პავლეს ეპისტოლენი

პირველი ტიმოთეს მიმართ

თავი მეოთხე

1. ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას

2. ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი;

3. რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.

4. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით,

5. ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება.

6. ამას ასწავლიდე ძმებს და იქნები კეთილი მსახური იესო ქრისტესი, რწმენის სიტყვით და კეთილი მოძღვრებით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი.

7. ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.

8. ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.

9. სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.

10. ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი.

11. ამას ამცნებდე და ასწავლიდე.

12. ნურავის დაამცირებინებ შენს სიჭაბუკეს, არამედ ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმიდით;

13. ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე, შეაგონე, დამოძღვრე.

14. ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით.

15. ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის.

16. გაუფთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.