მთავარეპისკოპოსი სერაფიმ სობოლევი

წმიდა საიდუმლოთა ღირსეული ზიარებისათვის

როდესაც მიუხდებით ბარძიმს, რომელშიც ჰგიეს ქრისტეს სისხლი და ხორცი, გახსოვდეთ მოციქულ პავლეს სიტყვები: რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხვნა ხორცნი უფლისანი. ამისთვის მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი (1კორ. 11, 29-30). მოციქულის ამ სიტყვებს თარგმანში ამგვარი მნიშვნელობა აქვს: ისინი, ვინც ქრისტეს საიდუმლოებას უღირსად ეზიარებიან, კვლავაც უძლურები რჩებიან, ვარდებიან სნეულებაში და მათგან არცთუ მცირედნი კვდებიან კიდეც.

ამის ცოდნა აუცილებელია, საყვარელნო, როდესაც უღირსად მოუხდებით უდიდეს საიდუმლოებას, როცა არ გვაქვს გადამწყვეტი მზადმყოფნა აღარ დავუბრუნდეთ ჩვენს ძველ ცოდვებს. განსაკუთრებით კი მაშინ ვეზიარებით უღირსად, როდესაც ზიარებამდისაც და ზიარების შემდეგაც კვლავინდებურად ვეძლევით ყველაზე უფრო მძიმე ცოდვებს.

ასეთ ცოდვებს, პირველ ყოვლისა, უნდა მივაკუთვნოთ ცოდვა მწვალებლობისა. ეს ცოდვა თვით ეშმასია. იგი მწვალებლობაში ჩავარდა, რამეთუ იფიქრა, რომ ღმერთს შეიძლება გაუტოლდეს, რის გამოც ზეციდან ცეცხლოვან გეენიაში იქნა გარდამოგდებული საუკუნოდ უკუნისამდე. მის ხვედრს იზიარებს ყველა ერეტიკოსი დაწყებული არიოზიდან, ნესტორიდან და მრავალნიცა სხვანი.

ასეთსავე დამღუპველ ცოდვას განეკუთვნება სიბოროტე. უფალი თავის იგავში მოწყალე მეფესა და უწყალო მავასხებელზე გვიჩვენებს, რომ თავისი სიბოროტით უწყალო მავასხებლის მსგავსად, ყველა თანამდევია ჯოჯოხეთური ტანჯვისა. რა შეიძლება წმიდა ზიარებამ მოუტანოს ასეთ უკანასკნელ ცოდვილებს, რომლებიც არ ტოვებენ მწვალებლურ ცთომილებებსა თუ სიბოროტეს, გარდა საუკუნო განკითხვისა?

ასეთსავე ცოდვილებს განეკუთვნებიან მეძავებიც. თუ რაოდენ მძიმედ სჯის უფალი ამ ცოდვისათვის ადამიანებს წმიდა წერილი მოწმობს. სიძვის გამო უფალმა პირველი ქვეყანა წარღვნით დასაჯა. „თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანებში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი“ (დაბადება 6,3).

მით უფრო დამნაშავენი არიან ისინი, ვინც ახალ აღთქმაში სცოდავენ, რამეთუ ამ ცოდვით მართლმადიდებელი ქრისტიანები შეურაცხყოფენ ქრისტეს სისხლს, არ სურთ რა ზიარების შემდგომ უბიწოდ ცხოვრება. ლავსაიკში მოთხრობილია, რომ ერთხელ წმინდა მაკარი ალექსანდრიელთან მიიყვანეს ერთი დიდად დასნეულებული მღვდელი. მას თავზე განგრენა ჰქონდა, ისე რომ ტვინიც კი ჩანდა. არც სიარული და არც ჯდომა მას არ შეეძლო და სიკვდილის მიჯნაზე იყო. მაგრამ წმინდა მაკარმა არ მიიღო იგი, არც კი შეუხედავს და უარი განაცხადა ელოცა მისთვის. როდესაც მღვდლის მომყვანებლებმა თხოვნა-ვედრება უწყეს წმინდა მაკარს, რათა შეეწყალებინა სნეული, მაკარმა განაცხადა, რომ ეს მოძღვარი მრუშობის შემდგომ ლიტურგიას აღასრულებდა და ეზიარებოდა, ხოლო თუ პირობას დადებდა, რომ წირვას აღარ ჩაატარებდა, მაშინ უფალი განკურნავდა მას. მღვდელმაც მისცა ეს აღთქმა და წმინდა მაკარის სიტყვისაებრ მსწრაფლ განიკურნა იგი.

გეშინოდეთ, ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო, ამგვარი მძიმე ცოდვებისა და წმიდა ბარძიმს იმ მტკიცე გადაწყვეტილებით მოეახლეთ, რომ ცოდვებს, რომელთაც წმიდა ზიარებამდე სჩადოდით, შემდგომად ზიარებისა აღარ დაუბრუნდებით. და გაურბოდეთ არა მხოლოდ მძიმე სასიკვდინე ცოდვებს, ვითარცა საუკუნო წარწყმედის წყაროს, არამედ ყოველგვარ ცოდვას. ნებისმიერ ცოდვას, თუკი გულწრფელად არ მოვინანიებთ, შეუძლია ჩვენი დაღუპვა. აი, რატომაა, რომ ერთმა წმინდა მამამ, როდესაც ჰკითხეს, რომელიც ცოდვააო ყველაზე უფრო მძიმე, თქვა: ის, რომელსაც ცოდვად არ ვთვლით და მაშასადამე არ ვნანობთო.

მიეცით ღმერთს აღთქმა, ქრისტეს მიერ საყავრელნო შვილნო, რომ დღევანდელი ზიარების შემდეგ ყველა ცოდვას მიატოვებთ, ხოლო თუ უნებლიედ, ადამიანური სისუსტისა და უძლურების გამო შეგემთხვევათ ცოდვა, ნუ მისცემთ მას საშუალებას, თქვენს გულში გაიდგას ფესვები. გულწრფელად მოინანიეთ იგი ღვთის წინაშე. მთელი არსებით ესწრაფდეთ წმინდა ქრისტიანული ცხოვრებისაკენ. მაშინ თქვენს მიერ მიღებული ზიარება გექცევათ საკურნებელად სულისა და ხორცთა. თავისი ხორცისა და სისხლის მიერ უფალი საუკუნოდ შეგიერთებთ თქვენ, აღგისრულებთ ყველა თქვენს ლოცვას და თავისი ზეციური სასუფევლის ნეტარებას მოგანიჭებთ. ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა