ძველი აღთქმა

მეორე მეფეთა

თავი მეორე

1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ დაეკითხა უფალს დავითი: შევიდე თუ არა იუდას რომელიმე ქალაქში? მიუგო უფალმა: შედი. თქვა დავითმა: სად შევიდე? მიუგო: ხებრონში.

2. შევიდნენ იქ დავითი და მისი ორი ცოლი, იზრეყელელი ახინოაბი და აბიგაილი, ქარმელელი ნაბალის ქვრივი.

3. თავისთან მყოფი ხალხიც მოიყვანა დავითმა თავ-თავისი სახლებითურთ; დასახლდნენ ისინი ხებრონის ქალაქებში.

4. მოვიდნენ იუდაელნი და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე. ამასობაში შეატყობინეს დავითს, რომ გალაადის იაბეშელებს უკვე დაუმარხავთ საული.

5. გაგზავნა მოციქულები დავითმა გალაადის იაბეშელებთან და შეუთვალა მათ: კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ უყავით თქვენს პატრონს, საულს, და დამარხეთ იგი.

6. უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი, და მეც გადაგიხდით ამ კეთილი საქმისათვის, თქვენ რომ აღასრულეთ.

7. ახლა მკლავი გაიმაგრეთ და ვაჟკაცურად იყავით; რადგან თუმცა მკვდარია თქვენი პატრონი საული, მაგრამ მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ.

8. ამასობაში აბნერმა, ნერის ძემ, საულის მხედართმთავარმა, წაიყვანა იშბოშეთი, საულის ვაჟი, გადაიყვანა მახანაიმში,

9. და გაამეფა გალაადზე, აშურელებზე, იზრეყელზე, ეფრემზე, ბენიამინზე და სრულიად ისრაელზე.

10. ორმოცი წლის იყო იშბოშეთი, საულის ვაჟი, როცა გამეფდა იგი ისრაელზე; ორ წელიწადს იმეფა. მხოლოდ იუდას სახლი შეუდგა დავითს.

11. დავითის მეფობის ხანი ხებრონში იუდას სახლზე იყო შვიდი წელი და ექვსი თვე.

12. გამოვიდნენ აბნერ ნერის ძე და იშბოშეთის, საულის ძის მორჩილნი მახანაიმიდან და მივიდნენ გაბაონს.

13. ხოლო იოაბ ცერუიას ძე და დავითის მორჩილნი გამოვიდნენ და შეეყარნენ მათ გაბაონის ტბორთან და განლაგდნენ, ერთნი ტბორის ერთ ნაპირზე, მეორენი - მეორე ნაპირზე.

14. უთხრა აბნერმა იოაბს: გამოვიდნენ ჭაბუკები და იასპარეზონ ჩვენს წინაშე. მიუგო: გამოვიდნენ!

15. ადგნენ და გამოვიდნენ თორმეტნი ბენიამინისა და იშბოშეთის, საულის ძის, მხრიდან და თორმეტნი დავითის მორჩილთა მხრიდან.

16. ჩასჭიდეს ერთიმეორეს თავში ხელი და მახვილები ჩასცეს ერთიმეორეს ფერდში, და დაეცნენ ერთად. ეწოდა ამ ადგილს სახელად მახვილთა მინდორი, რომელიც გაბაონშია.

17. გაიმართა უსასტიკესი ბრძოლა იმ დღეს და იძლივნენ დავითის მორჩილთაგან აბნერი და ისრაელიანები.

18. იქ იმყოფებოდა ტერუიას სამი ვაჟი - იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი, მინდორში.

19. გაეკიდა ყასაელი აბნერს, პირდაპირ მისდევდა, არ გაუხვევია აბნერისაგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.

20. უკან მოჰხედა აბნერმა და უთხრა: ყასაელი ხარ? მიუგო: მე ვარ.

21. უთხრა აბნერმა: გაუხვიე ხელმარცხნივ ან ხელმარჯვნივ, დაიჭირე რომელიმე ამ ჭაბუკთაგანი და წაართვი საჭურველი. არ ინდომა ყასაელმა და არ გაეცალა მას.

22. კვლავ უთხრა აბნერმა ყასაელს: გამეცალე, რისთვის დაგაკლა მიწას? როგორ შევხედო მერე შენს ძმას,

23. არ მოინდომა მან გაცლა და უკუსცა აბნერმა მას შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა შუბმა. იქვე დაეცა ყასაელი და ადგილზევე მოკვდა. ვინც კი მოდიოდა იმ ადგილას, სადაც დაეცა ყასაელი და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა.

24. ახლა იოაბი და აბიშაი დაედევნენ აბნერს. მზის ჩასვლისას იმ ბორცვს მიაწიეს, გიახის გასწვრივ რომ დგას, გაბაონის უდაბნოს გზაზე.

25. შეიყარნენ ბენიამინიანები აბნერთან, შეადგინეს ერთი რაზმი და ერთი ბორცვის წვერზე დადგნენ.

26. გასძახა აბნერმა იოაბს და უთხრა: მუდამ ხომ არ უნდა ჭამდეს მახვილი? განა არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება? რატომ არ უბრძანებ შენს ხალხს, რომ თავი დაანებონ თავიანთი ძმების დევნას?

27. უთხრა იოაბმა: ღმერთია მოწმე, შენ რომ არ გამოგეწვია, დილიდანვე მოეშვებოდა ჩემი ხალხი თავისი ძმების დევნას.

28. ჩაჰბერა ბუკს იოაბმა და შედგა ხალხი; აღარ დასდევნებია ისრაელს და აღარც შებრძოლებიან ერთმანეთს.

29. აბნერი და მისი ხალხი მთელი ღამე მიდიოდნენ ტრამალზე, გავიდნენ იორდანეს გაღმა, გაიარეს მთელი ბითრონი და მიაღწიეს მახანაიმს.

30. იოაბმა, როცა აბნერის დევნიდან დაბრუნდა, შეჰყარა მთელი ხალხი. დავითის მორჩილთ აკლდა ცხრამეტი კაცი და ყასაელი.

31. ხოლო დავითის მორჩილებმა ბენიამინიანთაგან და აბნერის მებრძოლთაგან დახოცეს სამას სამოცი კაცი.

32. წაასვენეს ყასაელი და დამარხეს ბეთლემს, მამამისის სამარხში; იარეს მთელი ღამე იოაბმა და მისმა კაცებმა და ხებრონში გაუთენდათ.