ქრისტეს უღელი და სულის სიმშვიდე

ღმერთი არის ღმერთი წესრიგისა. ყოველივე მისგან არის მოწყობილი განსაზღვრული წეს-კანონებით და არაფერია ამქვეყნად შემთხვევითი. რელიგიურ სფეროსაც წარმართავს კანონები, რომელთაც ექვემდებარება ქრისტიანთა ყველანაირი სულიერი მდგომარეობა. ადამიანებს ეს ხშირად ავიწყდებათ. ჰგონიათ, რწმენა, სულიერი სიმშვიდე თავისთავად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დაივანებს მათ სულებში. როდესაც გვესმის უფლის მოწოდება: „მოვედით ჩემდა და მე განგისუენო თქვენ...“ ზოგიერთს ეს ისე ესმის, თითქოს სიმშვიდე არის წყალობა, და რომ საკმარისია მხოლოდ მიმართოთ ქრისტეს და ყოველ მთხოვნელს უბოძებს მას. სიმშვიდეს კი უფალი მას ჰპირდება, ვინც პატიოსნად იღწვის ღვთის სადიდებლად, საკუთარი სულისა და მოყვასის საცხოვნებლად. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“ (მათე 11, 28).

მუდმივი სულიერი სიმშვიდის მოსახვეჭად ქრისტეს უღელი უნდა დავიდგათ ანუ მივსდიოთ მაცხოვრის სწავლებას, დავიცვათ მისი მცნებები და ვისწავლოთ მისგან თავმდაბლობა და მორჩილება. ტვირთმძიმეებად იგულისხმებიან ცოდვიანი ცხოვრების სიმძიმისაგან დამაშვრალნი, რომელთაც მოუწოდებენ სხვა, ახალი უღლის აღებას, რომელიც არის ქრისტეს უღელის დაცვა. „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქუენთა“ (მათე 11, 29).

მაშასადამე, სიმშვიდე ეძლევა ადამიანს არა რომელიმე ერთი კარგი საქციელისა, არამედ მთელი რიგი კეთილი საქმეებისთვის, თანაც არა ერთბაშად, როგორც რაიმე ნივთი რამ, არამედ როგორც ყოველგვარი ცოდნა: ნელ-ნელა, თანდათანობით, იმ მცენარის მსგავსად, სწორად რომ ვითარდება, და რომლის შემდგომი ზრდისათვის დრო, ადგილი, ჰაერი, შესაფერისი ნიადაგი და ზრუნვაა საჭირო. მასვე გვასწავლის უფალი, როცა გვიბრძანებს სიმშვიდეს ცოდნით (სწავლით) მიაღწიეთო. „ისწავეთ ჩემგან...“ თავდაპირველად გადაწყვიტეთ აღასრულოთ ქრისტეს მცნებები, ისწავლეთ მისგან თავმდაბლობა და მორჩილება და მხოლოდ მაშინ მოიპოვებთ სიმშვიდეს. რატომ არის აუცილებელი სულიერი სიმშვიდისათვის თავმდაბლობა და მორჩილება? იმიტომ რომ ამ ორ უდიდეს თვისებას უკავშირდება ყველა სათნოება, მათგან მოიხვეჭება სიმშვიდე. ისწავლეთ რას ნიშნავს, რომ იყო თავმდაბალი და მორჩილი, მოიხვეჭეთ თავმდაბლობა და მორჩილება და „ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს“.

ისწავლეთ თავმდაბლობა და მორჩილება და სულის ყველა ცუდი თვისება გაქრება. ვისაც შეცნობილი აქვს საკუთარი არარაობა და უსუსურობა სიკეთის ქმნისა, იგი არ მრისხანებს მისი ღირსებების დაუფასებლობისას და არც შეურაცხყოფილად გრძნობს თავს ამის გამო. ვინც არაფერს ეძებს, არაფერი სურს, არაფერს არ მოელის - მას არავისი არ შურს და არ სწუხს არაფერზე. აი, რატომ არის, რომ მორჩილნი და თავმდაბალნი ყოველივე ამქვეყნიურზე ამაღლებულნი არიან. ისინი მეუფებენ წუთისოფელზე, ვინაიდან არ სჭირდებათ იგი.

მორჩილნი და თავმდაბალნი ყოველთვის და ყველაფრით კმაყოფილნი არიან. რაც არ უნდა შეემთხვეთ, ისინი ამას ღვთისაგან მოწევნილად იღებენ. ერთნაირად სწირავენ მადლობას არსთა გამრიგეს როგორც კარგისათვის, ისე ცუდისთვისაც, რამეთუ მიიჩნევენ, რომ წყალობის კი არა, მხოლოდ სასჯელის ღირსნი არიან ცოდვათათვის. მათი ნება ღვთის ნებაშია. ამიტომაც სულით ღატაკნი (მორჩილნი) დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს.

ამგვარად, მოძღვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი თავის მიმდევართაგან (ქრისტიანებისაგან) მოითხოვს მორჩილებას და თავმდაბლობას, ჭეშმარიტად სწორი ცხოვრების გზას გვასწავლის ამქვეყნად, რათა მოვიპოვოთ  სასუფეველი ცისა. ასეთი ცხოვრება მოიხვეჭება არა წიგნებიდან, წესებითა და რჩევა-დარიგებებით, არამედ გამოცდილებით. თვით უფალი, ამ ქვეყანას განკაცებულად მოვლენილი, სათნოებას მარტოოდენ ლიტონი სიტყვებით არ გვასწავლის: ის ცხოვრობდა სათნოდ, და ჩვენც უნდა ვბაძავდეთ მის საქმეებს, ვისწავლოთ მისგან და კიდევ მათგან, რომელნიც წარემატნრნ მის მიბაძვაში.

იესო ქრისტე თვირთმძიმეთ და მაშვრალთ მოუწოდებს დაიწყონ ცხოვრება სახარების კანონებითა და მისი, მაცხოვრის ცხოვრების მაგალითისამებს. „შემხედეთ მე, - ამბობს თითქოს ის, - მომყევით მე, გაიგეთ ცხოვრება ისე, როგორც მე მესმის. იყავით მორჩილნი და თავმდაბალნი და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს“. მაცხოვრის მიწიერი ცხოვრება გარეგნულად მძიმე, გაუსაძლისი ჩანდა, მაგრამ შინაგანად იგი აღსავსე იყო სიმშვიდით. მაშინაც კი, როდესაც მკვლელები იერუსალიმის ქუჩებში მისდევდნენ, თავის მოწაფეებს მშვიდობას უანდერძებდა: „მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ“ (იოანე 14, 27).

არაფერი არღვევდა იესო ქრისტეს შინაგან სიმშვიდესა და კმაყოფილებას: სიღარიბე არ თრგუნავდა მას, იგი უქონელი იყო. საზრდელი, ტანსაცმელი, ფული - ადამიანთა უმრავლესობის ტანჯვის მიზეზი, იოტისოდენადაც არ აწუხებდა. ყოველივე ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა მის ცხოვრებაში, იგი არ ფიქრობდა ამაზე. შეუძლებელი იყო მისი შეურაცხყოფაც, მისი დიდების დამდაბლება, რამეთუ „თავად დაიმდაბლა თავი“. იგი ყრუ იყო შეურაცხყოფის მიმართ და როდესაც ლანძღავდნენ, სამაგიეროს არ მიუზღავდა. ქვეყნიერებას არ ძალუძდა მისი სულის ოდნავაც კი ამღვრევა.

ასეთი ცხოვრება ღვთისადმი სრული თვითშეწირვაა. ჭეშამარიტად, იესო ქრისტეს სიტყვა და საქმე ერთი იყო. როგორც მაცხოვარი ამბობდა, იგი ამქვეყნად მოვიდა, რათა ებოძებინა ადამიანთათვის ჭეშმარიტი სიცოცხლე, იმაზე უხვი, ვიდრე მათ ჰქონდათ. „რაითა ცხოვრებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს“ (იოანე 10,10).

ეს სწორედ იმგვარი ცხოვრება, რომლითაც თავად ცხოვრობდა და მთელ კაცობრიობასაც სთავაზობდა, მოუწოდებდა ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ, „მოვედით ჩემდა“, ოღონდ ასეთი პირობით: „აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“. როდესაც ისწავლით გულწრფელ მორჩილებასა და თავმდაბლობას, მხოლოდ მაშინ მოიპოვებთ სიმშვიდეს, მაშინ „უღელი ჩემი იქნება ტკბილ და ტვირთი ჩემი სუბუქ“ (მათე 11, 30).

რატომ უწოდებს უფალი მისი გზით სიარულს უღლის დადგმას და ტვირთის ზიდვას? ნუთუ ქრისტიანობა კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც დუხჭირ ცხოვრებას? ნუთუ რელიგია მხოლოდ მძიმე წესებისა და მტანჯველი შეზღუდვების დაცვაა? განა ცხოვრება საკმარისად ძნელი, მძიმე და უსიხარულო არ არის, რომ კიდევ ახალი უღელი დავამატოთ? ეს კითხვები იმ ადამიანს წამოეჭრება, ვინც ღმერთს დაშორებია. ასეთ ადამიანს ამქვეყნიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ურჩევნია ცათა სასუფეველს. სწორედ აქ სცდება იგი - უღელი მუშა საქონლის შრომის შესამსუბუქებლად იხმარება. გუთნის ან უღლის თრევა აუტანელი იქნებოდა ხარისათვის, რომ არა უღელი. მისი წყალობით ტვირთი მსუბუქი ხდება. უღელი საწამებელი კი არა, არამედ თანაგრძნობის და შეწყალების იარაღია. უღელი სამუშაოს დასამძიმებლად გამოგონილი ბოროტი რამ განზრახვა როდია, არამედ სიმძიმის შესამსუბუქებელი საუკეთესო საშუალება. და მაინც ზოგიერთები მზად არიან ქრისტეს უღელს უწოდონ მონობა, ტანჯვა და სასჯელი; ეს უსამართლობაა. როგორც უღელი უმსუბუქებს საქონელს შრომას, ასევე ჩვენც ქრისტეს უღელი (მცნებები და სწავლება) - ცხოვრების სიმძიმეს, ღვთისგანვე დაწესებულს, რომელიც აკვნიდან სამარემდე უნდა ვზიდოთ.

ამრიგად, როგორც „უღელი“, ისე „ტვირთი“ უფლისგან გვაქვს: „უღელი ჩემი და ტვირთი ჩემი“ - აქ მოტანილი სახარებისეული სიტყვები შეიძლება ასე გადმოვცეთ: „მოდით ჩემთან, მაშვრალნო და ქანცგაწყვეტილნო შრომისა და ცოდვათა ტვირთისაგან და მე დაგამშვიდებთ თქვენ“, ოღონდ აიღეთ თქვენს თავზე ჩემი მცნებების შესრულება (უღელი) და ისწავლეთ ჩემგან თავმდაბლობა და თვინიერება, და თქვენს სულში დაივანებს სიმშვიდე, რადგან ჩემი მცნებები კეთილია და მას, ვინც ამ მცნებებს შეასრულებს, ცხოვრება (ტვირთი) შეუმსუბუქდება.

სხვანაირად კი, ჩვენს ნებაზე მიშვებულნი, უფლის დახმარების გარეშე, დიდი გაჭირვებით, ამაოდ, უგუნურად ვათრევთ ცხოვრების ტვირთს. ილაჯს ვიწყვეტთ არსებობისათვის გაუსაძლის ბრძოლაში. უფალი ჩვენგან ითხოვს მორჩილებას ჩვენი სიკეთისა და ხსნისათვის და გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ უკეთესად, ისე რომ, შევინახოთ ძალები და მუდამ გაგვაჩნდეს სულიერი სიმშვიდე. „შემხედეთ მე, - ამბობს იგი, - ატარეთ ტვირთი, როგორც მე ვატარებ; ცხოვრებას ისე შეხედეთ, როგორც მე შევხედე, ისეთივე დამოკიდებულება გქონდეთ მასთან, როგორიც მე მაქვს, განმარტეთ იგი ისე, როგორც მე განვმარტავ, დაიდგით ჩემი უღელი, ისწავლეთ ჩემგან და ტვირთი შეგიმსუბუქდებათ“.

უჭირს მხოლოდ მას, ვისაც არ სურს თავისი საქმეები სინდისისა და უფლის კანონს შეუფარდოს, ასეთები სიმშვიდეს ვერ პოულობენ, რადგან მოციქული ამბობს: „ჭირი და იწროებაჲ ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა“ (რომ. 2, 9).

მხოლოს ქრისტესთან თანხმობით იქნება ჩვენთვის ცხოვრების ტვირთი სასიკეთო. აქედან ჩანს, რომ არავინ თავისუფლდება ცხოვრებისეული ჯვრის სიმძიმის ტარებისაგან. ეს იგივე იქნებოდა, რაც ცხოვრებისაგან განთავისუფლდება, რადგან თვით ცხოვრება უკვე ტვირთი.

ქრისტეს სწავლების მიყოლა აადვილებს ცხოვრებას, უთითებს რა უკეთესი, უფრო ბედნიერი გზისაკენ. ქრისტიანობას აქვს უნარი, ყველგან და ყოველთვის გააადვილოს ცხოვრების სიმძიმე, შეაგუოს მას ადამიანები. ქრისტიანობას აქვს, აგრეთვე, საოცარი უნარი დაამშვიდოს ადამიანი, შეარიგოს ყველასთან და ყველაფერთან, თანაც ბუნებრივი თვისებების დაუთრგუნავად.

შენში მრისხანება ბობოქრობს; ქრისტეს მოძღვრება გვასწავლის: შეგიძლია განრისხდე, ოღონდ არა მოყვასზე, არამედ იმ მტერზე, მოყვასი რომ წააქეზა შენს წინააღმდეგ. ცოდვათა გამო შენ მეტის ღირსიც ხარ, ცოდვები კი ეშმაკისგანაა, მას დაატეხე შენი რისხვა.

შენ სიყვარული გიღვივის გულში; ქრისტეს მოძღვრება გვასწავლის: „შეგიძლია და უნდა გიყვარდეს კიდეც ღმერთი და მოყვასი შენი, ოღონდ სულიერი სიყვარულით საკაცობრიო სიკეთისათვის და ღვთის სადიდებლად. მაგრამ გეკრძალება სიყვარული ხორციელი, ცხოველური, როცა ღვთის შექმნილს შემქმნელზე მაღლა აყენებ“.

ამგვარად, უფლის მცნებათა შესრულება ხელს უწყობს ადამიანს სწორად მიუდგეს ცხოვრებას. თანხმობა დაამყაროს გარემოსთან და ყველა ჩაგრული, საწუთროს ამაოებისა და სიმძიმისაგან დაბეჩავებული, მიჰყავს ახალი, კურთხეული ცხოვრებისაკენ, რომელიც, თავის მხრივ, მომავალი ცხოვრებისათვის ამზადებს მათ, და ეს არის ყველაზე მთავარი, რადგან ჩვენ ყველანი აქ დროებით ვართ მოვლენილნი, ჩვენი მარადიული სამყოფელი ზეცაშია. იქ გადავინაცვლებთ ღვთის ჭეშმარიტი მიმბაძველები, იქ მოვიპოვებთ მარადიულ სიმშვიდეს, რომელსაც უკვე ვერავინ დაარღვევს, ვერავინ წაგვართმევს. მოდით, ვეცადოთ, ვიყოთ კარგი, ნამდვილი ქრისტიანები, რომ გავხდეთ ზეციური იერუსალიმის ღირსეული მოქალაქენი და წმინდა სავანეთა მკვიდრნი, სადაც „მართალნი გამობრწყინდნენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისა. რომელსაც ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (მათე 13, 43).