ძველი აღთქმა

პირველი მეფეთა

თავი მეცამეტე

1. გავიდა ერთი წელი საულის გამეფებიდან და უკვე ორი წელი მეფობდა ისრაელზე.

2. გამოარჩია საულმა თავისთვის ისრაელში სამი ათასი კაცი; ორიათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთილის მთაზე, ათასი კაცი კი იონათანთან ბენიამინის გიბყაში. დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაისტუმრა.

3. იონათანმა დაამარცხა ფილისტიმელთა რაზმი, რომელიც გიბყაში იდგა, და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა. საულმა ბუკს დააყვირებინა მთელს ქვეყანაში და გამოაცხადა: გაიგონონ ებრაელებმა!

4. გაიგო მთელმა ისრაელმა, რომ დაამარცხა საულმა ფილისტიმელთა სარდალი და რომ მტრად მოეკიდა ისრაელი ფილისტიმელებს, და შეიყარა ხალხი საულთან გილგალში.

5. ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელის წინააღმდეგ საომრად. ოცდაათი ათასი საომარი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი. წამოვიდნენ და მიქმასში, ბეთ-ავენის აღმოსავლეთით დაბანაკდნენ.

6. დაინახეს ისრაელიანებმა, რომ გაუჭირდათ, რომ გაწვალდა ხალხი, და სათითაოდ მიიმალნენ გამოქვაბულებში, ეკალ-ბარდებში, კლდის ნაპრალებში, კოშკებში თუ ორმოებში.

7. ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა გადავიდა გადისა და გალაადის მხარეში. საული კი ჯერ ისევ გილგალში იყო და დამფრთხალი ხალხი მისკენ გარბოდა.

8. შვიდ დღეს იცადა მან, როგორც დაუთქვა სამუელმა, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში. ხალხი კი ეფანტებოდა.

9. თქვა საულმა: მომიყვანეთო აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. და აღავლინა აღსავლენი.

10. როცა გაასრულა აღსავლენის აღვლენა, სამუელიც მოვიდა. გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად.

11. უთხრა სამუელმა: რა გააკეთე? მიუგო საულმა: დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი და შენც არ მოხვედი დათქმულ დროს. ფილისტიმელები კი მიქმაშში არიან შეკრებილნი.

12. ვიფიქრე, ახლა დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს, თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე აღსავლენი მსხვერპლი.

13. უთხრა სამეულმა საულს: უგუნურად მოიქეცი, რომ არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ნაბრძანები. ეს რომ არ გექნა, სამარადისოდ განამტკიცებდა უფალი შენს მეფობას ისრაელზე.

14. ამიერიდან ვეღარ იმყარებს შენი მეფობა. გამოძებნის უფალი თავის სასურველ კაცს და თავისი ერის წინამძღოლობას უბრძანებს, რაკი შენ არ დაიცავი, რაც ნანაბრძანები ჰქონდა შენთვის უფალს.

15. ადგა სამუელი და წავიდა გილგალიდან ბენიამინის გიბყაში. დათვალა საულმა თავისთან მყოფი ხალხი - ექვსასამდე კაცი.

16. საული და მისი ვაჟი იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გიბყაში დადგნენ. ფილისტიმელები კი მიქმაშში დაბანაკდნენ.

17. გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან სამი მარბიელი რაზმი; ერთი ყოფრას გზაზე გაემართა, ბუყალის ქვეყნისკენ.

18. მეორე რაზმი ბეთ-ხორონის გზას დაადგა, მესამე კი ცებოიმის ველისკენ მიმავალ გზას, უდაბნოზე რომ გადის.

19. მჭედელი არ მოიძებნა მთელს ისრაელში, რადგან გაწყვიტეს ფილისტიმელებმა, რომ არც მახვილი, არც შუბი არ ეკეთებინათ ებრაელებს.

20. ჩადიოდა მთელი ისრაელი ფილისტიმელებთან სახნისების, თოხების, ცულებისა და ნამგლების მოსაპირავად,

21. როცა დაუბლაგვდებოდა პირი სახნისებს, თოხებს, ფიწლებს, ცულებს, ან თუ დეზები იქნებოდა გასამართავი.

22. როცა ბრძოლის დრო დადგა, არ აღმოაჩნდათ სალისა და იონათანის თანამდგომ ხალხს მახვილები დ შუბები. მხოლოდ საულს და მის ვაჟს, იონათანს აღმოაჩნდათ.

23. გაემართნენ ფილისტიმელთა მოწინავენი მიქმაშის ვიწროებისკენ.