მარკოზის სახარება

თავი მეთხუთმეტე

1. ინათა თუ არა, ბჭობა გამართეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებსა და მთელ სინედრიონთან ერთად. შეკრეს იესო, წაიყვანეს და მისცეს პილატეს.

2. პილატემ ჰკითხა მას: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.

3. მღვდელმთავრები ბევრ რასმე სდებდნენ ბრალად.

4. ხოლო პილატემ კვლავ ჰკითხა მას: რატომ არაფერს იტყვი პასუხად? ხედავ, რამდენ რასმე გწამებენ?

5. მაგრამ იესომ ამჯერადაც არა მიუგო რა, ასე რომ, უკვირდა პილატეს.

6. ხოლო ყოველ დღესასწაულზე ათავისუფლებდა იგი ერთ პატიმარს, რომელსაც სთხოვდა ხალხი.

7. და იყო მაშინ ვინმე ბარაბა, ბორკილდადებული მეამბოხეებთან ერთად, რომლებსაც მკვლელობა ჩაედინათ ამბოხებისას.

8. მოვიდა ხალხი და დაუწყო იმისი თხოვნა, რასაც პილატე ყოველთვის უსრულებდა მათ.

9. ხოლო პილატემ მიუგო და უთხრა მათ: თუ გნებავთ გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს.

10. რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გასცეს იგი.

11. მაგრამ მღვდელმთავრებმა წააქეზეს ხალხი, რათა უმალ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის.

12. ხოლო პილატემ მიუგო და კვლავ უთხრა მათ: კი მაგრამ, რა გსურთ, რა ვუყო იმას, ვისაც იუდეველთა მეფეს უწოდებთ?

13. ისინი კვლავ აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!

14. პილატემ თქვა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!

15. მაშინ პილატემ, ხალხის მოსამადლიერებლად, გაათავისუფლა ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.

16. ჯარისკაცებმა შიდა ეზოში, ანუ პრეტორიუმში შეიყვანეს იგი, და შეკრიბეს მთელი რაზმი.

17. შემოსეს ძოწეულით, დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს.

18. და დაუწყეს მისალმება: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!

19. თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი თაყვანსა სცემდნენ.

20. ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი.

21. და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი.

22. მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.

23. და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო.

24. ჯვარს აცვეს იგი და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი: ვის რა შეგვხვდებაო.

25. ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.

26. და მისი ბრალი ამ წარწერით იყო გადმოცემული: იუდეველთა მეფე.

27. მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.

28. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო.

29. ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ და ამბობდნენ: ეჰა, ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო!

30. იხსენი შენი თავი; ჩამოდი ჯვრიდან!

31. ასევე მღვდეღმთავრები, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია;

32. ქრისტე, მეფე ისრაელისა, დე, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რათა ვიხილოთ და ვიწამოთ. და მასთან ერთად ჯვარცმულნი აგინებდნენ მას.

33. ხოლო მეექვსე საათის დამდეგს მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა.

34. მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რაც თარგმანით ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?

35. ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა ეს და თქვა: აჰა, ელიას უხმობსო.

36. ერთი კი გაიქცა, ძმრით გაჟღენთა ღრუბელი, ლერწამზე წამოაგო, სასმელად მისცა და ამბობდა: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია მის ჩამოსახსნელად.

37. ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული.

38. მაშინ, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.

39. როცა მის პირდაპირ მდგარმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შეღაღადა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი ძე იყო ღმრთისა.

40. იყვნენ იქ შორიდან მაცქერალი ქალებიც, მათ შორის, მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე,

41. რომლებიც თან დაჰყვებოდნენ, როცა გალილეაში იყო, და ემსახურებოდნენ მას; და სხვაც მრავალი, მასთან ერთად ამოსული იერუსალიმს.

42. მწუხრის ჟამს - ვინაიდან პარასკევი იყო, შაბათის წინა დღე, -

43. მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.

44. ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდიხანია მოკვდა?

45. და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი.

46. ხოლო მან იყიდა ტილო და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხის კარს.

47. ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი ხედავდნენ, სადაც დაასვენეს იგი.