ძველი აღთქმა

მეორე რჯული

თავი მეორე

1. გავბრუნდით და გავწიეთ უდაბნოსკენ მეწამული ზღვის გზით, როგორც მითხრა უფალმა. დიდხანს ვუარეთ სეყირის მთას.

2. ასე მითხრა უფალმა:

3. გეყოფათ ამ მთის შემოვლა. ჩრდილოეთისკენ გაბრუნდით.

4. ასე დაარიგე ხალხი: ახლა თქვენი ნათესავების, ესავიანთა, სეყირის მკვიდრთა საზღვარზე მოგიწევთ გავლა. მათ შეეშინდებათ თქვენი, თქვენ კი ძალზე ფრთხილად იყავით.

5. ნუ წაეკიდებით მათ, რადგან ფეხის ერთ დაბიჯებასაც არ მოგცემთ მათი ქვეყნიდან, რადგან ესავს მივეცი სამკვიდროდ სეყირის მთა.

6. საჭმელი შეიძინეთ მათგან ვერცხლით და ჭამეთ, წყალიც იყიდეთ მათგან ვერცხლით და სვით.

7. რადგან უფალმა, შენმა ღმერთმა, გაკურთხა ყველა საქმეში, უწყოდა შენი გზა-სავალი ამ დიდ უდაბნოში. ეს ორმოცი წელიწადი შენთან არის უფალი და არაფერი მოგკლებია.

8. ჩავუარეთ ჩვენს ნათესავებს, ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ, ყორაბას გზით, ელათიდან და ელიონ-გაბერიდან. მერე გავბრუნდით და მოაბის უდაბნოს გზას დავადექით.

9. მითხრა უფალმა: ნუ გადაემტერები მოაბს და ნუ გამართავ ომს, რადგან არ მომიცია თქვენთვის სამკვიდრო მათი ქვეყნიდან, რადგან ყარი ლოტის შთამომავლებს მივეცი სამკვიდროდ.

10. ადრე იქ ემიელები ცხოვრობდნენ - დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი ყანაკელებთა მსგავსად.

11. რეფაიმებად ითვლებოდნენ ისინიც. ისევე როგორც ყანაკელები, მაგრამ მოაბელები ემიელებს უწოდებდნენ მათ.

12. წინათ სეყირში ხორიელები ცხოვრობდნენ, მაგრამ ესავიანებმა აჰყარეს ისინი და გადააშენეს და დამკვიდრდნენ მათ ნაცვლად, როგორც მოექცა ისრაელი თავის სამკვიდრებელ ქვეყანას, რომელიც მისცა მას უფალმა.

13. ახლა ადექით და გადადით ზარედის ხევს. ჩვენც გადავედით ზარედის ხევს.

14. ოცდათვრამეტი წელი მოეუნდით კადეშ-ბარნეადან ზარედის ხევამდე მისვლას და ამასობაში გაწყდა ბანაკში მებრძოლთა მთელი თაობა, როგორც დაფიცებული ჰქონდა მათთვის უფალს.

15. უფლის ხელიც იყო მათზე, რომ სრულებით გამწყდარიყვნენ ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ.

16. როცა მთლიანად გაწყდნენ მებრძოლები ერში,

17. ასე მელაპარაკა მე უფალი:

18. ახლა შენ გადიხარ მოაბის საზღვრებიდან, ქალაქ ყართან,

19. და უახლოედები ყამონელთა ადგილებს. ნუ უმტრობთ მათ და ნუ წაეკიდებით, რადგან არ გაძლევ ყამონელთა ქვეყნის ადგილებს სამკვიდროდ, რადგან ლოტიანთათვის მაქვს მიცემული სამკვიდროდ.

20. ისიც რეფაიმთა ქვეყნად ითვლება, წინათ რეფაიმები ცხოვრობდნენ იქ. ამონელნი კი ზამ-ზუმიელებს უწოდებენ მათ.

21. დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი იყო ყანაკელებივით. გაწყვიტა ისინი უფალმა მათ წინაშე. აჰყარეს ისინი და მათ ადგილას დასახლდნენ.

22. ასევე უყო ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ, რომელთ წინაშეც გაწყვიტა ხორიელები. აჰყარეს ისინი და დღემდე მათ ადგილას ცხოვრობენ.

23. გაწყვიტეს ყავიელები, რომლებიც ცხოვრობდნენ დაბებში დაზამდე, ქაფთორელები, რომლებიც ქაფთორიდან გამოვიდნენ, და დასახლდნენ მათ ადგილას.

24. ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის ხევი. იცოდე, შენს ხელთ ჩამიგდია სიხონი, ეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა. დაიწყე დამკვიდრება. ბრძოლა გაუმართე მას.

25. დღეიდან შიშსა და ძრწოლას მოვგვრი თქვენით ხალხებს ცისქვეშეთში. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, შიშის ზარი დაეცემა ყველას.

26. გავუგზავნე მოციქულები კედემოთის უდაბნოდან სიხონს, ხეშბონის მეფეს და დავაბარე სათქმელად სამშვიდობო სიტყვები.

27. გამატარე შენს ქვეყანაზე, მხოლოდ გზებზე ვივლი, არც მარჯვნივ გადავუხვევ, არც მარცხნივ-მეთქი.

28. საჭმელი მომყიდე ვერცხლზე და შევჭამ, წყალიც ვერცხლზე მომეცი და დავლევ. მხოლოდ ჩემი ფეხით გავივლი-მეთქი;

29. ისევე, როგორც მომექცნენ ესავიანები, სეყირის მკვიდრნი, და მოაბელები, ყარის მკვიდრნი, ვიდრე იორდანეს გაღმა გავიდოდე იმ ქვეყანაში, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი.

30. მაგრამ არ გაგვატარა სიხონმა, ხეშბონის მეფემ, რადგან გაუსასტიკა სული უფალმა, შენმა ღმერთმა, და გული გაუქვავა, რომ თქვენს ხელში ჩაეგდო იგი, როგორც დღეს ხედავ.

31. მითხრა უფალმა: იცოდე, უკვე დავიწყე სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის მოცემა: შეუდექი მისი ქვეყნის დასაკუთრებას.

32. გამოვიდა სიხონი მთელი თავისი ხალხით იაჰცაში ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად.

33. ხელში ჩაგვაგდებინა იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და ჩვენც დავამარცხეთ იგი, მისი შვილები და მთელი მისი ხალხი.

34. მაშინ დავიპყარით მისი ყველა ქალაქი, ავაოხრეთ ქალაქები და გავწყვიტეთ მცხოვრებნი დიდიან-პატარიანა. არავინ დაგვიტოვებია ცოცხალი.

35. ოღონდ საქონელი წამოვასხით და სხვა ნადავლიც წამოვიღეთ დაპყრობილი ქალაქებიდან.

36. ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევზე მდებარერს, და ხეობის ქალაქიდან გალაადამდე არ შეგვხვედრია ქალაქი, მიუდგომელი რომ ყოფილიყო ჩვენთვის. ყველაფერი მოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.

37. ოღონდ არ მიდგომიხარ ყამონიანთა ქვეყანას, იაკობის ხევის ნაპირებს, მთის ქალაქებს და ყველა იმ ადგილს, რომლის აღებაც აგვიკრძალა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.