ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტი

სიყვარულის საიდუმლო

საუბარი ქრისტიანულ ქორწინებაზე

7

ძველ დროში დაწინდვის წესი, ე.ი. ჯვრისწერის მსახურების მოსამზადებელი ნაწილის წესი სრულდებოდა კარიბჭეში, იქვე, სადაც სრულდებოდა კათაკმევლობის მსახურება ნათლობის წინ, რადგანაც ეს ჯერ კიდევ არ არის ერთიანობა, ეს არის მოსამზადებელი ნაბიჯი იმისკენ, რომ ორნი შეერთდნენ, იმისკენ, რომ შევიდნენ საეკლესიო ერთიანობაში. საქმრო და საცოლე მოდიოდნენ და დგებოდნენ კარიბჭეში ერთმანეთის გვერდით; მოჰქონდათ თვლიანი ან უთვლო ბეჭდები, რომლებიც შემდგომ მიეცემოდათ მათ; მღვდელს გამოჰქონდა სანთლები საქმროსთვის და საცოლისთვის; შემდეგ მათ უკმევდნენ, ე.ი. თაყვანს სცემდნენ ისევე, როგორც მსახურების დროს ხატს ან მღვდელს, რომელიც სახოვნად ქრისტეს ხატს წარმოადგენს, რადგანაც ეკლესია მათში უფლის ცოცხალ სახებას ხედავდა და ამ სახებას სცემდნენ თაყვანს და უკმევდნენ.

შემდგომ მღვდელი ამბობს: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“  როგორ არ ვადიდოთ ღმერთი იმისთვის, რომ სამყაროში, სადაც ყველაფერში სუფევს განხეთქილება, დაძაბულობა, ერთმანეთის უარყოფა, ხშირად მტრობა, გაუგებრობა, ორმა ადამიანმა ერთმანეთი შეიყვარა, ერთმანეთში დაინახა მარადიული მშვენიერება და გადაწყვიტა გადალახოს, დაძლიოს ყველაფერი, რასაც შეუძლია მათი დაშორება, გადაწყვიტა გახდეს ერთიანი, ერთი პიროვნება ორი პირისაგან?! როგორ არ შევწიროთ მადლობა უფალს იმისთვის, რომ მიწაზე ხდება ასეთი სასწაული, რომელიც იდუმალად გვაუწყებს განხეთქილების დასრულებას და ერთობის განხორციელებას?!

შემდგომ ეკლესია ლოცულობს: ლოცულობს მშვიდობისთვის, რომელიც მხოლოდ ზეციდან იგზავნება, ლოცულობს საქმროსა და საცოლის ცხონებისთვის; ლოცულობს მთელი მსოფლიოს მშვიდობისათვის, ტაძრისათვის, სადაც სრულდება ღვთისმსახურება და ყველასთვის, ვინც რწმენით, მოწიწებით, ღვთის შიშით, ე.ი. მთრთოლვარე გულით მოვიდა. ეკლესია ლოცულობს საქმროსა და საცოლისთვის - იმისთვის, რომ მათ მიეცეთ სრულყოფილი სიყვარული, მშვიდობიანი სიყვარული, და ღვთის შეწევნა, რადგანაც ცხოვრება მათ ტვირთს დაუმძიმებს, ცხოვრება მუდამ ეცდება, გაწყვიტოს ჯერ კიდევ სუსტი, მოუმწიფებელი ერთობა, რომელიც მათ შორის შეიქმნა; ეკლესია ლოცულობს იმისთვისაც, რომ ისინი დარჩნენ თანამოაზრენი, რომ ჰქონდეთ ერთი სურვილი, ერთი გული, ერთი მიმართულება, და რომ შეექმნათ მტკიცე რწმენა - რწმენა ერთმანეთისა, რწმენა ღვთისა, რწმენა შესაძლებელი გამარჯვებისა, ყველა სიძნელის დაძლევისა, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მათ შორის ან მათ ირგვლივ. სიტყვა რწმენა ამავე დროს ერთგულებასაც ნიშნავს: რომ ისინი ერთმანეთის ერთგულნი დარჩნენ ჭეშმარიტ მეგობრობაში. თქვენ იცით, თუ რას ნიშნავს სიტყვა „მეგობრობა“. მეგობარი - ეს არის შენი „მეორე მე“, როგორც ამბობდნენ ძველ დროში, ეს არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება შეხედო და მასში დაინახო არეკლილი საკუთარი თავი, ოღონდ წმინდა, ნაკურთხი; თითქოსდა მასში დაგენახოს საკუთარი მშვენიერება, არეკლილი მოსიყვარულე თვალების, მოსიყვარულე გულის სარკეში. ეკლესია ლოცულობს იმისთვის, რომ ამის შედეგად მათ მიეცეთ უბიწო ცხოვრება, პატიოსანი ქორწინება. და კიდევ ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომელმაც ქვეყანაზე, სადაც ყველაფერი დაცალკევებულია, ეს ორი ადამიანი შეაერთა სიყვარულის ურღვევი კავშირით.

პირველ ლოცვაში, რომელსაც მღვდელი წარმოთქვამს, ვიხსენებთ ისააკს და რებეკას. რატომ ავირჩიეთ ისინი? იმიტომ, რომ, როგორც მოგვითხრობს ძველი აღთქმა (დაბ. 2,4), აბრაამმა გაგზავნა მსახურნი თავის კარგა ხნის წინ მიტოვებულ სამშობლოში, რათა მოეძებნა საცოლე ძისთვის. და ღმერთმა მას აღუთქვა, რომ ანიშნებდა, თუ ვინ უნდა ამოერჩია. ამიტომ იყო რებეკა ისააკის ღვთივრჩეული საცოლე. და ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმროც და საცოლეც ერთმანეთისთვის ღვთივრჩეულები იყვნენ, რომ გარდა იმისა, რომ მათ მოსწონთ ერთმანეთი, ომ მათ ერთნაირი გემოვნება აქვთ, მათ მოსწონთ ერთმანეთის გარეგნობა, მათ აახლოვებს მდგომარეობა ქვეყანაში, საზოგადოებაში - იყოს რაღაც უფრო ღრმა მათი შეხვედრის საფუძველში. ღმერთი თითქოს ამბობს: „აჰა, საცოლე შენი, აჰა, საქმრო შენი. გაძლევ ამ ადამიანს სამუდამოდ, როგორც შენი სიყვარულის საგანს და ვაძლევ მას შენს თავს, როგორც მისი სიყვარულის საგანს...“

შემდგომ წმინდა წერილის საკითხავში ჯვრისწერის მსახურებაზე გვეუბნებიან, რომ საცოლე და საქმრო ისე უნდა უყურებდნენ ერთმანეთს, როგორც ქრისტე უყურებს ეკლესიას და როგორც ეკლესია უყურებს ქრისტეს - მთელი სიყვარულით, მთელი ცხოვრებით, მთელი მისწრაფებით. აი, რატომ იხსენიება აქ რებეკა და ისააკი: ყოველმა ჩვენთაგანმა, ირჩევს რა საქმროს ან საცოლეს, საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა: „რატომ ვირჩევ მას? რაღაც გარეგნული, მიწიერი თვისებების გამო, თუ იმიტომ, რომ ჩვენს შორის მოხდა სასწაული?..“

შემდეგ მღვდელი აძლევს საქმროს და საცოლეს ბეჭდებს, და ისინი მათ უცვლიან ერთმანეთს სამჯერ, თითქოსდა სამჯერ ამბობს: „დიახ, მე ამას სერიოზულად ვაკეთებ, ეს არ არის სულის მყისიერი მოძრაობა, ეს მოფიქრებული მოქმედებაა...“ და მღვდელი წარმოთქვამს: „დაიწინდჳს მონა ღუთისა (მხევალი ღუთისა) და მხევალი ღუთისა (მონა ღუთისა) ესა და ეს სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა“. ამით სრულდება მათი შეერთების პირველი ნაბიჯი. ახლა ისინი დგანან სანთლებითა და ბეჭდებით ხელში.

ძველ დროში ხშირად ადამიანებმა წერა არ იცოდნენ, შეეძლოთ მხოლოდ წერილის ან საბუთის ბეჭდით დამოწმება; მაშინ გადამწყვეტ როლს პირადი ბეჭედი ასრულებდა. მისი მეშვეობით დაბეჭდილი საბუთი უდავო იყო. სწორედ ეს ბეჭედი მოიხსენიება დაწინდვის მსახურებაში. როდესაც ადამიანი მისცემდა ბეჭედს მეორეს, ის იმას ნიშნავდა, რომ მას უსიტყვოდ ენდობოდა, რომ მას ანდობდა საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ პატივს, საკუთარ ქონებას - ყველაფერს. და როდესაც მექორწილენი ერთმანეთს ბეჭდებს უცვლიან (მე ვამბობ ერთმანეთს უცვლიან, რადგან თითოეული მათგანი ჯერ იკეთებს თითზე ბეჭედს და შემდეგ, სამჯერ გადასცემს თავის მეუღლეს, სანამ ხელზე დაიტოვებს) - ისინი თითქოსდა ერთმანეთს ეუბნებიან: „გენდობი ეჭვსგარეშე, გენდობი ყველაფერში, განდობ საკუთარ თავს...“ და, რასაკვირველია, ბეჭდების ასეთი გაცვლა არ შეიძლება მოხდეს ისეთ ადამიანებს შორის, რომლებიც ქორიწნდებიან პირობითად ან პირველიდან უკანასკნელ დღემდე ერთობლივი ცხოვრების განზრახვის გარეშე.

ბეჭედი უბოძა მამამ უძღებ შვილს უფლის იგავში. ყმაწვილი სახლიდან წავიდა, მასზე უარი თქვა და სინანულით დაბრუნდა. მამამ ერთი სიტყვითაც კი არ უსაყვედურა. დაინახა რა უკან, მამისეულ სახლში მომავალი შვილი, თავად გაეშურა მასთან შესახვედრად, გადაეხვია მათ, თითქოს აწყნარებდა: „დიახ, შენ შეცდი, შენ ისე სასტიკად მოიქეცი, როცა წახვედი ჩემგან, და შენი ძმისგან და ყველასგან, ვისაც უყვარდი, მაგრამ ჩვენი გულები შენდამი ერთგული დარჩა...“ იგი მაშინვე მოუხმობს თავის მსახურებს და ეუბნება: „მოუტანეთ სანდლები, მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით“ და ბოლოს მას ბეჭედს აძლევს. ამით მამა ეუბნება შვილს: „რადგან შენ ჩემთან დაბრუნდი, რადგან მიჩვენე, რომ კვლავ ჩემს ერთგულ შვილად ყოფნა გსურს, მე შეკითხვასაც არ გისვამ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდი, მე გიღებ მთელი ნდობით, რადგანაც, გამოსცადე რა ორგულობა, გამოსცადე რა ტანჯვა, მოტყუებული შენი მეგობრებით, რომლებიც გიცნობდნენ, ვიდრე მდიდარი იყავი, ახლა იქნები ბოლომდე ჩემი ერთგული, ჩვენი სიყვარულის, ჩვენი მეგობრობის, ჩვენი ღმერთის ერთგული...“

ასე ამბობს მამა, მაგრამ ასეთივეა ბეჭდის მნიშვნელობაც. და როდესაც მეუღლეები ბეჭდებს უცვლიან ერთმანეთს, ამით ისინი სწორედ პირობას აძლევენ ერთმანეთს, რომ თუკი ოდესმე რამე მოხდება მათ შორის, თუკი ოდესმე იქნება ჩხუბი ან თუნდაც ორგულობა ერთისა მეორის მიმართ, ღალატი, შეცდომა, ტყუილი, - და თუკი ის კვლავ დაბრუნდება, ის არ მიიღებს არავითარ საყვედურს, რადგან იგი დაბრუნდება და იტყვის: „აი, მე მოვედი; შეგიძლია მიმიღო, თუ გული გაგიცივდა, თუ ჩემდამი სიყვარული ჩაგიკვდა?“ - პასუხი იქნება: „რა თქმა უნდა, მოდი, რა თქმა უნდა, მე შენ მიყვარხარ ისევე, როგორც მიყვარდი ადრე! ჩემი სიყვარული ოდესღაც მოზეიმე სიხარული იყო; როცა წახვედი, ჩემი სიყვარული მწარე ტკივილად, ლოდინად, დარდად იქცა და ახლა ჩემი სიყვარული კვლავ მოზეიმე სიხარულად იქცა, უფრო ნათელ, უფრო ღრმა, უფრო გამარჯვებულ და უფრო მტკიცე სიყვარულად, ვიდრე მანამდე იყო, სანამ წახვიდოდი...“ ამიტომ, უცვლიან რა ბეჭდებს ერთმანეთს, მეუღლეები ერთმანეთს ჰპირდებიან ერთგულებასაც და ურთიერთნდობასაც, ნდობას, რომელიც ყოველგვარ ღალატზე და ყოველგვარ ჩხუბზე გაცილებით მეტია და ეს ისე მშვენიერია.

სანამ გავაგრძელებდეთ, მსურს თქვენი ყურადღება შევაჩერო ორ გამოთქმაზე ლოცვებიდან, რომლებიც წარმოითქმის ჯვრისწერის მსახურების დასაწყისში მღვდლის შეძახილის შემდეგ: „კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა...“ ეს სიტყვებია: სრულყოფილი სიყვარული და უბიწოება.

როგორ სიყვარულზეა აქ საუბარი? ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ეს სიტყვა მოიცავს ბევრ რამეს და ძალზე ხშირად გამოხატავს რაღაც სუსტ, არამყარ გრძნობებს, წამიერ განწყობილებებს. მაგრამ აი, რას ამბობს მოციქული პავლე ჭეშმარიტი სიყვარულის შესახებ. მიუთითებს რა, რომ ადამიანებს აქვთ სხვადსხვაგვარი მოწოდებები და სხვადასხვაგვარი ნიჭები, იგი ამბობს: „ეშურეთ დიდ ნიჭებს და გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას. თუ მე ადამიანებისა და ანგელოზების ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან მჟღერი წინწილა. წინასწარმეტყველება რომ მქონდეს, ყველა საიდუმლო და ყოველგვარი ცოდნა რომ ვუწყოდე, სრული რწმენა რომ მქონდეს, ისეთი, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვს. სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს; ყოველივეს იტანს, ყველას უჯერებს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასდროს არ მთავრდება“ (1 კორ. 12, 31; 13, 1-8).

განა ეს შესანიშნავი არ არის? განა არ ღირს სიცოცხლე ასეთი სიყვარულის გამო და ასეთი სიყვარულისთვის? არა მარტო იმის იმედით, რომ მას ოდესმე ხორცს შევასხამთ, არამედ გამუდმებულ ბრძოლაში იმისათვის, რომ სწორედ ასეთმა სიყვარულმა იზეიმოს ყოველ ჩვენგანში. რომ სიყვარული ბადებდეს მოთმინებას, ე.ი. ისეთ ალერსიან, ყურადღებიან სითბოს სხვის მიმართ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ავიტანოთ ყოველივე ის, რასაც იგი წარმოადგენს, და ყოველივე ის, რაც შესაძლებელია მოხდეს მის გამო. სიყვარული არ ღიზიანდება: ის ყურადღებიანია იმის მიმართ, თუ რა ხდება სხვა ადამიანის ცხოვრებაში, გულში, სულში. სიყვარული ყველას უჯერებს: იგი მიმნდობია, არ ეჭვიანობს; მას ყველაფრის იმედი აქვს: მაშინაც კი, როცა თითქოსდა ყველაფერი იმსხვრევა, იმედი კაშკაშა ალით ანთია; სიყვარულს ძალუძს მომაკვდავი მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების გადარჩენაც. სიყვარული არასოდეს მთავრდება: მაშინაც კი, როცა სხვა უარგყოფს, როცა სხვა ზურგს შეგაქცევს, სიყვარული სიყვარულად რჩება. ოღონდ, როგორც უკვე ვთქვი, იმის ნაცვლად, რომ იგი იყოს გაბრწყინებული, მოზეიმე სიხარული, ეს სიყვარული იქცევა თანაგრძნობად და მძაფრ, ზოგჯერ მწარე ტანჯვად, სულის კივილად: „ღმერთო, უშველე მას! მან არ უწყის, თუ რას სჩადის!“

აქვე მინდა ვახსენო მეორე სიტყვაც; ეს სიტყვა არის უბიწოება. უბიწოება მეტწილად წარმოდგენილია ხორციელ ურთიერთობებთან მიმართებაში. მაგრამ უბიწოება თავს იჩენს გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე დაიწყება ხორციელი ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის. უბიწოება მდგომარობს იმაში, რომ სხვა ადამიანის შეხედვისას დაინახო ღვთის სახება, დაინახო ისეთი მშვენიერება, რომლის გაჭუჭყიანებაც არ შეიძლება, დაინახო ადამიანი ამ მშვენიერებაში და ემსახურო იმას, რომ ეს მშვენიერება სულ იზრდებოდეს და არაფრით შეიბღალოს; უბიწოება მდგომარეობს იმაში, რომ სიბრძნით უფრთხილდებოდე საკუთარი სულისა და სხვა ადამიანის სულის მთლიანობას და ამ აზრით უბიწოება ჩადებულია ქორწინების საფუძველში; არა მარტო სულიერი, არამედ ხორციელი ურთიერთობების საფუძველშიც, რადგან იგი გამორიცხავს ხორციელი კავშირის უხეშობას, შიმშილს, წყურვილს და თვით ხორციელ კავშირს აქცევს ორი ადამიანის მოკრძალებულ შეერთებად, როდესაც ხორცთა შეერთება თითქოსდა დაგვირგვინებაა იმ სიყვარულისა, იმ ერთობისა, რომელიც ცოცხლობს და ანთია მათ გულებსა და მათ ცხოვრებაში. უბიწოება არა მარტო შეთავსებადია ქორწინებასთან, უბიწოება არის ქორწინების საფუძველი, როდესაც ორ ადამიანს შეუძლია უყუროს ერთმანეთს და დაინახოს ერთიმეორის მშვინიერება, როგორც სიწმინდე, რომელიც მათ აქვთ მინდობილი და რომელსაც ისინი არა მარტო უნდა უფრთხილდნენ, არამედ მიიყვანონ კიდეც სრულყოფამდე.

(გაგრძელება)