მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

მირქმა

საყვარელნო ძმანო! მოდით და ცოტა ხნით გადავინაცვლოთ იერუსალიმის ტაძარში და გავიზიაროთ მართალ სვიმეონის სიხარული. რა უნდა გაუხარდეს მოხუცებულ სვიმეონს სიბერის ჟამს მნიშვნელოვანი, იგი ხომ ძლივსღა დაიარება ტაძარშიც კი, ქვაც აღარ არის მისი ხნის. ერთი სული აქვს როდის მოიცილებს სხეულს ქვეყნიური ცხოვრებით მოღლილს. და მაინც დიდი სიხარული ელის: სიხარული ქვეყნიერების მხსნელ - იესო ქრისტეს შეყრის. იგი დღესაც ჩვეულბრივ მიაშურებს ტაძარსა ღვთისას, აღავლენს ლოცვებს უფლისადმი, მაგრამ სული წმიდით გრძნობს ღმერთთან შეყრის სანუკვარ სიხარულს. და აი კიდეც გამოჩნდება უწმიდესი ქალწული მარიამი თავისი ყრმით და იოსები მტრედის ორი მართვეთი. არაფრით გამოირჩეოდა იესო მაცხოვრის ტაძრად მიყვანება. ასე მიყავდათ მრავლად მოსეს სჯულის მიხედვით. პირიქით, ქალწული მარიამის სიღარიბე და უბრალოება კიდევ უფრო შეუმჩნეველს ხდიდა უფლის გამოჩენას ტაძარში. მაგრამ მართალი სვიმეონი მაშინვე მიხვდა უფალი ღმერთის მოახლოვებას. ჯერ განუცდელი და ზეადამიანური სიხარული ისადგურებს იმის სულსა და გულში. რა ქნას როგორ მოიქცეს, როგორ გამოხატოს სიხარული ენითაუწერელი, არც დაფიქრებულა, ისე უდიდესი მოკრძალებით ჩამოართმევს დედას ჩვილს და ჩაიკრავს გულში. ჰოი საკვირველება დიდი. სვიმეონი პირისპირ შესცქერის ღვთის ძეს ქვეყნად მოვლენილს. სვიმეონმა იხილა ჯერ უხილველი და განიცადა კაცთაგან განუცდელი, ოჰ, როგორ უნდოდა სვიმონს არ განშორებოდა მას ეს სიხარული და ამიტომ ინატრა მაშინვე დატევება ამა ქვეყნის და მოპოვება უფლის სამკვიდრებლის.

დღეს ჩვენ საყვარელნო თანაზიარნი ვართ მართალ სვიმეონის დიდი სიხარულის. დღეს ჩვენც სვიმეონის მსგავსად ვეგებებით ტაძრად იესო მაცხოვარს - ჩვენთვის მოვლენილს. დღეს ჩვენც უხილავად ვიყვანთ ყრმა იესოს და ვეფერებით და სვიმოენისამებრ შევთხოვთ უფალს ქვეყნიური ამაო ცხოვრების დატევებას და მარადიული ბედნიერებისა და სიხარულის მოპოვებას.

ამიტომ მინდა მოგილოცოთ ყველას ეს კურთხეული დღე და გახაროთ: გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, სიხარული ჩვენთან დაემკვიდრების.

მრავალ მირქმას დაგასწროთ უფალმა ღმერთმა.

1986 წ. სვეტიცხოველი