ძველი აღთქმა

მეორე მეფეთა

თავი მეთოთხმეტე

1. მიხვდა იოაბ ცერუიას ძე, რომ გული მოულბა მეფეს აბესალომზე.

2. გაგზავნა კაცი თეკოაყში და ერთი ჭკვიანი ქალი მოაყვანინა იქიდან. უთხრა: თავი მოიმგლოვიარე, ჩაიცვი სამგლოვიარო სამოსელი, ზეთს ნუ იცხებ და ისე იყავი, როგორც დიდიხნის მგლოვიარე ქალია.

3. მიდი მეფესთან და უამბე ეს ამბავი და ბაგეებში ჩაუდო იოაბმა საამბობელი.

4. შევიდა თეკოაყელი ქალი მეფესთან, დაემხო მიწაზე, თაყვანისცა და უთხრა: მიშველე, მეფეო.

5. ჰკითხა მეფემ: რა გჭირს? უთხრა ქალმა: ერთი ქვრივი ქალი ვარ, ქმარი მომიკვდა.

6. ორი ვაჟიშვილი ჰყავდა შენს მორჩილს, მინდორში წაეკიდნენ ერთმანეთს, გამშველებელი არავინ იყო, დაჰკრა ერთმა მეორეს და მოკლა.

7. აღდგა შენი მორჩილის წინააღმდეგ მთელი ნათესაობა და მეუბნებიან: მოგვეცი ძმის მკვლელი, რომ მოკლული ძმის შური ვიძიოთ და მოვსპოთ, თუმცა მემკვიდრეა იგი. ამ ნაპერწკალსაც ჩამიქრობენ, რომელიც დამრჩა; სახელს და შთამომავლობას არ დაუტოვებენ ჩემს ქმარს ამ ქვეყანაზე.

8. უთხრა მეფემ ქალს: წადი შინ, განკარგულებას გავცემ შენს გამო.

9. უთხრა თეკოაყელმა ქალმა მეფეს: ჩემზე, მეფევ-ბატონო, და მამაჩემის სახლზე იყოს ცოდვა. მეფე და მისი ტახტი უდანაშაულოა.

10. უთხრა მეფემ: აქ მომიყვანე შენი მომჩივანი და ვეღარ გაბედავს შენს შეწუხებას.

11. უთხრა ქალმა: ახსენე, მეფეო, უფალი შენი ღმერთი, ვინძლო არ გამრავლდნენ შურისმგებელნი და არ დამიღუპონ შვილი. უთხრა მეფემ: უფალს ვფიცავ, შენი შვილის თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე.

12. უთხრა ქალმა: ერთი სიტყვაც ათქმევინე მეფე-ბატონისთვის შენს მორჩილს. უთხრა: თქვი.

13. თქვა ქალმა: რისთვის ფიქრობ ამგვარად ღვთის ერზე? სცოდავს ამის მთქმელი მეფე, თუ თავის განდევნილს უკან არ აბრუნებს.

14. ყველანი დავიხოცებით და მიწაზე დაღვრილი წყალივით აღარ შევგროვდებით. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს; იმას ფიქრობს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ.

15. ახლა მოვსულვარ, რომ ეს სიტყვები ვუთხრა ჩემს მეფეს, რადგან მაშინებს ხალხი. იფიქრა შენმა მორჩილმა, ვეტყვი მეფეს, ვინძლო აღასრულოს მეფემ თავისი მხევლის სათხოვარი-მეთქი.

16. რომ მოუსმინოს მეფემ თავის მხევალს და დაგვიხსნას მათგან, ვინც მე და ჩემს შვილს ღვთის სამკვიდროდან ამოძირკვას გვიპირებს.

17. იფიქრა შენმა მორჩილმა, ნუგეში იქნება-მეთქი მეფე-ბატონის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივით არის ჩემი მეფე-ბატონი, და გაარჩევს კეთილს და ბოროტს. შენთან იყოს უფალი, შენი ღმერთი.

18. მიუგო მეფემ ქალს და უთხრა: ერთ რამეს გკითხავ და ნუ დამიმალავ. უთხრა ქალმა: მკითხოს მეფე-ბატონმა.

19. ჰკითხა მეფემ: იოაბის ხელი ხომ არ ურევია შენთან ერთად ამ საქმეში? მიუგო ქალმა და უთხრა: მეფე-ბატონს ვფიცავ, თუ მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვიოს ვინმემ მეფე-ბატონის ნათქვამს. სწორედ შენმა მორჩილმა იოაბმა დამარიგა და მან ჩააგონა შენს მორჩილს ეს სიტყვები.

20. ნართაულად რომ ეჩვენებინა საქმე, იმიტომ მოიქცა ასე იოაბი. მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი და ყველაფერს მიხვდება ამ ქვეყანაზე.

21. უთხრა მეფემ იოაბს: რაკი შენ მოგიწყვია ეს საქმე, წადი და დააბრუნე ის ყმაწვილი, აბესალომი.

22. პირქვე დაემხო იოაბი, თაყვანისცა მეფეს და მადლი მოახსენა. უთხრა იოაბმა: ახლა სჯერა შენს მორჩილს, რომ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის, მეფის თვალში, რადგან აასრულა მეფემ თავისი მორჩილის სათხოვარი.

23. ადგა და წავიდა იოაბი გეშურს და მოიყვანა აბესალომი იერუსალიმში.

24. თქვა მეფემ: დაბრუნდეს თავის სახლში, ოღონდ ნუ იხილავს ჩემს სახეს. დაბრუნდა აბესალომი თავის სხლში და ვერ იხილა მეფის სახე.

25. არავინ იყო მთელს ისრაელში ისეთი ნაქები კაცი სილამაზით, როგორც აბესალომი. თხემით ტერფამდე უნაკლო იყო.

26. როცა თავს გაიკრეჭდა ხოლმე (წლიდან წლამდე იკრეჭდა თმას, რადგან ამძიმებდა), მოკრეჭილი თმა ორას შეკელს იწონიდა სამეფო საწონით.

27. შეეძინა აბესალომს სამი ვაჟიშვილი და ერთი ქალი სახელად, თამარი. ძალიან ლამაზი შესახედავი ქალი იყო იგი.

28. ორ წელს ცხოვრობდა აბესალომი იერუსალიმში, მაგრამ მეფის სახე არ უხილავს.

29. დაიბარა აბესალომმა იოაბი მეფესთან გასაგზავნად, მაგრამ არ ინდომა იოაბმა მისვლა. მეორედ დაიბარა, არც ახლა ინდომა მისვლა.

30. უთხრა თავის მორჩილთ: მოათვალიერეთ იოაბის ყანა, ჩემს მეზობლად რომ არის. ქერი უკეთესია იქ. მიდით და გადასწვით. გადაწვეს ეს ყანა აბესალომის მორჩილებმა.

31. ადგა იოაბი და მივიდა აბესალომთან სახლში და უთხრა: რატომ გადამიწვეს ყანა შენმა მორჩილებმა?

32. უთხრა აბესალომმა იოაბს: დაგიბარე, რომ მოსულიყავი და მეთხოვა, მეფესთან გამეგზავნე და გეთქვა: რისთვის მოვედი გეშურიდან? მიჯობდა იქ დავრჩენილიყავ. ახლა მინდა მეფის სახე ვიხილო. თუ დამნაშავე ვარ, ბარემ მომკალი.

33. მივიდა იოაბი მეფესთან და მოახსენა; უხმო აბესალომს, ისიც მივიდა მეფესთან, მდაბლად თაყვანისცა მეფეს და გადაკოცნა მეფემ აბესალომი.