იოანეს სახარება

თავი მეცხრე

1. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან.

2. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?

3. მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშთბლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში.

4. ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას.

5. სანამდის ამ ქვეყნადა ვარ, ქვეყნის ნათელი ვარ.

6. ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას

7. და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.

8. ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა?

9. ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა: მე ვარ.

10. მაშინ ჰკითხეს: როგორ აგეხილა თვალი?

11. მან კი მიუგო: კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი მოზილა, თვალებზე მცხო და მითხრა, სილოამს წადი და მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალი.

12. კვლავ ჰკითხეს: სად არის იგი? მან კი მიუგო: არ ვიცი.

13. და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისეველებთან.

14. შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა.

15. ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.

16. ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის.

17. კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია.

18. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს

19. და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს?

20. მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ძეა და ბრმა დაიბადა;

21. მაგრამ ახლა როგორღა ხედავს, არ ვიცით, და არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი. თავად ჰკითხეთ, სრულწლოვანია; თავისას თვითონ იტყვის.

22. ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო.

23. ამიტომაც თქვეს მისმა მშობლებმა: სრულწლოვანია, თავად ჰკითხეთო.

24. მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია.

25. ხოლო მან მიუგო და თქვა: ცთდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ.

26. კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი?

27. მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ?

28. მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ.

29. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი; ის კი, არ ვიცით, საიდან არის.

30. მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ მე კი ამიხილა თვალი.

31. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს.

32. სად გაგონილა, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადშობილისთვის?

33. ღმრთისაგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა.

34. მიუგეს მათ და უთხრეს: მთლიანად ცოდვებში შობილი ხარ და ჩვენ გვასწავლი? და გამოაგდეს იგი.

35. იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს კაცის ძე?

36. მიუგო მან და თქვა: ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო?

37. უთხრა მას იესომ: შენ გინახავს იგი; ვინც გელაპარაკება, სწორედ ის არის.

38. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას.

39. იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ.

40. ეს რომ გაიგონეს, მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?

41. უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ.