ძველი აღთქმა

პირველი ნეშტთა

თავი მეჩვიდმეტე

1. როგორც კი დავითი თავის სახლში დამკვიდრდა, უთხრა დავითმა ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, უფლის აღთქმის კიდობანი კი ჩარდახქვეშ არის.

2. უთხრა ნათანმა დავითს: გააკეთე, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი.

3. იმ ღამეს იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა:

4. წადი და უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?

5. მე ხომ არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან, რაც მე ისრაელი გამოვიყვანე და მე დღემდე კარვიდან კარავში და სავანიდან სავანეში ვიმყოფები.

6. ნუთუ მთელ ისრაელთან მოარულს ოდესმე სიტყვა მითქვამს ისრაელის რომელიმე მსაჯულისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?

7. ახლა ასე უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან, წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი.

8. ყველგან შენთან ვიმყოფებოდი, სადაც არ უნდა წასულიყავი. ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე, განვადიდე შენი სახელი მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეყანაზე.

9. ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს და დაეაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად დ ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ წინანდებურად.

10. იმ დროიდან, რაც მე მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრებისგან. გამოგიცხადე, რომ სახლს აგიშენებს უფალი.

11. როცა დრო მოვა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ.

12. ის ამიშენებს სახლს და მე გავამტკიცებ მის ტახტს სამარადისოდ.

13. მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის, წყალობას არ წავართმევ, როგორც შენს წინამორბედს წავართვი.

14. დავაყენებ მას ჩემს სახლში და ჩემს სამეფოში სამარადისოდ, მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ.

15. თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს.

16. მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა: ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო, ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე!

17. ესეც მცირე ყოფილა შენს თვალში, ღმერთო, რომ სამომავლოდაც აღუთქვი დაპირება შენი მორჩილის სახლს. შენ მომხედე როგორც განდიდებულ ადამიანს, უფალო ღმერთო ჩემო.

18. კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა შენი მორჩილის განსადიდებელი? შენ თავად იცნობ შენს მორჩილს, უფალო ღმერთო.

19. უფალო, შენი მორჩილისათვის და შენი გულის თანახმად აკეთებ ამ დიდებულ საქმეს, რათა გამოამჟღავნო მთელი შენი სიდიადე.

20. უფალო, არავინაა შენი მსგავსი, არ არის ღმერთი შენს გარდა, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ.

21. თუ არის ამ ქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც მოვლენოდეს ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდოს იგი, რომ ექციოს თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადოს და ჩაედინოს დიადი და საკვირველი ამბები, ხალხების განდევნით შენი ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტიდან და ხალხებისაგან.

22. შენ შეჰქმენ შენი ერი, ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო სამარადისოდ და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი.

23. ახლა კი, უფალო, ეს სიტყვა, რომელიც თქვი შენს მორჩილზე და მის სახლზე, განმტკიცდეს სამარადისოდ, და ქმენი ისე, როგორც ნაბრძანები გაქვს.

24. იძლიეროს და იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: უფალი ღმერთი ისრაელისა ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი,

25. რადგან შენ გამოუცხადე ღმერთო, შენს მორჩილს, სახლს აგიშენებო. ამიტომ გაუწია გულმა შენს მორჩილს ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ.

26. ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და შენი მორჩილისათვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული.

27. ახლა შენ დალოცე შენი მორჩილის სახლი, რათა სამარადისოდ იყოს შენს წინაშე, რადგან შენ აკურთხე, უფალო, და კურთხეული იქნება სამარადისოდ.