ძველი აღთქმა

მეორე მეფეთა

თავი მეათე

1. ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე და გამეფდა მისი ძე ხანუნი მის ნაცვლად.

2. თქვა დავითმა: წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა მე. და გაგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ ენუგეშებინა იგი მამის გამო. მივიდნენ დავითის მორჩილნი ყამონიანთა ქვეყანაში.

3. უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშინისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგიგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ დაზვეროს ქალაქი, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?

4. აიღო ხანუნმა და ნახევარი წვერი მოჰპარსა დავითის მორჩილთ, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა.

5. როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე მობრუნდით.

6. დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს, და გაგზავნეს ხალხი ყამონიანებმა, რომ დაექირავებინათ ბეთ-რეხიბასა და ცობას არამელები, ოცი ათასი ქვეითი, მეფე მაყაქასგან ათასი კაცი და იშტობიდან თორმეტი ათასი კაცი.

7. შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესია მთელი ლაშქრითურთ.

8. გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად კარიბჭის შესასვლელთან. ცობისა და რეხობის არამელები, იშტობელები და მაყაქა ცალკე დადგნენ ველზე.

9. როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.

10. დანარჩენი ხალხი თავის ძმას აბეშაის ჩააბარა და მანაც დააწყო ისინი ყამონიანთა წინააღმდეგ.

11. თქვა: თუ არამელები მძლევენ, შენ მომეშველები. თუ ყამონიანები გძლევენ შენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად.

12. გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისთვის. უფალმა ქმნას, რაც ენებოს.

13. გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები.

14. როცა ყამონიანებმა დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბეშაის და ქალაქში შეცვივდნენ. იოაბი გაეცალა ყამონიანებს და მივიდა იერუსალიმს.

15. დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, და შეიკრიბნენ.

16. გადმოაყვანინა ჰადარყეზერმა მდინარის გაღმელი არამელები და ისინიც მოვიდნენ ხელამში. შობაქი, ჰადარყეზერის მთავარსარდალი უძღოდა მათ.

17. შეატყობინეს დავითს და მანაც შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე და მივიდა ხელამს. დაეწყვნენ არამელები დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლენ.

18. გაექცნენ არამელები ისრაელს. დახოცა დავითმა არმელთაგან შვიდასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი მხედარი. უგმირა მახვილი შობაქს, მათ სარდალს, და იქვე მოკვდა იგი.

19. როცა ჰადარყეზერის მორჩილმა მეფეებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ ისრაელს და დაემორჩილნენ. არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონიანთა დახმარება.