მამა პაისი მთაწმინდელი

თავის მართლება ჩვენგან საღმრთო მადლს განდევნის

თავის მართლება სულიერ წარმატებას აბრკოლებს

– წმიდაო მამაო, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ წმ. წერილში თავის მართლებას ვერსად შეხვდები?

– იმას, რომ თავის მართლება თავისთავად გაუმართლებელია.

– მე კი, წმიდაო მამაო, როდესაც თავს ვიმართლებ, თითქმის მაშინვე ვხვდები, რომ მონაზონს თავის მართლება არ შეშვენის.

– და განა უბრალოდ არ შეშვენის ეს, არამედ თავის მართლებას არაფერი აქვს საერთო სულიერ ცხოვრებასთან. აუცილებლია მიხვედრა იმისა, რომ თავის მართლებისას სიცრუის მდგომარეობაში ვიმყოფები. ამ დროს ღმერთთან კავშირს ვწყვეტ და საკუთარ თავს საღმრთო მადლს ვაკლებ, საღმრთო მადლი ხომ არ მივა იმ ადამიანთან, რომელიც სიცრუის მდგომარეობაში იმყოფება! იმ წუთიდან, როდესაც ადამიანი იმის გამართლებას იწყებს, რასაც გამართლება არა აქვს, საკუთარი თავის ღვთისაგან იზოლირებას ახდენს. სივრცეს ადამიანსა და ღმერთს შორის ავსებს საიზოლაციო მასალა – რაღაც სულიერი კაუჩუკის მსგავსი. განა ელექტრონი კაუჩუკში გაივლის? ვერა, ვერ გაივლის! ის ხომ დენგაუმტარია. ასევე ღვთის მადლისათვის არ არსებობს უფრო ძლიერი საიზოლაციო მასალა, ვიდრე – თავისმართლება. როდესაც თავს იმართლებ, თითქოს აშენებ კედელს, რომელიც ღმერთისაგან გამოგაცალკევებს და ამგვარად, ყოველგვარ კავშირს გაწყვეტინებს მასთან.

– წმიდაო მამაო, თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე: „იმას მაინც ეცადეთ, რომ გამსვლელ სულიერ ქულაზე დაბლა არ აღმოჩნდეთ.“ რა არის ეს გამსვლელი სულიერი ქულა?

– გამსვლელი სულიერი ქულა ეს არის საკუთარი შეცდომეაის სიმდაბლით შეცნობა, თავის მართლებაზე უარის თქმა მაშინ, როდესაც ადამიანს მიუთითებენ, თუ რაშია იგი დამნაშავე და ის აცნობიერებს თავის დანაშაულს. მაგრამ, თუ იგი თავს არ იმართლებს მაშინაც კი, როდესაც დამნაშავე არა არის – ეს უკვე ხუთიანია – პლუსით. ის, ვინც თავს იმართლებს, არა მარტო არ წარემატება, არამედ – შინაგან სიმშვიდესაც ვერ პოულობს. ღმერთი არ დაგვსჯის ჩვენს მიერ ჩადენილი რაიმე შეცდომისათვის, მაგრამ არც ჩვენ უნდა ვიმართლოთ თავი ამ შეცდომის გამო და ის ბუნებრივად არ უნდა მივიჩნიოთ.

– მაგრამ თუ დაუდევრობისათვის მაძლევენ შენიშვნას და მე ვერ ვხვდები, რამდენად დამნაშავე ვარ? უკეთესია, ვიკითხო ამის შესახებ, რომ აღარ გავიმეორო, თუ ყველა შემთხვევაში გაჩუმება სჯობს?

– თუ ხუთი პროცენტით ხარ დამნაშავე, თავი ოცდახუთი პროცენტით დაიდანაშაულე, განა ხეირში არ იქნები? ზედმეტად დასდე ბრალი საკუთარ თავს, რომ დიდი თავის მტვრევა აღარ დაგჭირდეს. სწორედ ესაა ის სულიერი ღვაწლი, რომელსაც წესით უნდა აღასრულებდე: საკუთარი ცოდვების ძებნა და საკუთარი თავისათვის დანაშაულის ადგილზე წასწრება. სხვაგვარად შენ საკუთარ „მესთან“ განშორება გაშინებს, ამართლებ მას, მაგრამ სულიერი სიმშვიდე არა გაქვს.

– წმიდაო მამაო, მიიღებს ჯილდოს ის ადამიანი, რომელიც ჩვეულების გამო იმართლებს თავს, მაგრამ შემდეგ აცნობიერებს თავის დანაშაულს და თავს იმტყუნებს?

– ყოველ შემთხვევაში ასეთ ადამიანს გამოცდილება უგროვდება. თუკი იგი ამ გამოცდილებას ისე გამოიყენებს, როგორც საჭიროა, ჯილდოს მიიღებს. ხოლო თუ ღმერთი იტყვის: „რადგანაც მან თავისი დანაშაული შეიგნო და შეინანა, მას რაიმე უნდა მიეცეს“. მაშინ ეს ადამიანი მიიღებს რაიმე სახის „სუბსიდიას,“ მაგრამ ამჯერად უკვე სულ სხვა – სინანულის ფონდიდან.

 

ადამიანის მხრიდან თავისმართლების მიზეზი მისი ეგოიზმია

– წმიდაო მამაო, თუ სხვათა საქციელის ვერ ვამართლებ, ეს იმას ნიშნავს, რომ სასტიკი გული მაქვს?

– სხვებს ვერ ამართლებ, მაგრამ საკუთარი თავის გამართლებას ხომ ახერხებ?! მაშ ძალიან მალე ქრისტეც ვეღარ გაგამართლებს. თუ ადამიანი ბოროტად იქცევა, მისი გული შეიძლება, წამიერად გაქვავდეს. მაგრამ თუ იგი სიყვარულით მოქმედებს, შესაძლოა, მისი გული წამიერად გახდეს ფაქიზი. მოიპოვე დედობრივი გული, როგორ იქცევა დედა: ის ყველაფერს პატიობს შვილებს, ზოგჯერ კი ისეთ სახეს იღებს, თითქოს ვერ ამჩნევდეს მათ ცელქობას.

ის, ვინც სწორ სულიერ სამუშაოს ასრულებს საკუთარ თავთან მიმართებაში, დანაშაულის შემამსუბუქებელ მდგომარეობას ყველასთვის პოულობს, ყველას ამართლებს, მაშინ, როდესაც საკუთარი თავს მაშინაც კი ვერ ამართლებს, როდესაც მართლია. ის ყოველთვის საკუთარ თავს უწოდებს დამნაშავეს, რამდენადაც თვლის, რომ ვერ იყენებს იმ ხელსაყრელ შემთხვევებს, რომელიც მას ეძლევა. მაგალითად, როდესაც ასეთი ადამიანი ხედავს ,რომ ვიღაც ქურდობს, იგი ფიქრობს, რომ თუკი თავად ასცდებოდა გზას, უარესად იქურდებდა: „ღმერთი დამეხმარა, მე კი მისი საჩუქარი საკუთარ თავს მივაწერე, ეს ქურდობა იმაზე უარესია ,რომელიც ჩემმა მოყვასმა ჩაიდინა, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მისი ქურდობა შესამჩნევია, ჩემი კი – დაფარული.“ ამგვარად ადამიანი მკაცრად განსჯის საკუთარ თავს, სხვათა მიმართ კი შემწყნარებელია. ანდა, როდესაც მოყვასში რაიმე დიდ ან მცირე ნაკლს შეამჩნევს, ასეთი ადამიანი კეთილ ზრახვებს აამუშავებს და ამართლებს მას. ფიქრობს, რომ თავადაც ბევრი ნაკლი აქვს, რომელსაც სხვები ამჩნევენ. თუ შევეცდებით, საკუთარ თავში უამრავ ასეთ ნაკლს ვიპოვით და მაშინ მოყვასის გამართლება ძალიან ადვილი საქმე იქნება. „ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ,“ უფალო [1].

– წმიდაო მამაო, ხდება, რომ დახმარებას მთხოვენ, მე ხალისით ვასრულებ, მაგრამ თუ სიჩქარეში რაღაცას გავაფუჭებ, შენიშვნას მაძლევენ ხოლმე, მე კი თავის მართლებას ვცდილობ.

– თუ კეთილი საქმის აღსრულების სურვილით, ცოტას დააშავებ, საჭიროა, რომ შენიშვნა სიმდაბლით მიიღო, რათა შესაბამისი ჯილდო მოგეცეს. ეშმაკი ძალიან ცბიერია, თავისი ხელობა მან უნაკლოდ იცის. ასე რომ, განა იგი თავის უსაზღვრო გამოცდილებს არ მოიხმარს?! სწორედ ის გიბიძგებს თავის მართლებისაკენ, რომ აღსრულებული კეთილი საქმისაგან სარგებელი არ მიიღო. თუკი ხედავ, რომ ადამიანი ოფლად იღვრება, მხარზე შემოდებულ უმძიმეს ტვირთს მიათრევს და სურვილი გაგიჩნდება, რომ ეს ტვირთი მისთვის შრომის შესამსუბუქებლად საკცუთარ მხრებზე იტვირთო, რა თქმა უნდა, ძალიან ბუნებრივი იქნება. როდესაც ხედავ, როგორ უმძიმს მისი ტარება, ღვთისმოსაური სურვილით აღძრული დასახმარებლად მიისწრაფი, მაგრამ სხვაზე მოწევნული უსამართლო წყენის საკუთარ თავზე აღებას გაცილებით დიდი ფასი აქვს. თუ შენიშვნას მოგვცემენ და მაშინვე თავის მართლებას დავიწყებთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენში სრულიად ცოცხალია ერული სიბრძნე.

– წმიდაო მამაო, ასე რომ, რაშია თავის მართლების მიზეზი?

– ეგოიზმში. თავის მართლება ეს დაცემაა, ის ღვთის მადლს განდევნის. ადამიანმა არა მხოლოდ თავი არ უნდა იმართლოს, არამედ, უნდა შეიყვაროს კიდეც ის უსამართლობა, რომელიც მის მიმართ აღესრულება. განა სწორედ თავის მართლებამ არ გამოგვდევნა სამოთხიდან?! განა ადამის დაცემა მისით არ იყო გამოწვეული?! როდესაც ღმერთმა ჰკითხა ადამს: – „ხომ არჭამე იმ ხიდან, რომლის ნაყოფის ჭამაც აგიკრძალე?“ – ადამმა ის კი არ უპასუხა: – „დიახ, ღმერთო ჩემო, შევცოდე!“ – არამედ, თავის მართლება დაიწყო: – „ქალმა, რომელიც შენ მომეცი, მომცა ხის ნაყოფი და ვჭამე“. ეს იგივეა, თითქოს მას ღმერთისთვის ეთქვას: – „ეს შენ ხარ დამნაშავე, იმიტომ, რომ ის შენ შექმენი“. მაგრამ განა ადამი მოვალე იყო ამ საკითხში ევასათვის ესმინა?! ღმერთმა იგივე კითხვა ევასაც მისცა; მაგრამ მან თავის მართლება დაიწყო: – „გველმა მაცდუნა მე“. ადამს რომ ეთქვა: – „ვცოდე, შევცდი, ღმერთო ჩემო! ევასაც რომ ეღიარებინა თავისი შეცდომა, ყველაფერი ისევ კვლავ თავის ადგილას დადგებოდა. მაგრამ არა: ორივე მათგანმა თავის მართლება დაიწყო.

– წმიდაო მამაო, მაგრამ, თუკი ადამიანი ვერ ხვდება, რამდენად დიდი ბოროტებაა თავის მართლება, ვინ არის აქ დამნაშავე?

– ვინ არის დამნაშავე?! რა თქმა უნდა, თვითონ. დაუსრულებელი თავის მართლებით და იმის რწმენით, თითქოსდა სხვებს არ ესმით, რომ ირგვლივ ყველა უსამართლოა, ხოლო თვითონ –უდანაშაულო ტანჯული და საცოდავი მსხვერპლი, – ადამიანი უცვლელი ხდება და საკუთარ თავს ვეღარ ფლობს. მარტო ეს იფიქრე: როდესაც ზოგჯერ უსამართლობას ჩაიდენს და სხვის წინაშე შესცოდავს, ასეთი ადამიანი ამბობს: „მე, რა თქმა უნდა, ამ უსამართლობას მოვითმენდი, მაგრამ არ მინდა, სხვები ცოდვაში ჩავაგდო!“ ანუ ის ცდილობს, თავი გაიმართლოს, თითქოსდა სიყვარულის კარნახით იქცევა ასე, რათა ის ადამიანი, ვინც ვითომ მას აწყენინა, გონს მოვიდეს და ცოდვაში არ ჩავარდეს! ანდა, დაუსრულებელ თავის მართლებას მოჰყვება, რომ იმან ვინც მას აწყენინა, შემთხვევით მისი საქციელი უკუღმა არ გაიგოს და ამით ცოდვაში არ ჩავარდეს. ხედავთ, რა ფაქიზად მუშაობს ეშმაკი?!

 

ვინც თავს იმართლებს, სულიერად შეუწევნელი იქნება

შევნიშნე, რომ დღეს ყველა – დიდი და მცირე – რაღაც სატანური აზრების მეშვეობით ყველაფერს ამართლებს. ეშმაკი მათთვის ყველაფერს თავის ტონზე აწყობს და ამგვარად ეს ადამიანები რეალობას სწყდებიან. სატანისეული განმარტება – აი, რა არის თავის მართლება.

– წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ზოგიერთ ადამიანს ნებისმიერ, მისთვის ნათქვამ სიტყვასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო აზრი უჩნდება?

– ეჰ, ისეთ ადამიანთან საუბარი, რომელსაც თავის მართლება ჩვევად აქვს გადაქცეული, საშინელი საქმეა! ეს იგივეა, რომ ეშმაკეულს ელაპარაკო. ღმერთმა შემინდოს, მაგრამ მათ, ვინცთავს იმართლებენ, თვით ეშმაკი ჰყავთ „მოძღვრდ.“ ესენი საშინლად გატანჯული ადამიანები არიან, საკუთარ თავში სიმშვიდეს ვერ ამკვიდრებენ. მათ თავის მართლება მეცნიერებად აქციეს. ანუ, იმ ქურდის მსგავსად, რომელიც მთელ ღამეს თვალს არ ხუჭავს და რაღაცის მოპარვის საშუალებებს ეძებს, ასეთი ადამიანები გამუდმებით საკუთარი ცოდვების გასამართლებელ საშუალებებს ეძებენ. სხვა ადამიანი თუ იმაზე ფიქრობს, როგორ დაიმდაბლოს თავი, ან რომელი კეთილი საქმე აკეთოს, ისინი პირიქით, საწინააღმდეგოს მოიფიქრებენ ხოლმე – რაიმე საშუალებას იმის გასამართლებლად, რასაც გამართლება არა აქვს. ისინი ნამდვილი ადვოკატები ხდებიან! მათი გადარწმუნება ისევე შეუძლებელია, როგორც – ეშმაკის. იცით, როგორ გამაწამა ერთმა ასეთმა ადამიანმა! – „ის, რასაც შენ აკეთებ არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, – ვარწმუნებდი მას – არის საგნები, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება, შენ მთლად წახვედი ხელიდან, შენ უნდა იქცეოდე ასე და ასე!“ მაგრამ ის ყოველთვის პოულობდა თავის გასამართლებელს და ყოველ ჩემს სიტყვაზე – პასუხს. საუბრის ბოლოს კი გამომიცხადა: – „ასე რომ, შენ ვერ მიპასუხე, როგორ უნდა მოვიქცე!“ – „ჩემო ოქრო, – შევაწყვეტინე მაშინ, – აბა, ამდენ ხანს რას ვარჩევდით?! ჩვენ ხომ შენს შეცდომებზე ვლაპარაკობთ; იმაზე, რომ იქ არ მიხვედი, სადაც საჭირო იყო, მაგრამ შენ ხომ გაუჩერებლად თავს იმართლებ?! მთელი სამი საათის განმავლობაში, რაც ჩვენ ვსაუბრობთ, ქანცი გამაცალე! გამაგიჟე! განა არ გითხარი, რა გჭირდება?!“ აი, ასეა, ადამიანს შესაბამის მაგალითებს მოუტან, უხსნი, რომ ისეთი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, როგორიც მას აქვს, სატანური ეგოიზმია; აფრთხილებ, რომ ის ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება და თუკი არ შეიცვლება, დაღუპვა ელის და ყოველივე ამის შემდეგ იგი ისევ აცხადებს, რომ შენ მას მაინც ვერ უთხარი ის, თუ რა უნდა გააკეთოს. არა, მართლა! განა აქ წონასწორობას არ დაკარგავ?! თუკი ადამიანს არაფერი ადარდებს, ასეთ შემთხვევაში ის არც კი აღელდება. რაც უნდა მოხდეს, მისთვის ყველაფერი ცხოვრებისეული წვრილმანია. მაგრამ თუ განურჩეველი არა ხარ, ასეთ დროს უბრალოდ აფეთქდები. არა, მაინც ბედნიერები არიან ის ადამიანები, ვისაც ყოველივე ამასთან არაფერი ესაქმებათ!

– თუმცა წმიდაო მამაო, თქვენ ხომ არანაირი გარემოების მიმართ არ გსურთ გულგრილი დარჩეთ?!

– ჩემო ძმაო, გულგრილი ტყუილუბრალოდ ხომ მაინც არ იხარჯება! იმ ადამიანისათვის ნამდვილად ღირს ტანჯვა, ვისაც სტკივა! აქ კი, რა?! – მისთვის იქანცები, ამდენ რამეს ეუბნები, ბოლოს კი გამოგიცხადებს: „არ მეუბნები, რა უნდა გავაკეთო!“და იმას ამართლებს, რისი გამართლებაც შეუძლებელია. ამგვარად იგი ადამიანისაგან დემონად გადაიქცევა! რა საშინელებაა! ის რომ იმაზე მაინც ფიქრობდეს, რა შრომა გასწიე მის დასახმარებლად, ცოტა მაინც შეიცველბოდა, იმაზე უკვე აღარაფერს ვამბობ, რა განიცადე, როგორ შეგტკივა მასზე გული! მაგრამ რა?! ის ხედავს, როგორ განიცდი, ხედავს, როგორ გიჟდები, იტანჯები და ყოველივე ამაზე თვალს ხუჭავს!

– წმიდაო მამაო, თუკი იმ ადამიანს, რომელიც თავის უწესო გამოხდომას ამართლებს, უხსნი, რომ ეს თავის მართლებაა; ის კი გიმტკიცებს, რომ ეს თავისმართლება არ არის და ამასთან თავის მართლებას განაგრძობს; განა მას გამოსწორების შანსი აქვს?!

– მას რა გამოასწორებს?! ესმის, რომ შეცდომა დაუშვა, იმიტომ, რომ იტანჯება. მაგრამ ეგოიზმის გამო ამის აღიარებაარ სურს. ეს ძალიან საშიშია!

– მაგრამ ამავე დროს ის ამბობს: „შენ მე დახმარებაზე უარს მეუბნები, მე დახმარებას გთხოვ და შენ ისიც კი არ გსურს, რომ შენთან სასაუბროდ მოვიდე. შენ მძულვარებით მექცევი“.

– მერე რა?! ასეთი მდგომარეობის სათავეც ეგოიზმია. სწორედამით ის თითქოს გეუბნება: „ეს მე კი არა, შენ ხარ დამნაშავე, რომ მე ასე ცუდად მაქვს საქმე“! დიახ, დიახ, ასეთი ადამიანი აქამდე დადის. თავი დაანებე: მისთვის დროს ნუ გაფლანგავ, იმიტომ, რომ მაინც ვერ უშველი, ასეთ ადამიანზე პასუხისმგებლობას მისი მოძღვარიც ვერ აიღებს. ხოლო თუ მონასტერში ცხოვრობს, ვერც – იღუმენი ან იღუმენია. ეს ადამიანური კი არა, – სატანური ეგოიზმია. ადამიანური ეგოიზმით ის იტანჯება, ვინც იქამდე ვერ დამდაბლდა, რომ თქვას: „შემინდე!“ მაგრამ თავის მართლებას არ მოჰყვება. მაგრამ ის, ვინც სცოდავს და თავს იმართლებს, თავის გულს ეშმაკის ნავსაყუდელად აქცევს .თუკი ასეთი ადამიანი საკუთარ „მეს“ არ შემუსრავს, მაშინ უფრო და უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს და მას საკუთარი ეგოიზმი შემუსრავს. თუკი ადამიანი ვერ ხედავს, თუ რა დიდი ბოროტებაა თავის მართლება, ეს მის მდგომარეობას ამსუბუქებს, მაგრამ თუ მან ამის შესახებ შეიტყო, ან თვითონ ან – სხვების ნათქვამით, შემამსუბუქებელი მდგომარეობა მას აღარ ექნება. როდესაც იმ ადამიანის დახმარება გსურს, რომელსაც თავის მართლება ჩვეულებად აქვს ქცეული, დიდი ყურადღებაა საჭირო. იმიტომ, რომ თუ ის თავს იმართლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში მრავლადაა ეგოიზმი, ამიტომ ზოგჯერ ასეთი რამ ხდება: „შენ ეუბნები, რომ იგი არასწორად მოიქცა, ის კი თავს იმართლებს და თავის „უმწიკვლობას“ იცავს. ამტკიცებს, რომ პირიქით – სწორედ შენ ცდები. სიცრუეზე სიცრუეს ამატებს და თავის მართლებაზე – თავის მართლებას; ამ შემთხვევაში კი სწორედ შენ, ვინც მას არასწორ საქციელზე მიანიშნებდი, ხდები იმის მიზეზი, რომ ეს ადამიანი უფრო მეტ ეგოისტად და მატყუარად წარმოჩინდება, ვიდრე – მანამდე. როდესაც დაინახავ, რომ იგი თავის მართლებას განაგრძობს, მისთვის ყოველგვარი განმარტების მიცემა შეწყვიტე, მაგრამ ილოცე, რომ ღმერთმა განანათლოს იგი.

 

თუ თავს არ იმართლებ, ღმერთი გაგამართლებს

– წმიდაო მამაო, ხშირად, როდესაც შენიშვნას მაძლევენ, ვფიქრობ, რომ ახსნა-განმარტება აუცილებელია და ვიწყებ: „დიახ,ეს ასეა, თუმცა არ ვიცი, თქვენ ხომ არ იფიქრეთ, რომ...“

– და რაში გჭირდება, ეს „თუმცა“ და „ხომ არ“. სწორედ ეს რყვნის ყოველივეს; თუ შენიშვნას გაძლევენ, უპასუხე: „მაპატიე, შენი ლოცვით მომავალში უფრო ფრთხილად ვიქნები“.

– წმიდაო მამაო, მაგრამ თუკი ვინმეს ჩემი საქციელიდან არასწორი დასკვნა გამოაქვს, უნდა ავუხსნა, რა მაიძულებს მოვიქცე სწორედ ასე და არა სხვაგვარად?

– თუ ამისათვის სულიერი ძალა, ანუ სიმდაბლე გაქვს, თავი დამნაშავედ სცანი და ნურაფერს აუხსნი, საკუთარი გამართლებაა ღმერთს მიანდე, შენ თუ არაფეს იტყვი, მომავალში ღმერთი იტყვის შენს მაგიერ; გაიხსენე, როდესაც ძმებმა მონად გაყიდეს, იოსებს [3] ვაჭრებისათვის არ უთქვამს: „მე მათი ძმა ვარ და არა – მონა, მამაჩემს ყველა სხვა შვილზე მეტად მე ვუყვარდი“. დიახ, სიტყვაც არ წარმოუთქვამს, სანაცვლოდ ღმერთმა მერე თქვა სიტყვა მის მაგიერ და მეფედ აქცია იგი. როგორ გგონია, ღმერთი არ განუცხადებს ადამიანებს საქმის ნამდვილ ვითარებას?! თუკი ღმერთი შენს სასიკეთოდ გამოუცხადებს ადამიანებს სიმართლეს, ეს კარგია. მაგრამ თუკი არ გამოუცხადებს, ესეც შენს სასიკეთოდ იქნება. როდესაც ვინმე უსამართლოდ გექცევა, იმაზე იფიქრე, რომ ის ამას ბოროტებით კი არ აკეთებს, არამედ იმის გამო, რომ ყველაფერი ამ მხრიდან დაინახა. თუ ამ ადამიანში ბოროტება არ არის, დრო გავა და ღმერთი მას საქმის ნამდვილ ვითარებას გამოუცხადებს. და მაშინ ეს ადამიანი მიხვდება, რომ შენდამი უსამართლობა გამოავლინა და შეინანებს. ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გამოუცხადებს ადამიანს სიმართლეს, თუ მასში ბოროტებაა; იმიტომ, რომ ღმერთის რადიოსადგური მხოლოდ სიმდაბლისა და სიყვარულის სიხშირეზე მუშაობს.

– წმიდაო მამაო, შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს თქვენ ორს შორის მომხდარ გაუგებრობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვო?

– შენ რა, იმ ადამიანზე აზრი გაგიფუჭდა?

– არა.

– თუ მასზე აზრი არ შეგცვლია, აუცილებელი არ არის მისი ახსნა-განმარტება მოისმინო, მაგრამ თუ რაიმე გაეჭვებს, ცუდი არ იქნება, გარკვეული განმარტება მოითხოვო, რომ კიდევ უფრო მეტად არ შეგეცვალოს დამოკიდებულება.

– მაგრამ, წმიდაო მამაო, თუკი განმარტების მიცემა თავის მართლების მიზნით კი არ გსურს, არამედ უბრალოდ უამბობ შენი დამოკოდებულების შესახებ რაიმე საკითხთან დაკავშირებით და გსურს გააგებინო, რამ გიბიძგა, რომ ასე მოქცეულიყავი?!

– არც ეს ჭირდება ვიმეს. ჯობს თქვა „შემინდე...“ და ყოველგვარი ახსნა-განმარტებისაგან თავი შეიკავო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახსნა-განმარტებას ითხოვენ შენგან. ასეთ დრო სსიმდაბლით უამბე, თუ რა როგორ მოხდა.

– ანუ, წმიდაო მამაო, რა შემთხვევაშია ახსნა-განმარტება აუცილებელი?

– აუცილებელია მაშინ, როდესაც საუბარი ეხება რაიმე გაუგებრობას, რომელიც სხვა ადამიანებს ეხება. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მოვალეა განმარტოს ვითარება, რომ საქმე გამოსწორდეს. ხდება ისიც, რომ ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა, ეგოიზმიც საკმაოდ აწუხებს და ამის გარეშე შესაძლოა, ტრავმირებული დარჩეს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, თუ ის განმარტავს, რამ უბიძგა ამა თუ იმ ქმედებისაკენ.

– წმიდაო მამაო, ზოგჯერ ჩვენ ახსნა-განმარტებასა და თავის მართლებას ერთმანეთისაგან ვერ ვანსხვავებთ.

– თავის მართლება სულს ვერ ამშვიდებს, მაშინ, როდესაც ახსნა-განმარტებას სიმშვიდე და მყუდროება მოაქვს.

 

ვინც მართებულად გამოიძიებს საკუთარ თავს, ის თავს არ გაიმართლებს

– წმიდაო მამაო, რატომ ხდება, რომ მაშინაც კი, როდესაც საკუთარ სულიერ სისუსტეს ვგრძნობ, მაინც თავის მართლებას ვცდილობ?

– სწორედ იმიტომ იმართლებ თავს, რომ შენი სულიერ ისისუსტე კარგად ვერ გიგრძვნია. რომ გეგრძნო, თავს აღარ გაიმართლებდი. ჩვენ, საკუთარი თავის მოყვარულ ხალხს ხომ სირთულეები არ გვიყვარს. ხშირად გვინდა ხოლმე ისე გავმდიდრდეთ, რომ თითი თითზე არ დავაკაროთ. ის მაინც უნდა გავაცნობიეროთ, რომ საგნებთან ამგვარი დამოკიდებულებით ჩვენ ორივე ფეხით ვკოჭლობთ. ამის შეცნობამ კი უნდა დაგვამდაბლოს. მაგრამ სად იპოვი?! ჩვენ ხომ არც ღვწლი და არც საკუთარი უძლურების შეცნობის ნატამალი არ გაგვაჩნია.

– შეიძლება, თავს იმართლებდეს ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის შეცნობას, გამოძიებას ცდილობს?

– ვინც სწორად შეიმეცნებს საკუთარ თავს, ის თავს ვერ გაიმართლებს. აბა, შეხედე, ხდება, რომ ზოგიერთი ჭკვიანი ადამიანი ბოლოს და ბოლოს საშინელ სისულელეს ჩაიდენს, ეს იმის გამო ხდება, რომ მას უფრო მოხერხებულად მოწყობის სურვილი უჩნდება. „როგორ მოვეწყო უფრო მოხერხებულად, როგორ მოვიქცე, რომ უკეთესად ვიგრძნო თავი?! – ფიქრობს იგი.

– წმიდაო მამაო, ვინც თავს იმართლებს, ის სულიერ ცხოვრებაში საკუთარ დაცემებს ვერ ამჩნევს?

– ეშმაკი ასეთ ადამიანს ატყუებს ყოველგვარ საქმეში, რასაც უნდა აკეთებდეს იგი; და ეს ადამიანი ყოველგვარ საკუთარ მოქმედებას გამართლებას უძებნის. ის ამართლებს თავის თვითნებობას, სიჯიუტეს, ეგოიზმს, სიცრუეს.

– მაგრამ თუკი ასეთი ადამიანი როგორც სარკეში ისე შეაფასებს საკუთარ თავს წმიდა მამათა თხზულებებისა და განსაკუთრებით წმიდა წერილის მიხედვით, განა ეს მას არ უშველის?

– იმ ადამიანს, ვინც სწორად აზროვნებს, წმიდა მამათა წიგნები და წმიდა წერილი ყოველგვარ პრობლემას გადაუჭრის. მას გარკვევით და აშკარად ესმის წაკითხულის აზრი. მაგრამ თუკი ადამიანი სულიერ ღვაწლს შედგომილი არ არის და მისი სული არ განწმენდილა, მაშინ მას წმიდა წერილიც ვერ უშველის, რადგანაც წაკითხული უკუღმა ესმის. მისთვის უმჯობესია, თუ საკუთარ ზრახვებს მოძღვარს ეტყვის და წაკითხულის განმარტებას თავად არ შეეცდება. მაგალითად, როდესაც ძველ აღთქმას კითხულობს, ასეთმა ადამიანმა შესაძლოა, ბევრი რამ მზაკვრული სულით განმარტოს და (სულიერი) ინფექციით დაავადდეს. შევნიშნე, რომ ზოგიერთი სულიერ წიგნებში წაკითხულს ისე განმარტავს, როგორც თვითონ აწყობს. მიზეზი ის კი არ არის, რომ მათ წარმოსახვა არ ყოფნით, ანდა – წაკითხულის აზრს სწორად ვერ იგებენ, არა... ასე იმიტომ განმარტავენ, რომ თავი იმართლონ. საშინელი საქმეა! ამასთან, ისიც შევნიშნე, რომ ეს ხალხი ხშირად ვერც იმ სულიერ დარიგებებსა და რჩევებს იღებს სწორად, რასაც სულიერი ადამიანები აძლევენ. მაგალითად: მსურს, რომ მათი ყურადღება რაღაცას მივაპყრო, ამისათვის რაიმე შემთხვევას ვუამბობ და კონკრეტულ საკითხს ვუსვამ ხაზს. მაგრამ ისინი სიტყვას მაწყვეტინებენ და ცდილობენ, მასში აღმოაჩინონ რაღაც „სხვა“, რითაც რომელიმე საკუთარ ქმედებასა თუ შეცდომას გაამართლებენ. ანუ ყოველივე ამას საკუთარი ვნებების გასამართლებლად აკეთებენ. როდესაც ვუამბობ ვინმეს შესახებ, ვინც საკუთარი უყურადღებობის გამო უკიდურეს დაცემამდე მივიდა, ისინი მოისმენენ ამ ისტორიას, არც კი დაუფიქრდებიან მას და იტყვიან: „თუკი ასეთ საშინელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არსებობენ, აბა, ჩვენ ქების მეტს რას ვიმსახურებთ!“ ასე იმართლებენ თავს ისინი. თავის გასამართლებელს ეშმაკი ყოველთვის მოძებნის.

 

თავის მართლებას სულისთვის სიმშვიდე არ მოაქვს

ვინც თავს იმართლებს, მისი სული სიმშვიდეს ვერ პოვებს. ასეთი ადამიანი უნუგეშოა. თვითონ კი იმართლებს თავის „მეს“, მაგრამ ეს „მე“ გაამართლებს მას?! მისი „მე“, ანუ – მისი სინდისი გამართლებას ვერ პოულობს და ამიტომ სულს მოსვენება ეკარგება. სწორედ ეს ადასტურებს, რომ ის დამნაშავეა .რა ბრძნულად არის ყოველივე ღვთის მიერ მოწყობილი! მან ადამიანს სინდისი მიანიჭა; საშინელი საქმეა! ეშმაკობით, სიცრუითა და სისასტიკით ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მას სულიერი სიმშვიდე მოაკლდება. ხოლო, თუ ადამიანს სინდისი მართავს, ის სხვათა დაუხმარებლადაც მიხვდება, რომ გზას ასცდა. უსამართლობის სულგრძელად მოთმენა – ეს იგივეა, რომ სიხარულის მომნიჭებელისულიერი სიმდიდრე შეიძინო. ხოლო თავის მართლებისას კაცი თითქოსდა მის მიერ შეგროვილ სულიერ საგანძურს ფლანგავს და არც სიხარულს გრძნობს.

იმის თქმა მინდა, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანს ის სულიერ ისიმშვიდე არ აქვს, რომელსაც მაშინ მოიპოვებდა, თავს რომ არ იმართლებდეს. და რაღა ითქმის იმაზე, ვინც თავს იმართლებს და ამავე დროს სინამდვილეში დამნაშავეა. ასეთი ადამიანი ღვთის რისხვას დაიტეხს თავს. არსობრივად ხომ ამით ის იმას მიიტაცებს, რაც არ ეკუთვნის. მას სიმდიდრე ეძლევა, ის კი ქარს ატანს. განა ის, ვინც სიმდიდრეს ქარს გაატანს, სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს?!

ის ვინც თავს იმართლებს, თვალებს იბრმავებს. მერე კი გასამართლებელს ეშმაკიც მოუნახავს (თუნდაც კაცი ჰყავდეს მოკლული) და ეტყვის: „მაგის საქციელს ან აქამდე როგორ ითმენდი, ადრევე უნდა მოგეღო ბოლო“. და ასეთ კაცს შესაძლოა, ისიც კი ჰგონია, რომ ამ „მოთმინების“ სანაცვლოდ ქრისტესგან ჯილდოს იმსახურებს. გაიგე?! აქამდეც კი შეიძლება დავიდეს ადამიანი!

– წმიდაო მამაო, თუკი ის კაცი, ვინც თავს იმართლებს, იტანჯება, რატომ არ შეწყვეტს თავის მართლებას, რომ ეს მისი მტანჯველი სინდისის ქენჯნა დასრულდეს?

– იმიტომ, რომ თავის მართლება ეს ჩვევაა, მის მოსაკვეთად ნებისყოფაა საჭირო. ასეთი ადამიანისათვის აუცილებელია, არა მხოლოდ ის, რომ თავის მართლება შეწყვიტოს, არამედ ისიც, რომ სწორი სულიერი პოზიცია დაიკავოს. რადგანაც თუ ის ხმამაღლა არ გაიმართლებს თავს, გულში მაინც იმას იფიქრებს, უსამართლოდ მომექცნენო; რაც კიდევ უფრო ცუდია. რადგანაც მას რომ ხმამაღლა ემართლებინა თავი, ვინმე შენიშვნას მისცემდა და ამგვარად შეძლებდა, საკუთარი დანაშაული შეეცნოდა ცდომილებიდან გამოსულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუმც ხმამაღლა არას ამბობს, საკუთარ გულში მაინც ფიქრობს: „სიმართლე კი ჩემს მხარესაა, მაგრამ არაფერს ვამბობ, იმიტომ, რომ ყოველივე ამაზე მაღლა ვდგავარ“. ამგვარად ადამიანი ცდომილებაში რჩება.

 

სხვათა ცოდვების სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ

– წმიდაო მამაო, გუშინ ამბობდით, რომ სხვა რამ არის მოთმენა და სხვა – მოთმინება. რას გულისხმობდით?

– მოთმენა იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც საკითხს მოთმინებით უდგები. როდესაც ვამტკიცებ, რომ ვიღაცას ვუთმენ, ამით ვამბობ: „მას ძალიან ცუდად აქვს საქმეები, მე კი – კარგად და ამიტომ მისდამი დამთმობი ვარ. ნამდვილი მოთმინება კი ისაა, რომ მოყვასის მძიმე მდგომარეობა საკუთარ ბრალეულობას გაგრძნობინებდეს და თანაუგრძნობდე მას. მოყვასისადმი ასეთ დამოკიდებულებაში მეტი სიმდაბლე და სიყვარულია. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიღებ ღვთის მადლს – შეწევნას ღვთისას. მაგალითად, ვხედავ ვინმე კოჭლს, ყრუს, ან ნარკომანს, ასეთ დროს უნდა ვფიქრობდე: „მე რომ სულიერად წარმატებული ადამიანი ვიყო, ღმერთს შევევედრებოდი და ის ამ საბრალოს განკურნავდა“. განა ქრისტემ არ თქვა: – სასწაულმოქმედების ძალას მივანიჭებ „და რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროისა ამისსა ქმნეს“? სწორედ ამგვარი განსჯა წარმოშობს მოყვასისადმი ტკივილსა და სიყვარულს. მაგრამ თუ ვიტყვი: „არის კოჭლი და იყოს, მე რას ვუშველი, ცოტა ხნით გვერდით მივუჯდები და კეთილი საქმისთვის ჯილდოსაც მივიღებ“. ამით თითქოსდა „ვიწყნარებ“ მოყვასს, „მოთმინებით“ ვიღებ მასდა თავს ვიმართლებ, რომ ჩემი მოვალეობა შევასრულე.

– წმიდაო მამაო, განა ყოველთვის გამართლებულია, რომ სხვისი ცოდვის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე ვიღებდეთ?

– თუკი ამის გაკეთება მართლაც შეგიძლია, ეს მცირე სიკეთესროდი მოგიტანს. ყველაფრისათვის საკუთარ თავს აყვედრე, მოყვასის ცოდვის ტვირთი საკუთარ მხრებზე აიღე და ევედრე ქრისტეს, რომ მისი ტვირთვის ძალა მოგანიჭოს. ხოლო, როდესაც შენს ნამდვილ ბრალზე აღმატებულ ტვირთს იტვირთავ (სინამდვილეში დამნაშავე რომც არ იყო, მაგრამ შეძლებ და საკუთარ თავს დაუმტკიცებ, რომ დამნაშავე ხარ), მაშინ სხვის იცოდვების ტვირთის ზიდვას საკუთარ დამსახურებად აღარ ჩათვლი, ანუ – ამპარტავნებაში არ ჩავარდები და საღვთო მადლის მოხვეჭას შეძლებ. ამასთან, ისიც აუცილებელია, რომ სიფრთხილით მოზომო საკუთარი ძალები და ზუსტად გათვალო: შეძლებ კი დიდი ტვირთის ზიდვას?! მეტისმეტი თუ მოგივიდა, ამით ხომ თიაქარს აიკიდებ და წელში გაწყდები?

– რას ნიშნავს „თიაქარს აიკიდებ“ და „წელში გაწყდები“?

– მაგალითად, თუკი შენი ძალებზე აღმატებულ სიმძიმეს იტვირთავ და ამასთან – ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შემდეგ ამისთვის შესაძლოა, დრტვინვა დაიწყო, განრისხდე, განიკითხო...

– მაგრამ თუკი ახსნა-განმარტებას მოვყვები, განა ეს თავისმართლება არ იქნება?

– შეეცადე, თავი მხოლოდ მაშინ და ისეთ შემთხვევაში იმართლო, როდესაც ძალა არ გყოფნის, მაგრამ იქ, სადაც ძალა გეყოფა, ახსნა განმარტებას ნუღარ დაიწყებ. მაგალითად: როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ამა თუ იმ სულიერი ტვირთის საზიდად ძალა არ შესწევს, ეს უნდა გააცნობიეროს და თავი დევგმირად აღარ წარმოიდგინოს. მან უნდა გამოსცადოს საკუთარი თავი და უსამართლო განსჯას იმდენად დაუთმოს, რამდენადაც – საკუთარი სულიერი მდგომარეობის მიხედვით – მისთვი სშესაძლებელი იქნება. რათა სასოწარკვეთილებამ არ შეიპყროს. ამით ხომ ეშმაკი სარგებლობს და ადამიანს სულიერად აძაბუნებს.

– წმიდაო მამაო, ზოგჯერ არა მარტო უსამართლო ბრალდებას ვერ ვტვირთულობ, არამედ საკუთარი დაცემის გამო პასუხისმგებლობასაც სხვას ვაკისრებ ხოლმე.

– თქვენ მხოლოდ სხვისი მცირედი ტვირთის სიყვარულით ტვირთვაზე კი არ ამბობთ უარს, არამედ, იმას ცდილობთ, რომ საკუთარი მძიმე ცოდვებიც სხვის მხრებს აჰკიდოთ, თუნდაც ის სხვა ჯანმრთელი არც იყოს. თქვენთვის დიდი სულიერი სიმხნის მოხვეჭაა საჭირო იმისათვის, რომ საკუთარ ცოდვებზე მთელი პასუხისმგებლობა თქვენს თავზე იტვირთოთ. რაც უფრო გაზრდი საკუთარ ტვირთს სხვათა ცოდვების აღებით, სახიერი ღმერთი მით უფრო შეგიმსუბუქებს მის ზიდვას. და მაშინ შენში საღმრთო სიხარულის განცდა დაიდებს ბინას.

თუ რომელიმე ძალოსანი ფიზიკურად სუსტი მოყვასის სიყვარულით, მის მაგიერ აიკიდებს ორ ტომარა ცემენტს, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ვერ იქნება, როგორც ის, რომ სხვისი ცოდვები საკუთარ თავზე აიღო და ისე „გაითავისო“, რომ შესაძლოა, ყველა შენს ცოდვებად მიიჩნევდეს მათ. ეს უმეტესი სათნოება და უმეტესი სიმდაბლეა.

ერთხელ ისე მოხდა, რომ ათონის ერთერთი თანაცხოვრებულთა მონასტრის მორჩილი მეტიპიკონეს [6], რომელიც ამავდროულად მღვდელმონაზონი იყო, უხეშად დაელაპარაკა. მეტიპიკონე, რომელსაც მორჩილის დახმარება სურდა, მივიდა მასთან, როდესაც ის ღვთისმსახურებაზე წიგნს კითხულობდა, რათა ეჩვენებინა, თუ რომელი კონდაკი იკითხებოდა პირველად. მაგრამ მორჩილმა მთლად დაკარგა წონასწორობა და მსახურების შემდეგთავის სენაკში ჩაიკეტა. მეტიპიკონემ ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალა და ძალიან წუხდა იმის გამო, რომ მორჩილი მის გამო ამგვარ მრისხანებაში ჩავარდა და უხეშად შეეპასუხა მას. რადგანაც საკუთარი დანაშაულის შეგრძნება ნამდვილად სტანჯავდა, თავი აღარ უმართლებია იმით, რომ როგორც მეტიპიკონე, მოვალე იყო, მორჩილისთვის შეეხსენებინა წასაკითხი კონდაკი, რამდენადაც ტაძარში ღვთისმსახურების სწორად აღსრულებაზე თვითონ აგებდა პასუხს. ამის მაგიერ თავისთვის თქვა: „ჩემი ბრალია, რომ ძმა ასე აღშფოთდა“. და აი, ის მორჩსილთან სენაკში მივიდა, რომ მის წინაშე მეტანია შეესრულებიხა და შენდობა ეთხოვა, მაგრამ მას სენაკის კარი "შიგნიდან" ჰქონდა დაკეტილი და კარს არ უღებდა. მაშინ მეტიპიკონე მის კართან იატაკზე დაჯდა და ასე იჯდა მთელ ღამეს – დღის სამ საათამდე. როდესაც საღამოს მსახურებისათვის ზარი დარეკეს, მორჩილი იძულებული გახდა, კარი გაეღო და გამოსულიყო. მეტიპიკონე მუხლებზე დაემხო, დიდი მეტანია აღასრულა დაუთხრა: „შემინდე, ძმაო, დამნაშავე ვარ“. აი, ასეთ დროს მოდის ღვთის მადლი.

 

 


[1] - ფს. 24, 27.

[2] - შესაქმ. 3, 11-13.

[3] - შესაქმ. 37, 20 და ქვემოთ.

[4] - შესაქმ. 41, 41.

[5] - იოან. 14, 12.

[6] - მეტიპიკონე – ბერი, რომელიც ტაძარში ღვთისმსახურების მიმდინარეობას და საერთოდ, ყოველგვარი წესის დაცვას ადევნებს თვალყურს.