პავლეს ეპისტოლენი

პირველი კორინთელთა მიმართ

თავი მეთექვსმეტე

1. რაც შეეხება წმიდათათვის განკუთვნილ შეწირულობას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.

2. კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინანოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება.

3. ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენს მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალიმს.

4. თუ ვნახე, რომ ღირს ჩემი წასვლა, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.

5. ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მოვივლი მაკედონიას, რადგანაც მაკედონიიდან უნდა ჩამოვიდე.

6. შეიძლება ერთხანს დავრჩე თქვენთან და იქნებ კიდეც გამოვიზამთრო, რათა შემდეგ გამაცილოთ, საითაც წავალ.

7. რადგან ამჯერად არ მინდა გავლით გინახულოთ, არამედ იმედი მაქვს, რომ, თუკი უფალი ინებებს, რამდენიმე ხანს დავყოფ თქვენთან.

8. ეფესოში კი ორმოცდაათობამდე დავრჩები.

9. ვინაიდან გამეღო ვრცელი და ფართო ბჭე, თუმცა ბლომად არიან მოწინააღმდეგენიც.

10. ხოლო თუ ტიმოთე გეწვიათ, ეცადეთ უშიშრად გყავდეთ, რადგანაც ღვთის საქმეს ასრულებს, ისევე, როგორც მე.

11. ნურავინ უგულებელყოფს, არამედ მშვიდობით გამოისტუმრეთ, ვინაიდან ძმებითურთ ველი.

12. ძმა აპოლოსს კი ბევრი ვეხვეწე, რომ ძმებთან ერთად გწვეოდათ, მაგრამ ამჟამად არასდადებით არ ინება, არამედ მოვა, როცა მოიცლის.

13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.

14. სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე.

15. ხომ იცნობთ სტეფანეს სახლს, პირველნაყოფს აქაიისას, წმიდათა სამსახურს რომ მიუძღვნა თავი;

16. შეგაგონებთ, ძმანო, მორჩილნი იყავით მისნაირთა და ყველა თანამოსაქმისა თუ მოღვაწის მიმართ.

17. გამახარა სტეფანეს, ფორტუნატუსისა და აქაიკოსის მოსვლამ, რადგანაც მათ შემივსეს თქვენი სიშორე,

18. ასე რომ, ჩემს სულსაც მოუფონეს და თქვენსასაც; პატივი ეცით ამნაირთ.

19. მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები; გულითად მოკითხვას გითვლიან უფლის მიერ აკვილა და პრისკილა მათი შინაური ეკლესიითურთ.

20. მოგიკითხავთ ყველა ძმა; მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.

21. მოგიკითხავთ ჩემი საკუთარი ხელით, პავლე.

22. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა!

23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან.

24. ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოს მიერ. ამინ.