ვასილი ეგზემპლიარსკი

მაცხოვრის სიტყვა ჯვრიდან

„მწყურის!“ (იოან. 19,28)

ჯვარზე ვნებისას უფალს დამოძღვრისა და ნუგეშინისცემის გარეშე არავინ დაუტოვებია. გოლგოთისკენ აღმავალ გზაზე ასწავლიდა და ანუგეშებდა მათ, ვისაც სურდა და შეეძლო მისთვის მოსმენა. ხოლო ვისაც არ სურდა და არ შეეძლო, ვინც გაბოროტებული და შემცდარი იყო, მათთვის ლოცულობდა. შეიწყნარა უფალმა მის მარჯვნივ ჯვარცმული მოკვდავი. მისცა უკანასკნელი დარიგება დედას და საყვარელ მოწაფეს.

აღსრულდა რა ყოველივე, უფალმა წარმოთქვა: „მწყურის!“ (იოან. 19,28).

ეს ტანჯული ადამიანის სიტყვაა დავითის ფსალმუნებში. „მწყურის“, ანუ ძლიერ ვიტანჯებიო - გვეუბნება უფალი. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჯვარცმის თანამდევ ტანჯვათაგან ერთერთი ყველაზე საშინელია წყურვილის დაუოკებელი გრძნობა.

სწყუროდა უფალს. კაცობრივად იტანჯებოდა წყურვილით და ითხოვდა წყალს ადამიანებისგან.

ძლიერი, მაგრამ ამაყი ბუნების ადამიანი ისე დაითმენდა ტანჯვას, ისე გავიდოდა ამსოფლიდან, სიტყვის ღირსადაც არ ჩათვლიდა ამქვეყნის უბადრუკ, მოღალატე და მისთვის საძულველ არარაობებს; მაგრამ მაცხოვარი სხვაგვარად მოიქცა, რამეთუ იგი სრული გულწრფელობა და სიყვარულია. არავინ სძულს.

სახარებაში, უფლის უკანასკნელ სიტყვებს შორის რომ არ ყოფილიყო სიტყვა „მწყურის“, ადამიანები ვერასდროს დარწმუნდებოდნენ, რომ უფალმა არ უარყო მისი უარმყოფელნი. გაბოროტებულ და გულქვა ჯალათებისაგან სიყვარულსა და თანაგრძნობას ელოდა... არ მალავდა ტკივილებს, რამეთუ უყვარდა ისინი და სწყუროდა საპასუხო გრძნობა.

მძიმე სანახავი იყო უფლის წამება. თვით გულქვა მეომრის გულიც კი ჯვარცმულისადმი სიყვარულმა აღავსო. წყურვილით იტანჯებოდა ის, ვინც თავად არწყულებდა დამაშვრალთ და ეს განსაკუთრებით მძიმე სახილველი იყო მორწმუნეთათვის. მაგრამ მაცხოვრის წყურვილი და ადამიანთათვის დათმენილი გამოუთქმელი ტანჯვანი - მარადმდინარე ცხოველმყოფელი წყარო შეიქმნა მთელი კაცობრიობისათვის, როგორც ქრისტეს მორწმუნეთათვის, ისე სიყვარულისა და სიმართლის მაძიებელთათვის.

ისტორიაში წამიც არ ყოფილა, რომ კაცობრიობის წინაშე არ მდგარიყო საშინელი პრობლემა - სამყაროში ბოროტების, უსამართლობის და ტანჯვის შესახებ.

ადამიანის ცხოვრებაში ტანჯვის საზრისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია იობის წიგნში. მისი გადაწყვეტისას უარყოფს რა სხვადასხვა გზებს, საბოლოოდ ქედს იხრის ყოვლადძლიერი და ყოვლადბრძენი ღმრთის იდუმალი ნების წინაშე და აკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს, რომელსაც წარმატებით შეუძლია გადაჭრას ადამიანის ცხოვრების საიდუმლოება, დაამშვიდოს მისი სული.

ეს რწმენის გზაა.

მორწმუნე ემორჩილება განგებას, ცხოვრებას იღებს განსაცდელებითა და სიხარულით. სხვა გზა არ არსებობს. არც გოლგოთას გადაუხვევია ამ გზიდან. პირიქით, უფრო დიდ რწმენას და უმეტეს მორჩილებას ავლენს ღმრთის იდუმალი ნების წინაშე. საერთოდ, რწმენის გარეშე განა აზრი აქვს სიცოცხლეს; ხოლო ცოცხალი, ყოვლადძლიერი და ყოვლადბრძენი ღმრთისადმი რწმენა გამართლებას აძლევს ჩვენს ცხოვრებას - თუმცა, ერთგვარი შეუსაბამობაცაა - ყოვლადნეტარი ღმერთი და მისი საყვარელი ქმნილება - ტანჯული ადამიანი.

მხოლოდ გოლგოთის შემდეგ გახდა შესაძლებელი სიხარულით, სიყვარულით და თავისუფლებით აღსავსე სარწმუნოებრივი თაყვანისცემა ღმრთისა; ღმრთისა, რომელმაც ისე შეიყვარა ეს სოფელი, რომ ძე თვისი მხოლოდშობილი მისცა მის გადასარჩენად. ხოლო ქრისტეს შემდეგ, მისი გზით მავალნი, სიხარულით აღტაცებულნი შესცქეროდნენ ჯვარს და მზად იყვნენ უფლისათვის, რწმენისათვის კოცონზე დასაწვავად, მხეცთაგან დასაგლეჯად; ითმენდნენ შიმშილს, ყოველგვარ გაჭირვებას და ყოველივეს აღასრულებდნენ არა დრტვინვით, არამედ სიხარულით, რამეთუ უფალ იესუს სახელისთვის ტანჯვის ღირსნი გახდნენ.

საერთოდ, ტანჯვისადმი ქრისტეანთა დამოკიდებულება ყოველთვის ამგვარია და საფუძველს გოლგოთიდან იღებს. განკაცებულ ღმერთს ადამიანთათვის არ მიუცია მიწიერი დიდება. მორწმუნენი არ გაუთავისუფლებია მიწიერი ცხოვრებისეული შეჭირვებისაგან. უფალმა მოწაფეებს სხვა ტვირთიც მისცა, ტვირთი სიყვარულისა, პასუხისმგებლობისა სხვათა გაჭირვებასა და ცოდვებზე. თავისი მიმდევრები ვალდებულჰყო ქრისტემ ჯვრის ტვირთვისა, რათა ებრძოლონ და დაამარცხონ ბოროტება! და ცათა სასუფევლისკენ მიმავალ ძნელ და ვიწრო გზაზე ქრისტემ მორწმუნეებს ამა სოფლის მძლეველი ძალა - რწმენა მიანიჭა, რომელიც ნაღველს სიხარულად აქცევს, ხოლო მძიმე ტვირთს ამსუბუქებს.

ნიცშე ვერ ჩასწვდა გოლგოთის არსს. ფიქრობდა, რომ ჯვარცმული ღმერთისადმი რწმენა ქრისტეს მიმდევრებში ტანჯვის გაფეტიშებას წარმოშობს. მაგრამ ქრისტემ ჯვრიდან ტანჯვის კულტი კი არა, მასზე გამარჯვება გვიქადაგა. განა ქრისტე ამაყობდა ჯვარცმით? არა, იგი წუხდა და წუხდა არა ტანჯვის, არამედ ცოდვებში ჩავარდნილი კაცობრიობის გამო. ამგვარი წუხილი კი სხვების მოყვარეთა ხვედრია, და რაც უფრო დიდია ეს სიყვარული - დიდია წუხილიც. არა ტანჯვათა გასამრავლებლად მოვიდა ქრისტე დედამიწაზე, არამედ რათა ადამიანებს „ცხოვრებაჲ აქუნდეთ და უმეტესი აქუნდეთ“. რათა მათი სიხარული სრულყოფილი იყოს. ტანჯვა ქრისტიანთათვის იმიტომ კი არ არის სიხარული, რომ იგი საღვთოა, არამედ იმიტომ, რომ იგი სამყაროს ბოროტებისა და ვნებათაგან განთავისუფლების გზაა, სხვათა ბედნიერებისათვის თავგანწირვის საშუალებაა.