ძველი აღთქმა

პირველი ეზრა

თავი მეოთხე

1. გაიგეს იუდას და ბენიამინის მტრებმა, რომ ტაძარს უშენებდნენ ტყვეები უფალს, ისრაელის ღმერთს.

2. მივიდნენ ზერუბაბელთან და მამისსახლთა თავკაცებთან და უთხრეს: ჩვენც თქვენთან ერთად ავაშენებთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს, ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ასარხადონის, დროიდან, რომელმაც აქ წამოგვიყვანა.

3. მიუგეს მათ ზერუბაბელმა და იესომ, და ისრაელის დანარჩენ მამისსახლთა თავკაცებმა: არ გამოვა ჩვენი ღვთის სახლის შენება თქვენთან ერთად, რადგან მარტო ჩვენ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს კიროს მეფეს, სპარსთა მეფეს.

4. მაშინ დაუწყო ქვეყნის ერმა იუდას ხალხს ხელის შეშლა და დაბრკოლება ტაძრის შენებაში.

5. დაიწყეს მათ წინააღმდეგ მრჩევლების მოსყიდვა, რომ ჩაეფუშათ მათი განზრახვა. ასე იქცეოდნენ სპარსთა მეფის, კიროსის დროს, დარიოსის სპარსთა მეფის მეფობამდე.

6. ხოლო ახაშვეროშის მეფობისას, მისი მეფობის დასაწყისში, დაწერეს დაბეზღების წერილი იუდას და იერუსალიმის მკვიდრებზე.

7. ართახშაშთას დროს კი ბიშლამმა, მითრედატმა, ტაბეელმა და სხვა თანამდგომებმა მისწერეს ართახშაშთას, სპარსთა მეფეს, წერილი, დაწერილი არამეული ასოებით და არამეულ ენაზე.

8. რეხუმ მრჩეველმა და შიმშაი მდივანმა ერთი ასეთი წერილი მისწერეს იერუსალიმის წინააღმდეგ ართახშაშთას მეფეს,

9. რეხუმ მრჩეველმა, შიმშაი მწერალმა და მათმა თანამდგომებმა - დინაელებმა, აფარსათქელებმა, ტარფელელებმა, აფარსელებმა, არქეველებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა, დეჰაველებმა, ელამელებმა,

10. დანარჩენმა ხალხმა, რომელიც აჰყარა დიდმა და სახელოვანმა ასნაფარმა და სამარიის ქალაქში დაასახლა, და ნარჩენმა მდინარისგაღმელებმა და სხვებმა -

11. აი, შინაარსი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს მას: ართახშაშთა მეფეს შენი მორჩილნი, მდინარისგაღმელნი და სხვები.

12. იცოდეს მეფემ, რომ იუდაელნი, რომელნიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან არიან მოსულნი იერუსალიმში; მოჯანყე და საძაგელ ქალაქს აშენებენ, კედლები აჰყავთ და ბურჯებს ამაგრებენ.

13. ახლა იცოდეს მეფემ, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, არც ხარკს, არც გადასახადს, არც ბეგარას არ გადაიხდის და სამეფო ხაზინას დააზარალებს.

14. და რაკი ჩვენ სასახლის მარილით ვსაზრდოობთ და მეფის ზარალის ყურება არ შეგვფერის, ამიტომაც ვიუწყებით და ვატყობინებთ მეფეს:

15. რომ მოჩხრიკონ შენი მამა-პაპის მატიანე და ნახავ მატიანეში და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მოჯანყე და საძაგელი ქალაქია მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ძველთაგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, რისთვისაც განადგურებული იქნება ეს ქალაქი.

16. ვატყობინებთ მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები დასრულდა, არავითარი წილი აღარ გექნება წყალგაღმიდან.

17. განკარგულება გაუგზავნა მეფემ რეხუმ მრჩეველს და შიმშაი მწერალს და სხვა მოხელეებს, რომლებიც ცხოვრობენ სამარიაში და სხვა მდინარისგაღმა ქალაქებში, მოკითხვით და ასე და ასე.

18. წერილი, რომელიც გამომიგზავნეთ, საჯაროდ იქნა წაკითხული ჩემს წინაშე.

19. მეც გავეცი ბრძანება, ეძიეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ძველთაგანვე უჯანყდებოდა მეფეებს, შფოთი და არეულობა იყო იქ.

20. ძლიერი მეფეები განაგებდნენ იერუსალიმს, ეპყრათ მთელი მდინარის გაღმა მხარე, ხარკი, გადასახადი და ბეგარა ეძლეოდათ მათ.

21. ახლა გაეცით ბრძანება, შეწყვიტოს მუშაობა ამ ხალხმა, რომ არ აშენდეს ეს ქალაქი, ვიდრე ჩემგან არ გამოვა ბრძანება.

22. ფრთხილად იყავით, არაფერი გამოგეპაროთ ამ საქმეში. რისთვის უნდა გამრავლდეს ბოროტება მეფეთა საზიანოდ?

23. როგორც კი მეფე ართახშაშთას წერილი წაკითხულ იქნა რენუმის, შიმშაი მწერლის და მათ თანამდგომთა წინაშე, დაუყოვნებლივ წავიდნენ ისინი იერუსალიმში იუდაელებთან და მაგარი ხელით შეაწყვეტინეს მუშაობა.

24. მაშინ შეწყდა ღვთის სახლის შენება იერუსალიმში შეწყვეტილი იყო სპარსთა მეფის, დარიოსის მეფობის მეორე წლამდე.