ბერი პაისი ათონელი

სულიერ ცხოვრებაში სულიერი წინამძღოლი აუცილებელია

დღეს ადამიანებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იპოვოს მოძღვარი, აღსარებას ეუბნებოდეს, ენდობოდეს და რჩევას ეკითხებოდეს მას. თუკი ადამიანებს ჰყავთ მოძღვარი და ცხოვრებას ისე მოაწყობენ, რომ ლოცვისა და სულიერი წიგნების კითხვისათვის დროს გამონახავენ, ტაძარში ივლიან და ეზიარებიან, მაშინ მათ ამ ცხოვრებაში აღარაფერი უნდა აშინებდეთ.

იმისათვის, რომ სული გზას არ ასცდეს, ის მოძღვრის მეთვალყურეობაში უნდა იყოს. სულიერ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება სულიერი წიგნების კითხვა. მაგრამ, თუ მოძღვარი არ ეყოლება, შესაძლოა, ადამიანმა წაკითხული სწორად ვერ გაიგოს და ხიბლში ჩავარდეს. უყურე: როდესაც ადამიანი მანქანით მიდის მისთვის ნაკლებად ნაცნობ ადგილებში, ის, შესაძლოა, რუკაში იხედებოდეს, მაგრამ გარდა ამისა, შეჩერდება კიდეც და გამვლელებსაც ჰკითხავს, რათა გზას არ ასცდეს. მაგალითად, ადამიანი გაემგზავრა ათენიდან და ფლორინში მიდის. რა თქმა უნდა, მას ექნება რუკა და ჩაიხედავს კიდეც მასში, მაგრამ, რომელიმე ჯიხურთან მაინც შეჩერდება და იკითხავს, სწორად თუ მიდის და როგორი გზა უდევს წინ. მაგრამ, თუ არ იკითხა, საფრთხეში ჩავარდება, ან იქ არ შეუხვევს, სადაც საჭიროა, ფლორინის ნაცვლად კავალში მოხვდება, ანდა მანქანასთან ერთად ხრამში გადავარდება და სასიკვდილოდ დაშავდება.

რა თქმა უნდა, ისიც შეიძლება მოხდეს, რომ ადამიანმა სხვებს კითხოს გზა, მაგრამ როცა პასუხს მოისმენს (რომ მეორე მხარეს მობრუნებაა საჭირო), მაინც თავის გზაზე წავიდეს და შედეგად იქ არ მოხვდეს, სადაც მიდიოდა. ანდა, შესაძლოა, მან არად ჩააგდოს საფრთხე, რომლის შესახებაც აფრთხილებდნენ და ავარია შეემთხვეს, ან რაიმე სხვა უსიამოვნებაში გაეხვეს. მაგრამ თავის სამაგიეროს მაინც მიიღებს ის, ვინც სწორ გზას უჩვენებდა და აფრთხილებდა: „გაფრთხილდი, ერთ ადგილას ცრუ მოსახვევია, მეორე ადგილას კი გზა ღრმა უფსკრულს მიუყვება“. სწორედ ამგვარადვე ხდება სულიერ ცხოვრებაში. მორწმუნეს უეჭველად უნდა ჰყავდეს მოძღვარი, რომელიც ის აღსარებას მოისმენს, დაეხმარება და რჩევებს მისცემს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იცხოვრებს სულიერი ცხოვრებით და დარწმუნებული იქნება, რომ სწორ გზას ადგას.

რა თქმა უნდა, სულიერ ხელმძღვანელს ადამიანი თავად ირჩევს. შეუძლებელია, სული პირველსავე შემხვედრს მიანდო. ისევე, როგორც ავადმყოფობისას ყველა ცდილობს, კარგი ექიმი გამოძებნოს, ასევე სულზე ზრუნვისას კარგი მოძღვრის მონახვას უნდა ცდილობდეს კაცი. ხოლო შემდეგ ამ მოძღვართან - სულის მკურნალთან რეგულარულად უნდა დადიოდეს.

წიგნიდან: „სულიერი ბრძოლა“, თბილისი, 2006 წ.