იოანეს სახარება

თავი ოცდამეერთე

1. შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ:

2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე.

3. უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს: ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.

4. ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო.

5. უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა.

6. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო.

7. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა.

8. დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვნენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე.

9. ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური.

10. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ.

11. წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე.

12. უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო.

13. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც.

14. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა.

15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები.

16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები.

17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები.

18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა.

19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო.

20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ?

21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა?

22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ.

23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?

24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია.

25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.