ძველი აღთქმა

მეორე რჯული

თავი ოცდამეოთხე

1. თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მისი ქმარი გახდება, მერე აითვალწუნებს, რადგან რაღაც სასირცხოს აღმოაჩენს მასში, უნდა დაუწეროს გაყრის წერილი, მისცეს ხელში და გაუშვას თავისი სახლიდან.

2. ქალი წავა მისი სახლიდან და გაჰყვება სხვა ქმარს.

3. თუ მეორე ქმარი მოიძულებს მას და დაუწერს გაყრის წერილს, მისცემს ხელში და გაუშვებს თავისი სახლიდან ან მოკვდება მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად მოიყვანა იგი,

4. პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, ნება არა აქვს ისევ მოიყვანოს ცოლად მას შემდეგ, რაც ქალი გაუწმიდურდა, რადგან ეს სისაძაგლეა უფლის წინაშე. ცოდვაში ნუ ჩააგდებ მიწას, რომელსაც წილად გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.

5. თუ ვინმეს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს, ნუ გავა სალაშქროდ და ნურც ნურაფერი დაეკისრება მას; ერთი წლით თავისუფალი იყოს სახლისთვის და გაახაროს თავისი ცოლი, რომელიც მოიყვანა.

6. არავინ დაიგირაოს ხელსაფქვავი ან დოლაბი, რადგან სიცოცხლის დამგირავებელი იქნება იგი.

7. თუ ნაპოვნი იქნება კაცი, რომელმაც მოიტაცა თავისი მოძმე ისრაელიანი, დაიმორჩილა და გაყიდა იგი, ეს მომტაცებელი უნდა მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.

8. არ გამოგრჩეთ კეთრის ნიშანი, დაიცავით და გააკეთეთ ყველაფერი, რაც ლევიან მღვდლებს უბრძანებია თქვენთვის. როგორც მე ვუბრძანე მათ, ეცადეთ, ისე გააკეთოთ.

9. გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, მირიამს გზაში, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით.

10. თუ შენს მოყვასს რამეს ასესხებ, ნუ შეხვალ მის სახლში წინდის ასაღებად.

11. გარეთ დადექი და კაცი, რომელსაც სესხს აძლევ, გარეთ გამოგიტანს წინდს.

12. თუ ღარიბი კაცია, ღამე არ დაიტოვო მისი წინდი.

13. დაუბრუნე წინდი მზის ჩასვლისას, რომ დაიძინოს თავის სამოსელში და დაგლოცოს. კეთილ საქმედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის წინაშე.

14. ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შენს კარზე მცხოვრები მდგმური.

15. თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს.

16. არ უნდა მოიკლან მამები შვილების გამო და შვილები არ უნდა მოიკლან მამების გამო; თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოიკლას.

17. ნუ გაამრუდებ მდგმურისა და ობლის სამართალს, ნუ დაიგირავებ ქვრივი ქალის სამოსელს.

18. გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტეში და უფალმა, შენმა ღმერთმა, გამოგისყიდა იქიდან; ამიტომაც გიბრძანებ ამის აღსრულებას.

19. თუ მომკი სამკალს და ძნა დაგავიწყდება ყანაში, ნუღა გაბრუნდები მის წამოსაღებად - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეთ, რომ აკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველაფერი, რასაც შენი ხელით გააკეთებ.

20. როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, რტოებს ნუღა დაუწყებ თვალიერებას - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს.

21. როცა ვენახს დაკრიფავ, მომცვრევას ნუღა დაიწყებ - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს.

23. გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში. ამიტომაც გიბრძანებ მე ამის აღსრულებას.