წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე)

შინაარსი ჭეშმარიტ მოქალაქეობის
(„მამაო ჩვენოს“ განმარტება)

და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა (მათე 6.12; ლუკა 11.4)

მოქალაქეობა ადამიანის სწარმოებს არა ტყეებში და ღრეებში, არამედ ადამიანთა შორის. თვით სიტყვა „მოქალაქე“, რომელზედაც ჩვენ გვქონდა საუბარი, ჰგულისხმობს ქალაქს ე. ი. შემოღობილ, შემოზღუდულ ადგილს. „ქალაქი“ პირველ ხმარებით ნიშნავს ციხეს (საპყრობილეს კი არა, არამედ ციხეს) და ამ ციხეში, რომ მტრები არ დაესიონ, სცხოვრობს ეს მოქალაქე; როგორც ყოველ ციხეში ცხოვრება და მოქმედება ჯარისკაცის მტკიცედ არის შეკავშირებული მეორე ჯარისკაცის ცხოვრებასთან და მოქმედებასთან და თუ ერთი ჯარისკაცი ისე არ იქცევა, როგორც მას დისციპლინა მოსთხოვს და თვის ცხოვრებით სხვებს რყვნის და ჰბილწავს - თუ იგი გარეგნულად და სულიერად საქმისადმი ისეთ განწყობილებას არ აჩვენებს, როგორც მას მისი უფროსი ან საქმე მოითხოვს, ასეთი ჯარი ვერ გაუძლებს მტრის შეტევას - ასევეა ამ შემოზღუდულ ციხეში ცხოვრება მოქალაქის გადაკვანძული ცხოვრებასთან მეორე მოქალაქის; ეს კავშირი შეიძლება პირველ შესახედავათ უხილავი და უგრძნობია, და თუ მისი წევრნი არ გრძნობენ ამას, იგრძნობენ უთუოდ განსაცდელის დღეს - თუ ერთი და იგივე სულიერი განწყობილება არ არსებობს ამ წევრთა შორის, თუ ერთი დიდი აზრი და იდეია არ აღფრთოვანებს ამ საზოგადოებას, და ერთ დიდ იდეალს ყოველივე თვის წვრილმანს არ უმორჩილებს - თუ ერთი ცისკენ იწევს, მეორე ზღვისკენ და მესამე უკან იხედება (როგორც ერთ არაკშია), ამისთანა საზოგადოების დასასრული დაღუპვაა - არა მხოლოდ მისი, ვინც დამნაშავეა, არამედ მისიც, ვისაც თავი განზედ უჭირავს (შეგნებით თუ შეუგნებლობით), და გაიძახის: „მე ვარ და ჩემი ნაბადი“-ო და ამ ნაბდის გარდა მას არაფერი არც სწამს და არც აინტერესებს - საზოგადო დაღუპვა, რომელიც აუცილებელი შედეგია ამისთანა საზოგადოებრივ ცხოვრების, იმსხვერპლებს მეთაურებსაც და ამ ნაბდის პატრონსაც.

ასეთი სიმწვავით ამას ისე ვერვინ განიცდიდა წარსულში, როგორც ჩვენ ეკლესია და ერი - და ამ განცდას ჩვენმა ერმა აღუმართა ძეგლი თვის ენაში - ჩვენ უკვე დავინახეთ „მომეც ჩვენ“ და აქ „მომიტევენ ჩვენ“ და ეს უთითებს მასზედ, რომ ქართველი ერი, ერთი მუჭა ხალხი, გარშემო შემოფარგლული მტრებით, გრძნობდა ყოველთვის სიმწვავეს განცალკევებისას; გრძნობდა, რომ ერთის ცხოვრება არაა კეთილდღიური და ბედნიერი, თუ მეორესი არ იქნება ბედნიერი; ერთის არ იქნება მშვიდობიანი და მყუდრო, თუ მეორეს ელის რაიმე განსაცდელი.

წარსულ ქადაგებიდან ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანი ვალდებულია გაუნაწილოს თვისი პური მეორეს, რადგან მისთვისაც გამოითხოვა იგი ღვთისგან და ამისთანა პირობითაც მიიღო არა როგორც მადლი და ნასუფრალი, არამედ როგორც მოვალეობა. აქ გვქონდა ჩვენ საკითხი, თუ გსურთ სოციალურ-ეკონომიური და დღეს ჩვენ გვაქვს საქმე მეორე დარგთან საზოგადოების ცხოვრების, რომელიც აგრეთვე მრავალმნიშვნელოვანია და ესაა სოციალურ-ეთიური „მომიტევენ ჩვენ“-ით გამოთქმულია, რომ თვითეულ ადამიანს აქვს თვისი პირადი ეთიური ღირებულება და ფასი ღვთის წინაშე, ყოველი ადამიანი და თვითეული მოვალეა გაუსწოროს ამას ანგარიში. აქ ჩვენ წინ დგება კაცი, როგორც მოვალე. ვალით სავსე ღვთის წინაშე და მართლაც, რით შეუძლიან დაიკვეხნოს ადამიანმა, რომ რაიმე მისი საკუთარია - რა მოიტანა მან ამ ქვეყნად? მისი ვალი ღვთის წინაშე დიდია და ამ ვალის გადახდა მისთვის ძნელია, ღმერთი შეუმსუბუქებს მას ამ ვალს და მიუტევებს მხოლოდ იმ პირობით, თუ მან თავის მხრივ მიუტევა ის ვალი თვის მოძმეს, რომელიც მას მისადმი მართებს. აქ ვალი არაა მხოლოდ ნივთიერი ხასიათის - „თანანადები“ - უთითებს სულიერ მხარესაც, რაც ადამიანს თან აქვს, თან დააქვს, რაცაა მასში: განწყობილება, აზროვნება, მოფიქრება, რომელიც ყოველთვის (ჩვენში სამწუხაროდ ამას არა აქვს ხშირი ადგილი) წინ უნდა უძღოდეს საქციელს. ანგელოზი ადამიანთა წრეში იშვიათი მოვლენაა - ყველას მიგვიძღვის დანაშაული და პირველი ვალდებულება ყოველ მოქალაქის სათნოება პატიების თვის ცხოვრების პრინციპად გაიხადოს მით უმეტეს თუ იგი ქრისტიანია - ჩვენი სჯული ებრძვის „სისხლის აღებას“ და ეკლესია აძლევს თვის წევრს უდიდეს მაგალითს ამ პატიების, იგი იმ შემთხვევებშიც კი ასრულებს ქრისტეს ამ ძნელ მცნებას, როდესაც ადამიანის გონება და მთელი მისი სულიერი თუ ფიზიკური არსება ეწინააღმდეგება მას.

დღეს არის არა ჩვეულებრივი დღე ჩვენი ემიგრაციისთვის. დღეს ვახსენებთ მათ, ვინც ჩვენ ქვეყანაში აჯანყების და არეულობის დროს დაიღუპნენ და რომელთა სისხლი, ჩვენი ყველასი რწმენით, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოთ და წარმატებისთვის დაიღვარა. ამ გუნდში ერია არა ერთი და ორი სამღვდელო პირიც. დღეს ჩვენ თვალწინ გაივლიან ყველა ესენი, ახალგაზრდები და მოხუცებულნი; ისინი, ვისი გულიც გამთბარი იყო და ღვიოდა ცეცხლი მათში სამშობლოს სიყვარულის. თქვენ გქონდათ ყოველთვის ტრადიცია ამ დღეს თავის მოყრის, რომელიმე დარბაზში და იქ ისმენდეთ მოხსენებებს ამათ ცხოვრებიდან და ღვაწლიდან. შარშანაც ესე მოიქეცით და დღეს კი მოსაწონია თქვენი საქციელი, რომ ეკლესიაში, წირვაზედ მობრძანდით და გსურთ იესო ქრისტეს შეავედროთ მათი სული. ამაზედ უკეთეს სამსახურს და მადლობას თქვენ განსვენებულთ და მოწამეთ ვერ უძღვნით და ჩემი მოვალეობა იყო დღეს (რადგან ეს პირველი შემთხვევაა ჩემთვის), რაიმე მეთქვა თქვენთვის - მათი ხსენების ღირსი და ჩვენთვისაც სასარგებლო. მოვალეობა იყო ძნელი, რადგან საერთოდ მე, საჯაროდ გამოსვლას ჩვეული არ ვარ და მრწამს, რომ ღვთის განგება დამეხმარა - ქადაგებათა ციკლის „მამაო ჩვენოზე“ რიგზედ იდგა „და მომიტევენ ჩვენ“ და თვით სახარებაც დღევანდელი, რომელიც ჩემ მიერ ამორჩეული არაა, არამედ ეკლესიის მიერ დაკანონებული იყო ის. წმიდა და ღრმა შინაარსიანი ამბავი, რომელიც ყველა თვითეულმა თქვენგანმა ესეთი სასოებით და სიმდაბლით მოისმინა. გავიხსენოთ მოკლედ. იესო ქრისტესთან (მარკოზი 2...) მოჰყავთ განრღვეული, მისი სნეულება, მაშინდელ თვალსაზრისით იყო ცოდვების შედეგი - მისი განკურნება: მისი ცოდვების პატიება იყო, ხსნა მისი იმ კრულვიდან, რომელიც იყო მიზეზი მისი უბედურებისა. იესოც ეუბნება: „გეპატიოს შენ ცოდვანი შენნი“ და შემდეგ „აღსდეგ აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე“. ფარისეველთა შორის განგაშია, და იესო უსვამს მათ კითხვას: „რაა უფრო ადვილი სათქმელად: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“ თუ „აღსდეგ აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე“. ჩვენი ერიც ემსგავსება ამ განრღვეულს, ამ ლოგინზედ მიჯაჭვულ უბედურს და ეს სენი ჩვენი ერის ცოდვის შედეგია და ამ სენიდან იხსნის ჩვენ ერს პატივება მის ცოდვათა.

ჩვენი ერის და თვითეულ ჩვენთაგანის ცოდვები ისე არასდროს არ ღაღადებდნენ ღვთისადმი, როგორც დღეს ჩვენ ვსხედვართ აქ უცხო ქვეყანაში, უცხოთა შორის - განა ჩვენ ზრუნვა და ტანჯვა გვაკლია, რომ ისიც, რაც საჭირო არაა დღეს ჩვენთვის - რაც წარსულს ეკუთვნის - ისიც მძიმე ლოდივით თან გულზედ გვედოს! არა სჯობია ჩვენთვის ეს მოვიშოროთ, გადავაგდოთ - განა ჩვენი ცხოვრება დღეს არაა ისედაც ძნელი, ბნელი და მძიმე, რომ ისიც თან ვათრიოთ, რაც ჩვენ არ გვჭირია. რაც უმიზეზოდ გვღლის - უაზროდ ჰორიზონტს გვიბნელებს, აზრს და მიზანს გვიხლართავს და ისედაც რთულ ცხოვრებას, სრულიად უსარგებლოდ გვირთულებს. მე არ ვიხმარებ აქ სიტყვის გაბედვას და ვიტყვი: რადგან სიმწარე ბევრ ჩვენგანს ნებას არ აძლევს ხელი გააწვდინოს იქით და მისცეს მათ; მაგრამ აქ მაინც, ჩვენ შორის უნდა ვასრულებდეთ ამ ცნებას - საჭიროა ვითომ ამოდენი ქიშპობა, შური და ბოროტება, რომელიც დღეს ჩვენ შორის სუფევს. ერთმა მეორეს უნდა შეუნდოს აქ დანაშაული, რადგან უდანაშაულო, უთანანადებო, უცოდველი აქ ჩვენ შორის არვინაა - და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. ამინ.