წმიდა ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული

ქრისტიანობაში არაფერი არ უნდა შეიცვალოს

ქრისტიანობაში დროის სულისკვეთების მიხედვით არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არამედ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველაფერი, რაც დასაწყისიდანვე მოგვეცა და არ უნდა ვეძიოთ შეღავათები

ჩემს ყურამდე მოაღწია, თითქოს ჩემის სწავლებანი ძალზე მკაცრად მიგიჩნევიათ და ფიქრობთ, რომ დღევანდელ დღეს ასე აზროვნება არ შეიძლება, ასე ცხოვრება არ შეიძლება, და ალბათ - ასე სწავლებაც არ შეიძლება. ის დრო აღარაა! - როგორ გავიხარე ამის გამგონემ! ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყურადღებით მისმენთ, და არა მარტო მისმენთ, არამედ მოსმენილის შესრულებაც მოგინდომებიათ.  - მეტი რაღა შეიძლევა ვისურვოთ ჩვენ - რომელნიც იმას ვქადაგებთ, როგორც გვამცნეს და რაც გვამცნეს.

მიუხადავად ყველაფრისა, თქვენს მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები. მისი დაძრახვა და შესწორება ჩემს ვალად მიმაჩნია. მიუხედავად თქვენი სურვილისა და დარწმუნებისა, ეს აზრი ბოროტი სათავიდან მომდინარეობს; მომდინარეობს იმ წყაროდან, თითქოს შესაძლებელია, რომ ქრისტიანობა თავის დოგმატებს, წესებს და მაკურთხეველ მოქმედებებს დროის სულისკვეთებისდა მიხედვით ცვლიდეს და ამა სოფლის ძეთა მერყევი ხასიათის გავითვალისწინებით ამ მოძღვრებას ზოგი რამ შეიძლება მიუმატოს და ზოგიც დააკლოს. ეს ასე არაა - ქრისტიანობა მარადის ხელუხლებლად უნდა რჩებოდეს, დროის სულისაგან დამოუკიდებელი და განუგებელი. და პირიქით, თავად მმართველად და მბრძანებლადაა დადგენილი მასზე, ყველა მის წინამძღოლობაზე დამორჩილებულთათვის. - თქვენს დასამოწმებლად რამდენიმე აზრს შემოგთავაზებთ.

ამბობენ: მკაცრია ჩემი სწავლება. - ჩემი სწავლება ჩემი არაა, და არც შეიძლება ჩემი იყოს. არავის არ უნდა, და არც შეუძლია იქადაგოს ამ წმიდა ადგილიდან თავისი საკუთარი სწავლება. - და თუ მე ან ვინმე მავანი აგრერიგად გაკადნიერდება, აქედან მოგვაშორეთ. - ჩვენ ვქადაგებთ მოძღვრებას უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, წმიდათა მისთა მოციქულთა და წმიდისა ეკლესიისა, ღვთის სულით განბრძნობილისა. - და ყოველგვარ ღონეს ვხმობთ, რომ ეს სწავლება თქვენს გონებასა და გულებში სრულად და ხელშეუხებლად დაიმარხოს, - სიფრთხილით ვარჩევთ ყოველ აზრსა და ყოველ სიტყვას, რომ ამ ნათელ, ღვთაებრივ მოძღვრებას რაიმე ჩრდილი არ მივაყენოთ. - სხვაგვარი მოქმედება არ შეიძლება. ეკლესიაში ქადაგებისთვის ეს კანონი ქვეყნიერების დასაბამითგანვეა ღვთის პირით დადგენილი და მის აღსასრულამდე უნდა იქნას დაცული. წმიდა წინასწარმეტყველმა მოსემ ისრაელის ხალხს ღვთის მცნებები აუწყა და დაუდგინა: „არ შესძინო შენ სიტყუაი ერთი, რომელსა-ესე მე გამცნობ თქუენ და არცა დააკლოთ მაგას, არამედ დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღეს-დღე“ (II სჯულ. 4,2). უცვალებლობის ეს კანონი იმგავარად ხელშეუხებელია, რომ თავად უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა მთაზე ქდაგებისას ბრძანა: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დახსნად სჯულისა, გინა წაინაისწარმეტყუელთა; არა მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად - ამინ გეტყვი თქუენ: ვიდრემდე წარხდეს ცაი და ქუეყანაი, იოტა ერთი გინა რქაი ერთი არა წარხდეს სჯულისაგან და წინაისწარმეტყველთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს“ (მათე 5,17,18). შემდგომ ასეთივე ძალა მიანიჭა თავის მოძღვრებასაც; სანამ ამ მცნებებს სახარებისეული სულით გამოათარგმანებდა, დაამატა: „უკუეთუ ვინმე დახსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა“ (მათე 5,19). ეს ნიშნავს: ვინც ამ მცნებას მრუდედ გამოათარგმანებს და მათ ძალას დაამცირებს, განწირულ იქნება მომავალ ცხოვრებაში. ასე ბრძანა უფალმა თავისი ქადაგების დასაწყისში. გამოცხადებაში იგივე დაადასტურა წმიდა იოანე ღვთისმეტყველმაც. ამა ქვეყნის და ეკლესიის უკანასკნელი ხვედრის ჩვენების შემდეგ აუწყა: „ვწამებ მე ყოვლისა მიმართ, რომელსა ესმოდიან სიტყუანი წინაისწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი. უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა, შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა და უკეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის წინასწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხოვრებისა და ქალაქისა მისგან წმიდისა“ (გამოცხ. 22,18,19). მოციქულებს ასეთი კანონი დაუდგინა უფალმა მთელი ამ დროისათვის, მისი პირველი გამოჩენიდან მეორედ მოსვლამდე: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი... და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ“. - ე.ი. ის კი არ ასწავლოთ, რაც მოგაფიქრდეთ, არამედ რაც „მე გამცენ თქუენ“. - და ესრეთ აღსასრულამდე სოფლისა. „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ“ (მათე 28,19,20). მოციქულებმა ეს კანონი მიიღეს და მისი აღსრულებისათვის სიცოცხლე დასდვეს. სასჯელისა და სიკვდილის შიშით ცდილობდნენ, ეიძულებინათ ისინი, აღარ ექადაგათ ამგვარად, მაგრამ მოწაფეები მიუგებდნენ: უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა, თქუენი სმენაი უფროის, ანუ ღმრთისა, საჯეთ, რამეთუ ჩუენ ვერ ხელგვეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარცა არ ვიტყოდეთ“ (საქმე 4,19,20). მოციქულებმა თავის მოწაფეებს გადასცეს ეს კანონი, მათ მიიღეს და მას აქეთ იგი მუდმივად მოქმედებს ღვთის ეკლესიაში. ეს კანონია ის ძალა, რაც ჭეშმარიტების სვეტსა და სიმტკიცეს წარმოადგენს. - ხედავთ, როგორი ხელშეუხებელი ურყევობაა! ვინ ბედავს ამის შემდეგ რაიმეს ხელყოფას ანდა ქრისტიანულ სწავლებასა და კანონებში რაიმეს შეძვრას? უსმინეთ რა ეუწყა წინასწარმეტყველ იეზეკიელს. „შვიდ დღეს ილოცვიდა იგი განმცხრომელ და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, ესმა მას სიტყვა უფლისა: ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც სახლსა ისრაელისასა, და ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყუა, და უთქმიდე მათ ჩემ მიერ. - და აჰა შენ კანონი! - უკეთუ ნახავ უსჯულოსა უსჯულოებასა შინა და არა ეტყვი მას: დაუტევე უსჯულოება შენი და მოიქეც მაგ გზათაგან, უსჯულოი იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს და სისხლი მისი ხელისაგან შენისა გამოვიძიო - ხოლო უკეთუ შენ განამკაცრე უსჯულოი იგი და არა მოქცევით მოიქცეს უსჯულოებისაგან მისისა და გზისაგან მისისა, უსჯულოი იგი უსამართლოებასა შინა მისსა მოკუდეს, და სული შენი განირინო. ასევე, უკუეთუ ხედავ მი-რაი-იქცეს მართალი სიმართლეთაგან თვისთა, არ შეეწევი მას და მის მოქცევაზე იზრუნებ, შეცოდებული მართალი ცოდვათა შინა მისთა მოკუდეს მით... და სისხლი მისი ხელისაგან შენისა გამოვიძიო - და უკუეთუ შენ განამკაცრო მართალი არაცოდვად და მან არა ცოდოს, მართალი ცხოვრებით ცხონდეს. და შენ სული შენი განირინო“ (იეზეკ. 4,17-21). რა მკაცრი კანონია! არადა ეს კანონი ყველა მოძღვრის სინდისში ისმის მათი ხელდასხმის ჟამს, როცა კისრადიღებენ მძიმე უღელს - და არა მხოლოდ მწყემსონ, არამედ დამწყსონ კიდევაც. როგორ გავბედავთ ქრისტეს კანონში რაიმეს გამრუდებას, როცა ამის გამო ჩვენც დავიღუპებით და თქვენც! ამ მოძღვრების მაცხოვნებლობა ჩვენს მოსაზრებებსა და დათანხმებაზე რომ იყოს დამოკიდებული, მაშინ კიდევ აზრი ექნებოდა რომ მავანს და მავანს უძლურების გამო ამ საუკუნის მიდრეკილებისდა მიხედვით ქრისტიანობის გარდაქმნა და მისი ბოროტი გულისთქმებისათვის მისადაგება მოენდომებინა. ქრისტიანული განმგებლობის მაცხოვნებელი ძალა კი ჩვენზე არაა დამოკიდებული, იგი ღვთის ნებისაგან გამომდინარეობს. გამომდინარეობს იქიდან, რომ თავად ღმერთმა დაგვისახა სწორედ ეს გზა ცხონებისა და ამასთანავე იმგვარად რომ სხვა გზა არც არსებობს და არც იარსებებს - თუკი ასეა, სხვაგვარად სწავლება სწორი გზიდან გადახვევას უნდა ნიშნავდეს და თქვენსა და ჩემს დაღუპვასაც. ამაში კი რა აზრია? ნახეთ როგორი მკაცრი სასჯელი დაადგინა, როცა ისრაელის ერთი ამგვარი რამ მოხდა, მათი ტყვეობის ჟამს ზოგ წინასწარმეტყველს ნათრევ-ნატანჯი ხალხი ებრალებოდა და ღვთის სიტყვას უცილობლად კი არ აუწყებდნენ, არამედ თავისი გულისკარნახის მიხედვით. აი, რა უბრძანა უფალმა იეზეკიელს: „და შენ, ძეო კაცისაო, განამტკიცე პირი შენი ასულთა ზედა ერისა შენისათა, რომელნი წინასწარმეტყველებენ გულით გამო მათით და წინასწარმეტყველებად მათ ზედა... ვაი, რომელნი შეაკერვენ სასთაულებსა ყოველსა ზედა თავსა ყოვლისა ჰასაკისასა გარდასაქცეველად სულთა“. - ეს ნიშნავს, ვაი მათ, ვინც ყოველგვარ შეღავათებს ეძიებს და შერბილებულ წესებს გვთავაზობს, რათა არც მაღლიდან და არც დაბლიდან არანაირმა უსიამოვნებამ არ შეგვაწუხოს. იმას კი აღარ ჩივიან, გვაცხოვნებს ეს თუ წარგვწყმედს, ღვთისათვის სათნო იქნება თუ საძაგელი. ვაი მათ, რამეთუ „ამათ იტყვის ადონაი უფალი: აჰა მე თავისსაცოებსა თქვენსა ზედა“ - ე.ი. მაცდურ და შემამსუბუქებელ სწავლებათა ზედა, - რომელთა ზედა თქვენ მიმოიქცევით მუნ სულთა დასარღუეველად, და განვხეთქნი... და განვავლინნე სულნი, რომელთა თქუენ გარდააქცევთ სულთა მათთა განბნეულებად“. თქვენ კი გამხრწნელთ, წარგწყმედთ (იეზეკ. 13,18-21). აი სარგებელი იმ შეღავათებისა და შემსუბუქებისა, მქადაგებელთა პირიდან რომ გსურთ გაიგონოთ! გულისხმა რომ ჰყოთ, იმას კი არ უნდა ნატრობდეთ, რომ თქვენს საამებლად რაიმე დათმობაზე წავიდეთ, არამედ პირიქით, დაჟინებით უნდა გვთხოვდეთ ქრისტეს სწავლებაზე რაც შეიძლება მკაცრად და შეურყეველად დადგომას.

მოგიყვებით ერთ შემთხვევას რომლის თითქმის მოწმეც ვიყავი აღმოსავლეთში. ერთმა ქრისტიანმა სცოდა. მივიდა, სულიერ მამასთან, შეინანა და ეუბნება: მოიქეცი კანონისამებრ, - მე შენ ჭრილობას გიჩვენებ, მიმკურნალე, არ დამზოგო, და როგორც საჭიროა, ისე ჰქმენ. - მოძღვარს გული მოულბო მისმა გულახდილობამ და ჭრილობაზე იმდენი მალამო აღარ დაადო, რამდენიც ეკლესიაშია დაწესებული. - გარდაიცვალა ეს ქრისტიანი, გავიდა რამდენიმე ხანი. ეცხადება თავის მოძღვარს სიზმარში და ეუბნება: მე ჭრილობა გიჩვენე და წამალი გთხოვე. - შენ კი საკმაო მალამო არ მცხე. - და ახლა ამის გამო არ მამართლებენ. გამოეღვიძა მოძღვარს. მჭმუნვარებამ მოიცვა მისი სული. არც კი იცოდა, რა ექნა? მიცვალებული კი ისევ ეცხადება, მეორედ, მესამედ, და ყოველდღე, დღეგამოშვებით, კვირაგამოშვებით. - იგივე სიტყვებს უმეორებს: მე წამალი გთხოვე, შენ კი არ მომეცი. და ახლა ცუდად ვარ. - შეაშთო მოძღვარი მწუხარებამ და შიშმა. - წავიდა ათონზე, იქაურთა რჩევით მძიმე ეპიტიმია დაიდო და რამდენიმე წელი მარხვაში, ლოცვასა და მოღვაწეობაში გაატარა, სანამ არ მიიღო უწყება, რომ მასაც ეპატია და იმ ქრისტიანსაც, რომელსაც ცრუ შემწყნარებლობის გამო არ უმკურნალა.

აი, სადამდე მივყავართ შემსუბუქებებსა და შეღავათებს! - და ვინ მოგცა მათი გამოწერის უფლება? - ამას ჩვენგან ნუ მოელით! გსმენიათ რომის პაპის ინდულგენციების შესახებ? აი ესაია - შემსუბუქება და შეღავათები, რომლებსაც პაპი ქრისტეს კანონის წინააღმდეგ იძლევა. მაგრამ რა? ამან შეურყვნა მთელს დასავლეთს რწმენა და ცხოვრება... და ახლა ურწმუნოებაში იღუპება ამსოფლიურ თავისუფლებაში ჩაფლული თავისი ინდულგენციებითურთ. პაპმა ბევრი დოგმატი შეცვალა, ყველა საიდუმლოება შერყვნა, ეკლესიის მმართველობის წესები და ზნეობრივი კანონები შეარბილა და ყველაფერი ღვთის ნებით კი არ წარმართა, - არამედ უარესად და უარესად. შემდეგ გამოჩნდა ლუთერი - გონიერი მაგრამ თავისნება კაცი. ამბობს - პაპს რაც მოუნდება, ყველაფერს ცვლის, მე რატომღა არ შევცვალო? და დაიწყო ყველაფრის თავის ჭკუაზე მოწყობა და გადაწყობა. და ამგვარად შექმნა ახალი ლუთერანული სარწმუნოება, სრულიად განსხვავებული უფლის მიერ დადგენილი და წმიდა მოციქულთა მიერ გადმოცემული სარწმუნოებისაგან. ლუთერის შემდეგ გამოჩნდნენ ფილოსოფოსები. ამბობენ: ლუთერმა ახალი რელიგია გამოიგონა. მართალია თითქმის სახარებისეულია, მაგრამ თავის ჭკუაზე გაწყობილი. - ჩვენ რატომღა არ შევადგინოთ სახარებისაგან განსხვავებული სწავლება ჩვენი საკუთარი გონებით? და ყველამმ თავისებურად დაიწყო ფილოსოფოსობა და მკითხაობა - ღმერთზე, სამყაროზე, ადამიანზე, და იმდენი მოძღვრებები ჩამოაყალიბეს, რომ მარტო იმათი ჩამოთვლით გონება აგერევა - და ახლა ასე დადგინდა: როგორც ფიქრობ, ისე ირწმუნე; როგორც გსურს, ისე იცხოვრე; დატკბი, რითაც მოგეგუნებება. - არ ცნობენ არანაირ კანონებსა და შეზღუდვებს, ღვთის სიტყვას არ ემორჩილებიან. - სიფართოვეა: ყველა ზღვარი წაშლილია. მაგრამ, როგორც უფალმა ბრძანა, „ფართო არს გზაი, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად“. - აი, სადამდე მიგვიყვანა სწავლებისა შემსუბუქებამ!

ღმერთო, დაგვიფარე ამგვარი სიფართოვისაგან! სჯობს ყოველგვარ სივიწროვეს ვიყუარებდეთ, ჩვენივე ხსნისათვის რომ გვირჩია უფალმა. - ვიყუარებდეთ ქრისტიანულ დოგმატებს, მათით შევაიწროთ ჩვენი გონება და სხვაგვარ აზროვნებას გადავაჩვიოთ. ვიყუარებდეთ ქრისტიანულ ცხოვრების წესს და ამით შევაიწროთ ჩვენი ნება, ვაიძულოთ სიმდაბლით და მოთმინებით ატაროს ეს ტკბილი უღელი. - ვიყუარებდეთ ყველა დამმოძღვრავ, გამომასწორებელ და გამწმენდელ განწესებებსა და მსახურებებს, ამით შევაიწროთ ჩვენი გული და ვაიძულოთ ჩვენი გულისთქმა მიწიერობისა და ხრწნადობიდან ზეციურამდე და უხრწნელობამდე აიყვანოს. შევიკეტოთ, თითქოსდა გალიაში, ანდა იწრო ბჭესთან მივათრიოთ ჩვენი თავი. დაე, იყოს იწრო, რომ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ გადახრა არ შეიძლებოდეს; - სამაგიეროდ ეს ვიწრო გზა სასუფევლამდე მიგვიყვანს - ღმრთის სასუფევლამდე. უფალმა ეს ვიწრო გზა დაგვიდგინა და გვიბრძანა: ამ გზით იარეთ და სასუფეველში შეხვალთ. - როგორღა შეიძლება დავეჭვდეთ, რომ ამ გზით მიმავალი ბოლომდე მიაღწევს? და ვინ ჭკუათმყოფელი ისურვებს რამენაირ გადახვევას, როცა ამით იმწამსვე გზას აცდები და დაიღუპები?

მყარად დადექით ამ აზრზე და ნუ სწუხართ, თუკი ჩვენს სწავლებაში რაიმე მკაცრად მოგეჩვენებათ, და მხოლოდ იმაში დასარწმუნებლადღა იზრუნეთ, ღვთისაგანაა ეს თუ არა. როცა დარწმუნდებით, რომ ღვთისაგანაა, მთელი გულით მიიღეთ, როგორი მკაცრი და შემავიწროებელიც არ უნდა იყოს. სწავლებასა და ცხოვრების წესში შეღავათებსა და შერბილებებს ნუ ეძიებთ, არამედ განერიდეთ, როგორც გეენიის ცეცხლს. ეს სატანჯველი არ ასცდება მათ, ვინც ამ შეღავათებს იგონებს, ამით ხიბლავს სულიერად არამტკიცე ადამიანებს და თავისთან ერთად ღუპავს, ამინ!

თარგმნა რუსუდან კობახიძემ