ძველი აღთქმა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეთერთმეტე

1. ყოველივე ეს რომ დამთავრდა, გავიდა იქ მყოფი მთელი ისრაელი იუდას ქალაქებში და დალეწეს სვეტები, გაჩეხეს აშერები, დაანგრიეს გორაკები და სამსხვერპლოები მთელ იუდაში, ბენიამინში, ეფრემში, მენაშეში, ერთიანად. დაბრუნდა ყველა ისრაელიანი თავთავის სამკვიდრებელში და ქალაქში.

2. დააყენა იეხეზკიაჰუმ მღვდელთა და ლევიანთა დასები, მათი დასებისდა მიხედვით, თავ-თავიანთი სამსახურის შესასრულებლად, მღვდლებად და ლევიანებად, აღსავლენისა და სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად, უფლის ბანაკის კარიბჭეებში საქებრად და სადიდებლად.

3. დააწესა მეფის წილი, მისი ქონებიდან, აღსავლენისთვის - დილის და მწუხრის აღსავლენისთვის, შაბათების, ახალმთავრობების და დღესასწაულების აღსავლენისთვის, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი.

4. უბრძანა იერუსალიმში მცხოვრებ ხალხს, რომ თავიანთი წილი გასამრჯელო მიეცათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის, რათა მტკიცედ დაეცვათ უფლის რჯული.

5. როგორც კი ეს ბრძანება გავრცელდა, უხვად მოიტანეს ისრაელიანებმა ფქვილის, ღვინის, ზეთის, თაფლისა და მინდვრის ყველა მოსავლის პირველი ნაყოფი. სხვა ყველაფრის მეათედიც უხვად მოიტანეს.

6. ისრაელიანებს და იუდიანებს, იუდას ქალაქების მკვიდრთ, მოჰქონდათ მეათედი ხარ-ძროხიდან და ცხვრიდან, მეათედი - შენაწირიდან, რომელიც უფლისთვის, თავიანთი ღმერთისთვის ჰქონდათ შეწირული. მოიტანეს და გროვად დაახვავეს.

7. მესამე თვეში დაიწყეს გროვების დახვავება და მეშვიდე თვეში მოამთავრეს.

8. მოვიდნენ იეხიზკიაჰუ და მთავრები, დაინახეს გროვები და აკურთხეს უფალი და მისი ერი - ისრაელი.

9. ჰკითხა იეხიზკიაჰუმ მღვდლებსა და ლევიანებს გროვების თაობაზე.

10. მიუგო მას ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა, ცადოკის სახლის კაცმა, და უთხრა: როცა დაიწყეს უფლის სახლში ძღვენის მოტანა, ძღომაზე ვჭამდით, მაგრამ მაინც ბევრი დარჩა, რადგან უფალმა აკურთხა თავისი ერი, და მონარჩენიდან კიდევ ამდენი დარჩა.

11. ბრძანა იეხიზკიაჰუმ, ოთახები მოემზადებინათ უფლის სახლში. და მოამზადეს.

12. შეზიდეს პატიოსნად ძღვენი, მეათედი და შეწირულობანი. უფროსად იყო ლევიანი ქონანიაჰუ, მისი ძმა შიმყი მეორე კაცი იყო.

13. იეხიელი, ყაზაზიაჰუ, ნახათი, ყასაელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმაქიაჰუ, მახათი და ბენიაჰუ მეთვალყურენი იყვნენ ქონანიაჰუსა და მისი ძმის, შიმყის ხილქვეით, მეფე იეხიზკიაჰუსა და ყაზარიაჰუს, უფლის სახლის წინამძღვრის ბრძანებით.

14. კორე იმნას ძე, ლევიანი, აღმოსავლეთის მხარის კარის მცველი, ღვთისადმი ნებაყოფლობით შესაწირავზე იყო, რათა გაეცა უფლის ძღვენი და ყველაზე წმიდა შეწირულობანი.

15. მისი ხელქვეით მღვდელთა ქალაქებში იყვნენ: ყედენი, მინიამინი, იეშუაყი, შემაყიაჰუ, შექანიაჰუ, რომ სამართლიანად გაენაწილებინათ მოძმეთათვის მათი დასებისდა მიხედვით, როგორც დიდისთვის, ისე პატარისთვის,

16. საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილთა გარდა სამი წლიდან მოყოლებული ყველა მამაკაცისთვის, უფლის სახლში ყველა მიმსვლელისთვის ყოველდღიურ საქმეზე, მათი სამსახურისთვის, მათ თანამდებობებზე დასებისდა მიხედვით,

17. საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი მღვდლებისთვის, მათ მამისსახლთა მიხედვით, ოც წელს გადაცილებულ ლევიანთათვის, თავიანთ თანამდებობისა და დასებისდა მიხედვით,

18. საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა მათი წვრილშვილისთვის, ცოლებისთვის, ვაჟებისთვის და ასულებისთვის, მთელი კრებულისათვის, რადგან პატიოსნად გაინათლნენ სიწმიდისთვის.

19. ხოლო აარონიანთათვის - მღვდელთათვის, მათი ქალაქების ირგვლივ ველ-მინდვრებზე რომ მკვიდრობდნენ, ყოველ ქალაქში კაცები განაწესეს სახელდებით, რომ წილი მიეცათ ყოველი მამაკაცისთვის სამღვდელოთა შორის და საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა ლევიანისთვის.

20. ასე გააკეთა იეხიზკიაჰუმ მთელ იუდაში. იგი სიკეთით, სისწორით და პატიოსნებით იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის წინაშე.

21. ყველა საქმეში, რასაც კი წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში თუ მცნებებში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა.