პავლეს ეპისტოლენი

ფილიპელთა მიმართ

თავი მეოთხე

1. ამიტომ, ჩემო ძვირფასო და სასურველო ძმანო, სიხარულნო და გვირგვინნო ჩემნო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო.

2. ვევედრები ევოდიას და სინტიქეს, თანამოაზრენი იყვნენ უფალში.

3. შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში.

4. მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ.

5. თვინიერება თქვენი, დაე, იცოდეს ყოველმა კაცმა. უკვე ახლოა უფალი.

6. ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.

7. და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში.

8. და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ.

9. რაც გისწავლიათ და მიგიღიათ, რაც გსმენიათ და გიხილავთ ჩემში, ის აღასრულეთ და ღმერთი მშვიდობისა იქნება თქვენთან.

10. დიდად გავიხარე უფალში, რომ კვლავ დაიწყეთ ჩემზე ზრუნვა; თუმცა უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვითარებამ დაგაბრკოლათ.

11. იმიტომ როდი ვამბობ, რომ მიჭირს, რადგანაც ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაცა მაქვს.

12. გაჭირვებაც ვიცი რა არის და დალხინებაც, ყველაფერი გამომიცდია: სიმაძღრეც და შიმშილიც, სიმწირეც და სიუხვეც.

13. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.

14. მაგრამ კარგად მოიქეცით, რომ გაიზიარეთ ჩემი გასაჭირი.

15. თქვენ ხომ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაბამს, როცა მაკედონიიდან გამოვედი, თქვენს გარდა არცერთმა ეკლესიამ არაფერი გამიზიარა: არც რა მომცა და არც რა მიიღო ჩემგან.

16. თქვენ კი ერთი-ორჯერ თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა.

17. იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად.

18. ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის.

19. ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში.

20. ღმერთსა და მამას ჩვენსას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

21. მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოში. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები.

22. მოკითხვას გითვლიან ყველა წმიდანი, უმეტესად კეისრის სახლისანი.

23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანის სულს. ამინ.