არქიმანდრიტი რაფაელი

ღვთისა და ადამიანის სიყვარულის შესახებ

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ძმანო და დანო! ერთმა კაცმა იესო ქრისტეს ჰკითხა: „რომელი მცნებაა უდიდესი რჯულში? ხოლო იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, და მთელი სულით, და შენი გონებით. ეს არის დიდი და პირველი მცნება. და მეორე მსაგვსი მისია შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მათე 22, 36-39).

ერთმა მწირმა წმინდა ადგილების მოლოცვის დროს გაიგო, რომ ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწეობდა მაღალი სულიერებით გამორჩეული სქემოსანი ბერი, მან გადაწყვიტა სწვეოდა მას და აღსარება ჩაებარებინა. სქემმონაზონმა ის სიყვარულით მიიღო და უთხრა, რომ აღსარება ფურცელზე დაეწერა. მწირმა რამდენიმე დღე დაჰყო სავანეში, ღვთის წინაშე დიდი სინანულით ჩამოწერა თავისი ცოდვები და ბერს მისცა. მან ყურადღებით წაიკითხა აღსარება და უთხრა: „შენ, ძმაო, ბევრი რამ ზედმეტი დაგიწერია, შენ ინანიებ ერთსა და იმავე ცოდვებს, რომლებიც უფალმა უკვე მოგიტევა; არ გწამს აღსარების საიდუმლოსი, ამიტომ ხელახლა ამბობ მონანიებულ ცოდვებს. ნუთუ არ გჯერა, რომ შენთვის დაღვრილმა ქრისტეს სისხლმა წარხოცა შენი ცოდვები? საკმარისია მათი ერთხელ მონანიება! გარდა ამისა, ყურადღებას ამახვილებ სხვადასხვა გარემოებებზე, რომელთაც სრულიად არა აქვთ კავშირი შენს ცოდვებთან; დაწვრილებით ყვები გონებრივ ცოდვებზე. ეს არ არის საჭირო, მათი განხილვისას შესაძლოა ხელმეორედ წაიბილწო სული მოგონებებით. შენ ასახელებ სხვადასხვა ადამიანებს; აღსარებაში სახელების დასახელება არ არის საჭირო, ილაპარაკე მხოლოდ საკუთარ თავზე. და ბოლოს, არ გითქვამს ყველაზე მთავარი, რომ შენ არ გიყვარს ღმერთი და რომ შენ არ გიყვარს ადამიანი“.

მწირმა უპასუხა: „მამაო, როგორ არ მიყვარს ღმერთი?! მე ხომ მისთვის დავტოვე ყველაფერი და დავეხეტები, როგორც გლახაკი? როგორ არ მწამს სახარებისა, მისი წმინდა სიტყვებისა, მაშ, ვიღასი უნდა მჯეროდეს ამ ქვეყანაზე?! როგორ არ მიყვარს ადამიანები?! მე ხომ მათი მოწყალებით ვცოცხლობ? ყოველი ადამიანი, რომელიც ერთ კაპიკს ან ერთ ლუკმა პურს მაწვდის, ჩემი კეთილისმყოფელია, შიმშილით სიკვდილისაგან მიცავს, როგორ დავაყენო თავი მათზე მაღლა, როცა კონკების გარდა არა გამაჩნია რა?!“

სქემმონაზონმა ამაზე მიუგო: „ძმაო, შენ ჯერ კიდევ არ შეგიცვნია შინაგანი სულიერი ცხოვრება, ამიტომ კარგად არ იცნობ შენს გულს და ვერ გაიგე სრულიად, რის შესახებ გელაპარაკები მე. აი, წაიკითხე აღსარება, რომელიც ჩემმა სულიერმა შვილმა მომიტანა ახლახანს“. მან მისცა მას ფურცელზე დაწერილი აღსარება. მწირმა ხმამაღლა დაიწყო კითხვა: „ყურადღებით ვსწავლობდი რა ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ სრულიად არ მიყვარს ღმერთი. ვინც მიყვარს, იმის სიყვარულს გულით ვატარებ და ტკბილად ვიხსენებ მის სახელს; ვინც მიყვარს, ის ყოველთვის მახსოვს და ვფიქრობ მასზე, მაგრამ ბევრს ვფიქრობ მე ღმერთზე? ჩემი ფიქრების უმრავლესობა ეხება წარმავალს, ამქვეყნიურ ამაოებას და ცოდვებს. დღეღამეში, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ერთ საათს თუ დავუთმობ ხოლმე ფიქრებს ღმერთზე. როდესაც ღმერთზე ვფიქრობ, ამას უხალისოდ და იძულებით ვაკეთებ; მაგრამ თუ ამ დროს ვინმე ახალ ამბავს მომიტანს, მაშინ ხარბად ვიწოვ თითოეულ სიტყვას. როდესაც სახარებას და წმინდა მამათა წიგნებს ვკითხულობ, მაშინვე მავიწყდება წაკითხული; ახალი ამბები და ჭორები კი მრავალი წლის განმავლობაში მახსოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ მიყვარს!

ვინც მიყვარს, მასთან სიამოვნებით ვსაუბრობ. დიდი ხნით საუბარიც კი მოკლედ მეჩვენება და შეუმჩნევლად გადის დრო. ლოცვაზე კი გაჭირვებით ვდგები, ძალდატანებით და ლოცვის რამდენიმე წუთი წელიწადად მეჩვენება. სურვილი მიჩნდება სასწრაფოდ მივატოვო ლოცვა და ყოველდღიური საქმეების კეთებას მივყო ხელი. საბაბსაც კი ვეძებ, რომ ჩქარა დავამთავრო ლოცვა, ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სურვილი მექნებოდა ყოველთვის მესაუბრა მასთან, მეფიქრა მასზე.

ვინც მიყვარს, მასთან შეხვედრა მსურს. ტაძარში კი გულგრილად, უხალისოდ მივდივარ; ვერ ვგრძნობ ღვთის სახლში ყოფნას. ესე იგი მე ღმერთი არ მიყვარს. თვით ლოცვის დროსაც კი არ ვფიქრობ ღმერთზე, არამედ რაღაც განყენებულზე და ზოგჯერ, ლოცვის დამთავრების შემდეგ, იმასაც ვეღარ ვხვდები, დილის ლოცვები წავიკითხე თუ საღამოსი. თვით ლოცვისთვის განკუთვნილ დროსაც კი არ ვუძღვნი ღმერთს.

თუ ვინმე გვიყვარს, მის ნება-სურვილს სიამოვნებით ვასრულებთ. უფალმა თქვა: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს მცნებებს ასრულებს“. მე რომ ღმერთი მყვარებოდა, მის მცნებებს, ზეპირად ვისწავლიდი და შევეცდებოდი შემესრულებინა ისინი. ახლა კი რომ მკითხო, ღვთის მცნებები რომელიაო, ვერაფერს გიპასუხებთ. ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს. როდესაც არჩევანის წინაშე ვდგები, ვიმოქმედო ღვთის ნების მიხედვით თუ ჩემი ავხორცი გულისთქმებით, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი ცოდვების მიხედვით ვმოქმედებ. მაშასადამე, მე ღმერთი არ მიყვარს.

რაც შეეხება ადამიანის სიყვარულს, ვსწავლობდი რა საკუთარ თავს და ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ მე, ჩემი თავის გარდა, არავინ მიყვარს. როდესაც ადამიანი გვიყავრს, მასში მხოლოდ სიკეთეს ვხედავთ. მე კი ადამიანებში ვხედავ ცუდს, ბოროტებას, ვხედავ მათ ცოდვებს. მარტო საკუთარ თავში ვამჩნევ ღირსებას და სიკეთეს, ესე იგი, მე ადამიანები არ მიყვარს. ვინც გვიყვარს, იმის საქციელს ვამართლებთ; მე კი პირიქით, განვიკითხავ ჩემს გარშემო ყველას, როგორც უღირსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ადამიანები არ მიყვარს. ვინც გვიყავრს, მათ ხალისით ვპატიობთ; მე კი წყენას დიდხანს ვერ ვივიწყებ, შესაძლოა, მთელი ცხოვრებაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემში არანაირი სიყვარული არ არის. წმინდა წერილში ნათქვამია: „გიხაროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ და იტირეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან“ (რომ. 12, 15). მაგრამ მე, ვიყურები რა ჩემს გულში, ვხედავ, რომ სრულებით არ მიხარია ადამიანთა კეთილდღეობა და ბედნიერება; მე გულგრილი ვარ მათ მიმართ. მაგრამ ამაზე საშინელს ვხედავ ჩემს თავში: ეს ბედნიერება გულის სიღრმეში მწყინს და პირიქით, როცა ადამიანებს უბედურება ეწევათ ხოლმე, მე გარეგნულად თანავუგრძნობ, შინაგანად კი ბოროტად მიხარია. ამიტომ მე მივხვდი, რომ ადამიანები არ მიყვარს; ჩემში არაფერია წმინდა. ჩემი რწმენა მხოლოდ გარეგნულია.

მე რომ მჯეროდეს სახარების სიტყვებისა, ძრწოლით ვიფიქრებდი ჯოჯოხეთზე, ვიბრძოლებდი ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის. ჩემს გაყინულ გულს კი სიკვდილზე და მომავალ ცხოვრებაზე ფიქრი არ ეკარება. მე ვხედავ, როგორ კვდებიან ჩემს გარშემო ადამიანები, მაგრამ ისე ვცხოვრობ, თითქოს მუდამ ვიქნები აქ, ამ ქვეყანაზე. ესე იგი, მე ურწმუნო ვარ, ესე იგი მე არ მეშინია ღვთისა; ბნელი ძალებიც კი, ღვთის მოძულე ძალები ჯოჯოხეთისა, სახარების სიტყვებით, ძრწიან ღვთის წინაშე; მე კი ეს შიშიც არ გამაჩნია, რომელიც ეშმაკს ეძლევა!..

მე არ მაღელვებს ღვთის გაფრთხილება, რომლითაც მსოფლიოს და მე წინასწარმეტყველთა პირით მოგვმართავს უფალი. მე სრულიად უგრძნობი ვარ. თავი მორწმუნე მგონია, მაგრამ ვცხოვრობ ისე, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს; უფრო მეტიც, როდესაც ცოდვის ჩადენა მწყურია და სინდისი მამხილებს, ვცდილობ ჩავკლა, ჩავახშო საკუთარი სინდისის ხმა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, ღმერთი საერთოდ არ ყოფილიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მე შინაგანად ღვთის მკვლელი ვარ.

მე არ მწამს ღმერთი და არ მიყვარს იგი. წირვაზე დგომისას იმ უწმინდეს წუთებში, როცა სულიწმინდის მადლი მოიცავს ხოლმე ტაძარში მდგომთ, ვხედავ, რომ  ამ თვით ანგელოზთათვის საშინელ დროს მე გართული ვარ მანკიერი, ბინძური გულისთქმებითა და მოგონებებით. ტაძარში ყოფნისას ჩემს გულს საღორედ ვაქცევ ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ღმერთი არ მიყვარს. ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერი მწამს წმინდა.

მე სავსე ვარ ამპარტავნებით. გულში ჩემს გარშემო მყოფ ყველა ადამიანზე მაღლა ვაყენებ თავს. რჩეული მგონია საკუთარი თავი. მე ჩემგან კერპი შევქმენი და მხოლო მას ვცემ თაყვანს. იმისთვის კი არ ვკითხულობ წმინდა წერილს და წმინდა მამათა შრომებს, რომ აღვასრულო ისინი, არამედ იმისთვის, რომ წმინდა წიგნების შესახებ საუბრისას თავი გამოვიჩინო ადამიანთა წინაშე; ხოლო თუ ერის კაცს შევხვდი, მეშინია განვაცხადო, რომ მორწმუნე ვარ, რათა არ დამცინონ და ფანატიკოსი არ მიწოდონ. პირჯვრის გამოსახვისაც კი მრცხვენია ერის კაცთა წინაშე. ჯვრისა, რომლითაც გადარჩა ადამიანთა მოდგმა. ამიტომ მიმაჩნია, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ უყვარს, სძულს ადამიანები, არა სწამს სიწმინდისა და აღსავსეა სატანური ამპარტევნებით“.

შეძრწუნებულმა მწირმა თქვა: „მამაო, ნამდვილად მოვინანიე ჩემი შეცოდებანი, მაგრამ ეს ცოდვები ვერ დავინახე საკუთარ გულში. რა გავაკეთო იმისთვის, რომ ღმერთი შევიყვარო?“ სქემმონაზონმა უპასუხა: „მთელი ჩემი ცხოვრება ვიღწვი იმისთვის, რომ ღმერთი შევიყვარო. ეს ნიჭი ღვთის მადლით ეძლევა კაცს; მე მხოლოდ რამდენიმე რჩევას მოგცემ: იცი რა არის გამადიდებელი შუშა? მას შეუძლია სინათლის კონცენტრაცია ერთ წერტილში, აიღე და მისი საშუალებით ერთად შეკრიბე მზის სხივები. თუ ამ კონცერნტრირებულ სინათლეს ხეს მიუშვერ, ის თანდათან გაცხელდება და აალდება. ასე გააკეთე შენს გულშიც. იესო ქრისტეს სახელი გულით ატარე, შემდეგ ღვთის სახიერებაზე იფიქრე. იმის შესახებ, რომ შენ ღვთის წყალობის ქვეშ იმყოფები, რომ შენი სიცოცხლის ყოველი დღე - ეს არის ღვთის მიერ შენთვის მოძღვნილი საჩუქარი. სიყვარული მადლიერების გრძნობისაგან იბადება. შემდეგ ყოველდღე იკითხე სახარება: იკითხე იმისთვის, რომ აღასრულო. ყოველ საღამოს იფიქრე იმის შესახებ, როგორ მოიქეცი დღის განმავლობაში, რომელ ცოდვას სძლიე, რომელი მცნება შეასრულე.

თუ გინდა შეიყვარო ადამიანები, ნურასოდეს განიკითხავ მათ; შეეცადე გახსოვდეს, რომ ყოველ მათგანს დაფარული სათნოებები აქვს და თქვი: „ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ჩემზე უკეთესია“. შენს მტრებს ფარულად მიაგე წყალობა და ყოველთვის ასე ილოცე: „უფალო, მომეცი ძალა შეგიყვარო ისე, როგორც ადრე ცოდვა მიყვარდა“...

ძმანო და დანო, ღვთისა და მოყვასის სიყვარულის უმაღლესი ხარისხი თავგანწირული სიყვარულია: როცა ძმებისთვის სწირავ სიცოცხლეს, არ ღალატობ ღვთის რწმენას, მაშინაც კი, როცა სიკვდილი გემუქრება!..

დღეს წმინდა ეკლესია მოწამეების: შალვა, ბიძინა და ელიზბარის ხსენებას დღესასწაულობს. მათ შეასრულეს ორი უდიდესი მცნება: „სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა“. ისინი ცხოვრობდნენ საქართველოსთვის უმძიმეს ხანაში. ქვეყანა შაჰ-აბასის შემოდევების გამო გაჩანაგებული და აოხრებული იყო. როდესაც ეს დამპყრობელი და ტირანი მოკვდა, სპარსეთის ტახტზე ავიდა შაჰ-აბას II. ის იშვიათად ომობდა მეზობელ ქვეყნებთან, უყვარდა ხელოვნება და პოეზია. თუმცა, საქართველოსთან იმავე პოლიტიკას ეწეოდა, რასაც მისი წინამორბედი. ის საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში, აგზავნიდა თურქმენულ მომთაბარე ტომებს, რომლებიც ანადგურებდნენ ნათესებს, ჩეხავდნენ ვენახებს, ძარცვავდნენ სოფლებს და ტყვედ მიჰყავდათ მათი მცხოვრებნი. ქვეყანა ისე იყო გაჩანაგებული და დაცარიელებული, როგორც მინდორი კალიის შემოსევის შემდეგ.

წმინდანთა ცხოვრების აღმწერელი ამბობს, რომ როცა ეკლესიებში ყველა კანდელი ჩაქრა - თვით ალავერდის საკათედრო ტაძარშიც კი - მაშინ წმინდა ერისთავებმა გადაწყვიტეს, საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად შეეწირათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მათ შეკრიბეს მცირერიცხოვარი ჯარი. მოულოდნელად დაესხნენ თავს თურქმენებს და გაანადგურეს ისინი, მხოლოდ ერთმა უშველა თავს გაქცევით და ირანის შაჰს მომხდარის შესახებ ამბავი მიუტანა. ირანის შაჰმა საქართველოს მეფეს მოსთხოვა, რომ აჯანყებული ერისთავები მისთვის გაეგზავნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში ხელახალი შემოსევებით იმუქრებოდა. ერისთავებმა რომ გაიგეს ამის შესახებ, თავად ეახლნენ მეფეს... და ისინი გადასცეს სპარსელებს. მათ შეეძლოთ დამალულიყვნენ ან წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ იცოდნენ, რომ ეს გამოიწვევდა ომს, ხელახალ უბედურებას და ხალხის ტანჯვას. ამიტომ გადაწყვიტეს, საკუთარი სისხლით ჩაეცხროთ შაჰის მრისხანება.

შაჰმა ისინი დაღუპულ თურქმენთა ნათესავებს გადასცა. მათ საშინლად აწამეს ისინი, ტანთ გახადეს, შეკრეს, სხეულზე თაფლი წაუსვეს და მცხუნვარე მზეზე დააწვინეს. წმიდანებს გარს შემოეხვია კრაზანებისა და ფუტკრების ჯარი და ისე დაკბინა, რომ სხეულები დაუსივდათ. შემდეგ შალვას და ელიზბარს ხმლით მოჰკვეთეს ხელფეხი, და როგორც სამიზნეებს, იარაღით დაუწყეს სროლა. ხოლო ელიზბარს, როგორც იაკობ სპარსს, უფრო მძიმე სასჯელი მოუმზადეს. მას - ხელ-ფეხის მტევნებიდან დაწყებული - ასო-ასო აჭრიდნენ სხეულის ნაწილებს. ის კი ამ დროს „მრწამსს“ და „მამაო ჩვენოს“ ამბობდა. შემდგომში, წმინდა მოწამეების სხეულები ფარულად გამოსთხოვეს სპარსელებს და ჩამოასვენეს საქართველოში.

ძმანო და დანო! წამების წინ წმინდა ერისთავებს შესთავაზეს მუსულმანობის მიღება, რისთვისაც შეწყალებას ჰპირდებოდნენ. მუსულმანებს აქვთ შარიათის კანონი, რმოლის თანახმადაც რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, ყველაფერი ეპატიება, თუ ის მუსულმანობას მიიღებს. ამიტომ სთავაზობდნენ ხოლმე მუსულმანები წმიდანებს ისლამის მიღებას და ჰპირდებოდნენ არა მარტო პატიებას, არამედ უდიდეს პატივსაც... მაგრამ მათ მაინც მოწამეობრივი სიკვდილი არჩიეს.

წმინდანთა ცხოვრება ცხოვრებაში განხორციელებული სახარებაა!.. დღევანდელი სახარება გვახსენებს, რომ მცნებათა შორის უმთავრესი და ადამიანის ცხოვრების მიზანი არის სწრაფვა, შეიყვაროს უფალი, ანუ მიუძღვნას მას მთელი გული; ეს არის სწრაფვა, გიყვარდეს ყოველი ადამიანი ისე, როგორც ყველაზე ახლობელი. ეს მცნებები მოითხოვენ უზარმაზარ შრომას და თავგანწირვას. სამაგიეროდ, უფალი დიდ ჯილდოს გვპირდება ამისთვის. ვინც გულით სიყვარულს ატარებს, ის ისე გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან, თითქოს მისი გული ძვირფასი ქვა იყოს, რომელიც უხილავ ნათელს ასხივებს. ამ სინათლის საკუთარი თვალით დანახვა შეუძლებელია, მაგრამ სხვა ადამიანები გრძნობენ მას. ამიტომაც იკრიბებოდნენ, ძმანო და დანო, მონაზვნები მეუდაბნოე და განდეგილ ბერებთან; შორეულ მონასტრებში მიდიოდა ხალხი, რათა გამთბარიყო ამ, ქვეყნიერებისათვის უხილავი, სიყვარულის სხივებით.

ძმანო და დანო! ჩვენი ქრისტიანობა ჩვენს გულში არსებული სულიერი სიყვარულით იზომება. მცნებები: „სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა“ არის ფრთები, რომლებსაც ადამიანი მაღლა აჰყავს. თუ ადამიანში სიყვარული არ არის, ის საცოდავ ჭიაყელას ჰგავს, რომელიც უმწეოდ დახოხავს მიწაზე და არ შეუძლია მტვრიდან და ხრწნადი სიბინძურიდან წამოდგომა.

იოანე ოქროპირის ლოცვაში, რომელსაც ჩვენს საღამოობით ვკითხულობთ ხოლმე, არის სიტყვები, თხოვნა სიყვარულის მინიჭების შესახებ. ჩვენც ვთხოვოთ უფალს:

„უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი;
უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“

ამინ!