წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე)

შინაარსი ჭეშმარიტ მოქალაქეობის
(„მამაო ჩვენოს“ განმარტება)

ხოლო მან ჰრქვა მათ, როდესაც ილოცევდით სთქვით: „მამაო ჩვენო“ (ლუკა 11.2; მათე 6.9)

იმ ვენახს, რომელიც წარსულ ქადაგებაში თქვენ სულიერი თვალების წინ დაგიხატეთ და რომელსაც ჩემი მრევლი შევადარე, სურათი მთლად არ იქნებოდა თუ ერთ მცირე დეტალს არ დავძენთ. ჩვენ ვართ ამ ვენახის წევრი, მაგრამ სად იღებს ეს ვენახი თავის დასაწყისს - სად არის ამ ვაზების დედა ან ძირი საძებნი; ზვარი მშობელი ამ ვენახის არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ვართ წევრნი მისი სხვა და სხვა კუთხეების.

ჩვენი სამშობლო ქვეყანა, ჩვენი მამების და ჩვენი საკუთარი ქვეყანაა! რომელი ქართველის გული და სისხლი არ უნდა ატოკდეს ამ სიტყვების გაგონებაზედ - სამშობლო. სადაც არიან საფლავნი ჩვენი წინაპრების - სადაც არიან ჩვენთვის ძვირფასნი არსებანი, რომელთათვის ჩვენ, ჩვენ სიცოცხლეს და ყველაფერს მივცემდით. სამშობლო! ამის თქმაზედ ჩვენ გვიდგება თვალწინ ცა, რომელიც საქართველოს დასცქერის - მთები, ტყეები, ველები და მინდვრები. მისი სოფლები და ქალაქები, მისი საუცხოვო მონასტრები, თუ გინდ დაშთენილნი და დარღვეულნი და ციხე-კოშკები.

მაგრამ რისთვის გვიზიდავს ჩვენ ეს ცა და ტაძარ-კოშკები ან და მისი ტყე-ველნი და მდინარენი. განა უცხოეთში ცა იგივე არ არის - ლამაზი ქალაქები და ტაძრები არ ამკობენ ამ უცხო ქვეყანას? განა მზე საქართველოს აქ ისევე არ გვინათებს და გვათბობს; განა მთვარე უცხოეთში ნაკლებად ლამაზია ან და ნაკლებად არიან ვარსკვლავები ცაზედ? არა. თუმცა ჩვენი ქვეყანა ლამაზია და მოხდენილი. ბუნებით და მოხდენით ბევრ ქვეყანას უსწრებს და აღემატება; მაგრამ ყოველ სამშობლოს აქვს აგრეთვე თავისი საკუთარი სილამაზე, სულიერი უხილავი სილამაზე, რომელსაც მხოლოდ ის გრძნობს და ჰხედავს, განიცდის და იცის, ვისიც ეს სამშობლოა და ეს სულიერი უხილავი, გამოუთქმელი უბრალო სიტყვით, მაგრამ გამოთქმული პოეზიაში, მითოსში, გარდმოცემებში და ლეგენდებში. ე.ი. განსპეტაკებულ-აღმაღლებულ ღვთაებრივ ენით ეს გვიზიდავს. აიღეთ სულ უბრალო რამ მაგალითი, აიღეთ ცა საქართველოსი, ცა იგივეა, როგორც სხვა ბევრი ქვეყნების, ხან მოწმენდილი, ხან ღრუბლიანი, ხან მონისლული, ხან მზე გვიცინის ჩვენ იქიდან, ხან თოვლს და სეტყვას გვიშენს თავზედ და მაინც იმ დროს, როდესაც ცა პარიზის ქართველის გრძნობას და გონებას არაფერს ეუბნება, ცა ჩვენი ქვეყნის არა „სულ სხვაფრად გაბრწყინვებული და სულ სხვა გვარად დამშვიდებული“ (ილია ჭავჭავაძე); ცა, რომელიც ტფილისის მთაწმინდას დასცქერის, შეადარა ერთმა მგოსანმა, ძვირფას ქვა-ფირუზს (აკაკი); ცა, რომელიც ტფილისს თავზედ დასცქერის, შედარა მეორე ქართველმა კანკელს ე. ი. მას, რაც ეკლესიაში ხატებითაა მოჭედილი და რომელსაც მორწმუნენი სანთლებს უნთებენ და ემთხვევიან.

თავზედ გადგია, როგორც კანკელი
ცა მოელვარე და აჟღერილი
(პაოლო იაშვილი)

თუშ-ფშავეთ-ხევსურეთის ცა შვიდწელიწადში ერთხელ იხსნება და რასაც მაშინ ინატრებ, ყველაფერი იქნება და გურიის მოწმენდილ ცაზედ ერთმა ქართველმა თვით ანგელოზების დანახვაც კი შესაძლებლობად აქცია.

ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი
(გალ. ტაბიძე)

თუ ეს ცა, რომელიც ესეა დაშორებული მიწიდან, რომელიც თვის ბუნებით „ცივია და უგრძნობი“ ჩვენ ქართველ გრძნობას და გონებას იმდენს ეუბნება, რამდენის თქმა შეუძლიან მისთვის თვით დედამიწას, რომელზედაც ჩვენ ყველანი დავდივართ, რომელიც გამთბარია ჩვენი ლოცვით, საკუთარი სუნთქვით, ჩვენი ცრემლით და ჩვენი საკუთარი სისხლით. ციხე-კოშკები მოგვითხრობენ ჩვენ, ჩვენი წინაპრების გმირობას, მათ მოუდრეკელ სიყვარულს თავისუფლებისადმი - მათ ბრძოლებს თავის სამშობლოსათვის. ტაძრები და მონასტრები გვიამბობენ ჩვენ წინაპრების სულიერ ძიებას, მისწრაფებას ღვთისკენ - ჩვენ წარსულ კულტურულ ცხოვრებაზედ; ტყეებში და ღრეებში არის ჩარჩენილი ხმა და ამოძახილი მათი, ვინც მტრის შემოსევის დროს იქ სახლდებოდა, რომ თავისი თავი მაინც გადაერჩინა სამშობლოსთვის. მთელი ამეტყველებული ბუნება ჩვენი ქვეყნის და ქვათა ღაღადი არის მეორე მატიანე ჩვენი ქვეყნის, უფრო ქართული ენით დაწერილი, უფრო ვრცელი, უფრო მოხდენილი, უფრო ლამაზი, ვიდრე თვით „ქართლის ცხოვრება“. ალაპარაკებული ბუნება არის ფილოსოფია, პოეზია, რელიგია ჩვენი წარსულის - დაწერილი მატიანე კი არის, მხოლოდ ქრონოლოგია, ენციკლოპედია და მშრალი ისტორია.

ცენტრი, ძარღვი უმთავრესი, რომელზედაც ეს სამშობლო და ეს გარდმოცემანი ტრიალებენ, რომელიც ამათ ქმნის არის თვით ადამიანი - ამ ადამიანმა შექმნა ეს ტაძრები და ციხე-კოშკები, მან შემოახვია თავის მოქმედებით სულიერი და ფიზიკური გმირობით შარავანდედი მთელ მიდამოს; მან ჩასძახა და ჩასწერა ბუნებაში ის, რაც სხვისთვის, უცხოსთვის წიგნია შვიდ ბეჭდით დაბეჭდილი, გაუგებარ ასოებით დაწერილი და რასაც იგი ესე ადვილად და თავისუფლად კითხულობს და მღერის.

ეს ადამიანი მთელი თავის არსით, სისხლით, უკანასკნელ ძარღვით მიჯაჭვულია ისე, როგორც ამირანი კავკასიონის ქედზედ თავის სამშობლოზედ და ეს მიჯაჭვა არის უფრო მტკიცე, ორგანიული, განუყრელი, განუშორებელი, თანაარსი; ის განიცდის თვისში მთელ წარსულს და „როს დადის მშობლიურ მიწაზედ, გრძნობს წინაპართა ძვალთა მსხვრევას“. სისხლი მის წინაპრების მასში მჩქეფარე არის იმავე დროს ანდერძი მის წინაპრების მისდამი; ის თვისში ატარებს ყველა იმ კეთილს, რაც ჩვენში დროთა ვითარებაში შეიქმნა და ყველა იმ ბოროტს, რომლის წინააღმდეგ უკეთესნი შვილნი ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის წინამძღოლობით ებრძოდნენ - ეს არის ცოცხალი. განსახიერებული, ხელით მოსაკიდი და თვალით დასანახი ჩვენი ქვეყნის წარსული, ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავალი.

როდესაც ეკლესია ლოცულობს ან ლაპარაკობს სამშობლოზედ, ის არ ჰგულისხმობს პირველ რიგში ტაძრებს, ან საქართველოს მზეს ან მთებს და ველებს, არამედ იმ ადამიანს და მის კეთილდღეობას, რომელიც ყველა ამათ ჰქმნის, სდარაჯობს, სულს უდგამს, ინახავს და იცავს. და როდესაც ეკლესია ლაპარაკობს ადამიანზედ, მას აქვს პირველად ყოვლისა ის სახეში, რომელიც გრძნობს წინაპრების ანდერძს და ესმის ენა თვისი ქვეყნის, რომელმაც იცის პასუხისმგებლობა თვისი ცხოვრების, ამ ანდერძის წინაშე და სცდილობს შეძლებისდაგვარად ერთი ნაბიჯი მაინც წინ წადგას ამ პასუხისმგებლობის გამართლებაში და ეკლესია უდგას გვერდით ამ ადამიანს და ეხმარება მას ამ ანდერძის აღსრულებაში და ეს ანდერძია: ძიება ღვთის და ძიება ღვთის სასუფევლის და ღვთის სიმართლის ამ ქვეყანაზედ - ბრძოლა უფლებისათვის, თავისუფლებისათვის და განვითარებისათვის.

ამ ანდერძის ასრულებისათვის ჩვენ არ ვართ შეზღუდულნი ჩვენი სამშობლოთი; ეს ანდერძი დღის პირველ რიგში სულიერ-რელიგიურ-კულტურულ ხასიათისაა და ამას ჩვენ აქ ისევე შეგვიძლიან ვემსახუროთ და შეიძლება უკეთ შეგვიძლიან ვემსახუროთ, ვიდრე ჩვენს სამშობლოში. ერთი არ უნდა დაგვავიწყდეს: არაა ის გამორიყული და საბრალო, რომელმაც სამშობლო დასტოვა; ეს ადამიანი არაა გამორიყული და საბრალო. არა საბრალოა ის და თვით ნიცშეც თავის „საბრალოა ვისაც სამშობლო არა აქვს“, ჰგულისხმობს იმ ადამიანს, რომელიც აღარაა შესისხლხორცებული ორგანიულად თავის ძარღვით, სისხლით და ხორცით თავის სამშობლოსთან. რომელიც თვისში ანდერძს, თვის წინაპრებს აღარ გრძნობს, რომელსაც ბუნება აღარაფერს აღარ ეუბნება; ამისთანა ადამიანს შეუძლია ისევე კარგად იცხოვროს ტფილისში, როგორც უცხოეთში. ჩვენში კი ამოდენა ტანჯვამ და წვალებამ სულ სხვა ძარღვები აალაპარაკა ან და უნდა აელაპარაკებინა.

„მამაო ჩვენო“ იესო ქრისტეს ლოცვის პირველი სიტყვა იყო მამა ე. ი. ღმერთი, ჩვენი ლოცვის პირველი სიტყვა კი არის ანდა ჩვენდა მესვეურთა და ბელადთა სწავლებით უნდა ყოფილიყო სამშობლო. იესო ქრისტეს ლოცვის პირველი სიტყვა იყო ღმერთი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება, როგორც ქრისტიანებს, სამშობლო გავიხადოთ და დავისვათ კერპად. მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს წარმატებისათვის და დიდებისათვის ვიცხოვროთ და ვიბრძოლოთ. არამედ სუბიექტი ჩვენი მისწრაფების უნდა იყოს ღმერთი, და ისე კი არა ღმერთი და სამშობლო, ღმერთი ეკლესიაში და სამშობლო ეკლესიის გარედ ანდა უკეთ სამშობლო ეკლესიაში და სამშობლო ეკლესიის გარეთ, არამედ ღმერთი სამშობლოში უკეთ სამშობლო ღმერთში.

და ამისთანა დიდ კონცეპციაში დიდ ხაზების შორის ჩაყენებული ჩვენი პატარა ქვეყანა შემოფარგლული ირგვლივ საზღვრებით, ჩვენი პატარა სურვილები, შემოფარგლულნი ირგვლივ, ჩვენი მისწრაფებანი, ჩვენი ტანჯვა, ჩვენი აქ ყოფნა, ყველაფერი რაც მოხდა და ხდება მიიღებს სულ სხვა მნიშვნელობას და სხვა სახეს და შეიძლება ჩვენთვისაც ცოტათი მაინც ცხადი შეიქმნას დანიშნულება და მოწოდება ჩვენი ერის.

ემიგრაციაში ყოველთვის ჯამი კეთდება ერის სულიერ ცხოვრების. აიღეთ ქართველი ემიგრაცია მოსკოვში, რომელთაც ჩვენ ერს აჩუქეს ბიბლია - კულტურული მიღწევა XVIII საუკუნის, რომელიც დღევანდლამდისინ უბადლოა მთელ ჩვენ ცხოვრებაში და რომელთანაც შედარებით მთელი მუშაობა და მომუშავენი შეიძლება შევადაროთ „მშვილდთა ბედითთა ყმაწვილთა მონადირეთა“. ებრაელებმა ბაბილონის ტყვეობაში აჩუქეს თავის ერს კანონი ძველი აღთქმის ე. ი. ჯამი გაუწიეს მთელ კულტურულ მუშაობას წინა ეპოქის; ბერძნებმა თვისი ფილოსოფია შექმნეს უცხოეთში და ესეც ემიგრაციამ, განთავისუფლებული მითოლოგიურ წარმოდგენებიდან თავიანთი ქვეყნის, რომელიც ადამიანის თავისუფალ აზროვნებას გასაქანს არ აძლევდა, შექმნეს უცხოეთში ის, რამაც ბერძნები უკვდავ ჰყო შემდეგში. ემიგრაციას არა აქვს პოტენცია შემოქმედებითი, იგი არის ჯამის შედეგები სინტეზის გაწევა, ყველა იმ მუშაობის, რაც კეთდებოდა მის ქვეყანაში, მის წინ.

რა დიდი სულიერი მუშაობა სწარმოებდა ჩვენ ერში, რომ დღეს ჩვენ მას სინტეზი გაუწიოთ? რა საუნჯენი მოვიტანეთ ჩვენ, ჩვენი ქვეყნიდან აქ, რომ დღეს ესენი სისტემატიურად დავალაგოთ და თაიგულად შევკრად, რას წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის - ჩვენი პატარა სურვილები. ვიწრო აზროვნება, რომელიც აქამდისინაც არ მოგყვა და ეს მიტომ, რომ სუბიეკტად ჩვენი სურვილების იყო ან სამშობლო ან ამ სამშობლოს და მის შვილთა ეკონომიური წარმატება და არა ღმერთი. და ამიტომაც დღეს ვსხედვართ აქ ბაბილონის მდინარეზედ - შევცქერივართ ერთმანეთს, წვრილ ინტრიგებში ამოგვდის სული და ერთი-მეორეს ხელს უშლის თუ მას რაღაცის გაკეთების სურვილი აქვს. აქ ემიგრაციაში მაინც ჩვენს აზროვნებას უნდა ფართო ჰორიზონტი მიეცეს, რომ რაღაცა გავაკეთოთ, რომ სრულიად უმიზნოდ და უშედეგოდ, უკვალოდ არ გაჰქრეს ჩვენი ცხოვრება აქ ამ ჩვენს ერის მოწოდების დანიშნულების ცხადყოფად ვართ ჩვენ აქ დღეს, რომ ვებრძოლოთ ღმერთს, ვილოცოთ, ვიმუშაოთ და ვიფიქროთ - ღმერთს თვითეულ ჩვენგანს განუნათლოს გონება ამ მხრივ. ამინ.