ძველი აღთქმა

პირველი მეფეთა

თავი ოცდამეორე

1. წავიდა იქიდან დავითი და ყადულამის გამოქვაბულს შეაფარა თავი. გაიგეს ეს ამბავი მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა და ჩავიდნენ იქ.

2. იკრიბებოდა მასთან ყველა შეჭირვებული, ყველა დავალიანებული, ყველა სულგამწარებული, და უფროსად გაუხდა იგი მათ. ასე შეიკრიბა მასთან ოთხასი კაცი.

3. წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გამოვარკვევდე, რას მიპირებს ღმერთი.

4. დატოვა ისინი მოაბის მეფის წინაშე და ცხოვრობდნენ მასთან, ვიდრე დავითი ამ თავშესაფარში იმყოფებოდა.

5. უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა დავითს: ნუ დარჩები ამ თავშესაფარში. ადექი და იუდას ქვეყანაში წადი. წავიდა დავითიც და მივიდა ხარეთის ტყეში.

6. შეიტყო საულმა, რომ გამოჩნდა დავითი თავისი ხალხითურთ. საული იჯდა გიბყაში, მაღლობზე მუხის ქვეშ, ხელში შუბი ეჭირა და მისი მორჩილნი იდგნენ მის ახლოს.

7. უთხრა საულმა ახლოს მდგარ მორჩილთ: ისმინეთ, ბენიამინელნო! ყველას ჩამოგირიგებთ იესეს ძე ყანებსა და ვენახებს? ყველას დაგნიშნავთ ათასისთავებად და ასისთავებად,

8. ყველანი რომ შეითქვით ჩემს წინააღმდეგ და არ გამიმხილეთ, კავშირი თუ ჰქონდა შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან, რომ არავინ შემიცოდეთ და არ გამიმხილეთ, ჩემი შვილი თუ მიმხედრებდა ჩემს მორჩილს, როგორც დღეს გამოაშკარავდა?

9. მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მორჩილებთან ერთად რომ იდგა, და უთხრა: მე ვნახე იესეს ძე, ნობში რომ მოვიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან,

10. რომელიც უფალს შეეკითხა მის გამო, საგზალიც მისცა და გოლიათ ფილისტიმელის მახვილიც.

11. დაიბარა მეფემ ახიმელექ მღვდელი, ახიტუბის ძე, მამამისის მთელი სახლი და სამღვდელოება, ნობში რაც იყო, და მივიდნენ მეფესთან ყველანი.

12. უთხრა საულმა: ყური მიგდე, ახიტუბის ძევ! მიუგო: გისმენ, ჩემო ბატონო.

13. უთხრა საულმა: რად მომიწყვეთ შეთქმულება შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემს წინაშე, როგორც დღეს გამოაშკარავდა?

14. მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: ვინ არის დავითივით ერთგული შენს მორჩილთა შორის? მეფის სიძე, შენი მორჩილი და შენს სახლში პატივდებული:

15. ახლა დავიწყებდი მისთვის მკითხაობას ღმერთთან? შორს ჩემგან! ნურაფერში ნუ დაადანაშაულებს მეფე თავის მორჩილს და მამაჩემის მთელს სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი იცის შენმა მორჩილმა, არც მცირე, არც დიდი.

16. თქვა მეფემ: უნდა დაიხოცოთ, ახიმელექ, შენცა და მამაშენის მთელი სახლი.

17. უთხრა მეფემ მორბედებს, მის წინაშე მდგართ: წადით და დახოცეთ უფლის მღვდლები, რადგან დავითის მხარი უჭირავთ. იცოდნენ, რომ გაქცეული იყო იგი და არ შემატყობინეს. მაგრამ არ უნდოდათ მეფის მორჩილთ ხელი აღემართათ და დასხმოდნენ თავს უფლის მღვდლებს.

18. უთხრა მეფემ დოეგს: შენ წადი და დახოცე მღვდლები. წავიდა დოეგ ედომელი და დაესხა მღვდლებს და დახოცა იმ დღეს ოთხმოცდახუთი კაცი, სელის ეფოდით შემოსილი.

19. და მახვილით მოსრა ნობი, მღვდელთა ქალაქი, ვაცი და ქალი, ჭაბუკი და ძუძუთა ბავშვი, ხარები, სახედრები, ცხვრები და თხები. მახვილით მოსრა.

20. გადარჩა მხოლოდ ახიმელექ ახიტუბის ძის ერთი ვაჟიშვილი, სახელად აბიათარი, და გაიქცა დავითთან იგი.

21. უამბო აბიათარმა დავითს, როგორ დახოცა საულმა უფლის მღვდლები.

22. უთხრა დავითმა აბიათარს: მივხვდი იმ დღეს, დოეგ ედომელის დანახვისას, რომ უეჭველად ამბავს მოუტანდა საულს. ჩემზეა მამაშენის სახლის სისხლი.

23. ჩემთან დარჩი, ნუ გეშინია; ვისაც ჩემი მოკვლა უნდა, იმას შენი მოკვლაც უნდა. ჩემთან არაფერი გაგიჭირდება.