მამა პაისი მთაწმინდელი

სამუშაო და სულიერი ცხოვრება

შრომა კურთხევაა

- წმიდაო მამაო, წარსულში ამბობდნენ: „სჯობს ფეხსაცმლის ლანჩები რეცხო, ვიდრე - საბანი“. რას გულისხმობდნენ ამ სიტყვებში?

- ამით უნდოდათ ეთქვათ: „სჯობსა რეცხო ფეხსაცმლის ლანჩები და იშრომო, ვიდრე, - საწოლში იწვე და უსაქმურობდე“. შრომა ეს კურთხევაა, ეს ღვთის წყალობაა, ის ამხნევებს სხეულს და ახალისებს გონებას. ღმერთს კაცისათვის შრომის უნარი რომ არ მიენიჭებინა, მას ობი მოეკიდებოდა. შრომისმოყვარე ადამიანები სიბერეშიც კი ვერ ამბობენ უარს შრომაზე ვიდრე ძალაა შესწევთ, მუშაობენ და თუკი შრომას შეწყვეგენ, უძლურდებიან. ასეთი ადამიანებისთვის მუშაობის შეწყვეტა სიკვდილის ტოლფასია. მახსოვს, კონიცაში ერთი მშრომელი მოხუცებული მუხლჩაუხრელად შრომობდა. ბოლოს და ბოლოს ის სახლიდან ორი საათის სავალზე - ხნულში მოკვდა.

მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ ხორციელი მოსვენება, რომლისკენაც ზოგიერთი ისწრაფის, რაიმე სტაბილურ მდგომარეობად არ იქცევა. ხორციელი დასვენებისას ადამიანები საკუთარი სულიერი მშფოთვარების დავიწყებას მხოლიდ დროებით ახერხებენ. მათ ყველაფერი აქვთ: სადილი, დესერტი, შხაპი, დასვენება.. მაგრამ, როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, უფრო მეტ სიმშვიდეს ესწრაფიან. ასე რომ, ადამიანებს გამუდმებით არ ჰყოფნით რაღაც და ამიტომ გამუდმებულ მღელვარებაში არიან. ისინი სიცარიელეს გრძნობენ და მათი სულები ამ სიცარიელის შევსებას მიელტვიან. ხოლო ის, ვინც შრომით იღლება, გამუდმებით სიხარულს განიცდის - სულიერ სიხარულს.

- წმიდაო მამაო, მაგრამ, თუკი ადამიანს წელი სტკივა, ის ხომ ვერანაირი ფიზიკური სამუშაოს შესრულებას ვერ შეძლებს?

- შენ რა, გგონია: რომ წელს ვარჯიში არ ჭირდება? განა წელს არ უშველის ისეთი სამუშაო, რომელიც მისთვის ამავე დროს ვარჯიშიც იქნება?! აი, რას გეტყვი: თუკი ადამიანი ჭამს, სვამს, ძინავს და არ მუშაობს, მას შინაგანი „ჭანჭიკები“ ეშვება და გამუდმებით ეძინება, იმიტომ, რომ მისი სხეული, მისი ნერვები სუსტდება და დუნდება. ნელ-ნელა ასეთი ადამიანი იქამდე დადის, რომ აღარაფრის გაკეთება აღარ შეუძლია. საკმარისია, მცირედ ფეხით გაიაროს, რომ სულის ხუთვა ეწყება. მაგრამ, ცოტაოდენ შრომასა და მოძრაობას თუ დაიწყებს, ხელებიც გაუმაგრდება და ფეხებიც. შეხედე: შრომისმოყვარე ადამიანები ხშირად დაღლილობის გამო დიდხანს ვერ იძინებენ, ან საერთოდ არ ძინავთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ძალებს ინარჩუნებენ. ეს იმის გამო ხდება, რომ შრომა ხორციელად აწრთობს და განამტკიცებს.

შრომა ეს ჯანმრთელობაა, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდა ადამიანისათვის. შევნიშნე, რომ ზოგიერთი დედიკოს ბიჭი ჯარში სამსახურისას იზრდება და იწრთობა. ჯარს ასეთი ახალგაზრდებისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვამბობ, წარსულ დროს ეხება. დღეს ჯარში იმისაც კი ვერ ბედავენ, რომ ჯარისკაცი რამეზე შეაწუხონ, რამის გაკეთება აიძულონ, რადგანაც საკმარისია, ვინმემ „შეაწუხოს“ ისინი, რომ მაშინათვე ვენებს იჭრიან, ან ნერვული შეტევები ეწყებათ. იმისათვის, რომ ბავშვები ჯანმრთელები იყვნენ, მშობლებს ვურჩევ ხოლმე, რომ ისინი სამუშაოდ ვინმესთან გაგზავნონ, თუნდაც ამ ადამიანისთვის ფულის გადახდა თავადვე დაჭირდეთ. მთავარია, რომ ბავშვებმა შეიყვარონ ის სამუშაო, რომლის გაკათებაც მოუწევთ. თუკი ყმაწვილი, ძალები და ნიჭი რომ მოსდევს, არ მუშაობს, მაშინ ის სუსტდება და ეშვება და დონდლოვდება. ამავე დროს, თუკი ის იმასაც ხედავს, რომ სხვები წარმატებას აღწევენ, მაშინ საკუთარ ეგოიზმში იხრჩობა და არაფერი ახარებს. მას გამუდმებით ტანჯავენ ზრახვები და თავიც თითქოსდა თივით აქვს გატენილი. შემდეგ კი მიდის ეშმაკი და ეჩურჩულება: „საწყალო, როგორი უნიჭო ხარ, შენი ერთი თანატოლი მასწავლებელი გახდა, მეორემ საკუთარი საქმე წამოიწყო და ფულს შოულობს, შენ კი საღამდე მიხვედი?!“ ამგვარად ეშმაკს ეს ადამიანი სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს. ხოლო, თუკი ახალგაზრდა მუშაობას დაიწყებს, მას საკუთარი თავისადმი რწმენა უძლიერდება. - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ასეთ შემთხვევაში ის ხედავს, რომ სირთუელეებთან გამკლავება თვითონაც შეუძლია. მაგრამ, გარდა ამისა, მისი გონება მთლიანად საქმიანი აზრებით იქნება სავსე, მას ზედმეტი დრო აღარ დარჩება და ზრახვები აღარ შეაწუხებს. ანუ - სარგებელი ორმაგი იქნება.

 

პროფესიის არჩევა

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი მშობელი თავის შვილებს აიძულებს, რომ მათ იგივე პროფესია აირჩიონ, რომელსაც თვითონ ფლობენ. ხშირად ამას ძალიან დაჟინებულად აკეთებენ.

- არა. ისინი არასწორად იქცევიან. არ შეიძლება, დააძალო ბავშვებს ის აკეთონ, რაც მათ მშობლებს მოსწონთ, თუკი ეს ყველაფერი თავად ბავშვებისათვის მოსაწონი არ არის. ვიცნობ ერთ ახალგაზრდას, რომელსაც საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაბარება და სასულიერო პირობა სურდა. მაგრამ დედამისი ამის წინააღმდეგი იყო. მან დაიჟინა, რომ ყმაწვილი სამედიცინო ფაკულტეტზე შესულიყო. ამ ყმაწვილმა საეკლესიო გალობა შეისწავლა და ეკლესიაში გალობდა. მან თავად გააკეთა მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც საეკლესიო ხმებზე ააწყო. ძალიან ბევრი საგალობელი იცოდა ზეპირად. მას უდიდესი ნიჭი ჰქონდა: ტროპარებს წერდა და საღვთისმსახურო განგებებს ადგენდა. როდესაც საშუალო სკოლა დაამთავრა, ყმაწვილი საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე შევიდა. დედამისს მღელვარების ნიადაგზე ნერვული აშლილობა დაეწყო. შემდეგ ის მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მამაო, ილოცე, რომ გამოვჯანმრთელდე და მერე ჩემმა შვილმა ის გაკეთოს, რაც მოესურვება“. მაგრამ, როგორც კი გამოჯანმრთელდა, ხელახლა აღუდგა წინ შვილის საღვთისმეტყველოზე სწავლას. ბოლოს და ბოლოს ყმაწვილმა სწავლაც მიატოვა, გალობაც და თავიც ტყუილუბრალოდ დაიღუპა.

როდესაც ვხედავ, რომ ყმაწვილები სპეციალობის არჩევისას მერყეობენ, მათ ასეთ რამეს ვურჩევ ხოლმე: „კარგად დააკვირდით, რომელი მეცნიერება თუ პროფესია მეტად გაინტერესებთ, ის უნდა აკეთოთ, რისკენაც მიდრეკილება გაქვთ“. თუკი ყმააწვილი ან ქალიშვილი აპირებს იმ გზას არჩევას, რისი მიდრეკილებაც მას არ აქვს, ვურჩევ ხოლმე, რომ თავიანთი გული იმას მიუძღვნან, რაც მათ ინტერესებში შედის, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ წაადგეს მათ. ანუ, მე ვეხმარები, ის საქმე აირჩიონ, რაც მეტად მოსწონთ და პროფესიაც მათსავე ძალებს შეესაბამებოდეს. მთავარია, რასაც ისინი აკეთებენ საღვთო საქმე იყოს. ვიღაცას მუსიკისკენ აქვს მიდრეკილება?! დაე, ის გახდეს მაგალითად, კარგი მუსიკოსი, ან - საეკლესიო მგალობელი და თავისი გალობით დაეხმაროს მსმენელს, რომლებიც მისი გავლენით ეკლესიასა და ლოცვას შეიყვარებენ. ვინმეს ფერწერისკენ აქვს მიდრეკილება?! დაე, ის მხატვარი ან ხატმწერი გახდეს და ღვთისმოსაობით წეროს ხატები, რომლებიც სასწაულებს აღასრულებენ. ვიღაცის მოწოდება მეცნიერებაა?! დაე, თავი მიუძღვნას მას და ღვთისმოსაობით იღვაწოს ამ სფეროში.

აბა, ნახეთ: ადამიანს ბავშვობის ასაკიდანვე ეტყობა, თუ რა არის მისი მოწოდება. ერთხელ სტომიონის მონასტერში მოვიდა ერთი კაცი - ორ პატარა ძმიშვილთან ერთად. პირველი მათგანი ექვსი-შვიდი წლის იყო, გვერდით მოგვიჯდა და გაუჩერებლად გვაძლევდა ათასგვარ შეკითხვას. „რომ გაიზრდები, რა გსურს, რომ გამოხვიდე?“ ვკითხე მე. „ადვოკატი“ მიპასუხა მან. მეორე ბავშვი სადღაც დაიკარგა. „სად არის, სადმე ხომ არ გადავარდა?“ ვკითხე ბიძამისს. მის მოსაძებნად გარეთ გამოვედით და სამჭედლოდან უროს ხმა შემოგვესმა. შევდივართ სახელოსნოში და ვხედავთ: ბიჭუნას ისე გადაუკეთებია დაზგის სახურავი, რომ მხოლოდ ღუმელში დასაწვავადღა თუ გამოდგებოდა! „რომ გაიზრდები, რა გამოხვალ?!“ ვკითხე მასაც. „დურგალი“ მიპასუხა ბიჭმა. „ნამდვილად გამოხვალ“ დავუდასტურე მე. „მერე რა, რომ ფიცარი გამიფუჭე, დიდი საქმე, მერე რა მოხდა?!“

 

სამუშაოს სიყვარული

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ზოგიერთს მუშაობისას მოწყენილობა იპყრობს?

- იქნებ თავიანთი სამუშაო არ უყვარს? ანდა იქნებ მათ სამუშაოზე გამუდმებით ერთი და იმავე საქმის კეთება უწევთ?! ხშირად ზოგიერთ წარმოებაში, მაგალითად, საწარმოში, რომელიც კარ-ფანჯარას აწყობს, ერთი ოსტატი დილიდან საღამოდე ერთმანეთზე აწებებს ფიცრებს, მეორე გამუდმებით მინებს სვამს მათში, მესამე ყოველდღიურად გოზავს: ეს ადამიანები გამუდმებით ერთსა და იმავე საქმეს ასრულებენ, ხოლო მეპატრონე მათ რიგებში დადის და ამოწმებს. და ეს ყოველივე ერთსა და ორ დღეს კი არ გრძელდება! ყოველდღიურად ერთი და იგივე საქმის კეთება კი მოსაბეზრებელია. ძველად ეს ყველაფერი ასე არ იყო. დურგალს მშენებლებისაგან ოთხი კედელი გადაეცემოდა და მეპატრონისათვის გამზადებული სახლის გასაღები უნდა ჩაებარებინა. მას იატაკი უნდა დაეგო, კარი და ფანჯრები ჩაესხა, მინები გაეგოზა და ასე შემდეგ. მერე კიბის სამუშაოებს შეუდგებოდა, გამოჩარხავდა მოჯირებს, ყველაფერ ამას შეღებავდა: შემდეგ ჯერი კარადებზე და თაროებზე მიდგებოდა. ბოლოს კი ავეჯის მზადებასაც დაიწყებდა. ყველაფერი ეს მხოლოდ ერთი ოსტატის გასაკეთებელი რომც არ ყოფილიყო, მან ყველაფრის კეთება მაინც იცოდა. თუ დაჭირდებოდა, სახლის კრამიტით გადახურვაც კი შეეძლო.

დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება მხოლოდ იმის გამო, რომ თავისი სამუშაო არ უყვარს. ისინი გამუდმებით საათზე იყურებიან და მოუთმენლად ელიან, სახლში წასვლის დრო როდის მოვა. მაგრამ თუკი ადამიანი თავისი სამუშაოთი გატაცებულია, მისდამი სიყვარულს გრძნობს და მისთვის სულს ერთი არ არის ის საქმე, რასაც აკეთებს, ამ დროს რაც უფრო მეტს მუშაობს იგი, თავისი საქმისადმი მით მეტი მოშურნეობით განეწყობა. მაშინ ადამიანი მთელი არსებით ეძლევა საქმეს და როდესაც წასვლის დრო დგება, გაკვირვებით კითხულობს: „რა დრო გასულა?“ ის ივიწყებს ჭამას, ივიწყებს სმას, აბსოლუტურად ყველაფერს ივიწყებს. მთელი დღის მშიერიც რომ იყოს, შიმშილს მაინც ვერ გრძნობს, უძინარიც რომ იყოს, არ ეძინება. არა მხოლოდ არ ეძინება, უხარია კიდეც, რომ ძილის სურვილი არ აქვს. მას შიმშილი და გამოუძინებლობა არ აწუხებს. სამუშაო ასეთი ადამიანისათვის დღესასწაული და ზეიმია.

- წმიდაო მამაო, დავუშვათ, ორი ადამიანი ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს. რატომაა, რომ ერთისთვის ეს სქმე სულიერად სასარგებლოა, მეორესთვის კი პირიქით - მავნებელი?

- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ აკეთებენ ისინი ამ საქმეს და რას გრძნობენ შინაგანად. თუკი ადამიანი სიმდაბლითა და სიყვარულით შრომობს, ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, განწმენდილი, კურთხეული, სიხარულის მადლმოფენილი იქნება და თავადაც შინაგანად ძალების მოზღვავებას იგრძნობს. ხოლო, თუკი კაცმა შეიწყნარა ბოროტი ზრახვა და ჰგონია, რომ საქმეს სხვაზე უკეთ უძღვება, შესაძლოა, გარკვეულ კმაყოფილებას განიცდიდეს კიდეც, მაგრამ ეს კმაყოფილება მის გულს აღავსებს, რამდენადაც ამ დროს სული არ განიწმინდება და სიმშვიდეს ვერ მოიხვეჭს.

გარდა ამისა, თუკი ადამიანი თავის საქმეს უსიყვარულოდ აკეთებს, ის იღლება. მაგალითად: როდესაც კაცს სამუშაო არ უყვარს და ამ საქმის დასასრულებლად კი მთაზე ასვლაა საჭირო, ამ მთის მარტო შეხედვაც კი ძალას აცლის ; მაშინ როდესაც მეორე ადამიანი, საქმეს მთელი გულით რომ აღასრულებს, წავა და ისე აფრინდება მთაზე, რომ თვითონაც ვერ შეამჩნევს. მაგალითად: თუკი ადამიანი კვლებს აფხვიერებს, ან ბოსტანს რწყავს და თანაც ამას ყველაფერს გულით აკეთებს, შეიძლება, რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდეს და მიუხედავად მცხუნვარე მზისა - არ დაიღალოს. მაგრამ, თუკი საქმეს გულს ვერ უდებს, საქმეც ყოვნდება, თვითონაც წუწუნებს, სიცხეს უჩივის და იტანჯება.

- წმიდაო მამაო, შეიძლება, სამუშაომ ან მეცნიერებამ ისე შთანთქას ადამიანი, რომ იგი საკუთარი ოჯახის თუ ნებისმიერი სხვა საქმისადმი სრულიად გულგრილი გახდეს?

- სამუშაო უბრალოდ უნდა გვიყვარდეს და მასზე შეყვარებული არ უნდა ვიყოთ. თუკი ადამიანს თავისი სამუშაო არ უყვარს ორმაგად იღლება: ფიზიკურად და სულიერად. და რამდენადაც სულიერად გადაღლილია, ძალას დასვენებაც კი ვერ აღუდგენს. სულიერი დაღლილობა - აი, არაქათს რა აცლის კაცს! როდესაც მთელი გულით მუშაობს და სიხარულს განიცდის, ადამიანის სულიერი ძალები არ იფიტება და ხორციელი დაღლილობა ადვილად იხსნება. ერთ გენერალს ვიცნობ, რომელიც ჯარისკაცის სამუშაოსაც კი ასრულებს. იცით, როგორ შესტკივა გული ჯარისკაცებზე?! როგორც მამას! და იცით, რაგვარ სიხარულს განიცდის იგი?! ეს ადამიანი თავის მოვალეობას ასრულებს და ხარობს. ერთხელ შუაღამისას მან გადმოლახა ევროსი [1], რათა წმიდა აქილეს [2] დღესასწაულზე ლარისში ჩამოსულიყო და საღმრთო ლიტურგიას დასწრებოდა. თუმცა მას შეეძლო, რომ მოგვიანებით - მხოლოდ პარაკლისს დასწრებოდა. მაგრამ თავად გადაწყვიტა, რომ ადრე გამოსულიყო და წმიდანისათვის პატივი მიეგო. ყველაფერი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, აკეთებს მთელი გულით. კმაყოფილება, რომელსაც თავისი მოვალეობის გულითადად აღმასრულებელი ადამიანი განიცდის, კეთილი კმაყოფილებაა. ამ კმაყოფილებას ღმერთი ანიჭებს, რომ მისი ქმნილება არ გადაიქანცოს. ესაა ძალათა აღდგენა - დაღლილობის საშუალებით.

 

თითოეულმა ადამიანმა სულიერად უნდა მოიხმაროს მისთვის მიცემული ნიჭები

თითოეული ადამიანი მოვალეა კეთილად მოიხმაროს მისთვის მინიჭებული შესაძლებლობები. როდესაც ადამიანს რამენაირი ნიჭით აჯილდოებს, ღმერთი ხომ პასუხსაც მოსთხოვს მათთვის. მაგალითად: გონება კაცისა - ეს მისთვის მინიჭებული ძალაა, მაგრამ იმის შესაბამისად, თუ როგორ მოიხმარს თითოეული ადამიანი ამ გონებას, მას შეუძლია, სიკეთეც აკეთოს და ბოროტებაც. თუკი ძალიან დიდი გონიერებით დაჯილდოებული ადამიანი მას კეთილად მოიხმარს, შეუძლია, გააკეთოს საწარმო, რომლის საშუალებითაც სხვებს დაეხმარება. თუმცა, მისთვის ბოძებული შესაძლებლობების არასწორად გამოყენების შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება მოყვასის გაძარცვაც კი მოინდომოს. მაგალითად: ავიღოთ მხატვრები, თავიანთ ნახატებს გაზეთებსა და ჟურნალებში რომ ბეჭდავენ. ერთი ნახატი, ერთი სურათი შეიძლება, მთელ მოვლენებს ასახავდეს. ანუ: თუ ამ მხატვრებმა საკუთარი გონების მოქნილობა სწორად გამოიყენეს, ამით განწმიდნეს ის და ეხმარებიან როგორც საკუთარ თავს, ასევე - სხვებსაც. მაშინ, როდესაც დღეს ძალიან ბევრი ასეთი ხელოვანი ადამიანებს უკეთურ საქმეს უკეთებს: თუ ისინი უსირცხვილოები არიან, კიდევ უფრო უსირცხვილოებს ხდიან, თუ ისინი სასაცილოები არიან, კიდევ უფრო დასაცინებად აქცევენ. ანუ: ეს ადამიანები ღმერთმა განსაკუთრებული ნიჭებით და შესაძლებლობებით რომ დააჯილდოვა, სხვებს ან სიკეთეს მოუტანენ, ანდა იმ სიკეთესაც ართმევენ, რაც მათ აქვთ. მაშინ, როდესაც ის, ვისაც განსაკუთრებულული შესაძლებლობები არ აქვს, მართალია, დიდი სიკეთის გაკეთებას ვერ შეძლებს, მაგრამ არც დიდი ბოროტების ჩადენა შეუძლია.

 

სამუშაო და სულიერი შფოთი

- წმიდაო მამაო, ძალიან ბევრ ადამიანს სამუშაოდან დაბრუნებისას ნერვები აქვს აშლილი.

- მამაკაცებს ვურჩევ, რომ სამსახურის შემდეგ რომელიმე ტაძარში შეიარონ, სანთელი დაანთონ, ათი-თხუთმეტი წუთი მსახურებაზე დადგნენ, ან სკვერში ჩამოსხდნენ და სახარებიდან ხაწყვეტი წაიკითხონ, რათა ამგვარად გული დაიმშვიდონ. ამის შემდეგ კი შეუძლიათ, დამშვიდებულები და მომღიმარნი სახლებში დაბრუნდნენ. თუ ამას არ იზამენ, სახლში ხომ განერვაულებულები მივლენ და შეიძლება, ვერც ახლობლებთან კამათი აირიდონ თავიდან. აუცილებელი როდია, სახლში მიიტანონ ის პრობლემები, სამსახურში რომ აწყდებიან; ეს პრობლემები საკუთარი სახლების ზღურბლზე უნდა დატოვონ.

- წმიდაო მამაო, ბევრი ადამიანი თავის ფეთქებადობასა და ნერვულ ხასიათს აკავშირებს იმ პასუხისმგებლობასთან, რომელიც სამუშაოზე აკისრიათ და რომელიც მათ სულებს შფოთით აღავსებს.

- პასუხისმგებლობა შფოთით იმიტომ ავსებს მათ, რომ ავიწყდებათ ყოველგვარ საქმეში ღმერთი გაიხადონ მწედ და დამხმარედ. ის ზარმაცი, რომელიც გამუდმებით გაიძახის: „არაფერია, ღმერთი მაინც არ მიმატოვებს! - გაცილებით უკეთესია, ვიდრე - ასეთი ადამიანები. ჩემი აზრით, ასეთ ადამიანს უჯობს უბრალო მუშაკი იყოს, რომელიც თავის საქმეს უბრალოდ და ღვთისმოსაობით აღასრულებს, თავისი ცხოვრების გამარტივებას ეცდება, მხოლოდ აუცილებელით დაკამაყოფილდება და თავი მშვიდად ექნება, ვიდრე დიდი საწარმოს მფლობელი იყოს და დღე და ღამე იმეორებდეს: „რა ვქნა, როგორ მოვიქცე?!“ ჩვეულებრივ ასეთ ადამიანებს დიდი ვალები აქვთ. მერე კი ყოველივე ამას ამპარტავნებაც ემატება. „აი, კიდევ ერთ დიდ სესხს ავიღებ, ავაშენებ ამას, ავაშენებ იმას და ვიქნები ბედნიერად!“ ამბობენ ასეთი ადამიანები. მაგრამ შემდეგ ფულს გადაყვებიან, კოტრდებიან და მათი ქონება საჯარო ვაჭრობით იყიდება.

გარდა ამისა, ბევრი ადამიანი სამუშაოს გონებას არ ატანს. ისინი განუსჯელად ფანტავენ ძალებს და მინდობილ საქმეს ვერ უმკლავდებიან. შემდეგ ისინი სხვებს ხვდებიან თვალში და მათ სულებს შფოთი აღავსებს. ვთქვათ, ადამიანს რაიმე ხელოვნების ან ხელობის შესწავლა სურს: წლების განმავლობაში დადის მასწავლებელთან ან სასწავლო დაწესებულებაში, მაგრამ, უყურადღებობის გამო წარმატებას ვერ აღწევს, იმიტომ, რომ თავით არ მუშაობს. მაგალითად, ერში ცხოვრებისას, როდესაც დურგლად ვმუშაობდი, ვნახე, რომ იმ ავეჯის დასამზადებლად, რომელსაც მაშინ ვაკეთებდი, სახარატო დაზგა მჭირდებოდა. აბა, რა უნდა მექნა, ხარატის ძებნა დამეწყო და მისთვის მეთხოვა დახმარება?! არა! ვიშოვე სახარატო დაზგა და მასზე მუშაობა ვისწავლე. გავიდა კიდევ მცირე ხანი და დავინახე. რომ საჭირო გახდა, ხვეული კიბის გაკეთება მცოდნოდა. დავჯექი, გავიხსენე გეომეტრია და არითმეტიკა და ასეთი კიბის გაკეთებაც ვისწავლე. თუ თავით არ იმუშავებ, დაიტანჯები. ყოველივე ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი გონებით უნდა მუშაობდეს იმიტომ, რომ მუშაობისას პრობლემებისა და სირთულეების მთელი გროვა ხვავდება. როდესაც გონებით შრომობს, ადამიანი ოსტატდება და შემდეგ ყოველთვის ხვდება, ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ იმოქმედოს და წარემატება კიდეც სწორედ ამაშია ყველაფრის საფუძველი. გონებამ ყველაფერში შემოქმედებითი ძალა უნდა გამოავლინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი განუვითარებელი დარჩება და დროს ტყუილად დაკარგავს.

 

კურთხეული შრომა

თითოეულმა ადამიანმა თავისი ლოცვით, თავისი ქრისტიანული ცხოვრებით უნდა აკურთხოს თავისი შრომა და იკურთხოს თავად. თუკი სამსახურში ადამიანს სხვები ექვემდებარებიან და მათზე პასუხიმგებელია, იგი სულიერადაც უნდა შეეწეოდეს მასზე დაქვემდებარებულ ხალხს. თუკი ვინმეს კეთილი შინაგანი მდგომარეობა აქვს, იგი აკურთხებს თავის საქმიანობასაც. მაგალითად, თუ ახალგაზრდები ოსტატთან რაიმე ხელობის შესასწავლად მიდიან, ოსტატი მოვალეა, რომ ამავდროულად მათი სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვასაც შეუწყოს ხელი. ამგვარი ურთიერთობები ხელს შეუწყობს ხელმძღვანელსაც, მასზე დაქვემდებარებულ პირებსაც, თვით კლიენტსაც და ასეთი შრომაც კურთხეული იქნება.

ნებისმიერი პროფესია შეიძლება იყოს კურთხეული. მაგალითად, ექიმს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ მედიცინაში უმთავრესად ყველაფერი ღვთის შეწევნაზეა დამოკიდებული. ამიტომ იგი უნდა შეეცადოს, რომ საღმრთო მადლის ჭურჭელი გახდეს. ექიმი, რომელიც ერთდროულად კარგი და კეთილი ქრისტიანია და ამავე დროს კარგი სპეციალისტიცაა, ავადმყოფებს თავისი სიკეთითა და თავისი სარწმუნოებით ეხმარება, რამდენადაც უნერგავს მათ, რომ ავადმყოფობას ვაჟკაცურად და რწმენით დაუხვდნენ. როდესაც საქმე სერიოზულ ავადმყფობასთან აქვს, ექიმმა ავადმყოფს უნდა უთხრას: „მედიცინა თავისთავად, თავისი შესაძლებლობებით ამ დონეზეა განვითარებული, თუმცა იქ, სადაც ადამიანური ცოდნა საკმარისი არ არის, არსებობს ღმერთი, რომელიც სასწაულებს აღასრულებს“.

მასწავლებელი კი უნდა ცდილობდეს, რთმ თავის მსახურება კეთილად აღასრულეოს და ბავშვების სულიერ ხელახლა შობას უწყობდეს ხელს. რამდენადაც ბავშვების სულიერი გარდაქმნა ყველა მშობელს არ შეუძლია, თუნდაც ის კეთილად იყოს განწყობილი. როდესაც ბავშვებს რომელიმე მეცნიერებას ასწავლის, მასწავლებელი თან იმასაც უნდა ცდილობდეს, რომ ისინი კარგი ადამიანები დადგნენ. სხვაგვარად მიღებული განათლება მათ არანაირ სიკეთეს არ მოუტანს. საზოგადოებას ჭირდება მართალი ადმიანები, რომლებიც, რა საქმიანობასაც არ უნდა ასრულებდნენ ისინი, ყველაფერს კარგად გააკეთებენ. მასწავლებელი მარტო იმას კი არ უნდა ამოწმებდეს, კარგად ისწავლეს თუ არა ბავშვებმა გაკვეთილი, არამედ, სხვა საკითხებსაც ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს, მაგალითად - მოსწავლეების სათნოებებსა და ხასიათის დადებით შტრიხებს. შეფასება, რომელსაც ღმერთი უწერს ბავშვებს, ყოველთვის არ შეესაბამება მასწავლებლების მიერ დასმულ ნიშნებს. ვიღაცის ორიანი შესაძლოა, ღვთისთვის ხუთიანი პლუსით იყოს, ხოლო, ვიღაცის ხუთიანი პლუსით ღვთისთვის იქნებ ორიანიც კი აღმოჩნდეს.

 

პროფესია ადამიანს ადამიანად ვერ აქცევს

- წმიდაო მამაო, მუშაობისას ადამიანი მღელვარებას რომ განიცდის, რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?

- იქნებ თავის საქმიანობასთან დაკავშირებით კეთილი ზრახვები არ აქვს. თუკი მას საკუთარ შრომასთან სწორი დამოკიდებულება აქვს, მაშინ, შრომა, როგორიც არ უნდა იყოს მისი პროფესია, დღესასწაულად და ზეიმად გადაექცეოდა.

- წმიდაო მამაო, იქნებ ადამიანი იმის გამოა ნერვებმოშლილი, რომ მძიმე ან ჭუჭყიან სამუშაოს ასრულებს. მაგალითად, თუ მშენებლობაზე მუშაობს, ან - სამზარეულოში ჩაიდნებს ხეხავს. ანდა - რაიმე ამდაგვარს აკეთებს. ამ ყველაფრის მიმართ როგორ უნდა იყოს განწყობილი.

- თუკი იგი დაფიქრდება იმაზე, რომ ქრისტემ თავის მოწაფეებს დაბანა ფეხი [4], ნერვების აშლა გაუვლის. ქრისტემ გააკეთა ის, რაც გააკეთა, თითქოსდა გვეუბნებოდა: „თქვენც ასევე უნდა მოიქცეთ“. რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი: თუნდაც ჩაიდნებს რეცხავდეს, თუნდაც ქვაბებს ხეხავდეს, თუნდაც მიწას ამუშავებდეს, მას უნდა უხაროდეს! ვიღაც ხომ საერთოდაც კანალიზაციას წმენდს, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა სამუშაო ვერ იშოვა და ამის გამო ეს საბრალო მთელი დღის განმავლობაში ჭუჭყში და მიკრობებშია. ის რა, ადამიანი არ არის?! ღვთის ხატება არ არის?! ერთი ოჯახის უფროსი კანალიზაციის მწმენდავად მუშაობდა და მაღალ სულიერ მდგომარეობას მიაღწია. იგი ტუბერკულოზით დაავადდა და თუმცა შეეძლო, სამუშაო მიეტოვებინა, ეს არ მოინდომა, რომ მის ნაცვლად სხვა არ დატანჯულიყო. ამ ადამიანს მდაბალი, სხვათაგან დაწუნებული ცხოვრება უყვარდა და ამიტომ ღმერთმა თავისი მადლით აღავსო.

პროფესია ადამიანს ადამიანად ვერ აქცევს. ერთ პორტის მუშას ვიცნობდი, რომელმაც მიცვალებული აღადგინა. ერთხელ, როდესაც ივირონის მონასტრის სკიტში დიკეოსი [5] ვიყავი, ჩემთან ერთი ორმოცდათხუთმეტი წლის კაცი მოვიდა. რამდენადაც გვიან საღამოს მოუხდა მოსვლა, მან კარზე არ დააკაკუნა, რომ მამები არ შეეწუხებინა და ქუჩაში დაიძინა. როდესაც სკიტის ძმებმა ეს შეიტყვეს, იგი შინ შემოიყვანეს და ამის შესახებ მე მაცნობეს. „რატომ ზარი არ დარეკე, კარს გაგიღებდით და სასტუმროში ოთახს მოგცემდით“, - ვუთხარი მას. მან კი მომიგო: „აბა, რას ამბობ, მამაო, ძმების შეწუხებას როგორ გავბედავდი?“

როდესაც მის სახეზე ნათელი შევნიშნე, მივხვდი, რომ უაღრესად სულიერად ცხოვრობდა. შემდეგ ეს ადამიანი მიამბობდა, რომ ძალიან ადრეულ ასაკში დაკარგა მშობლები და ამიტომ, როდესაც დაქორწინდა, უაღრესად უყვარდა თავისი სიმამრი. სამსახურის დამთავრების შემდეგ იგი ჯერ სიმამრთან და სიდედრთან შეივლიდა ხოლმე და შინ მერე ბრუნდებოდა. თუმცა ძალიან ბრაზობდა კიდეც, რადგანაც მისი სიმამრი დიდი ბილწსიტყვა კაცი იყო. მან ბევრჯერ სთხოვა სიმამრს, რომ ბილწსიტყვაობა დაევიწყებინა, მაგრამ ის ყურს არ უგდებდა. ერთხელ სიმამრი მძიმედ გახდა ავად, საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა კიდეც. მისი გარდაცვალებისას მტვირთავი სიმამრთან არ იყო, რადგანაც სწორედ ამ დროს გემი იტვირთებოდა და ის იქ მუშაობდა. როდესაც საავადმყოფოში მივიდა და მომხდარი შეიტყო, იგი მორგში მივიდა და უდიდესი გულისტკივილით ილოცა: „ღმერთო ჩემო, აღადგინე იგი, რომ მოინანიოს და მერე ისევ წაიყვანე“. მაშინათვე მიცვალებულმა თვალები გაახილა და ხელები აამოძრავა. მორგის თანამშრომლებმა მომხდარი რომ იხილეს, შეშინებულები გაიქცნენ. მტვირთავმა სიმამრი სახლში წაიყვანა და ისიც სრულიად გამოჯანმრთელდა. ამის შემდეგ ამ კაცმა ხუთი წელი სინანულში იცხოვრა. მტვირთავი კი მიამბობდა: „ძვირფასო მამაო, ძალიან მადლობელი ვარ ღვთისა ამ წყალობისათვის, განა ვინ ვარ, რომ ასე ღმერთმა ასეთი წყალობა გარდამომივლინა?!“ ამ ადამიანში დიდი უბრალოება იყო, ამასთან, ისეთ სიმდაბლეს ფლობდა, რომ აზრადაც არ მოსვლია, მიცვალებული აღვადგინეო. ის პირდაპირ მტვრად და ნაცრად იქცეოდა, ღვთისადმი მადლიერების განცდით, ყოველივე იმის გამო, რაც მისთვის მოიმოქმედა ღმერთმა.

ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება, რაკი ვერ ახერხებენ განდიდდნენ ამაო სიტყვებით და გამდიდრდნენ ამაო საგნებით. ისინი არც კი ფიქრობენ, რომ მთელი ამ დიდებისა და სიმდიდრისაგან სხვა ცხოვრებაში, ან უკეთ რომ ვთქვათ - ნამდვილ ცხოვრებაში არაფერი ერგებათ. რადგანაც ამ ყველაფრის მარადისობაში გადატანა ხომ სრულიად შეუძლებელია. ჩვენს მიერ აღსრულებულ საქმეთაგან იქ მხოლოდ იმას წავიღებთ, რომელთა საშუალებითაც აქ დედამიწაზე მივიღებთ „საზღვარგარეთის პასპორტს“, რომლითაც დიდი და მარადიული მოგზაურობა გველოდება.

 


[1] - ევროსი - მდინარე ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში, თურქეთის საზღვარზე.

[2] - წმიდა აქილე ლარისელის ხსენება (330 წ.) 15 მაისს აღესრულება.

[3] - აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ის პროფესიები, რომლებიც ქრისტიანობასთან შეუთავსებელია. ეს ისეთ საქმიანობას ეხება, რომელიც ჩვენს დროში ძალიან გავრცელებულია. მაგალითად, ბანდიტობა, ქურდობა, უზნეობის გავრცელება, მევახშეობა, ჯადოქრობა, საექიმო პრაქტიკაში აბორტების კეთება, ფოტომოდელობა, ტაკიმასხარობა და ა.შ. ეს ყველაფერი არა მარტო კურთხეული ვერ იქნება, არამედ სინანულის საშუალებით მათი განკურნება აუცილებელია.

[4] - შეად. იოან. 13, 4-14.

[5] - დიკეოსი - წმიდა მთის სკიტებში ერთი წლით არჩეული ბერი, რომელიც სკიტის მოსახლე ბერებს შორის თანაცხოვრების კოორდინირებას ახდენს.