ძველი აღთქმა

მეორე ნეშტთა

თავი მეათე

1. წავიდა შექემში რობოამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელი მის გასამეფებლად.

2. როცა ეს ამბავი შეიტყო, იერობოამ ნაბატის ძემ, რომელიც ეგვიპტეში იმყოფებოდა, სადაც სოლომონ მეფისგან იყო გაქცეული, ეგვიპტიდან გამობრუნდა იერობოამი.

3. შეუთვალეს და დაიბარეს იგი. მოვიდა იერობოამი და მთელი ისრაელი და ასე უთხრეს რობოამს:

4. უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვადო, და დაგემორჩილებით.

5. მიუგო მათ: წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან. წავიდა ხალხი.

6. რჩევა ჰკითხა მეფე რობოამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?

7. ასე უთხრეს: თუ კეთილი იქნები ამ ხალხისთვის, აამებ მათ, კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამოდ შენი მორჩილნი იქნებიან.

8. არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეთ, რომლებიც მასთან იყვნენ შეზრდილნი და ემსახურებოდნენ.

9. უთხრა მათ: რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო მამაშენის დადებული უღელი?

10. ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან როშ იყვნენ შეზრდილნი, და ურჩიეს: ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება, უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და შენ კი უნდა შეგვიმსუბუქო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკათითი.

11. ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კი უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!

12. მოვიდნენ იერობოამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რობოამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, სამი დღის შემდეგ მოდითო ჩემთან.

13. მკაცრად უპასუხა მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა მეფე რობოამმა უხუცესთა რჩევას.

14. მოყმეთა რჩევისამებრ ელაპარაკა და უთხრა მათ: ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!

15. არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო ღვთის ნება, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობოამ ნაბატის ძისათვის, ახია სილოამელის პირით.

16. როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: რა წილი გვიდევს დავითიში? რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისაგან? თქვენ-თქვენი კარვებისაკენ, ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენ სახლს, დავით! და წავიდ-წამოვიდა თავ-თავის კარვებში ისრაელი.

17. მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზე შერჩა მეფობა რობოამს.

18. გაგზავნა მეფე რობოამმა ადორამი, ხარკის ამკრეფთა უფროსი, მაგრამ ქვებით ჩაქოლეს ისრაელიანებმა და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ შეხტა მეფე რობოამი ეტლზე და იერუსალიმში გაიქცა.

19. განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე.