ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული

ქადაგება დიდმარხვის პირველი შვიდეულის ოთხშაბათს

ჩვენი უფალი და მაცხოვარი გვამცნებს: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი“! (მთ. 3,2) ამ სიტყვებით ის ყველას მოუხმობს თავის სასუფეველში. ვისმინოთ ამ ნუგეშისმცემელი ხმისა და ვიჩქაროთ უფლისაკენ. ღმრთის სასუფეველი - რა დიდი სიკეთეა! სინანული კი - რა ადვილი, ხელმისაწვდომი და სწრაფმოქმედი საშუალება! განსაკუთრებით ამ დღეებში, როცა ცხოვრების წესიც, საერთო ხმაც, მაგალითიც, შემუსვრილი ლმობიერებით გამსჭვალული, სულის შემძვრელი ღმრთისმსახურებაც, ნების წინააღმდეგ მიგვზიდავენ ტირილისა და სინანულისკენ. მარხვის დაწყებამდე, ყველიერის კვირას, ყველას ასწავლიდა წმ. მოციქული: „აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისა! აჰა ესერა, აწ არს დღე იგი ცხოვრებისა“ (2 კორ. 6,2). შეწყნარების ჟამია, რადგაწ ცოდვით დაბანგულ ადამიანს ასე ბევრჯერ არასდროს ესმის გამომაფხიზლებელი ხმობა: „განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს და აღსდეგ მკუდრეთით და განგანათლოს შენ ქრისტემან“, როგორც ახლა. კარგად იქცევით, ამ მოწოდებას რომ უსმენთ და გულმოდგინედ აწყდებით სინანულის კარს. უფრო კადნიერად მიეახლეთ, ირეკეთ, ნუ დაცხრებით! გაგიღებთ მრავალმოწყალე, თქვენსკენ განიპყრობს ხელებს და თავის წიაღში შეგიწყნარებთ.

მეტად უბრალო რამ არის სინანული: ერთი სულთქმა და სიტყვა: „ვცოდე, აწ აღარ ვცოდავ!“ ოღონდ ამ სულთქმამ ზეცას უნდა მიაღწიოს, რათა ჩვენი მეოხი იყოს სიმართლის საყდრის წინაშე; და ამ სიტყვებმა ცხოვრების წიგნში უნდა აღხოცოს ყველა ნაწერი, რომლებშიც ჩვენი ცოდვებია აღნუსხული. როგორ შეიძენენ ისინი ასეთ ძალას? - თავის დაუზოგავი განსჯითა და გულის მხურვალე შემუსვრით. აი, სწორედ აქეთ მიმართეთ სინანულის მოშურნეობა: მოალბეთ და შემუსრეთ თქვენი გული, და შემდეგ, აღსარების დროს, ნუ შეგრცხვებათ, განაცხადეთ ყოველივე, რაც გარცხვენთ ღვთისა და კაცის წინაშე.

სულიერი მარხვის (ცოდვისგან განშორების) დროს ყველაზე დიდ სიძნელედ სულიერ მოძღვართან გულის განცხადება გვესახება. არადა ეს ყველაფერზე მეტად უნდა გვახარებდეს. იარებით დაფარულისთვის განა სასიხარულო არ არის განკურნება, ყოველგვარი უწმინდურებით შეგინებულისთვის განბანა, ბორკილგაყრილისთვის განთავისუფლება? აი, სწორედ ასეთი ძალა აქვს მღვდლის მიერ ცოდვების შენდობას აღსარებაზე: მოძღვართან მივდივართ დაწყლულებულები, შებილწულები, ბორკილგაყრილები, მისგან კი განკურნებულები, განწმენდილები, გათავისუფლებულები მოვდივართ. ასეთია უფლის აღთქმა: „აღიარენ ბრალნი შენნი და განჰმართლდე“.

უეჭველად განმართლდები, მაგრამ ჯერ შენი უსჯულოება აღიარე დაუფარავად. იცოდე, მხოლოდ განცხადებული წყლული იკურნება, მხოლოდ გამჟღავნებული უწმინდურება განიბანება, მხოლოდ დაუფარავი ბორკილი იხსნება. გაფრთხილდი, ვინძლო უკურნებელი, განუბანელი და შეკრული არ წახვიდე ამ ქვეყნიდან.

მოქმედი აქ (აღსარებაზე) უფალია. სულიერი მოძღვარი მისი წარმომადგენელია და მის სიტყვას წარმოთქვამს. უფალმა იცის შენი ცოდვები, და შეუძლებელია, შენს გონებაში არ აცნობიერებდე მათ უფლის წინაშე. მაგრამ უფალს სურს იცოდეს: ამხელდი თავს ცოდვაში, თვით უფალი რომ იდგეს შენს წინაშე, თუ გულს ჩაიხშობდი ჩვენი პირველმშობლებივით? აი, სწორედ ამიტომ დააწესა თავისი პირის გამოჩენა შენზე სულიერი მოძღვრის მეშვეობით, რომელიც შენს აღსარებას იღებს; და ამიტომაც დადო წესად, რომ მოძღვარი უფლის სახელით წარმოთქვამდეს შენდობის ლოცვასაც. ღმრთისამიერი დაწესების გამო უძლური ქმნილების მიერ დედამიწაზე წარმოთქმული ეს ლოცვა საღმრთო ძალით იბეჭდება ზეცაში.

სულიერი მოძღვარი ამავე დროს სახეა მთელი კაცობრიობისა. ვისაც აღსარების დროს თავის მხილებისა რცხვენია, განიშოროს ეს სირცხვილი, რადგან ესაა შერცხვენა შერცხვენის წილ: მცირედი კდემა ფიცხელი კდემის წილ, მაცხოვნებელი კდემა - გაუხარელი და უსარგებლო კდემის ნაცვლად! ოდესმე მთელი კაცობრიობის წინაშე გაცხადდება მთელი ჩვენი უკეთურება და ისეთი სირცხვილით დაგვწვავს, რომ ჩვენ სიხარულით დავთანხმდებოდით, მთები გადმოგვმხობოდა თავზე, ვიდრე ამ კდემის სიმწარე გვეგემა. აი, დაგვიწესა კიდეც უფალმა ერთი კაცის წინაშე შერცხვენა, რათა გვიხსნას შერცხვენისგან მთელი კაცობრიობის წინაშე.

ერთი დამღუპველი მზაკვრობა გვაქვს გულში: ზოგჯერ ყველა ცოდვას ვაღიარებთ გულწრფელად, ერთი, მთავარი ცოდვის გამოკლებით, იმისა, რომელიც ყველაზე მეტად განგვაქიქებს და სირცხვილით გვფარავს. უფრო ხშირად ხორციელი ცოდვა რჩება გაუმხელელი, თუმცა ნებისმიერმა ცოდვამ შეიძლება დაიკავოს მისი ადგილი. ვისაც ასეთი უძლურება სჭირს, მზადაა ყოველგვარი ღვაწლი იტვირთოს და ყოველგვარი სიკეთე ჰყოს, ოღონდ მისი საყვარელი სენი ხელუხლებელი დარჩეს. უფალს კი ასეთი სჯული აქვს: არა მცე მოწყალება, უკეთდ არაწმინდებით შეიბილწები; ნუ იმარხავ, უკეთუ ანგარებით შეიგინები; ნუ დაშვრები ლოცვით, უკეთუ ცუდმედიდობით ხარ სნეული. დაფარული წყლული გაამჟღავნე, რათა განიკურნო და მისი საპირისპირო სათნოებით შეიმკო. ყოველო სულო, შეიძინე სურვილი, სძლიო თავს განსაკუთრებით იმაში, რაც ძლევას ეწინააღმდეგება.

სინანულის ეს უღირსი ნაყოფი აღსარებისთვის სათანადოდ მოუმზადებლობის შედეგია. აღსარებას წინ უძღვის სულის უცოდველად დაცვა - მარხვის, განმარტოების, მღვიძარებისა და ლოცვის ღვაწლი. ასეთი მკაცრი ცხოვრება, სხეულის შემაჭირვებელი და შემმუსვრელი, იმისთვისაა დაწესებული, რომ ამ გარეგან ღვაწლში გულის შემუსვრილება ჩაისახოს და სინანული დაიბადოს. მკაცრი ცხოვრება სახელმძღვანელოსავით აუცილებელია, მაგრამ სინანულის გრძნობის გარეშე მიზანი არ აქვს და თავის მნიშვნელობას კარგავს. ვინც მხოლოდ გარეგნულად იმუსრავს თავს, მასზე ჯერ არ შეიძლება თქმა, რომ უკვე სრულყოფილი, შეუკდემელი აღსარების ძალა შესწევს; მაგრამ ვინც, ამასთანავე, შინაგანადაც იმუსრავს თავს, მისი აღსარება სუფთაა, სრულია და დაუფარავი. ვინც თავისი ცოდვა გააცნობიერა, მასში ბრალეულად სცნო თავი, იგლოვა და მოიძაგა, თავის გულში მან უკვე გულწრფელად თქვა ღვთის წინაშე: „დამნაშავე ვარ! აღარ ვიზამ!“ ასეთი ადამიანი მზადაა, თუგინდ მთელი ქვეყნის წინაშე თქვას აღსარება, არათუ მხოლოდ სულიერი მოძღვრის წინაშე. აი, სწორედ ეს არის სინანულის მარგებლობის ფესვი: გულის შემუსვრა ცოდვათა გამო, მათი მოძაგება! „გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“. მაშ, მოალბე შენი გული, გაალღვე შემუსვრით, და თვითონვე ამოაფრქვევს ყოველგვარ არაწმინდებას, აღსარება კი ყველაფერს შეწვავს კდემისა და ღვთისაგან შენდობის ცეცხლით.

მტირალი და სალმობიერი გული სიბრძნეს შეიკრებს და მონანული ისწავლის, როგორ მოინანიოს ცოდვები, რათა სავსე მჭელეულებად მოიმკოს სინანულის ნაყოფი - არა მარტო შეწყალება და სრული მიტევება, არამედ აგრეთვე გულის სრული შეცვლა უკეთესობისაკენ, და, შემდგომად ამისა, ცხოვრების წარმართება. ღრმად შემუსვრილი სრულად აღიარებს ცოდვებს და აღსარების შემდეგ სრულიად ახალ ადამიანად გვევლინება. გაიხსენეთ მარიამ მეგვიპტელის, თაისიას, ევდოკიას, მოსე შავის, დავითის, ავაზაკის და სხვათა მაგალითები. ამგვარი შეცვლა ინატროს ყოველმა მმარხველმა და ყველამ, ვინც აღსარებისთვის ემზადება.

მონანულის სულის შემუსვრილება და აღსარება, შენდობის ლოცვის მეშვეობით, რომელსაც მოძღვარი უფლის სახელით წარმოთქვამს, საღმრთო და ადამიანურ სტიქიებს აერთებენ სინანულში, და მათ მიერ ახალი ქმნილება იბადება, ისევე, როგორც თავდაპირველად იშვა, ნათლობის ემბაზიდან. მრავალმოწყალე უფალმა დაე, ყველას გვაღირსოს, რომ სინანულის საექიმოდან ყველაფრისგან განკურნებულები გამოვიდეთ და სრულიად განახლდეს ჩვენი გულის ყველა გრძნობა და განწყობა; რათა ამიერიდან შევიყვაროთ ის, რის მიმართაც უწინ გულგრილები ვიყავით, და მოვიძულოთ ის, რისკენაც ვისწრაფოდით; რათა მრისხანების ნაცვლად გვიყვარდეს სიმშვიდე, ამპარტავნების ნაცვლად - სიმდაბლე; სიმთვრალის ნაცვლად - სიფხიზლე, სიძვის ნაცვლად - უბიწოება; შურის ნაცვლად - კეთილმოსურნეობა, სიძულვილის ნაცვლად - კეთილშემწყნარებლობა, სიძუნწის ნაცვლად - გულუხვობა, გემოთმოყვარების ნაცვლად - თავშეკავება, სიზარმაცის ნაცვლად - შრომისმოყვარეობა, გონებადაფანტულობის ნაცვლად - დამჯდარი აზროვნება, მოჩხუბრობის ნაცვლად - მშვიდობისმოყვარეობა, გაკილვისა და ცილისწამების ნაცვლად - სიტყვატკბილობა და მოყვასის პატივის დაცვა. ერთი სიტყვით, ყოველგვარი მანკიერებისა და ვნების წილ შევიყვაროთ მათი საპირისპირო სათნოება და კეთილგანწყობა.

ერთი წრფელი მონანული, რომელსაც აღსარების შემდეგ უწინდელი უწესო ცხოვრების მეგობრები ჩვეულებრივ თავშესაქცევ შეკრებებზე იწვევდნენ, მტკიცედ ეუბნებოდა მათ: „ის აღარ ვარ, ვინც ვიყავი“. აი, ჩვენც ასე უნდა ვიყოთ მომართულნი სულიერი მარხვის ასპარეზის დასასრულს, რათა ჩვენი ჩვეული ვნებები რომ აღეტყინებიან და დაკმაყოფილებას მოგვთხოვენ, მთელი ჩვენი ძვალ-სისხლი ღაღადებდეს: „ის აღარ ვართ, რაც უწინ ვიყავით!“

ასეც იქნება, თუკი გავაცნობიერებთ ჩვენს ცოდვებს, თავს ბრალეულად ვცნობთ მათში, ვიგლოვებთ, მოვიძაგებთ, დაუფარავად ვაღიარებთ ჩვენი სულიერი მოძღვრის წინაშე და მტკიცე გადაწყვეტილებას დავიდებთ გულში, აღარ გავიმეოროთ ძველი ცოდვები. მაშინ ღმრთის ძალა ზეგარდამოვა ჩვენზე და ქრისტე იესოს მიერ „კეთილ საქმეთათვის“ შექმნილად გამოვჩნდებით, და დაე, მათში ვიდოდეთ, ყოველგვარი ბოროტებისგან ზურგშექცეულნი. ამინ.

1865 წ. 17 თებერვალი

თარგმნა ია მელიქიძემ
წიგნიდან: „საუბრები ქრისტიანულ ცხოვრებაზე“