ძველი აღთქმა

მეორე მეფეთა

თავი მეოთხე

1. როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, წარეკვეთა იმედი და შეშფოთდა მთელი ისრაელიც.

2. ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს, რაზმის მეთაურები, ერთს ერქვა ბაყანა, მეორეს - რექაბი; რიმონ ბეეროთელის ძენი იყვნენ, ბენიამინის ტომიდან, რადგან ბეეროთი ბენიამინს ეკუთვნოდა.

3. თავად ბეეროთელნი გეთაიმში გაიქცნენ და დღემდე იქ მდგმურობენ.

4. იონათანს, საულის ძეს, ერთი ვაჟი დარჩა, ფეხმტკივანი. ხუთი წლის იყო, როცა საულსა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან. ხელში აიყვანა იგი ძიძამ და გაიქცა; გაქცევისას დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მისი სახელი - მეფიბოშეთი.

5. წავიდნენ რიმონ ბეეროთელის ვაჟები - რექაბი და ბაყანა და დღის ხვატში მიადგნენ იშბოშეთის სახლს. ის კი საწოლზე იწვა და ეძინა შუადღის ძილით.

6. აჰა, შევიდნენ შიგ სახლში, ვითომდა ხორბლის საყიდლად, და მეხუთე ნეკნთან ჩასცეს მახვილი. მერე მიიმალნენ რექაბი და მისი ძმა ბაყანა.

7. შევიდნენ სახლში, როცა თავის საწოლზე ეძინა, საძილე ოთახში; მახვილი ჩასცეს, მოკლეს და თავი მოაჭრეს. წამოიღეს მისი თავი და მთელი ღამე იარეს უდაბნოს გზით.

8. მიუტანეს იშბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: აჰა, იშბოშეთის თავი, საულის, შენი მტრის ძისა, რომელსაც შენი სიკვდილი უნდოდა. შური უძია უფალმა ჩემს მეფე-ბატონს საულისგან და მისი ნაშიერისგან.

9. მიუგო დავითმა რექაბს და მის ძმას ბაყანას, ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, და უთხრა: ვფიცავ უფალს, რომელმაც მიხსნა ყოველი გასაჭირისაგან!

10. თუკი მაცნე, რომელმაც შემატყობინა საულის სიკვდილი და კეთილის მახარობელი ეგონა თავი, შევიპყარი და მოვკალი ციკლაგში, იმის ნაცვლად რომ სამახარობლო მიმეცა,

11. რას იმსახურებენ ის ბოროტეული კაცები, რომელთაც უდანაშაულო კაცი თავისსავე სახლში, თავის საწოლში მოკლეს? ახლა განა თქვენ ხელს არ უნდა მოგკითხოთ მისი სისხლი და აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან.

12. უბრძანა დავითმა მსახურებს და დახოცეს ისინი, ხელ-ფეხი დააჭრეს და ტბორზე გადმოკიდეს ხებრონში. ხოლო იშბოეთის თავი აიღეს და აბნერის საფლავში დამარხეს, ხებრონში.