ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული

მეზვერისა და ფარისევლის კვირა

დღეიდან ეკლესიაში „მარხვანის“ კითხვა იწყება. აი, უკვე დატრიალდა მარხვის სურნელი! ჯერ არს, რათა მის მისაგებებლად განვემზადოთ, და არა მარტო მარხვის, არამედ მეტადრე იმის მისაგებებლად, რისთვისაცაა დაწესებული მარხვა: სინანულსა და უწესო ცხოვრების წარმართებას მივემთხვიოთ... აი, თქვენ ისმენთ ლმობიერებით გამსჭვალულ საგალობელს: „აწ განმიღე ბჭენი სინანულისა, ცხოვრების მომცემელო!“

განბიღე ბჭე სინანულისა! - განა ვინ დაკეტა იგი? სინანულის ბჭე გაღებულია ჯვარის მიერ; ის ღიაა და ღია იქნება ყოველი ადამიანისთვის, ვიდრე არსებობს ეს სოფელი, ხოლო თითოეული ჩვენთაგანისთვის - მანამ, სანამ ჩვენს ნესტოებში სიცოცხლე სუნთქავს.

ასეა: განხმულია ღვთის მოწყალების კარი, - და ვინ დაჰხშავს მას? მაგრამ ამ კარში ვერ შევალთ, თუკი უწინ გულის სალმობისა და შემუსვრილების კარს არ გავივლით. ილმე (შეიჭირვე) და შეიმუსრე, და უფალი შეგიწყნარებს.

შეიმუსრე! - მაგრამ გული არ იმუსრება; გგლმოდეს! - მაგრამ გულს არ სურს სალმობიერება. და აი, საკუთარ სულში ჩახშული, გულგანფიცხებული ადამიანი, თვითმფლობელობის ძალა რომ არ შესწევს, მოწყალე ღმერთს შეჰღაღადებს: „აწ განმიღე ბჭენი სინანულისა, ცხოვრების მომცემელო!“ შენი კარი მუდამ ღიაა, უფალო, მაგრამ ჩემი დახშულია და გამოსავალი არ მაქვს! ჩემი გაქვავებული გულის კარი განმიღე შემუსვრით, რათა წარმოვდგე შენს წინაშე და შენი მოწყალების კარში შევიდე!

ისმენს უფალი შეჭირვებული ადამიანის სულთქმას და გულისხმას უყოფს მას, - როგორ უნდა მოიქცეს, მისი გულის კარი რომ განეღოს. გუშინ ვგალობდით: განმიღე ბჭენი სინანულისა; დღეს, ამის პასუხად, უფლისგან მეზვერისა და ფარისევლის იგავს ვისმენთ. მომდევნო კვირას, ამავე ვედრების პასუხად, უძღები შვილის იგავს მოვისმენთ. შემდეგ, ამავე მიზნით, ღმერთი საშინელ სამსჯავროსა და ჩვენს პირველშექმნილ წინაპართა დაცემას გაგვახსენებს. უფალი თითქოს გვეუბნება: აღასრულეთ ყოველივე, რასაც სახარების ამ იგავებში განცხადებული ჭეშმარიტებები გვამცნებენ, და ეგებ ეღირსოთ, ბოლოს და ბოლოს, შემუსვრას და თქვენი გულის კარის გაღებას. უფალი მოელის, რომ როგორც მძიმე ურო, ქვაზე დარტყმისას, ამსხვრევს მას და ანაკუწებს, ისე ეს ჭეშმარიტებებიც, ერთი მეორეზე უფრო გულისშემძვრელნი, შემუსრავენ, საბოლოოდ, ჩვენს განფიცხებულ გულს, მას სინანულის გოდებას ამოათქმევინებენ და ლმობიერების ცრემლებს მოსწურავენ!

ჩავუღრმავდეთ, ძმებო, ღვთის განზრახვას და მოწყალე უფლის მაცხოვნებელ ბრძანებებს შევუდგეთ (მივყვეთ). გულს უფალი ცვლის, მაგრამ ჩვენ თვითონაც უნდა ვაიძულოთ თავს და, უკანასკნელ შემთხვევაში, ჩვენში ღვთის მაცხოვნებელი მადლის ქმედებას მაინც არ შევუქმნათ დაბრკოლება.

მეზვერისა და ფარისევლის იგავი გვიცხადებს, რომ მთავარი დაბრკოლება ჩვენი გულის შემუსვრისა ჩვენი ალალმართლობის შეგრძნებაა, და გვასწავლის, განვდევნოთ ჩვენგან ეს გრძნობა, მეზვერის სულიერი განწყობილება მოვიპოვოთ, რათა მისი სიტყვით ვხმობდეთ: „ღმერთო, გვილხინე ჩვენ, ცოდვილთ!“ უფალი წარმოაჩენს ორ ადამიანს და თითქოს გვეუბნება: „აი, იხილეთ, - ორი ადამიანი მოვიდა ჩემთან: ერთი თამამად მომეახლა, დარწმუნებული თავის ალალმართლობაში და ჩემს წინაშე თავის დამსახურებებში; და ვერ მიიღო განმართლება. მეორე ჩემს მიმართ ზე აღმოხილვასაც ვერ ბედავდა, მხოლოდ მკერდში იცემდა და წყალობას მთხოვდა; და მე შევიწყალე“. თქვენც ასევე მოიქეცით: განიძარცვეთ თავის მართლების წარმწყმედელი სამოსელი, თავის განქიქებისა და ყვედრების ძაძები შეიმოსეთ, - და უფალი შეგიწყალებთ.

თვითკმაყოფილება და თავის მართლება ყველაზე დამღუპველი ხიბლია, რომლითაც ჩვენს მტერს ძალიან ბევრი ჰყავს შეპყრობილი, და არცთუ ცუდი ადამიანები! ეს ხიბლი ფეხებს კვეთს და სულიერ წინსვლას აჩერებს. ვისაც თავი მართალი ჰგონია, რაღა ძალა ადგას, დიდად შეწუხდეს და წყალობა ეძიოს? მიზანი მიღწეულია - კაცი მართალია; რისთვისღა იშრომოს? ისღა დარჩენია, მზერა მოატაროს ირგვლივ, თავი იმაღლოს და სხვები ამციროს. სინამდვილეში კი ეს ნიშნავს გულისსიტყვით განბნევას იმისას, რაც რუდუნებითაა შეკრებილი, და თავის წარწყმედას. აი, რატომაა, წმინდა მამათა სამოძღვრო თხზულებებში მოუკლებლად რომ მეორდება სიმდაბლისა და თავის დამცრობის გაკვეთილები და განსაკუთრებით სასტიკად განიკიცხება თავზე დიდი წარმოდგენა და მზვაობრობა.

ვისაც ხიბლის ნისლის გაფანტვა სურს, მოდით, ფარისევლისგან ვისწავლოთ ეს. ფარისეველი, მგონი, საჭიროდ არც თვლიდა თავისი ნაფიქრალის დამალვას: გულახდილად ამოთქვა, რაც გულში ჰქონდა. სწორედ ამით გამჟღავნდა, რომ მისი საწყალობელი სული მტერს მახეში გაება და ხიბლში მოემწყვდია.

„არა ვარ, ვითარცა სხუანი“. პირველი ხიბლი! ფარისევლის ყოფაქცევას ცუდი ნამდვილად არ ეთქმოდა. შეხედა აშკარა ცოდვილებს და ბუნებრივად ჩათვალა თავი მათზე უკეთესად. მაგრამ რატომ უყურებდა უწესოდ მცხოვრებთ? წმინდა, მართალი ცხოვრებით ვინც ცხოვრობს, იმათთვის შეეხედა. დაინახავდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს, ვინც თავისი ცხოვრებით მასზე ბევრად მაღლა იდგა, - და უკვე აღარ იტყოდა ამ წარსაწყმედელ სიტყვებს: „არა ვარ, ვითარცა სხუანი“.

აი, ჩვენი მეცნიერება, ძმებო! მტერი მუდამ ერთსა და იმავე მანქანებას იყენებს, - ახლაც, ისევე, როგორც მაშინ. ახლაც ისევე შთაგვაგონებს, როგორც მაშინ: „აი, შეხედე, ესეც ასეთ-ისეთია და ისიც: შენ ხომ სულ სხვა ხარ!“ მოისმენს საცოდავი ადამიანი ამ მზაკვრობით სავსე სიტყვებს და ნამდვილად იჯერებს, რომ კარგია, თავის თავზე დიდი წარმოდგენით ებინდება გონება და ღვთის წყალობას აკლდება. მაგრამ რატომ უნდა უყურებდე იმას, ვინც უდებებაში ატარებს ცხოვრებას? სათნოებისა და კეთილმსახურების მტკიცე მოშურნეებს შეხედე და შენი ნაკლოვანებების შეცნობით განათლდები! ანდა უმჯობესია, ცოცხლებიდან არავის უყურო, რამეთუ ვინაა განწმენდილი? გვერდი აუარე ყველას და გონებაში მხოლოდ იმათი სახეები ჩაიბეჭდე, ვის მიბაძვასაც ღვთის სიტყვა გავალებს. „მობაძავ ჩემდა იყუენით, ვითარცა მე ქრისტესი“ (1კორ. 11,1) - ამბობს მოციქული. „სახე მიგეც თქუენ, რაათა ვითარცა ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ“ (იოანე 13,15), ან: „იყუენით თქუენ სრულნი, ვითარცა მამათქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მთ. 5,48), - ხმობს უფალი. აი, ვის უნდა უყურებდე და რას უნდა ადარებდე შენს ცხოვრებას! - წმინდა მოციქულთა სათნოებებს, ქრისტე მაცხოვრის ქველისმოქმედებას, ზეციერი მამის სისრულეს. ამ დასში რომ ჩააყენებს თავს, ვინღა გაბედავს გაფიქრებას: „არა ვარ, ვითარცა სხუანი?“ უმალ განა სირცხვილი არ დაჰფარავს მას, განა თავს არ ჩაღუნავს და გულის სიღრმიდან ამოიკვნესებს: „ღმერთო, მოწყალე მექმენ“? მას ისეთივე განცდა დაეუფლება, როგორიც მაღალ საზოგადოებაში მოხვედრილ ადამიანს, რომელმაც არ იცის მისი წესები. ასე რომ, მაღალთა და სრულთა ჩვენთან შედარება ყველაზე ძლიერი და ქმედითი ექიმობაა თვითრჩეულობის აღსახოცად.

ფარისეველი ფიქრს განაგრძობს: „ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა (კვირაში ორჯერ ვმარხულობ) და ათეულსა შევჰსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა“ (მთელი ჩემი შემოსავლის მეათედ ნაწილს ღარიბებს ვურიგებ და ეკლესიას ვწირავ). აი, მეორე ხიბლი! - მხოლოდ სათნოებათა ხსენება, ცოდვების დაფარვა თავისივე თავისგან; ქველისმოქმედების გახსენებისას მისი გარეგნული მხარის დანახვა მხოლოდ, უგულებელყოფა შინაგანი განწყობილებებისა და გრძნობებისა, სიკეთის ქმნას რომ მოეზავებოდა. ასე სჯიდა ფარისეველი და ამპარტავნების ბნელში იძირებოდა. ის არასწორად განიხილავდა თავის საქციელს, რადგან მიაჩნდა, რომ მუდამ კარგად იქცეოდა. მაგრამ რამდენი შემთხვევა იყო, როცა მას სიკეთის ქმნა შეეძლო, ვალდებული იყო და თავი აარიდა მას, რამდენჯერ ბოროტება ჩაიდინა სიკეთის ნაცვლად, - ამაზე ის დუმს და ცდილობს, ეს თავის თავსაც დაუმალოს და ღმერთსაც. შეჩერდი, ფარისეველო, - ვინმე რომ ეტყოდეს! - მთელი შენი უკეთურებაც გაიხსენე; და შემდეგ ერთ მხარეს შენი სიკეთე დადე, მეორე მხარეს კი მთელი შენი ავნაქნარი, და მაშინ ნახე, რა გამოვა! წინდაწინვე შეიძლება გამოცნობა, რაც გამოვა. ასე რომ მოქცეულიყავი, მაშინ ენა აღარ მოგიბრუნდებოდა სათქმელად: „არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი“. კეთილსინდისიერად რომ განგესაჯა შემდეგ, რა მოსაზრებებით გააკეთე ის კნინი სიკეთე, რომელსაც იხსენებ, ანუ: ამაო მედიდურობის ან კაცთმოთნეობის გამო ხომ არა? ან იქნებ იმისთვის, რომ წონა შეიძინო და შენი მდგომარეობის შესაბამის სარგებელს არ მოაკლდე? ან იმიტომ ხომ არა, რომ გარემოებამ შეგიწყო ხელი, თუმცა კი გული არ ერთვოდა ნამოქმედარს? საერთოდ, ღვთის თნება და მისი დიდება გქონდა აზრად, თუ შენი თავი და პირადი ინტერესები? - ამ მხრივ რომ აგეწონ-დაგეწონა შენი მცირე სიკეთე, მისგან აღარაფერი დაგრჩებოდა, გარდა შეშფოთებისა და სულთქმასა: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას!“ ფარისეველი ასე არ მოქცეულა: თავით ქადილის მახეში გაება და თავის მართლებისათვის დაფარა კიცხევამ ღვთისამ.

მაშ ასე, თავით მოხიბვლის საცდურს გინდათ თავი დააღწიოთ? - ფარისევლისგან ისწავლეთ, ოღონდ მის საპირისპიროდ იმოქმედეთ: არ მოიქცეთ ისე, როგორც ის იქცეოდა და პირიქით, მოიქეცით ისე, როგორც იგი არ იქცეოდა. მტერი რომ მოგიახლოვდებათ და თქვენს გულში თითქოს საყვირით გაჰყვირებს, სხვებივით არ ხართ, ყოველთვის კარგად იქცევითო, თავი ხელში აიყვანეთ, მოატარეთ მთელი თქვენი ბოროტნამოქმედარი და თავს ჰკითხეთ: ეს ვინ გააკეთა? ეს ვიღამ ჩაიდინა? ეს?! მაშინ გაიღვიძებს სინდისი და მისი მამხილებელი ხმა ჩაახშობს თავის ქების ჩურჩულს: „არა ვარ, ვითარცა სხუანი!“ თუკი, ამის მიუხედავად, თქვენი გული მაინც განლაღდება მზვაობრობით, მკაცრი გაკიცხვით ამხილეთ ის და უთხარით: სიკეთე კიდეც რომ გექმნას, შენი ბოროტი გულისსიტყვით სულმთლად წაახდინე ყველაფერი და შეაბილწე ხან ამაო მედიდურობით, ხან კაცთმოთნეობით, ხან რაღაცის გამორჩენის განზრახვით. ასეთი გრძნობები კიდეც რომ არ წარწმასნოდა შენს ნამოქმედარს, შენ ახლა ბღალავ მას და მთელ ღირსებას ართმევ, რადგან ამპარტავნობ ქველის მოქმედებით. ასე რომ ვამხილებთ თავს, თავის მართლების ყოველგვარ საყრდენს გამოვაცლით მას და ჩვენ ვეღარ მივიქცევით ვერსაით, არამედ მხოლოდ წყალობისა და შეწევნისაკენ ღვთისა, რომელსაც შევღაღადებთ კიდეც პირუთვნელად: „ღმერთო, გვალხინე ჩვენ, ცოდვილთ!“

ო, ნეტავ როდის შეგვეწევა უფალი, მეზვერის ეს განმამართლებელი გრძნობები რომ მოვიპოვოთ და მათ შევემტკიცოთ. აკი თითქოს ბუნებრივია ისინი ჩვენთვის; თუმცაღა არა ყოველთვის და არცთუ იოლად ვპოულობთ ჩვენში ამ გრძნობებს. ესეც უნდა ვისწავლოთ, ისევე, როგორც საერთოდ ყოველგვარი სიკეთის სწავლა ჯერ არს. სწავლა! და ამგვარი სწავლის დროს აი, რა ღონე უნდა ვიხმაროთ: გონებით ჩავღრმავდეთ ჩვენს შინაგან ადამიანში; მასში ჩვენ ჩვენი შინაგანი მოწმე, ჩვენი გულის უტყუარი სარკე - სინდისი გვაქვს, მაგრამ ის მიგდებულია და ხშირად - გასვრილიც. ეს სარკე გავწმინდოთ და, უფლის სიტყვის მიხედვით, გარკვეულად აღვადგინოთ მასში ჩვენთვის სავალდებულო ყველა სიტყვა, მოქმედება, გრძნობა და გულისსიტყვა. შემდეგ დავდგათ ის ჩვენი პიროვნების, ანუ შინაგანი ადამიანის პირისპირ ისე, რომ ჩვენი პიროვნება ვერსად დაიმალოს და ვერც ვერაფერი გადაიფაროს. რაკი შუქის გარეშე შეუძლებელია რაიმეს დანახვა, ჩვენი შინაგანი ტაძარი ღვთის შიშით განვანათლოთ, რომლის ქმედებითაც ჩვენი პიროვნების, ანუ ჩვენი შინაგანი ადამიანის ყველა ნაკვთი წვლილად, აშკარად გამოჩნდება სინდისის სარკეში. ასე გამოწვლილვით რომ გამოვიძიებთ ჩვენს შინაგან ადამიანს, უეჭველად მოვიპოვებთ მეზვერის შინაგან განწყობას. არა მარტო მოქმედება, არამედ გულიდან გამოსული და გამომავალი ყველა ბოროტი გულისსიტყვა აღიბეჭდება ჩვენს შეგნებაში, აისახება სინდისზე და, ღვთის შიშის ქმედებით, სამსჯავროს მოიზიდავს. და როგორც მეზვერე იდგა შორს, შიშისაგან ახლოს მისვლას ვერ ბედავდა, სინდისის ქენჯნისა და კდემის გამო ზეცისკენ ახედვასაც კადნიერებად მიიჩნევდა, თავის თავით უკმაყოფილო, მკერდში იცემდა და თავის უმსგავსობაზე წუხდა, ისე ჩვენი შიშიც შეიცვლება სირცხვილით, სირცხვილი - განქიქებით, განქიქება - სალმობით ჩვენი დაცემის გამო. და თვითრჩეულობის დაბადების, მზვაობრობისა და თავის მართლების აღორძინების დრო აღარ დაგვრჩება. რამეთუ როგორც ჩვენს ორგანიზმში არ წყდება მოქმედება, გული კი ყოველ წამს ცოდვას ჭედავს, წუთი არ იქნება, მკერდში რომ არ ვიცემდეთ და ვგოდებდეთ: „ღმერთო, მილხინე!“ ეს მდგომარეობა ნეტარებაა; ნამდვილად გვწევს ღვთის წყალობასა და მისგან განმართლებას.

მრავალნი ვამბობთ: „ცოდვილი ვარ“, ღვთისთვის საამოა ეს სიტყვები, მაგრამ ვიზრუნოთ, რომ მხოლოდ ენა კი არ წარმოთქვამდეს მათ, არამედ გულიც გრძნობდეს. დავირწმუნოთ თავი, რომ თავის მართლად მიჩნევა წარწყმედის გზისკენ მიდრეკაა. წარვდევნოთ ჩვენგან ეს გრძნობა, ყველაზე საშიში მტერი, რომელიც გვეპარება, რათა უძვირფასესი სიკეთე, ღვთის წინაშე განმართლება მოგვტაცოს. ამ საცდურს რომ არ მივეცეთ, ჩვენს ყოველ ქმედებას, ყოველ განზრახვას თავის ცოდვილად შეგრძნობა წავუმძღვაროთ წინ და ის იდგეს ყველაფრის სათავეში. მოწყალებას რომ გასცემ, იფიქრე: ღირსი არა ვარ, ამით ღვთის წყალობა მოვიპოვო; როცა მარხულობ ან სხვა აკრძალვას იდებ თავს, იფიქრე: სხვები ამით თავიანთ სათნოებებს განამრავლებენ, ჩემთვის კი ეს ეპიტიმიაა, ჩემი ცოდვების სანაცვლოდ ვშრომობ; ეკლესიაში მიდიხარ, თუ შინ ლოცულობ, თავს უთხარი: ვიშრომებ, ეგებ შემიწყალოს უფალმა და ცოდვები შემინდოს. ლოცვას რომ შეუდგები და გონებით და გულით უფლის წინაშე წარდგები, განსაკუთრებით ამ დროს სხვაგვარად ნუ აღიქვამ თავს, თუ არა ყველაზე წარუმართებელ (გამოუსწორებელ) ადამიანად, ყველაზე მეტად რომ საჭიროებს ღვთის წყალობას. მაშინ ემსგავსები წმ. პიმენს, მთქმელს ამ სიტყვებისა: „თავს ვჭვრეტ ადამიანად, რომელიც ყელამდე მწვირეშია ჩაფლული, და ბაგეებიღა მოუჩანს, რათა ხმობდნენ: „უფალო, შემიწყალე მე!“

სულის ასეთ განწყობას რომ მოვიპოვებთ, ღვთის წყალობით, თვითრჩეულობის, თავზე დიდი წარმოდგენის ხიბლს დავაღწევთ თავს და გულის შემუსვრილების კარის გაღების მთავარ დაბრკოლებას გადავლახავთ, ამ კარიდან გამოსულნი კი უეჭველად მივემთხვევით ღვთის მოწყალების ბჭესაც. ამინ.

თარგმნა ია მელიქიძემ
წიგნიდან: „საუბრები ქრისტიანულ ცხოვრებაზე“