მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

იესო ქრისტე - კაცობრიობის მხსნელი

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!

მოგეხსენებათ, რომ ქვეყნიერების დასაბამს, როცა დაბადა ღმერთმა ადამიანი, დაადგინა იგი სამოთხეში, შეამკო სათნოებით და მისცა მას მცნება, რომ არ ეჭამა ნაყოფი ხისგან ცნობისა კეთილისა და ბოროტისა, რომელიც იდგა სამოთხის ბაღის შუაგულში. მაშინ კაცი იყო წმინდა და უბიწო, ცხოვრობდა შვებითა და ღვთის დიდებით, მაგრამ როცა ადამიანმა დაარღვია მცნება ღვთისაგან მოცემული და შეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი, მაშინ დაჰკარგა კაცმა ცხოვრება სამოთხისებური და მასთან ერთად უკვდავება ქვეყნიური. შეცოდებით დაეცა ბუნება ადამიანის, იგი ჩავარდა დიდებისმოყვარებასა და გემოთმოყვარებაში; ღვთის ხატადა და მსგავსად შექმნილი თავისუფალი ნების ადამიანი იძლია ვნების მიერ: კაცი თავისი ნების დაემონა ცოდვას და დაშორდა ღმერთს. ქვეყნად გამრავლდა უკეთურება, ბიწიერება და სიკვდილი. ადამიანებმა მიივიწყეს თავიანთი გამჩენი ღმერთი და მისგა მიცემული ბუნებითი სჯულიც. მხოლოდ ზოგიერთებმა - ღვთისგან გამორჩეულებმა - დაიმარხეს გულში უფლის სიყვარული და მცნებები. ესენი იყვნენ: აბრაამი, ნოე, იაკობი, და სხვა მამამთავრები.

ადამიანთა მოდგმაზე გაბატონდა ცოდვა, ეშმაკმა განფინა ქვეყნიერებაზე უკეთურება თვისი. ადამიანებმა იწყეს კერპების თაყვანისცემა, ხალხში მომრავლდა კაცისკვლა, შური, ანგარება და ყოველგვარი უკეთურება. სულ უფრო ეფლობოდა კაცი ცოდვის ჭაობში, ადამიანს არ შესწევდა ძალა და უნარი მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევის. ისიც კი აღარ იცოდა კაცმა, თუ რა იყო კარგი და რა - ცუდი. ეს მოხდა იმიტომ, რომ ადამიანს მივიწყებოდა შინაგანი, ბუნებითი სჯული, ოდითგან რომ ჰქონდა მას ღვთისაგან მიცემული. სახიერმა და კაცთმოყვარე ღმერთმა შეიწყალა ადამიანები და წინასწარმეტყველ მოსეს მიერ მისცა მათ სჯული, ანუ კანონი, რომელშიც ზოგიერთი საქმე აქო და ზოგიც აძაგა და დაგმო. ე.ი. ამას იქმოდეთო და ამას ნუ იქმთო. უმთავრესი ამ მცნებათაგან იყო შემდეგი: „უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთ არს“, და „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“. პირველი მცნებით ღმერთს სურდა კაცი განშორებოდა მრავალ ღვთაებათა და კერპების თაყვანისცემას, ხოლო მეორეთი - მთელი არსებით ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეყვარებასა და აღიარებას ითხოვდა.

სახიერმა ღმერთმა ადამიანებს მისცა სჯული იმისათვის, რომ მათთვის შემწეობა აღმოეჩინა, მოექცია ისინი სიკეთისადმი და გაემართა მათი ცხოვრება. ღვთის მიერ მოცემულ კანონებს დაცემული კაცი უნდა აღედგინა, მაგრამ იგი ვერ გაიმართა. ამის შემდეგ ღმერთმა ადამიანებს დასახმარებლად მოუვლინა წინასწარმეტყველნი, მაგრამ ვერც მათ შეძლეს ქვეყნიერების წყლულების განკურნება, ვერც მათ მოახერხეს ადამიანის ხსნა და გადარჩენა. წინასწარმეტყველი ისაია ამაზე ბრძანებდა: „არა არს მის შორის სიმართლე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძვილი განსივებული, არა არს სალბუნი, დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი“ (ის. 1, 6). აღნიშნული სიტყვების აზრი შემდეგია: ქვეყნიერების წყლული, ანუ ბოროტება მცირე არ არის, მას რომ მარტო ერთი რომელიმე ადგილი მოეცვა, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მისი განკურნება, მაგრამ მან დაიპყრო მთელი ქვეყანა. ყოველი ადამიანი დაემონა ცოდვას, ყოველივე დაპყრობილ იქნა ბოროტების მიერ. წინასწარმეტყველი იერემია ამბობს ერთგან: „ვკურნე ბაბილონსა და არა განიკურნა“ (იერ. 51, 9) ე.ი. ბაბილონს, ანუ ქვეყანას ყველაფერი გავუკეთე, მაგრამ ვერ განიკურნა, რადგან არ შეინანა და არ დაუტევა უკეთურება. და როგორც წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: „..ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა“ (ფს. 106, 18). ე.ი. ყოველი ქვეყნიური სიკეთე იგემა კაცმა, ყოველი ქვეყნიური სიამე მოიძაგა და ერთიღა - სრული დაღუპვა და სიკვდილიღა დარჩენოდათო.

აი, სწორედ, კაცობირობის ხსნისათვის უმნიშვნელოვანეს დროს, სახიერმა და კაცთმოყვარე უფალმა ქვეყნად მოავლინა მხოლოდშობილი ძე თვისი - იესო ქრისტე, რადგან მხოლოდ ღმერთს შეეძლო სრული განკურნება საქვეყნო სენისა, მხოლოდ მას შეეძლო აღდგენა დაცემული ადამიანისა. იშვა მაცხოვარი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოხდა სასწაული ენით გამოუთქმელი: ჩვენთვის დაიმდაბლა ღმერთმა თავი, მიიღო სახე მოკვდავი ადამიანის, რათა როგორც წმ. გრიგორი ღვთისმეტყველი ბრძანებს - მსგავსითა განეკურნა მსგავსი, სულითა - სული, ხორცითა - ხორცი. იესო ქრისტემ ცოდვის გარდა ყოველმხრივ ადამიანის ბუნება მიიღო. მან მიიღო არსება ჩვენი. იგი იქმნა განახლებული ადამი, რომელმაც განწმინდა და განაახლა ბუნება დაცემული ადამიანისა. კაცი გაათავისუფლა ცოდვის მონობისაგან და შემუსრა სიკვდილი.

ბოროტის მარწუხებისგან ადამიანის გათავისუფლება იყო „ძლევაჲ საკვირველი“, რადგან სცოდავდნენ და ემონებოდნენ ბოროტს ისინიც კი, რომელთაც არ უნდოდათ შეცოდება, როგორც ამბობს ამაზე წმიდა პავლე მოციქული: „რამეთუ არა რომელი იგი მე მნებავს კეთილი მას ვყოფ, არამედ რომელი იგი არა მნებავს ბოროტი მას ვიქმ (რომ. 7, 19).

ახლა კი, საყვარელნო, ბოროტება დათრგუნულია ქრისტეს წყალობით. თვითონ ცრუ კაცი თუ არ მიიდრიკა ცოდვისადმი, თვითონ ადამიანი თუ არ დაემონა ბოროტს, ამ უკანასკნელს აღარ შეუძლია დაიმონოს ადამიანი. თვით სიკვდილიც კი აღარაა საშინელი დღეს ქრისტე მაცხოვრის წყალობით, რადგან იგი შემუსვრილია და დათრგუნვილი. იესო ქრისტეს მიერ განგვემზადა ჩვენ მოკვდავთ ზეციური სასუფეველი.

ამიტომ უნდა ვისმინოთ საყვარელნო სანატრელი ხმა მაცხოვრისა იესო ქრისტესი და მხოლოდ მას ვმორჩილებდეთ. დავიმარხოთ მისი მცნებები და კეთილად აღვასრულოთ ცხოვრებაში, რათა მოვიპოვოთ გამართლება უფლის მიერი, რომლისა არს დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

1984 წ. სვეტიცხოველი