ძველი აღთქმა

მეორე რჯული

თავი მეცამეტე

1. თუ გამოჩნდა შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი და მოგცა რამე ნიშანი ან სასწაული,

2. და ახდა ეს ნიშანი და სასწაული, რაც გამოგიცხადათ, და გეტყვით: მივმართოთ სხვა ღმერთებს, რომელთაც შენ არ იცნობ, და ვემსახუროთო,

3. ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმართმხილველის ნათქვამს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, იმის გასაგებად, გიყვართ თუ არა უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და სულით.

4. უფალს, თქვენს ღმერთს, მიჰყევით და მისი გეშინოდეთ, მისი მცნებები შეასრულეთ, მისი სიტყვა გაიგონეთ, მას ემსახურეთ, მას მიეწებეთ.

5. ის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი კი უნდა მოკვდეს, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანათ და მონობის სახლიდან დაგიხსნათ, დაჰგმო მან, რათა იმ გზიდან აეცდინე, რაზეც სიარული გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.

6. თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთართ სულივითა გყავს და გეტყვის: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა,

7. იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს მყოფთა თუ შენგან შორს მყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო,

8. ნუ დაჰყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ,

9. არამედ მოჰკალი იგი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი მთელი ერისა.

10. ჩაქოლე იგი, რომ მოკვდეს, რადგან ცდილობდა მოეწყვიტე უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამიგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.

11. მთელი ისრაელი გაიგებს და შეშინდება და ბოროტ საქმეს აღარ ჩაიდენენ შენს წიაღში.

12. თუ გაიგებ, რომ ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს საცხოვრებლად,

13. გამოჩნდა უგვანი ხალხი შენი წრიდან და აცთუნებს თავისი ქალაქის მკვიდრთ, ეუბნება: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდითო,

14. ხოლო შენ გამოიძიე, გაარკვიე, კარგად გამოიკითხე და, აჰა, ყველაფერი სრული სიმართლე გამოდგა: ჩადენილია ასეთი საძაგლობა შენს წიაღში,

15. მახვილით დახოცე იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. მისი საქონელიც მახვილით დახოცე.

16. მთელი ნადავლი შუაგულ მოედანზე დაახვავე და მთლიანად დაუწვი უფალს, შენს ღმერთს, ქალაქი და მთელი ნადავლი; სამარადისო ნანგრევებად დარჩეს და აღარ აშენდეს არასოდეს.

17. დარისხებულს არაფერს მიეწებოს შენი ხელი, რომ დაცხრეს უფლის რისხვა, წყალობა მოგცეს, შეგინდოს და გაგამრავლოს, როგორც შეჰფიცა შენს მამა-პაპას,

18. თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და შეასრულებ ყველა მცნებას, რომელსაც დღეს გიცხადებ, და წესიერად მოიქცევი უფლის, შენი ღვთის თვალში.