოდ სხვებს ეხმარება, არამედ – ჩვენ თავადაც, რამდენადაც მისი მეშვეობით ჩვენში შინაგანი სიკეთე წარმოიშვება. როცა ჩვენ საკუთარ თავს სხვის ადგილას ვაყენებთ, ჩვენში ბუნებრივად ჩნდება სიყვარული, ტკვილი, სიმდაბლე, ღვთისადმი მადლიერება – უფლის განუწყვეტელ დიდებასთან ერთად. და მაშინ, როცა უფლისთვის სათნო გახდება, მოყვასისათვის აღვლენილი ჩვენი ლოცვა მას აუცილებლად დაეხმარება.

 

„იგინი აიძულებდეს მას“ [8]

– წმიდაო მამაო, ლოცვის დროს ჩემი გული ცივი რჩება.

– ეს იმიტომ, რომ გონება დეპეშას არ უგზავნის გულს. გარდა ამისა, ლოცვაში უნდა იღვაწო? შეუძლებელია, თვალის დახამხამებაში მიაღწიო ისეთ მდგომარეობას, რომ გონება საერთოდ არ გვეფანტებოდეს. აუცილებელია მოთმინება. როგორ აკაკუნებენ კარზე? დააკაკუნებენ ერთხელ, დააკაკუნებენ მეორედ, შემდეგ ელიან – და კარი იღება. შენ კი გსურს, ერთხელ დააკაკუნო და მაშინვე შეხვიდე. ასე არ ხდება. როცა ლოცვას იწყებ, შენ რა? მისი სურვილი არ გაქვს?

– მე შეწევნის აუცილებელობას განვიცდი, ვინაიდან თავს სუსტად ვგრძნობ.

– აი, სწორედ აქედან იწყებენ. ლოცვაში აუცილებელის დაჟინება. – „და აიძულებდნენ მას“. – ამბობს სახარება ორი მოწაფის შესახებ, რომლებიც უფალს ევმაუსის გზაზე შეხვდნენ. ქრისტე დარჩა მათთან ერთად, ვინაიდან მასთან სულიერ ნათესაობაში იყვნენ, ამის უფლება ჰქონდათ. მათ ჰქონდათ სიმდაბლე, უბრალოება, სიკეთე, მოშურნეობა – ამ სიტყვის კარგი გაგებით. მათ ჰქონდათ ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ ქრისტე მათთან დარჩენილიყო, ამიტომაც მან ეს გააკეთა.

ყოველი სათხოვარის აღსრულებისათვის რწმენით უნდა ვილოცოთ, უნდა ვითმინოთ და უფალი დაგველაპარაკება. რწმენით თუ ილოცებს, ადამიანი გარკვეულად უფალს ავალდებულებს, სათხოვარი ამ რწმენის გამო შეუსრულოს. ამიტომაც, როცა უფალს რაიმეს ვთხოვთ, „ნუ დავეჭვდებით“ და შესმენილნი ვიქნებით. – „გქონდეთ რწმენა და ნუ დაეჭვდებით“ [9] – ბრძანა უფალმა. ღმერთმა იცის, როდის მოგვცეს ის, რასაც ვითხოვთ, ისე, რომ ამან სულიერი ზიანი არ მოგვაყენოს. ზოგჯერ ვითხოვთ რაიმეს უფლისგან, მაგრამ არ გაგვაჩნია მოთმინება და ვღელავთ. მღელვარება მაშინ გვმართებდა, თუ ჩვენი ღმერთი ესოდენ ძლიერი არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ ყოვლადძლიერი უფალი გვყავს, რომელსაც იმდენად დიდი სიყვარული აქვს, რომ თავისი სისხლით გვასაზრდოებს, ამიტომ ჩვენს მღელვარებას გამართლება არა აქვს. ზოგჯერ რაიმე სიძნელის გადაჭრას უფლის ხელს არ მივანდობთ, არამედ – ადამიანურად ვიქცევით. როცა რაიმეს ვთხოვთ უფალს, მაგრამ ჩვენი რწმენა მერყევია, ჩვენს სათხოვარზე მის პასუხს არ ველოდებით, გვსურს, ადამიანურად მივაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც ძნელია, მაშინ ეს ჰგავს იმას, როცა ჩვენ უფალ ღმერთს ვუწვდით თხოვნას, მაგრამ, როცა იგი ხელს იწვდის სამოქმედოდ, უკან მიგვაქვს ჩვენი თხოვნა. შემდეგ ჩვენ ისევ ვთხოვთ, მაგრამ ჩვენი რწმენა ისევ მერყევია, ისევ ვღელავთ და იმავეს ვიმეორებთ. ასე ჩვენი სატანჯველი გაიწელება ხოლმე. ანუ ჩვენ ისე ვიქცევით, როგორც ის ადამიანი, რომელსაც სათხოვარი შეაქვს სამინისტროში, მაგრამ მალე გადაიფიქრებს და უკან გამოაქვს იგი. შემდეგ ისევ გადაიფიქრებს და უკანვე აბარებს, გადის ცოტა დრო და ისევ უკან მიაქვს. მაშინ, როცა თხოვნა ადგილზე უნდა იდოს, რომ მისი რიგიც მოვიდეს.

 

ტკივილიანი ლოცვა

– წმიდაო მამაო, თქვენ როგორღა ლოცულობთ რაიმე საჭიროებისათვის?

– ყველაფრის საფუძველი ისაა, რომ უნდა გტკიოდეს. თუ არ გტკივა, შეიძლება, სკვნილს საათობით მარცვლავდე, მაგრამ ლოცვას შედეგი არ ექნება. თუ ადამიანს სტკივა ის, რისთვისაც ლოცულობს, მაშინ იგი ერთი ამოოხვრითაც კი აღასრულებს გულისმიერ ლოცვას. მრავალნი, როცა ადამიანები ლოცვას სთხოვენ, დროს არ დაგიდევენ და ამ ადამიანების გაჭირვებისათვის მხოლოდ ერთი ამოსუნთქვით ლოცულობენ. მე არ ვამბობ რომ ლოცვა საჭირო არაა, მაგრამ თუ ისე მოხდება, რომ დრო არ გაქვთ, სხვისი ტკივილის გამო ოხვრაც კი უკვე გულისმიერი ლოცვაა. ანუ – თავისი ძალით იგი საათობით ლოცვას უტოლდება. მაგალითად, კითხლობ წერილს, ხედავ ვინმეს გაჭირვებას, ამოიოხრებ და შემდეგ ლოცულობ. ო, ეს ხომ დიდებული საქმეა! ჯერ არ აგიღია ყურმილი, არ აგიკრეფია ნომერი, ღმერთი კი უკვე გისმენს! რამდენად კარგად ესმის ეს მას, ვის მიმართაც აღევლინება ასეთი ლოცვა! შეხედეთ ეშმაკეულებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, როგორ გრძნობენ, რომ მათთვის ვლოცულობ და ყვირიან!

ნამდვილი ლოცვა – ეს სიამოვნება, „ნირვანა“ კი არაა, იგი ტკვილიდან იწყება. რა ტკვილია ეს? ადამიანი იტანჯება ამ. სიტყვის კარგი გაგებით. მას სტკვია, იგი კვნესის, იტანჯება, რაზეც არ უნდა ლოცულობდეს. იცით, რას ნიშნავს „ტანჯვა“? დიახ, ის იტანჯება იმიტომ, რომ საერთო ადამიანურ ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის ტკივილში თანამონაწილეობს. ამ თანამონაწილეობისათვის, ამ ტკვილისათვის ღმერთი აჯილდოვებს მას საღვთო სიხარულით. რა თქმა უნდა, ადამიანი არ ითხოვს საღვთო სიხარულს, ის მოდის – როგორც შედეგი, რამდენადაც იგი სხვისი ტკივილის თანამონაწილეა.

– რით უნდა დავიწყოთ?

– როცა რამეს იგებს, მაგალითად იმას, რომ უბედური შემთხვევა მოხდა, ადამიანი ამოიოხრებს. ღმერთი კი იქვე აძლევს მას ნუგეშს ამ მცირეოდენი ამოოხვრისათვის. იგი ხედავს, როგორ სტკივა ვინმეს და მაშინვე თანაუგრძნობს მას, ნუგეშინისიცემა საღვთო ნუგეშით – უფლისგან, და ამ ტკვილის სიმწარე გაივლის. მაშინ მოყვასს შეეწევა მისი ლოცვა. ანდა, ის ფიქრობს: – „ღმერთმა ამდენი რამ მოგვცა, მე კი რა გავაკეთე მისთვის?“ ერთმა ადამიანმა მითხრა შემდეგი სიტყვები, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: – „როცა სრულდება საღვთო ევქარისტიის საიდუმლო, ანგელოზები იფარავენ სახეებს, ჩვენ კი ქრისტეს ხორცს ვეზიარებით. მე კი რა გავაკეთე ქრისტესთვის?“ ამგვარად, კარგი გაგებით, სული იტანჯება.

– წმიდაო მამაო, როგორ უნდა გაიგოს მლოცველმა, რომ მისი ლოცვა დაეხმარა მოყვასს?

– მლოცველი მიხვდება ამას იმ საღვთო ნუგეშის მეშვეობით, რასაც შეიგრძნობს საკუთარ თავში მის მიერ აღსრულებული გულისმიერი, ტკვილით აღსავსე ლოცვის შემდეგ. თუმცაღა, თავიდან სხვა ადამიანის ტკივილი საკუთარ ტკვილად უნდა ვაქციოთ, ამის შემდეგ კი აღვასრულოთ გულისმიერი ლოცვა. სიყვარული საღვთო თვისებაა, იგი აუწყებს მოყვასს. ასეა საავადყოფოებშიც – თუ ექიმები და მედდები მართლაც განიცდიან ავადმყოფების გამო, ეს ყველაზე ქმედითი წამალი აღმოჩნდება ხოლმე ყველა იმ წამალს შორის, სნეულს რომ აძლევენ. ავადმყოფები გრძნობენ თანაგრძნობას და საიმედოობას, უსაფრთხოებას, ნუგეშს. იმას, ვინც იტანჯება, არ სჭირდება ჩვენი მრავალსიტყვაობა, არც ჩვენი შეგონებები. მას ესმის, რომ შენ გტკივა მის გამო, და ეს ეხმარება მას. ტკივილი – ეს ყველაფერია. თუ ჩვენ გვტკივა სხვების გამო, საკუთარ თავს, საკუთარ საჭიროებებს ვივიწყებთ.

 

საღვთო ნუგეში

– წმიდაო მამაო, როცა მე სხვების გამო ვიტანჯები, შფოთი მიპყრობს და არ შემიძლია ლოცვა.

– ამ შფოთში ცხადდება, რომ შენში ცოცხალია ადამიანური საწყისი. მე რაც მეტ ტკვილის განვიცდი სხვების გამო, მით უფრო მეტს ვლოცულობ და სულიერად ვხარობ, ვინაიდან მე ყველაფერზე ქრისტეს ვესაუბრები, ის კი ყველაფერს აგვარებს. და ვხედავ, რაც უფრო გადის წლები, მით უფრო მაკლდება ხორციელი მხნეობა. მაგრამ სულიერი სიმხნევე მრავლდება, ვინაიდან სიყვარული, თავგანწირვა, ტკივილი მოყვასისათვის დიდ სულიერ ძალას მაძლევს. აი, შეხედე: გუშინ საღამოს, როცა ღამისთევის ლოცვას აღასრულებდით, არც ისე მხნედ ვიყავი. მაგრამ სხვისი ტკივილი ძალას მმატებდა. მთელი ღამე საღვთო ლიტურგიამდე ფეხზე ვიდექი და ხალხს ვღებულობდი [10], შემდეგ ტაძარში ისევ მომიწია დგომამ. მაგრამ ამისდა მიუხედავად, დაღლილობას არ ვგრძნობდი, ვინაიდან ადამიანების გამო მტკიოდა და ეს ტკვილი ძალას მაძლევდა. ასევე შენც – ილოცე და გიხაროდეს. ღმერთი ყველაფერს მოაგვარებს.

თუ ადამიანი ტკვილს სულიერად მიუდგება, მას მწუხარება აღარ ექნება. ავიღოთ თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან მოდიოდნენ. როგორ მტკიოდა მათ გამო! მე არ ვუსმენდი მათ „როგორღაც“, „სანახევროდ“, მე ვიტანჯებოდი, ვოხრავდი, მაგრამ ყოველი ამოოხვრით სიძნელეს უფალს მივანდობდი და იგი მანუგეშებდა იმ ტკვილში, რომელსაც მოყვასისათვის განვიცდიდი. ანუ – სხვის ტკივილთან სულიერ მიმართებაში საღვთო ნუგეში მოდიოდა, ვინაიდან თუ ტკივილში არის იმედი ღვთისა, მასში არის საღვთო ნუგეშიც. სხვაგვარად როგორ უნდა გაუძლო ამ ყოველივეს! ეს ნუგეში რომ არ ყოფილიყო, როგორ ვიცხოვრებდი ამ ყოველივეთი, რაც კი გამიგონია? მე მტკივა, მაგრამ ვფიქრობ საღვთო მიგებაზეც იმათთვის, ვისაც სტკივა. ჩვენ ღვთის ხელში ვართ. თუკი არსებობს საღვთო სიმართლე, საღვთო მიგება, მაშ, ამაოდ არაფერი ჩაივლის. რამდენადაც იტანჯება ადამიანი, მას იმდენად მიეგება. ღმერთი ხედავს დედამიწაზე ამდენ ტკვილს, იმასაც ხედავს, რისი მიღებაც ჩვენთვის მიუწვდომელია, და მიუხედავად ამისა, სასოწარკვეთილებაში არ ვარდება. – „შენ მეტად იტანჯები? მეტს მოგცემ სხვა ცხოვრებაში“, – ამბობს უფალი და ამით ხარობს. წინააღმდეგ შემთხვეაში, როგორ შეძლებდა, ასე ვთქვათ, ამდენი უსამართლობა, ამდენი ბოროტება აეტანა? თუმცაღა, მხედველობაში აქვს მიგება იმათ მიმართ, ვინც იტანჯება, მას, თუკი შეიძლება ასე გამოთქმა, შეუძლია, აიტანოს ეს დიდი ტკვილი. ჩვენ კი, ვინც ვერ ვხედავთ, თუ რა დიდებას მიიღებს ჩვენი მოყვასი და მის გამო ვიტანჯებით, ღმერთი საღვთო ნუგეშს მოგვანიჭებს.

– წმიდაო მამაო, არ აუძლურებს ადამიანს მოყვასისადი ასეთი თანაგრძნობა?

– არა. თუკი ყოველ პრობლემას სულიერად მივუდგებით, არ დავუძლურდებით, თავიდან, როგორც კი იგებს, რომ ვინმე იტანჯება, ადამიანი მწუხარებას განიცდის, მაგრამ შემდეგ მიგების სახით მოდის საღვთო ნუგეში და მისი არსება არ ინგრევა. ამქვეყნიური აშლილობების გამო მწუხარებას ავადმყოფობამდე მივყავართ: კუჭის სისხლისდენამდე და სხვა; მაგრამ მწუხარება სხვისი ტკვილის გამო საკუთარ თავში საღვთო ბალზამს შეიცავს და ორგანიზმს არ ვნებს.

 

უგრძნობელობის საფრთხე

– წმიდაო მამაო, ზოგჯერ ერისკაცები მთხოვენ, ვილოცო მათი პრობელემების გადაჭრისათვის. მე ვლოცულობ, მაგრამ ტკვილს ვერ ვგრძნობ.

– ამას შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს. პირველი სახიფათოა, მეორე კი – პრობლემისადმი სულიერი მიდგომაა. პირველი შემთხვევა – ესაა, როცა ბერ-მონაზონი ივიწყებს თავის ახლობლებს, მაგრამ არც სხვებზე ფიქრობს, ანუ ადამიანებისთვის არ ლოცულობს. მივდივართ მონასტერში და დროთა განმავლობაში მათ ვივიწყებთ. მაგრამ დანარჩენი ადამიანების დავიწყება ხომ უფრო ადვილია. დიახ, ჩვენ საწყისი დავუდეთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, მაგრამ არ დაგვიწყნია სულიერი თანამონაწილეობა სხვების ტკივილში. ჩვენ სულიერად არ ვვითარდებით იმისათვის, რომ შეგვეძლოს, შევიგრძნოთ მათი გასაჭირი და არსებობს საფრთხე, რომ ამის გამო უგრძნობელობაში ჩაავვარდეთ. თანდათანობით ბერ-მონაზონი გულგრილი ხდება და მისი გული ქვად იქცევა. მეორე შემთხვეაში მლოცველს სტკივა მთელი სამყაროს გამო, მაგრამ იგი ნუგეშსაც გრძნობს, ესმის, რომ მას, ვინც იტანჯება, უფლისგან მიეგება, მოწამე იქნება. ამ გულისთქმას მისთვის ღრმა რწმენა მოაქვს, იგი განიცდის შინაგან სიხარულს. ამ შემთხვევაში მისი გული არ ქვავდება, არამედ – ღვთაბერივი სიყვარულით აღივსება.

თუკი ბერ-მონაზვნები არ იქნებიან ყურადღებიანნი, მათი გული შეიძლება, სრულიად გაქვავდეს. ერის, კაცები ხედავენ თვიანთი ახლობლების უბედურებებს და მათ გამო განიცდიან. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და შეგვიძლია, იქამდეც მივიდეთ, რომ ყოველივეს მხოლოდ ჩვენთვის ვითხოვდეთ. თუკი ჩვენ ფაქიზი ღვაწლით არ ვართ დაკავებულნი, რომ სხვა ადამიანების უბედურება განვიცადოთ და მათთვის გულისმიერი ლოცვა აღვასრულოთ, მაშინ გულსასტიკნი გავხდებით. ჩვენ იქამდე დავალთ, რომ საკუთარი სარგებლისაკენ დავიწყებთ სწრაფვას, და ჩვენი გული განურჩევლობის გამო გაქვავდება. ეს სახარებას ეწინააღმდეგება. ბერ-მონაზონი თანაგრძნობას უნდა ავლენდეს, განიცდიდეს ტკვილს და ყველა ადამიანისათვის ლოცულობდეს. ეს არ მოაცდენს მას, არამედ, პირიქით, ლოცვით იგი თავის თავსაც შეეწევა და სხვებსაც.

– წმიდაო მამაო, მე მიუხედავად იმისა, რომ ვხედავ საკუთარ გულქვაობას, სხვებისთვის უფრო მეტს ვლოცულობ. შეიძლება უკეთესია სხვებისთვის კი არა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვილოცო?

– დიდი სიმდაბლის გამო? თუ სიმდაბლის გამოა, დიდი სიმდაბლით უთხარი უფალს: – „ღმერთო ჩემო, ისეთს, როგორიც მე ვარ, შენ არ უნდა მისმენდე. მაგრამ განა უსმართლობა არ იქნება, თუ ჩემს გამო სხვები დაიტანჯებიან? მე რომ სულიერ მდგომარეობაში ვყოფილიყავი, ლოცვის კადნიერება მექნებოდა, შენ მომისმენდი და დაეხმარებოდი მათ. სხვის ტანჯვაში ჩემი ბრალიც დევს. მაგრამ რა დააშავა ჩემმა მოყვასმა, რატომ უნდა იტანჯოს ჩემს გამო? გთხოვ, დაეხმარე მას“. ანუ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, სხვებთან მიმართებაში რა ადგილზე ვაყენებთ საკუთარ თავს. შენ გრძნობ შენს უღირსებას, მაგრამ აი, ხედავ ვინმეს ტანჯვას, შენ ღელავ, თანაუგრძნობ, ლოცულობ. მე, მაგალითად, ბრმას რომ ვხედავ, დანაშაულის გრძნობა მეუფლება, ვინაიდან მე რომ სულიერი მდგომარეობა მქონოდა, შევძლებდი მის განკურნებას. ღმერთმა მოგვცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავით წმიდანები, მის მსგავსად სასწაულები აღგვესრულებინა. ჩვენ კი, ვაღიარებთ საკუთარ დიდ ან მცირე სულიერ სნეულებას და სიმდაბლით ვითხოვთ ფიზიკურ ჯანმრთელობას ჩვენი მოყვასისათვის, ჩვენი თანამოძმისათვის, ვინაიდან დამნაშავენი ვართ მის სნეულებაში. ჩვენ რომ სულიერად ჯანმრთელნი ვყოფილიყავით, ის დიდი ხნის წინ განიკურნებოდა და აღარ დაიტანჯებოდა. თუ სწორი დამოკიდებულება გვაქვს სხვების მიმართ, თავს დამნაშავედ ვთვლით ყველაფერში, რაც სამყაროში ხდება, ჩვენ ვლოცულობთ: – „უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ“. და მთელი სამყარო ღებულობს შეწევნას. ხოლო, რაც შეეხება საკუთარ გულქვაობას – მის გამო ტკივილი უნდა ვიგრძნოთ და უფლის წყალობა ვეძიოთ. მაგრამ, ცხადია, თუ ადამიანმა სულიერ მდგომარეობას მიაღწია, საკუთარი თავისთვის იგი არაფერს ითხოვს.

მე ვხედავ, რომ ხშირად არასწორად გვესმის ეს სიტყვები: – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და ცრუ სიმდაბლის გამო არ ვამბობთ: – „შეგვიწყალე ჩვენ“, და არ ვლოცულობთ სხვებისათვის, არამედ მხოლოდ საკუთარ თავისთვის. ამიტომაც ერისკაცებსაც ზოგჯერ არასწორად ესმით ჩვენი – ბერ-მონაზვნების, და სწყინთ, ამბობენ, რომ ჩვენ ეგოისტები ვართ და მხოლოდ იმაზე ვზრუნავთ, რომ თავად ვცხონდეთ. – „შემიწყალე მე!“ – ეს იმიტომაა, რომ ამპარტავნებაში არ ჩავვარდეთ. მდაბალი ადამიანის ერთ ლოცვას, რომელსაც სწამს, რომ იგი სხვებზე უარესია, უფრო მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე ღამისთევის ლოცვას, რომელიც ამპარტავანი ფიქრით აღესრულება. ამპარტავნებით ლოცვისას ჩვენ საკუთარ თავს დავცინით.

 

საბრძოლო მზადყოფნის მდგომრეობა

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ მძიმე დროში ვცხოვრობთ და ის, რომ აუცილებელია ბევრი ლოცვა. გახსოვდეთ ის დიდი გაჭირვება, რასაც ახლა განიცდიან ადამიანები, გახსოვდეთ ის დიდი გულმოდგინება ლოცვისას, რომელსაც ითხოვს ჩვენგან უფალი. ილოცეთ ამ საერთო უგუნურებაზე, რომელიც მთელ სამყაროს მოიცავს, ილოცეთ იმაზე, რომ ქრისტემ შეიწყალოს თავისი ქმნილება, ვინაიდან იგი კატასტროფას უახლოვდება. დაე, საღვთოდ ჩაერიოს ამ გიჟურ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ვინაიდან სამყარო შეჰყავთ, სიმღვრიეში, სიგიჟეში, ჩიხში.

ღმერთმა მოგვიწოდა, ვილოცოთ სამყაროსათვის – სამყაროსათვის, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს! საბრალო ადამიანები! ისინი ხომ პირჯვრის გადაწერსაც კი ვერ ასწრებენ. თუკი ჩვენ ბერ-მონაზვნები, არ ვილოცებთ, მაშ, ვის დავუტოვოთ ეს საქმე? ომის დროს ჯარისკაცი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში იმყოფება: იგი უკვე ჩექმებშია, მხოლოდ ბრძანებას ელის. ამ მდგომარეთბაში, უნდა იყოს ბერ-მონაზონიც. ოჰ, ნეტავ მაკაბელი ვყოფილიყავი [11], წავიდოდი მთებში, რათა მუდმივად ადამიანებისათვის მელოცა.

ლოცვით უნდა შევეწეოდეთ მთელ მსოფლიოს, რათა ეშმაკმა ვერ შეძლოს, გააკეთოს ის, რაც მოეპრიანება. ეშმაკმა ახლა გარკვეული უფლებები მოიპოვა. უფალი მას განა ყველაფრის გაკეთების ნებას აძლევს, რაც მოუნდება?! არამედ უბრალოდ, მას არ სურს, ნების თავისუფლება დაარღვიოს. ამიტომ ჩვენ მსოფლიოს ლოცვით უნდა დავეხმაროთ. თუკი ვინმეს სტკივა იმის გამო, რაც ახლა მსოფლიოში მეფობს, თუკი ვინმე ლოცულობს ამისთვის, მაშინ ადამიანები ღებულობენ შემწეობას და ამასთან მათი თავისუფალი ნება დაურღვეველი რჩება. თუ ღვთის მადლით, თქვენ ჯერ კიდევ ცოტაოდენს წარემატებით, ლოცვასთან მიმართებაში განსაკუთრებული ზომების მიღებას შეძლებთ და ამ საქმეს ისე მივუდგებით, როგორც საჭიროა, თქვენ გახდებით რადარი, ამისკენ ხომ სწორედ შექმნილი ვითარება გვიბიძგებს. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ მლოცველთა ბრიგადას. თქვენ სკვნილით დაიწყებთ ბრძოლას. ლოცვა უნდა ტკვილით აღესრულებოდეს. იცით, რა ძალას იძენს მაშინ იგი?

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ვხედავ იმ ბერ-მონაზვნებს, რომლებიც ლოცვით, უფლისგან კი არ მოქმედებენ, არამედ – ადამიანურად. თანაც ყველაფერ იმასთან მიმართებაში, რისი მიღწევაც ადამიანურად ძნელია. ღმერთს ყველაფრის მოწესრიგება შეუძლია. თუ სწორი სულიერი ღვაწლი გვქნება, მონასტრების მხოლოდ ლოცვით აშენება, მათი აღჭურვა და მთელი მსოფლიოსთვის დახმარებაც კი შესაძლებელია. შრომაც კი არაა საჭირო: მხოლოდ ილოცე. ბერი უნდა ცდილობდეს, ამა თუ იმ სიძნელის გამო თავი არ იმტვრიოს – იმისგან დამოუკიდებლად, მას პირადად ეხება ეს, მის მოყვასს თუ საერთოდ – მსოფლიოს მდგომარეობას. მან ლოცვას უნდა მიმართოს და სამყაროში უფლის მიერ მრავალი საღვთო ძალა გაგზავნოს. ვინაიდან, ასე თუ ისე, ეს ხომ ბერის საქმეა და თუკი ეს ვერ გაიგო, მის ცხოვრებას არანაირი აზრი არა აქვს. ამიტომაც ბერ-მონაზონმა უნდა იცოდეს, რომ მისი ყოველი მღელვარება, რაც ყოველგვარი სიძნელის ადამიანური ძალებით გადაჭრისაკენ უბიძგებს, რაც მას ტანჯავს და თავს ატკივებს, მზაკვრისგან მომდინარეობს. თუკი ხედავთ, რომ გაწუხებთ საკითხები, რომელთა გადაჭრაც ადამიანურად შეუძლებელია, თუ მათ უფალს არ მიანდობთ, მაშინ იცოდეთ, რომ ეს – ბოროტის მზაკვრობაა, იმისათვის, რომ მიატოვოთ ლოცვა, რომლის მეშვეობითაც უფალს შეუძლია, გამოგიგზავნოთ არა მხოლოდ საღვთო ძალა, არამედ საღვთო ძალთა მთელი სიმრავლე და ეს შეწევნა არა მხოლოდ საღვთო შეწევნა იქნება, არამედ საღვთო სასწაულიც. იმ წუთიდან, როცა ჩვენ ვიწყებთ ღელვას, ვეწინააღმდეგებით უფლის ჩარევას. ჩვენ ვამჯობინებთ ლოგიკას და არა უფალს, არა ღვთის ნებას, რომლისთვის უპირატესობის მინიჭებითაც ღვთაებრივი შეწევნის უფლება გვექნებოდა. ეშმაკი, რომელიც ადვილად სტაცებს ბერს სიყვარულს, ცდილობს, იგი წუთისოფლის სიყვარულით შეინარჩუნოს, ქვეყნიური მსოფლმხედველობითა და მოყვასისადმი ქვეყნიური მსახურებით, მაშინ, როცა ბერ-მონაზონს შეუძლია, მოქმედებდეს თავის მონაზვნურ სივრცეში, მას შეუძლია, იმუშაოს თავისი პროფესიის მიხედვით, „მეკავშირის“ სპეციალობით, ვინადან ეს არის სწორედ ის მორჩილება, რომელიც დააკისრა მას უფალმა. სხვა დანარჩენი ყველაფერი, რასაც ჩვენ ადამიანური მცდელობით აღვასრულებთ, დაბალ მუხტს განეკუთვნება.

გარდა ამისა, ბერ-მონაზონისთვის უკეთესია დაეხმაროს სხვბს ლოცვით, და არა – სიტყვებით. თუკი მას არა აქვს ძალა შეაჩეროს ბოროტისმოქმედი, დაე, შორიდან მაინც დაეხმაროს მას ლოცვით, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შეიძლება, თავადაც დაზიანდეს. ერთი კეთილი, გულისმიერი ლოცვა უმეტეს ძალას ფლობს, ვიდრე ათასობით სიტყვა, როცა სიტყვები სხვებამდე ვერ აღწევს. ჩემზე ამბობენ, რომ იმ ადამიანებს ვეხმარები, რომლებიც ჩემთან მოდიან. მაგრამ ჩემს ჭეშმარიტ ძღვენად ქვეყნიერებისათვის ის საათნახევარი მიმაჩნია, როცა ფსალმუნს ვკითხულობ. სხვა დანარჩენს ვუცქერ, როგორც გართობას: მოვლენ საწყლები, თავის ტკივილს ამოთქვამენ, მიცემ რაიმე რჩევას. ამიტომაც მე არ ვთვლი დახმარებას ჩემს პირად ღირსებად, ადამიანებს ლოცვა ეხმარება! რომ შემეძლოს, ლოცვას მთელი დრო დავუთმო, მსოფლიოს უფრო მეტად დავეხმარებოდი. დავუშვათ, დღეში ვიღებ ორას ადამიანს – თავიანთი სატანჯველებით. მაგრამ განა სამყაროში მხოლოდ და მხოლოდ ორასი კაცი იტანჯება? თუ რომელიმე მათგანს არ შევხვდები და ამ დროში მთელი მსოფლიოსთვის ვილოცებ, მე მთელ სამყაროს დავუკავშირდები. ამიტომაც ვეუბნები ადამიანებს: – „მე მსურს უფალთან საუბარი თქვენზე და არა თქვენთან საუბარი უფალზე. ეს თქვენთვის უკეთესია. მაგრამ თქვენ ჩემი არ გესმით“. ამ ძნელ წლებში ნუ დავიზარებთ ლოცვას. ლოცვა – ეს უსაფრთხოებაა, ლოცვა – ღმერთთან კავშირია. გახსოვთ, რას წერს ამბა ისააკი? „ღმერთი გამოეძიებს ჩვენგან პასუხს არა იმისათვის, რომ ჩვენ არ აღვასრულებდით ლოცვას, არამედ იმისთვის, რომ არ გვქოდა კავშირი ქრისტესთან და ჩვენ მოგვატყუა ეშმაკმა“ [12].

 


1. მხედველობაში აქვს საბერძნეთში ჩატარებული არაქრისტიანული ტრადიცია – ყოველწლიური ყველიერის კარნავალი, რომელიც ხმაურიანი სანახაობითა და სახალხო სეირნობის თანხლებით ტარდება.

2. წმიდა მღვდელმოწამე მოციქულთასწორი კოზმა ეთოლიელი (+1779; მოწამეობრივი აღსასრულის ხსენება 24 აგვისტოს) XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. საკმაო ხანს მოღვაწეობდა ათონის წმიდა მთაზე. საღვთო მოწოდების შემდეგ იგი ერში გავიდა და თურქების მიერ დამონებულ საბერძნეთის ქალაქებსა და სოფლებში ქადაგებით დადიოდა. ასწავლიდა სახარებას, ხსნიდა სკოლებს, ეწინააღმდეგებოდა ბერძნების ისლამიზაციას. აღასრულა მრვალრიცხოვანი სასწაულები და დატოვა მრავალი წინასწარმეტყველება მთელი კაცობრიობის მომავლის შესახებ. სამართლიანად ითვლება ახალი დროის დიდებულ წინასწარმეტყველად. წმიდა კოზმას ქადაგებები და წინასწარმეტყველებები ძალიან გავრცელებულია და ხშირად იკითხება საბერძნეთში.

3. იხ. მთ: 24, 22, მკ. 13 20,

4. ადამიანთა ნათლობა არაქრისტიანული სახელებით საბერძნეთში მიღებულია. ტრადიციისამებრ ასეთი ადამიანები ანგელოზის დღეს ყოველთა წმიდანთა კვირას ზეიმობენ.

5. მთ. 7, 7.

6. იაკ. 5, 16.

7. ღირსი პაისი დიდის ცხოვრებაში აღწერილია შემდეგი შემთხვევა: ერთი დაუდევარი მორჩილი ურჩობის გამო რაღაც ცოდვაში ჩავარდა და მონანიება ვერ მოასწრო, ისე გარდაიცვალა. მისი მოძღვრის დაჟინებული ლოცვის შემდეგ ღმერთმა მას განუცხადა, რომ მორჩილის სული იქნებოდა ჯოჯოხეთში საშინელ სამსჯავრომდე, რომელშიც იგი მიიღებდა საბოლოო, მისთვის შესაბამის მიგებას. მაშინ ხუცესმა მიმართა ღირს პაისის და სთხოვა, ელოცა უფლის წინაშე – გარდაცვლილის ცხონებისათვის. ღირსი მამის მხურვალე ლოცვის შედეგად ქრისტემ მოუნანიებელი მორჩილის სული ჯოჯოხეთიდან იხსნა.

8. ლკ. 24, 29.

9. იხ. მთ. 21, 21.

10. ბერს მხედველობაში აქვს 1993 წლის 9-10 ნოემბრის ღამისთევის ლოცვა. იგი კიბოთი იტანჯებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფეხზე იდგა და მაგიდაზე დაყრდნობილი ლოცვა-კურთხევას აძლვდა დაახლოებით ოცდაათი ათას კაცს, რომლებიც იმ დღეს მივიდნენ მასთან.

11. მაკაბელი (ეს სიტყვა ნიშნავს „მტერთა შემმუსვრელს“) დიდხანს იყო იუდეველთა აჯანყების ბელადი – 166 წ. ქრისტეს შობამდე. იუდასა და შემდეგ მის შთამომავლებს. აჯანყება მიმართული იყო ანტიოქოს IV ეპიფანეს წინააღმდეგ, რომელიც სათავეში ედგა სელევკიდების დინასტიას. მაკაბელები იყვნენ თავგანწირული მებრძოლები მშობლიური სარწმუნოებისა და ისრაელის სახელმწიფოებრივი დამოუკდებლობისათვის (იხ. მაკაბელთა წიგნები).

12. „დადგება დღე, როდესაც ღმერთი განგვსჯის ფსალმუნებისთვის, არა ლოცვის აღუსრულებლობისთვის, არამედ იმის გამო, რომ მისი გამოტოვებით ეშმაკებს ჩვენში შემოსვლის საშუალებას ვაძლევდით“. ამბა ისააკ ასური. თხზულებები.