წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე)

შინაარსი ჭეშმარიტ მოქალაქეობის
(„მამაო ჩვენოს“ განმარტება)

მოვედინ სუფევა შენი (ლუკა 11.2)

ყოველ ადამიანს მომავალს ამ სოფლად მოაქვს როგორც საუნჯე უმთავრესად სამი რამ. პირველი ესაა მის წინაპრების მიერ მოპოებული, დაცული და მათი გმირულ შარავანდედით შემოსილი სამშობლო, ეს არის მეორე მასში ჩანერგილი პოტენცია, ამაღლება დღიურ ჭირ-ვარამიდან თვისი ცხოვრების უმაღლეს აზრისადმი დასამორჩილებლად და მესამე სინტეზი განცდათა, სამშობლოს გარშემო და სამშობლოსადმი სამსახურის გარშემო და ჩვენ ამას დავარქვით სახელად ენა _ ამ უმთავრესად სამი დიდი საუნჯით დაჯილდოვებული მოდის ყოველი კაცი ამ ქვეყნად და მისი მოვალეობაა ამ ქვეყნად მოქალაქეობა.

მოქალაქე არ ნიშნავს პირველ რიგში ქალაქის მცხოვრებს, არამედ ყოველ შეგნებულ წევრს სამშობლოსი, გინდ იყოს ეს ქალაქელი, გინდ სოფლელი, გინდ მუშა. მოქალაქე არ ნიშნავს მას, ვისაც რაიმე კერძო საკუთრება აქვს თვის გარეშე. არამედ მას, ვინც გრძნობს უდიდეს საკუთრებას: ცხოვრებას, მის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას. ამისთანა კაცს ჰქვიან ქართულად მოქალაქე და მის ცხოვრებას ჰქვიან მოქალაქეობა. ეს სიტყვაც არის მძიმე და შინაარსიანი და ეს სიტყვა სხვა ერებს არა აქვთ და ამის გამო ყოველი ქართველი მოვალეა ზედმიწევნით ჩაუკვირდეს ამ სიტყვის მნიშვნელობას და აგრეთვე განითვალისწინოს ის სიტყვები სხვა ერის, რომელნიც ჩვენ „მოქალაქეს“ ან „მოქალაქეობას“ ენათესავებიან, მაგრამ მაინც მთლად არ ამოსწურავენ. თუ ვისმეს თქვენგანს სადმე წმინდანის ცხოვრება უნახავს და სათაურისთვის ყურადღება მიუქცევია, დაინახავდა „ცხოვრება და მოქალაქეობა“ ამა თუ იმ წმიდანის; ესაა სათაური ყოველ წმიდანის ცხოვრების. სიტყვა „ცხოვრება“ უთითებს მხოლოდ გარეგან მხარეებს ამ წმიდანის ცხოვრების, დაბადება, დრო, ქვეყანა, მშობლები, პირობები და სხვა ამგვარი; სიტყვა „მოქალაქეობა“ კი ჰგულისხმობს ამავე წმიდანის სულიერ ცხოვრებას, მის ბრძოლას თავის თავთან, თავის წრესთან და სიბნელესთან იმ აზრების და პრინციპების განხორციელებისთვის, რომელნიც მას აღელვებენ და რომელთა განხორციელება მათ თვისი ცხოვრების მიზნად დაუსახავს. სხვა ვარიანტი ამ „მოქალაქეობის“ არის „მოღვაწეობა“ ან „ცხოვრება და ღვაწლი“ ამა თუ იმ წმიდანის. მე მგონია ეს უკვე ერთგვარი ცდაა რუსულის მიხედვით შესწორება, რომელსაც სიტყვა „მოქალაქეობა“ არა აქვს ან და გართულება და ბუმბერაზულად დასახვა წმიდანის პიროვნების, რადგან „მოღვაწეობა“ უფრო რიხიანია და რთული, ვიდრე „მოქალაქეობა“ და ისეთივე განსხვავებაა როგორც ამ უბრალო მოქალაქის და „საზოგადო მოღვაწის“ შორის; ჩვენს ერს კი სწორედ ამისთანა უბრალო და მარტივი მოქალაქენი სჭირდებიან _ თვით მნიშვნელობა „ღვაწლის“ სრულიად გათვალისწინებისთვის საჭიროა ეს მოქალაქეობა, რადგან ეს ღვაწლი _ სწორედ შედეგია იმ მოქალაქეობის; ჩვენ კი რასაკვირველია ყოველთვის რთული და ძნელი რამე გვიტაცებს და სახლის შენება გვიყვარს არა საძირკველზედ, არამედ ღრუბლებში.

არა მხოლოდ მოქალაქეობა ყოველ წმიდანის არის ბრძოლა თავის წრესთან, დროსთან ან თავის-თავთან, არამედ მოქალაქეობა ყოველ მოქალაქის არის ბრძოლა თავის წრესთან, თავის დროსთან და თავის-თავთან. მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, მოითხოვს აზროვნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიან თვალით საგნების დანახვას, წინ დახედულებას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებულ ადამიანის, სხვის აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნას და დაფასებას. ესაა შინაარსი ჩვენი სიტყვის მოქალაქეობა. მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. თვისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად. ქართული მოქალაქეობა არც მაშინ გაურბის მსხვრეპლს _ როდესაც სხვები სიბნელეში და ჭაობში ყოფნას არჩევენ, ქართველი მოქალაქე მაინც მოქალაქეობს ვინაიდან მისი ჰორიზონტი გაცილებით შეუზღუდველია, ვინემ მისი ვინც სიმინდზედ ზევით აღარაფერს ჰხედავს. მან იცის, რომ თუ დღეს არა ხვალ მაინც და „ტყუილად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულის კვეთება“.

შინაარსი მოქალაქეობის არის ცხოვრება და ცხოვრება აწმყოში და იესო ქრისტე მიტომ მოვიდა ამ ქვეყნად, რომ ადამიანისთვის ეს ცხოვრება და ეს სარგებლობა აწმყოთი ესწავლებინა, ის ეთქვა ადამიანისთვის, რაც ორი სიტყვით გამოითქმება, რაც ჩვენმა წინაპრებმა ინტუიციით შეიგნეს და რაც დღეს ყოველ ქართველმა თვის შუბლზედ უნდა დაიწეროს, და ესაა: „ვინც ამ ქვეყნის მოქალაქედ არ ვარგა (მოქალაქედ იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც იგი მე ვიხმარე), იგი არც იმ ქვეყნის მოქალაქედ გამოდგება“.

ეს იყო ერთი მიზანთაგანი ღვთის განკაცების. მან ეს აზრი გამოსთქვა ბევრჯელ და დღევანდელ ლოცვაში „მოვედინ სუფევა შენი“ არის ეს აზრი ჩამარხული, სხვა მრავალ აზრებთან ერთად _ ეს ერთი აზრიც, რომელიც შეიძლება ჩვენ დღეს უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე.

„მოვედინ სუფევა შენი“ ესაა კარდინალური და ცენტრალური წერტილი კაცობრიობის, იესო ქრისტეს მოსვლის და განკაცების მიზანი. რა ადვილად გასაგებია ეს სიტყვა ყველა ჩვენთვის და რა ძნელად გვეჩვენება ჩვენ მისი ასრულება. ნაწილაკი „მო“ გვითითებს მასზედ, რომ ამ ღვთის სუფევის დამყარება და გამეფება უნდა მოხდეს ამ ქვეყნად. ჩვენ შორის, ამ მიწაზედ და ეს მოწოდება, ეს ლოზუნგი არაა მიმართული მასსებისადმი, არამედ ყოველ ქრისტიანულ პიროვნებისადმი. „მოვედინ სუფევა შენი“, იმ დღიდან, რაც ეს სიტყვა ადამიანთა შორის ჩავარდა, საუკეთესო შვილნი ყველა ერების და საუკეთესო შვილნი ჩვენი ქვეყნის დარაზმდნენ, რათა შეეწირათ თავიანთი საუკეთესო ძალა ამ ქრისტეს სუფევისთვის, ვის შეუძლიან განითვალისწინოს სხვადასხვანაირი საშუალებანი და ხატებანი, ყველა იმ ურიცხვ პიონერთა! უდაბნოში ცხოვრება, ოჯახის დატოვება, მოქალაქეობრივ ცხოვრებაზედ ხელის აღება ან და მოქალაქეობა მოქალაქეთა შორის და თვის დღიურ ჭირ-ვარამის ლოცვით და მოთმინებით ზიდვა _ ესაა წიგნი ცხოველი საღმრთო წერილის თქმით, ვინაიდან ვინც ამ წიგნში მოხვდა იგი სიკვდილის გემოს არ იგემებს, არამედ გარდაიცვლება სიკვდილისაგან ცხოვრებად და ესაა შავი წიგნი ჩვენი აზრით, წიგნი შავყდიანი და შავ ფურცლებიანი; მაგრამ თუ ჩვენ ქვეყანაში არსებობს ის შავი წიგნი, რომელზედაც ერთ დროს ერთმა ქართველმა მგოსანმა ჰკითხა ქართველ საზოგადოებას:

ვის უნახავს შავი წიგნი?
წიგნი წითელ ასოებით?
დაწერილი სისხლის წვეთით,
დაწერილი სასოებით.

ეს ის წიგნია, „მოვედინ სუფევა შენი“, ეს ნიშნავს ღვთის სუფევას, ღვთის მეუფების დამყარებას ამ ქვეყანაზედ და დღეს როდესაც ადამიანს სურს თავისი საკუთარი ძალით ბატონობა, როდესაც ადამიანი ისეთი სიმწვავით გრძნობს თავის პიროვნებას და არავის უფლებას არ აძლევს, მის ცხოვრებაში გაერიოს ან უკარნახოს, დღეს მოდის ეკლესია ამ ადამიანთან და ეუბნება ამ ადამიანს: იცხოვრე, იმუშავე, ღვთის საბატონებლად. ღვთის მეუფებისთვის _ ამ სიტყვას ამბობს ეკლესია იმ დროს, როდესაც ქვეყნის მეფეებს ტახტებს უნგრევენ; და არის დღეს თუ არა დრო, ამგვარ მიზნებისთვის და მისწრაფებისთვის, არის თუ არა დღეს დრო ყველა ამისთვის?

და მაინც ვინც ღრმად ჩაუკვირდება ჩვენ დღევანდელ დღეს, ის დაინახავს, რომ ჩვენი დრო არის სიბნელით და განსაცდელით სავსე. განსაცდელით თვითეულისთვის და მთელი ერისთვის. ეკლესიის მსახურს არა აქვს რასაკვირველია უფლება ის გაიმეოროს, რასაც დროს დახასიათებაში პარტიის წარმომადგენელნი ამბობენ _ ეკლესია მოვალეა ყოველთვის შეიგნოს ის ძალები, რომელნიც მოქმედობენ: ძალები, რომელნიც ანგრევენ და ძალები, რომელნიც აშენებენ და შეეცადოს ეკლესიურ სულით და უკვდავებით, რომელიც ასე საჭიროა ყოველ ამშენებლობისთვის, შემოსოს ეს ამშენებლობა, რათა აღშენებულს ჰქონდეს მადლი და კურთხევა. ჩვენ დროს უფრო ელემენტები დანგრევის ახასიათებენ, ვიდრე ელემენტები აღმშენებელნი და ამისთანა ქვეყანაში ისმის ხმა: „მოვედინ სუფევა შენი“. სასაცილოა დილემა _ ამისთანა ბელადები, რომელნიც ანგრევენ, ადამიანი, რომელიც სიბნელეში რაღაცას ეძებს, ჩხირკედელაობს და წვალობს თუ ღმერთი, რომელმაც ქაოსიდან შეჰქმნა ქვეყანა, რომელიც თვით ნათელია და ბრწყინვალეა, სასაცილოა ამისთანა კითხვის დასმა. მაგრამ ჩვენი ცხოვრება დღეს ისეა დახურდავებული, უვიცი და შეუგნებელი ისეა ჩვეული კითხვის დასმას და პასუხის გაცემას, რომ ამისთანა კითხვაც უნდა დაისვას და ის, რომელიც ღვთის სახლისთვის გადასწყვეტს, უნდა კიდეც სერიოზულად მოჰკიდოს ხელი მუშაობას. ამინ.