სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

სამოღვაწეო, შემეცნებითი და საღვთისმეტყველო თავნი

57. ვიდრე დამნაშავეს განაჩენს გამოუტანდნენ, მას ეძლევა თავის გასამართლებელი სიტყვის თქმის უფლება: აღიაროს სასამართლოს წინაშე, რაც ჩაიდინა. მისი საქმის გამომჟღავნებისა და სასამართლოს განაჩენის წაკითხვის შემდეგ, იგი წინ ვერ აღუდგება განაჩენის სისრულეში მოყვანას.

58. ასეთი სამსჯავროს წინაში წარდგომამდე და თავისი გულისნადების გამომჟღავნებამდე ბერი იქნებ საწინააღმდეგოს ლაპარაკობდეს, ნაწილს - უმეცრების გამო, ნაწილს კი, საკუთარი აზრისა და საქმეების სხვათათვის დამალვის მოზნით. მაგრამ, გულისგახსნისა და გულისთქმათა გულწრფელი აღიარების შემდეგ, უკვე შეუძლებელია ოდესმე წინაღუდგეს თავის ღვთისმიერ მსაჯულსა და მეუფეს სიკვდილამდეც კი. რადგან, ბერი ამგვარი სამსჯავროს წინაშე წარმდგარი, როდესაც გააშიშვლებს თავის გულისნადებს, იმთავითვე ირწმუნებს, თუკი გააჩნია ჯანსაღი აზრი, რომ იგი მრავალგზის სიკვდილს იმსახურებს, მაგრამ, მორჩილებისა და თვინიერების გზით ყოველგვარი სატანჯველიდან და სასჯლიდან თავისდაღწევასაც იწამებს, თუკი, რასაკვირველია, ჭეშმარიტად იცის ამ საიდუმლოს ძალა.

59. ვინც გონებაში წარუშლელად აღიბეჭდა ყოველივე ეს, დამოძღვრილს, გაფრთხილებულსა და მხილებულს არაფრის მიმართ გულისთქმანი აღარ აღეძვრის. რადგან მომაკვდინებელ ცოდვაში ჩავარდნილი თავის სულიერ მამასთან და მოძღვართან შესიტყვებისა და დაუჯერებლობოს გამოისობით ცოცხლადვე იძირება საცოდავად ჯოჯოხეთის სიღრმეში(იგავ. 9.18) და ხდება სატანისა და არაწმიდა სულთა სამყოფელი, როგორც ურჩი და დასაღუპად განწირული შვილი. (იოანე 17,12).

60. შენ გევედრები, მორჩილო, ოდეს მორჩილების უღელს დაიდგამ, მუდამჟამ მისი გავლენის ქვეშ იყავი და გულმოდგინედ ეცადე არ ჩაიგდო თავი, როგორც ნათქვამია, ჯოჯოხეთის საუკუნო სატანჯველში; დღენიადაგ გულმხურვალედ ევედრე ღმერთს და თქვი: ღმერთო და მეუფეო ყოველთაო, რომელი ყოველ საფშვინველსა და სულსა განაგებ, შენ, მხოლოო, განმკურნებელო ჩემო, შეისმინე ვედრება ჩემი, და გველი, ჩაბუდებული ჩემს წიაღში, სულიწმიდის მიერ მიკვლეული, მოაკვდინე და დათრგუნე, და მე, უბადრუკსა და განძარცვულს ყოველგვარი სათნოებისგან, მასწავე, რათა ვიდოდე ჩემი სულიერი მამის წმიდა ნაკვალევზე და გარდამოავლინე ჩემზედა სული შენი, შემბარალებელი და შემწყნარებელი ჩემი. მიწყალე, მეუფეო, რომ მორჩილგექმნე გულითა და გონებითა მე, მუხლმოყრილი მონანული ცოდვილი წინაშე შენსა. და ნუ განმაგდებ სულით ხორცამდე ერთგზის შენთან შერწყმულსა და აღმსარებელს, ამქვეყნად ყველასგან გამორჩეულო და თაყვანისცემულო.

61. მათ, რომელთაც უმშვენიერესი ქვაკუთხედი რწმენისა და იმედისა ღვთისმოსაობის კართან დადვეს შიშითა და ძრწოლით, მტკიცედ დააყრდნეს ფეხნი სულიერ მამათა მორჩილების ქვაზე (შდრ. იგავ. 3,26), შეისმინეს მათი შეგონებები, როგორც ღმერთის ბაგეებიდან წარმოთქმული და დამშვიდებულ სულში უყოყმანოდ იწყეს აღსრულება მორჩილების საჯილდაო ქვაზე დაყრდნობილებმა, მალეც მიაღწიეს წარმატებას - მათში საფუძველი ჩაეყარა უდიდესსა და უპირველეს საქმეს - საკუთარი თავის უარყოფას. რამეთუ, აღსრულება სხვათა და არა პირადი ნებისა, არამარტო სულიერ თავგანწირვას ნერგავს, არამედ მთელს ქვეყნიერებაზეც დამანგრეველად მოქმედებს.

62. ის, ვინც სიტყვას შეუბრუნებს თავის სულიერ მამას, ეშმაკებს ახარებს, ხოლო ის, ვინც სიკვდილამდე მორჩილებს მას, თვით ანგელოსებს განაცვიფრებს. რამეთუ, ასეთი ადამიანი ღვთის საქმეს სჩადის ძე ღვთისას მსგავსად (შდრ. იოანე 6,28), რომელიც თავისი მამისადმი მორჩილებას სიკვდილამდე, ჯვარცმამდეც კი აღასრულებდა. (ფილიპ. 2.8).

63. წრეგადასული და უადგილი გულისწუხილი რაიმე ვნების აღმძვრელის მიმართ გონებას ამღვრევს და აბნელებს, სულიდან წრფელ ლოცვასა და გულაჩვილებას სდევნის და სანაცვლოდ გულს ავადმყოფური წუხილით მსჭვალავს. ამას მოსდევსუზომო სიმკაცრე და გულქვაობა. მათი წყალობითაა სწორედ, რომ ეშმაკები სასოწარკვეთილებაში აგდებენ სულიერი ცხოვრების მიმდევართ.

64. თუკი ასეთი რამ დაგემართება, მონაზონო, ეცადე, მიაგნო სულში ჩაბუდებულ ეჭვსა და სრულყოფილების უდიდეს სურვილსაც, აღასრულე ღვთის ყოველი მცნება, არ შესცოდო ფუჭსიტყვაობით (შდრ. მათ. 12,36), არ ჩამორჩე ძველ წმინდანებს არც მოღვაწეობით, არც გონიერებით და ჭვრეტით. მაგრამ, თუ შეამჩნევ, რომ გაბრკოლებს ბოროტი, სულმოკლეობის ღვარძლით აღვსილი გზას გიღობავს სიწმინდის ასეთი სიმაღლისაკენ, (მათ. 13,25), გასუსტებს და გაუძლურებს, შთაგაგონებს უსაშინლეს აზრებსა და ამგვარად მოგმართავს: შეუძლებელია ამქვეყნად შენი სულის ხსნა, და ვერც ზედმიწევნით შეძლებ ღვთის ყოველი მცნების აღსრულებასო, მაშინ , შენ, მჯდომი განმარტოებით, დაფიქრდი და გონება მოიკრიბე, კეთილი რჩევით სულს მიეც შვება და უთხარ: „რად მწუხარე ხარ სულო ჩემო ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე ავუარო მას მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა“(ფსალმ. 41,6). ვინ გამართლებულა საქმეთაგან სჯულისა?(შდრ.გალ. 2,16).მეფე-წინასწარმეტყველიც ხომ ამბობს; არა განმართლდეს წინაშე შენსა ყოველი ცხოველი“(ფსალმ. 142,2). მაგრამ ვსასოებ, რომ სარწმუნოება, რომელი მაქუს ღმრთისა ჩემისა მიმართ, დამიფარავს და მიხსნის ღმრთისაგან ნაწყალობევ გამოუთქმელ ნიჭთა მეოხებით. წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა! უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე (მათ. 4,10) და მას მხოლოსა სიჩჩოითგანვე ვმსახურო, რომელი შემძლებელ არს ხსნად ჩემდა წყალობით თვისით. განვედ ჩემგან და ღმერთმან, შემქმნელმან ხატად და მსგავსად თვისად (შდრ. დაბ. 1,26), შეგმუსროს შენ!“

65. ჩვენგან, ადამიანებისაგან ღმერთი სხვას არაფერს ითხოვს, გარდა ერთისა, რომ არ შევცოდოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს სჯულის აღსრულებას, არამედ მხოლოდ შეუბღალავად შენახვას ხატისას და ღირსეულად თავისდაჭერას. ამგვარად აღჭურვილნი და სულის ღია ვერხვისფერ სამოსელით შემოსილნი თანავიმყოფებით ღმერთში, იგი კი, ჩვენშია (1იოანე. 4, 13). ღმრთისა და ძე ღვთისას მადლით მოსილნი ნიშანდებულნი ვართ ღმერთის შეცნობის ნათლით, როგორც ნათქვამია: „გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო, მოეც სიხარული გულსა ჩემსა“ (ფსალმ.4,7).

66. უძლურება და სიზარმაცე სხეულისა სულსაც გადასდებს სიზანტესა და დაუდევრობას. ამას განდევნის ყოველდღიური განაწესი, რომ არ გადაიზარდოს გონებრივ სიჩლუნგესა და სიმხდალეში. ამგვარი მდგომარეობა ხშირად საფუძველია იმისა, რომ შიშნეული და ბილწი განსჯა გულსაც შეეპაროს. შემდგომ, ეშმაკისაგან ცთუნებულ, მისუსტებულსა და გულგატიხილ სულს, სიზარმაცე სძლევს და ადამიანი ვეღარ ახერხებს ხეირიანად ლოცვასაც კი, რადგან თვით ყოვლის შემომქმედზე ფიქრის დროსაც, შეუფერებელი ზრახვები აწუხებს. ასე რომ, თუკი შეიცნობ მიზეზს შენი ტანჯვისას, ბეჯითად ეცადე შესაფერისი ადგილი დაიკავო ლოცვისას და მუხლმოდრეკილი ევედრე კაცთმოყვარე ღმერთს გოდებით, ვაებითა და ცრებლებით, რომ განაგდოს შენგან უძლურების, დარდის და ავ ზრახვათა ტვირთი. თუკი ძლიერად და დაჟინებით რეკ ღვთისკარზე, გაგეღება და მყისვე იგრძნობ შვებას.

67. ვინც განიწმინდა გული, სულმოკლეობასაც სძლია, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღწევია სრულყოფილი განწმენდისათვის, იგი ხან სძლევს მას, ხანაც მარცხს განიცდის. ამგვარ ჭიდილში ვინც არასოდეს ჩაბმულა, ანუ სავსებით გულგრილია, დაძმობილებულია ვნებებთან და ეშმაკებთან, პატივმოყვარეობის ჭია ღრღნის და თავდაჯერებულია. ასეთზე ნათქვამია: „რამეთუ უკუეთუ ვისმე ეგონოს,ვითარმედ არს რაიმე, და იგი არა იყოს, თავსა თვისსა აცთუნებს“(გალ.6,3). იგი დამორჩილებულია სულმოკლეობის მარწუხებში მოქცეული, თრთის ბალღივით გონებრივად სუსტი და დამფრთხალს იქ ეშინია, სადაც ღვთისმოშიშთათვის არ არსებობს არც შიში და არც სიმხდალე (შდრ. ფსალმ. 13,5).

68. ვინც ღვთისმოშიშია, მას არ აკრთობს არც ეშმაკების მიერ დაგებული მახე, არც მათი უსუსური შემოტევები, აგრეთვე არც გულბოროტ ადამიანთა რისხვა. რამეთუ, იგი ისევეა, როგორც რაღაც ალი ან მცხუნვარე ცეცხლი ერთობ ბნელსა და მივარდნილ ადგილებში ღამით და დღისით რომ აფრთხობს ეშმაკებს, რომლებიც უფრო მეტად გაურბიან მას, ვიდრე ცეცხლის ენები ეშმაკებს, რამეთუ ღვთაებრივი ცეცხლის გამონაშუქში არ დაიფერფლონ.

69. ვინც ღვთის შიშითაა განმსჭვალული, ბოროტ ადამიანთა შორის ყოფნა როდი აშინებს. გაშინაგნებული აქვს ღვთის შიში, ფლობს რწმენის უძლეველ იარაღს, და მას, ყველაზე ძლიერს, ძალუძს გააკეთოს ის, რაც ბევრს შეუძლებლად და წარმოუდგენლად ეჩვენება. იგი მათ გვერდით დააბიჯებს, როგორც ბუმბერაზი მაიმუნებში, ანდა მბრდღვინავი ლომი ძაღლთა და მელიათა შორის. სასოება აქვს ღმრთისა, გამჭრიახობით ანცვიფრებს, აზრებით აძრწუნებს (შდრ. ფსალმ. 2,9) და ბრძნული სიტყვებით, როგორც რკინის კვერთხით ამარცხებს მათ.

70. ნუ გაგიკვირდება ზოგჯერ მჭმუნვარებით გამოწვეული შიში და კანკალი თუ აგიტანს. ჯერ ხომ არასრულყოფილი ხარ, უსუსური და ბალღივით გაკრთობს საფრთხობელები. სილაჩრე ამპარტავან სულს ბავშვივით სასაცილოს ხდის და ამ დემონის წინააღმდეგ უძლურია შეგონებები, თვით საღმრთო სიტყვის მოშველიებაც. რადგნ აფორიაქებულსა და განაწამებ სულს ოდნავადაც არ აძლევს შვებას. უმჯობესია, ავ ზრახვებს არ მიაყურადო, ისინი თავად მართლუკუნიქცევიან, თუკი ამას მოახერხებ, მყისვე გულისხმაჰყოფ, თუ ვითარ უჩინარქმნილა სილაჩრე.

71. ერთხელ ერთი ბერი საშინელმა მჭმუნვარებამ შეიპყრო. გონებამიხდილმა და სასოწარკვეთილმა სინანული უგულვებელყო. სულში სულიწმიდის ცეცხლიც მიენავლა და კვამლიღა ხრჩოლავდა სხეულში. უხალისობამ მოუდუნა ხელ-ფეხი, ძილ-ქუში მოერია და აეწეწა უწმინდური ცხოვრება. ამგვარ ყოფას მან სიფხიზლე და მღვიძარება დაუპირისპირა. როგორც იქნა ძილს თავი წაართვა, მაგრამ საოცარი თავმომწონება შეეპარა გულს, შემდეგ სინანული მოეძალა, და ბოლოს, სილაჩრე დაეუფლა. მაშინ დაუტევა სენაკი, ბნელი და მიყრუებული ადგილი მოძებნა, დაეყუდა, პირჯვარი გარდაისახა და ხელაღპყრობილმა სულიერი თვალნიც ღვთისკენ აღაპყრო. გულისთქმებს სძლია თუ არა, მყისვე სილაჩრის დემონიც გაუჩინარდა. მაგრამ ახლა ამაზე გაცილებით ძლიერმა მტერმა - ამპარტავნებამ შემოუტია, გულისთქმებს წაეპოტნია, ჩაითრია დაკვლავ სილაჩრის დემონისკენ უბიძგა. ამ ორომტრიალში თავგზააბნეული ბერი ღმერთს ევედრებოდა მისი სული ეშმაკთა მარწუხებისაგან დაეხსნა.

72. ავ სულებს უთვალავი და მრავალგვარი მზაკვრობა თუ ბოროტება ხელეწიფებათ, რასაც, მე ვფიქრობ, ყველა ვერ ამჩნევს. თავად ვიწვნიე სილაჩრის დემონის შეკავშრება და დაძმობილება მჭმუნვარების დემონთან. ეს უკანასკნელი თავის მხრივ, ხელიხელჩაკიდებულია სხვა დემონთან. მათ ეზრახვის და აგულიანებს. სილაჩრის დემონი ადამიანს აძრწუნებს და სულს უფორიაქებს. ხოლო მჭმუნვარებისა - აუძლურებს და ადუნებს. ერთი სიტყვით, ბინდავენ სულსა და გონებას, შემდეგ კი, სასოწარკვეთილებაში აგდებენ ადამიანს. მაგრამ მჭმუნვარება განდეგილთათვის ერთის მხრივ, სასინჯ ქვასაც კი წარმოადგნს და საბოლოოდ მორჩილებას ბადებს.

73. მჭმუნვარების დემონი ლოცვაში წარმატებულ და ბეჯით ადამიანებს ემტერება. ყველა სხვა დემონი ამ ადამიანთა წინაშე უღონო და ფარხმალდაყრილია. და თუ მჭმუნვარების დემონს აქვს რაიმე ძალა დაუპირისპირდეს ადამიანებს ან მათი ბუნებიდან გამომდინარეობს ანდა ჩვენივე დაუძლურებული სხეული აქეზებს და ძალას მატებს. მე, უფრო ეს მეორე მგონია. დავაზუსტებ რისი თქმაც მსურს: როცა მადიანად შევექცევი საჭმელს, მუცელს ამოვიყორავ და გულიანად გამოვიძინებ, მაშინ გონებაზე მეუფებს გრძნობა და ვმარცხდები, თუკი ხორცს ზომაზე მეტად მოვაკვდინებ, გონება დამიბნელდება, გონი წამერთმის და კვლავ გრძნობას ვემორჩილები. განდეგილებზე, არ ვიცი როგორ გამოვთქვა და ზოგჯერ ჰაერის შემადგენლობაც, მაგალითად, სამხრეთის თბილი ქარების ძლიერი მონაბერი მსგავს ზემოქმედებას ახდენს.

74. მჭმუნვარება გულისხმობს სულისა და გონების სიკვდილს. უფალმა რომ ინებოს და მთელი ძალით შემოგვიტიოს ამ გამძვინვარებულმა დემონმა, დამერწმუნეთ, ვერცერთი განდეგილი მათ შემოტევებს ვერ მოიგერიებდა. ჩვენ გვმართებს, შეძლებისდაგვარად წინაღვუდგეთ დემონებს, ღმერთი კი, ფარულად წამოგვეშველოს, რომ აშკარად დავამარცხოთ მტერი. მკვდარს რა გააცოცხლებს და ფეხზე წამოაყენებს, თუ იგი არ დაეხმარა,ვინც მკვდრეთით აღსდგა.

75. ოდეს გონებაში მზვაობრობა გაიდგამს ფესვს და ქედმაღლობა იმძლავრებს, მყისვე უხილავად მოელვარე მადლიც მიინავლება და ჩაქრება. უმალ, გონებას უძლურების დასტურად, როგორც აღრენილი ძაღლები, ისე წაესევიან ვნებები, ნაწილ-ნაწილ დაგლეჯას დაუპირებენ. ისიც თავგზააბნეული ხან აქეთ მიაწყდება, ხან - იქით და ეცდება როგორმე დაუსხლტეს მათ ბასრ კბილებს. გადარჩენის მთხოვნელს მყისვე შეეწევა და მეოხექმნება უფალი.

76. ვინც დაუტევა ეს სოფელი და ყოველივე ამქვეყნიური, გამძვინვარებული მხეცებით სავსე და ურწყული უდაბნოს მკვიდრად არის შერაცხული (შდრ. ფსალმ. 62,1). იგი შეძრწუნებული და აცახცახებული, ამა ცხოვრების ზღვაში დანთქმული, უფალს შეჰღაღადებს ვითარცა იონა ვეშაპის მუცლიდან (იონა 2,1), ანდა დანიელი მბრდღვინავი ლომის ხახიდან (დან. 6, 18), ვაებს და მოსთქვამს, ვითარცა აგიზგიზებულ კოცონში ჩაყრილი სამი ყრმა (დან. 3,24) და ვითარცა მანასე, ლაფდამსხმელი და სხეულის წამბილწველი ბრინჯაოს ქანდაკებების გამომქანდაკებელი (2 ნეშტ. 33,12). უფალი შეიწყნარებს უმეცრებისა და ამა სოფლის სიყვარულის მორევში დანთქმულთ, შეეწევა როგორც ვეშაპის მუცლიდან აღმოყვანებულ წინასწარმეტყველს, რათა აღარასოდეს შთაინთქას კვლავ, იხსნის ლომის ხახიდან - ავ ზრახვათა და ბილწ გულისთქმათა სამყოფელიდან, რომელიც ადამიანთა სულების საცთური და წარსაწყმედელია, დაიფარავს ვნებათა ალმურით გათანგულ სულებს და სულიწმიდის ცვარს დააპკურებს სამი ისრაელელი ყრმის მსგავსად, და ბოლოს, ხორციელ ვნებათაგან დამძიმებულ სხეულებსაც შემოაძარცვავს, დაცემას განარინებს, რათა სინათლისა და დღის უმანკო შვილნი (1 თესალონ. 5,5), აქვე თანაზიარექმნან უკვდავებას.

77. შემწიკვლებული სული გემოთმოყვარე და მომაკვდინებელი ვნებებით დამძიმებულ სხეულში მკვიდრდება, რამეთუ ხიბლავს განცხრობა და დიდება კაცთა. ზოგჯერ, შესაძლოა, სული ვნებათაღელვის ქარიშხალმა ვერ გაიტაცოს, მაგრამ საკმარისია, მსუბუქი სიო მოესალბუნოს, რომ სათნოებები უგულვებელჰყოს, საღმრთო მცნებებსაც გარდახდეს და ზემოთ ხსენებულ უსჯულოებათა და ბოროტებათაგან დამაშვრალ და ტვირთმძიმე სულის მსგავსად იგვემოს. მას ჭირთათმენა და სინანულის ცრემლები თუ გამოაფხიზლებს, შეუმსუბუქებს უბადრუკ ხორცთა სიმძიმეს. ცრემლთა ნაკადულებში ბიწიან გულისთქმათაგან განბანილი კი, თვალხილულ საგანთა სიმდაბლეზე მაღლდება, განმსპეტაკებელი ნათელი გარემოიცავს, ღირს-იქმნება ვნებათა ტყვეობიდან განთავისუფლებისა და მეყვსეულად უფალს შეჰღაღადებს წინასწარმეტყველის პირით: „განხეთქე ძაძა ჩემი და გარეშემარტყ მე სიხარული, რათა გიგალობდეს შენ დიდებაი ჩემი და არა შევინანო“ (ფსალმ. 29,12-13).

78. საღმრთო წერილი სამ ადგილს ასახელებს, სადაც გონება არჩევს ყოფნას. მე კი, უფრო ორს ვიტყოდი, იმიტომ კი არა, რომ საღმრთო წერილის საწინააღმდეგო ვიქადაგო, ღმერთმა დამიფაროს! არამედ, დასაბამსა და დასასრულს შორის შუალედურს არ ვცნობ. დავუშვათ, კაცი ერთი ქალაქიდან მეორეში, ან ერთი მხარიდან მეორე მხარეში გაემგზავრა. იგი ხომ არ მოჰყვება ყველა შემხვედრი ქალაქისა თუ მხარის ჩამოთვლას, თუნდაც გზად უამრავი საოცრება და მომხიბლავი სანახაობა ენახოს, არამედ იტყვის, რომ ამა და ამ ქალაქიდან გაემგზავრა და იმ ქალაქშაი ჩავიდა. კაცი, რომელიც ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ დაიძრა და იქ დაემკვიდრა, დაწვრილებით მოუთხრობს ყველას თავის თავგადასავალს, მაგრამ როდი იტყვის, რომ იხეტიალა ერთი ქალაქიდან თუ მხარიდან მეორეში, შემდეგ მეორედან - მესამეში, არამედ ზოგადად აღნიშნავს, რომ გაიარა გზა მონობიდან თავისუფლებისაკენ, სიბნელიდან სინათლისაკენ და ტყვედქმნილი მშობლიურ კერას დაუბრუნდა (ფსალმ. 64, 2; 125,1). ასევე მონაცვლეობენ ვნებათაღელვა თუ ვნებათუქმნელობა, ვნებებს დამონება თუ სულიწმინდიდეული სილაღე, ცრურწმენა ბუნების მოვლენებზე, რაც სულიერი კანონისდა შესაბამისად სახელდებულია ტყვეობად და ამავე ბუნების დამორჩილება, აბობოქრებული ცხოვრების ზღვა თუ დამშვიდებული განდეგილური ყოფა, ამსოფლიური ამაო გარჯა და წუხილი თუ ენით გამოუთქმელი სიმშვიდე და უზრუნველობა, გაურკვეველ და უთვალავ სურვილთა სანაცვლოდ ერთისადმი ერთგულება და სიყვარული. აი, ადამიანთა გონება საიდან სად რბის!

79. ოდეს გონება ხილული სამყაროდან უხილავში გადაინაცვლებს და გრძნობადიდან ზეგრძნობადში დამკვიდრდება, ყოველივეს დაივიწყებს, რაც ადრე მოხდა. ამ მდგომარეობას მე ვუწოდებ დაყუდებას, სულიერი სიმშვიდის სამყოფელსა და ადგილს.ვინც ღირსქმნილა იქ შესვლად, აღარც მოუწევს გული უკან დასაბრუნებლად. ვითარცა მოსე მთაზე გატარებული ორმოცი დღე-ღამის შემდეგ დაასკვნის: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა“ (მათ. 17,4) და აღარც სურს ქვემოთ დაშვება, ასევე, ვინც სამების სავანეს მიაგნო, სამებაშივე დაემკვიდრა, ვითარცა ცათა სასუფევლის მკვიდრი და ღვთის სიყვარულით ფრთაშესხმული მიწას არასოდეს დაენარცხება.

80. არა მარტო განდეგილსა და მორჩილს, არამედ იღუმენსაც, მრავალთა წანამძღვარსა და დიაკვანს ჰმართებს უჭირველობა, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ფუსფუსზე ამაღლება, რამეთუ თუკი ვშფოთავთ და ვდრტვინავთ, აღმოჩნდება, რომ ვსცოდავთ ღვთის მცნებათა წინაშე, რომელიც ამბობს: „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუ უკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაითა და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი (ლუკ. 21,34; მათ. 6,25,32).

81. ის ადამიანი თავისუფალი არ არის, რომლის გონებაც გართულია დღენიადაგ ყოველდღიურ სახმარზე ფიქრში. რამეთუ მათზე ზრუნვა, განურჩევლად იმისა, პირადია თუ სხვისი ეს საზრუნავი, ადამიანს ზღუდავს და იმონებს. მხოლოდ ეპისკოპოსს, დიაკვანსა და იღუმენს აქვთ ბედნიერება თავისუფალი იყვნენ თავიანთი თუ სხვისი საყოფაცხოვრებო საგნების მოვლა-პატრონობისგან. თუმცა, არასოდეს დამსხდარან უქმად და არც გაუფრთხილებლობა გამოუჩენიათ თუნდაც უმნიშვნელო და არაფრისმაქნისი ნივთების მიმართაც კი (შდრ. მათ. 18.10). არამედ ყველაფერს ღვთისნიერად აღასრულებენ და ამას აკეთებენ უჭირველად მთელი სიცოცხლის მანძილზე.

82. არსებობს ამაო გარჯა ანუ საზრუნავს მოკლებული ფუსფუსი და უზრუნველობა ანუ უშფოთველობა, რაც განცხადდა უფლის სიტყვებში, ოდეს მან თქვა: „მამა ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (იოანე. 5,17). ამით უფალი შრომას როდი უარყოფს, არამედ გვასწავლის თუ რომელ საქმიანობას უნდა დავეშუროთ, რომელია საშური საქმე. უფალი იქვე დასძენს: „ნუ ვინმე თქუენგანი ჰზრუნვიდეს და შუძლოს შეძინებად ჰასაკსა თვისსა წყრთა ერთ?“ (მათ. 6,27) და ჰგმობს ამაო გარჯას. ხოლო უზრუნველობას შემდეგნაირად ახასიათებს: „სამოსლისათვის და საზრდელისთვის რასა ჰზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშნები და ციხ ფრინველები რით საზრდოობენ?“(შდრ. მათ. 6,25-28). მაშასადამე, ერთის უარყოფით და მეორის მიღებით უფალი გვმოძრვრავს თუ როდის გვარგებს უშფოთველი და საზრუნავს მოკლებულნი როდის უნდა მოვერიდოთ შეუფერებელ საქმიანობას.

83. საკუთარი სახლ-კარი არ გააპარტახო ახლობლილსათვის სახლის აშენების მსურველმა. დაუკვირდი, ეს ხომ მძიმე შრომას მოითხოვს და ძნელი შესასრულებელია. მოხდება ისე, რომ საკუთარ სახლს დაანგრევ და ვერც სხვას აუშენებ.

84. ყოველდღიურ სახმართა და ფულის მოხვეჭის სურვილი რომ არ დაგეუფლოს, ნუ ეცდები მოგანდონ ეკონომოსიბა - ამ საგნების მეთვალყურეობა და მათი განაწილება მონასტერში, რათა ნივთს არ დაემონო და იმის სანაცვლოდ, რომ მონასტერზე გაწეული შრომის საზღაური მოგაგონ, არ გახდე განქიქების საბაბი ქურდობისა და მკრეხელობისათვის. მაგრამ თუ წინამძღვარი მაინც გაიძულებს ხელი მოჰკიდო ამ საქმეს, ისე წარმართე, თითქოს მხურვალე ცეცხლის წინაშე იდგე. გულში გავლებული ავი ზრახვისაგან კი, უვნებელი იქნები მონანიების, აღსარებისა და წინამძღვრის ლოცვა-კურთხევის შეწევნით.

85. ვნებათუქმნელმა არ იცის რას წარმოადგენს უვნებობა და არც დაიჯერებს, რომ არსებობს ასეთი ადამიანი დედამიწის ზურგზე. რადგან, ვისაც არ უარუყოფია თავი თვისი (შდრ. მათ. 16,24), სისხლი არ დაუთხევია ამის გამო საუკუნო ნეტარებისა და ცხოვნებისათვის, აზრადაც არ მოუვა, რომ ვისმეს ძალუძს ასე მოქცევა, რათა უვნებობოსათვის მიეღწია.

86. სხვაა უვნებობა სულისა და სულ სხვაა უვნებობა სხეულისა. სული და სხეული ნაკურთხია სულიწმიდის გამონაშუქითა და ნათლის გარდამოსვლით და არაფერია იმაზე უფრო სასარგებლო, ვიდრე ამ ერთადერთისა და თავისთავადის მოხვეჭა.

87. ერთია სულიერი და ხორციელი უმოძრაობა, ხოლო მეორე - სათნოებათა მოხვეჭა. პირველი ბუნების ძალას ემორჩილება, მეორე კი, ყოველგვარ ბუნებრივ მიდრეკილებებს ლაგმავს.

88. მავანი და მავანი თუ არ მიელტვის ამა სოფლის სიამესა და განცხრომას, ეს როდი ნიშნავს სათნოებებს იხვეჭდეს. ფრიად განირჩევა პირველი მეორისგან. ადამიანთა უმრავლესობას შეუძლია პირველის უგულვებელყოფა, მაგრამ ძალზე ცოტაა მეორის მიმდევარი.

89. თუ გაურიხარ და ეკრძალვი დიდებას კაცთა, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, მაგრამ არამც და არამც ღმერთთან შერთვას საღმრთო დიდებით. მათ შორის უდიდესი სხვაობაა. ბევრს ძალუძს პირველის უარყოფა, მცირედნი არიან, რომლებიც უმძიმესი ტანჯვისა და ძალისხმევის საფასურად ამ უკანასკნელს მოიხვეჭენ.

90. უხეშ ტანსაცმელს დასჯერდე, არ იოცნებო ბრწყინვალე სამოსელზე და გარემოირტყა ნათელი ღვთისა ფრიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ნაირნაირი სურვილის ტყვეობაში მოქცეული ადამიანი ტანსაცმელზე ფიქრს, რასაკვირველია, შეელევა, საღმრთო ნათელით კი შეიმოსებიან მხოლოდ გამუდმებულ სინანულში მყოფნი, „შვილნი ნათლისანი და დღისანი“(1 თეს. 5,5), მცნებათა უხინჯოდ აღმსრულებელნი.

91. სხვა ძალა აქვს თავმდაბალ სიტყვას, სხვა - თავმდაბალ მოქცევას, სულ სხვა - მორჩილებას. არც მორჩილების ყვავილი და ნაყოფი ჰგავს ერთმანეთს. ვერც ნაყოფის სილამაზით ვიმსჯელებთ მის გემოზე. აქედან ზოგი რამ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, ზოგი - არა. ჩვენს შესაძლებლობებშია ყოველივეს შეცნობა, გაგება, შეფასება, თქმა და კეთება, რაც კი მორჩილებასთან მიგვაახლოვებს. წმინდა მორჩილება, მორჩილების სახეცვლილებები და ქარიზმები ჩვენს ძალღონეს აღემატება და ღვთის ნიჭია. ეს ისეთი რამაა, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და არცერთ ძეხორციელს არ ენიჭება, თუ ხნულში მარცვალი დროულად არ ჩააგდო.

92. ერთია არ აგაღელვოს შეურაცხყოფამ და ლანძღვა-გინებამ, განსაცდელმა და მწუხარებამ, მეორე - ყველაფერი მადლიერებით მიიღო, მესამე - ილოცო მათთვის, რომელნი გმძლავრობენ და გდევნიან (შდრ. მათ. 5,44), გიყვარდეს ისინი მთელი სულით და გულით, წარმოსახვაში გააცოცხლო თითოეული მათგანის სახე, როგორც ერთგულ მეგობრებს, ისე გადაეხვიო და გულწრფელი სიყვარულით გულაჩუყებულს თვალზე ცრემლები მოგადგეს. ცხადია, მაშინ სიძულვილის არავითარი ნიშანკვალი არ დამჩნევია შენს სულს. უფრო მეტიც, გაცილებით უკეთ წარიმართებოდა ყოველივე, თუკი გამოცდის ჟამს წარბს ვერ შეგახრევინებდნენ, წონასწორობას ვერ დაგირღვვდნენ და მოთმინებიდან ვერ გამოგიყვანდნენ მაძაგებელნი, მბრალმდებელნი, მდევნელნი, მგმობელნი, შეურაცხმყოფელნი, სახეში მაფურთხებელნი, ისინიც კი, პირში რომ გელაქუცებიან და ზურგს უკან სამარეს გითხრიან, ვერაფერს დაგაკლებენ. საუკეთესოდ მოიქცევი, ჩემი აზრით, თუკი რაც დაგითმენია, დაივიწყებ, აღარ იფიქრებ იმაზე, რაც ამ ადამიანებმა შეგამთხვიეს და რამაც ეგზომ გაგანაწყენა, მეგობრებივით მიიღებ მათ შეკრებებზე თუ წვეულებებზე და წარსულისაკენ აღარ გაიხედავ.

93. გახსოვდეს უფალი - არამც და არამც არ ნიშნავს ღმერთის სიყვარულს. არც ღმრთისმოშიშება და ღვთის მცნებათა აღსრულებაა ერთი და იგივე. თუმცა მათ შორის სხვაობა დიდია, სრულქმნილ და მშვიდ ადამიანებს ორივე ერთდროულად ახასიათებთ.

94. ცოდვებისაგან თავშეკავება განსხვავდება მცნებების აღსრულებისაგან. მცნებების ზედმიწევნით აღმსრულებელნი სახარებისმიერი ცხოვრებით მცხოვრები ბერები არიან. ცოდვებისაგან თავშეკავება კი, მხოლოდ მათ როდი მართებთ, რომლებმაც პირადად იგემეს სიმშვიდის მადლი.

95. უმოქმედობა არ არის სიმშვიდე და არც სიმშვიდეა დაყუდება. უმოქმედობა, სიმშვიდე და დაყუდება ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული სამგვარი მდგომარეობაა. პირველ მდგომარეობაში ისინი იმყოფებიან, რომლებსაც სურთ საღმრთო სიკეთეებს თანაზიარექმნან და ქველმოქმედებებს ესწრაფვიან, მეორეში - ღმრთის შემმეცნებელნი, რომლებიც მუდამჟამ მზად არიან საღმრთო სიტყვაში განცხადებული ღვთის სიბრძნის მოსასმენად, სულიწმიდით „გამოიძიებენ სიღრმესაცა ღმრთისასა“(შდრ. 1კორ. 2,10) და საღმრთო საიდუმლოებებს. მესამე სახეობა კი, იმათ მოიხვეჭეს, რომლებიც შინაგან ხმას აყურადებენ გამუდმებით და საკუთარ გულისთქმებს მონდომებით განაქიქებენ.

96. განდეგილობა და ადგილსამყოფელის გამოცვლა ერთი და იგივე როდია. მართალია, ერთიც და მეორეც გადასახლებაა, მაგრამ ორივე ხსვადახსვანაირი. პირველი იმათ ემარჯვებათ, რომლებიც გულისთქმას ებრძვიან, მათ ამგვარად განაწყობს ზანტი და ორჭოფი გონება, ანდა ფიცხელი აღტყინება ახალ-ახალ ბრძოლებზე ოცნებაში. მეორე ხელეწიფებათ ამა სოფლისთვის ჯვარცმულთ (შდრ. გალატ. 6,14), რომლებიც გამუდმებით იმის ცდაში არიან, რომ ღმერთთან და ანგელოსებთან თანამყოფობდნენ და არასოდეს დაუბრუნდნენ ადამიანურ ყოფას.

97. ერთია წინ აღუდგე და შეება მტერს, მეორე - აღგავო პირისაგან მიწისა და საბოლოოდ იძლიო მათზე. პირველი განდეგილთა, კეთილშობილთა და ასკეტთა საქმეა, მეორე კი, მშვიდთა და სრულქმნილთა.

98. ამგვარი საქმიანობა მხოლოდ სიმშვიდის ნათელში ფეხშედგმულ წმინდანებს ძალუძთ. ისინი კი, რომლებიც მიხვდნენ თუ რაოდენ შორს არიან წმინდანებისაგან, ვალდებულნი არიან თვალი გაუსწორონ სიმართლეს და დაინახონ, რომ უფსკრულისაკენ მიექანებიან.

99. ბევრი ადამიანი მთელი ძალისხმევით ცდილობდა ამ სათნოებათა მოხვეჭას, ამა თუ იმ გზითა და ხერხით. მაგრამ მხოლოდ თითიოროლამ შეძლო ღმრთისმოშიშებითა და სიყვარულით მოღვაწეობა და ზეგარდმო მადლცხებულების წყალობით გაძლიერება და წარმატების მიღწევა. სხვები კი, როგორც საღმრთო წერილი ამბობს, ღმერთმა „შეაცთუნნა იგინი უვალსა და არა გზახა“(ფსალმ. 10,40) „და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთასა, რათა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა“ (ფსალმ. 80.13).

100. ვინც ყოველივე პირადად იწვინა სიბეჯითისა და გულმოდგინების მეოხებით, ბრწყინვალედ ჩასწვდება ჩემი ნათქვამის არსს. გამოუცდელთათვის ეს ყველაფერი მარტოოდენ სიტყვათა რახა-რუხია. იგი თავისებურად გადახარშავს იმას, რაც ვთქვი, საკუთარი სულიერი და გონებრივი შესაძლებლობებისდა შესაბამისად და შეეცდება გონებრივ ჭვრეტას მიეცეს. უფრო მეტიც, ადვილი შესაძლებელია ამ სიტყვებმა მის გონებაში ცრუ სახე მიიღოს, ძალზე დაშორდეს ჩემი ნათქვამი და ჭეშმარიტება ერთმანეთს და ადამიანი ხიბლში ჩავარდეს.

101. უდიდესი შეჭირვების, ტანჯვისა და წამების საფასურად ოდეს სძლევ სხეულის სიმდაბლეს, მისი ტყვეობიდან დახსნილი აღმსუბუქდები ვითარცა სული და აღარც დაღლას იგრძნობ, აღარც შიმშილს და აღარც წყურვილს, პირისპირ იხილავ, როგორც სარკეში (შდრ. 1კორ. 13,22) გონებაზეც ზეაღმატებულს. ფართოდ გახელილ თვალებში ჩამდგარი ცრემლის კურცხალში გაკრთება იგი, ვინც „არავინ სადა იხილა“ (იოანე 1,18) და ღმერთის სიყვარულით დაჭრილი სულიდან გადმოხეთქავს ცრემლნარევი სიხარული. მაშინ მომოხსენე, ლოცვა ჰყავ ჩემთვის, საწყალობელისთვის, ღმერთთან შეკრულო ურღვევი და მტკიცე კავშირით.

გაგრძელება...