ძველი აღთქმა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამესამე

1. მეშვიდე წელს ძალი მოიცა იეჰოიადაყმა და აიყვანა ასისთავები: ყაზარია იეროხამის ძე, იშმაყელ იეჰოყანანის ძე, ყაზარია ყობედის ძე, მაყასეია ყადაიას ძე და ელიშაფატ ზიქრის ძე.

2. წავიდნენ ისინი იუდაში, შეკრიბეს ლევიანები იუდას ყველა ქალაქში და იერუსალიმში მოვიდნენ.

3. აღთქმა დადო მთელმა კრებულმა მეფესთან ღვთის სახლში. უთხრა მათ იეჰოდაყმა: აჰა, უფლისწული უნდა გამეფდეს, როგორც უფალმა ბრძანა დავითის შთამომავლებზე.

4. აი, ასე უნდა მოიქცეთ: თქვენგან ერთი მესამედი შაბათს შემომსვლელ მღვდელთაგან და ლევიანთაგან ზღურბლთა მცველები იქნებიან;

5. მესამედი მეფის სასახლეში იქნება, მესამედი - იესოდის კარში, დანარჩენი ხალხი კი - უფლის სახლის ეზოებში.

6. არავინ შევიდეს უფლის სახლში, გარდა მღვდლებისა და მომსახურე ლევიანებისა. ისინი შევიდნენ, რადგან განწმედილნი არიან. მთელი ხალხი კი უფლის სადარაჯოზე დადგეს.

7. გარს უნდა შემოერტყნენ ლევიანები მეფეს იარაღით ხელში; ვინც სახლში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს გამოსვლისას და შესვლისას.

8. ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანებმა და იუდამ, როგორც მათ იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა: წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი - შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად, რადგან არ დაუთხოვია იეჰოიადაყ მღვდელს დასები.

9. დაურიგა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს შუბები, დიდი და მცირე ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში.

10. დააყენა მთელი ხალხი, თითოეული თავის იარაღით ხელში, სახლის მარჯვენა ფრთიდან მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ.

11. გამოიყვანეს უფლისწული, დაადგეს შარავანდი და მისცეს მოწმობა. გაამეფეს იგი და სცხეს მირონი იეჰოიადაყმა და მისმა ვაჟებმა, თქვეს: იცოცხლოს მეფემ!

12. შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი, რომ მორბოდნენ და მეფეს ადიდებდნენ, და გაჰყვა ხალხს უფლის სახლისკენ.

13. და აჰა, დაინახა, შესასვლელთან, თავის სვეტთან, დგას მეფე. მეფის გვერდით სარდლები და მესაყვირენი იყვნენ, მთელი ქვეყნის ერი ხარობდა და საყვირებს აყვირებდა, მგალობელნი კი სამუსიკო საკრავებით ქება-დიდებას უძღვებოდნენ. მაშინ შემოიხია სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: ღალატია, ღალატი!

14. გაიხმო იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავები, ჯარის მეთაურნი, და უთხრა: კარში გაიყვანეთ. ვინც უკან გაჰყვება მახვილით მოკალით, რადგან იფიქრა მღვდელმა, უფლის სახლში არ მოკლანო.

15. გზა მისცეს და წავიდა სახლისკენ ცხენთა შესასვლელით და იქ მოკლეს.

16. დადო იეჰოიადაყმა აღთქმა თავისთავსა, მთელ ერსა და მეფეს შორის, რათა ისინი უფლის ერი გამხდარიყვნენ.

17. შევიდა მთელი ხალხი ბაალის სახლში და დაანგრია სამსხვერპლოანად, დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ.

18. უფლის სახლის საქმენი იეჰოიადაყმა იმ მღვდლებს - ლევიანებს ჩააბარა, რომლებიც დავითმა უფლის სახლში გაამწესა უფლისთვის აღსავლენის შესწირად, როგორც მოსეს რჯულში წერია, სიხარულითა და გალობით, დავითის განაწესის მიხედვით.

19. მცველები ჩააყენა უფლის სახლის კარში, რათა რაიმეთი გაუწმიდურებული არ შესულიყო.

20. წამოიყვანა ასისთავები, დიდებულები, ერისმთავრები, ქვეყნის მთელი ხალხი, და გაჰყვა მეფეს უფლის სახლიდან, ზემო ჭიშკრის გავლით, მეფის სასახლემდე, დასვეს მეფე სამეფო ტახტზე.

21. გამხიარულდა მთელი ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღოთოლია მახვილით მოკლეს.