ძველი აღთქმა

მესამე მეფეთა

თავი მეორე

1. მოახლოვდა დავითის სიკვდილის ჟამი და ეს უანდერძა მან თავის შვილს, სოლომონს:

2. მივდივარ მთელი ქვეყნის გზით, გამაგრდი და კაცი იყავი.

3. აღუსრულე ვალი უფალს, შენს ღმერთს: იარე მის გზაზე, დაიცავი მისი წესები, მისი მცნებანი, მისი სამართალი, მისი მოწმობანი, როგორც სწერია მოსეს რჯულში, რომ ხელი მოგემართოს ყველაფერში, რასაც გააკეთებ, და ყველგან, საითკენაც პირს მიაბრუნებ.

4. რომ აღასრულოს უფალმა ჩემზე ნათქვამი თავისი სიტყვა: თუ შენი შვილები დაიცავენ ჩემს გზას და ივლიან ჩემს წინაშე ჭეშმარიტებით და მთელი გულითა და სულით, არ დაგელევაო კაცი ისრაელის ტახტზე.

5. შენც იცი, რა გამიკეთა იოაბ ცერუიას ძემ, რა გაუკეთა ისრაელის ლაშქრის ორ სარდალს - აბნერ ნერის ძეს და ყამასა იეთერის ძეს; როგორ დახოცა ისინი და მშვიდობის დროს ბრძოლის სისხლი დაღვარა; ბრძოლის სისხლი მოიცხო სარტყელზე და ფეხსამოსზე.

6. ბრძნულად მოიქეცი და მშვიდობით ნუ ჩაუშვებ მის ჭაღარას შავეთში.

7. ბარზილაი გალაადელის შვილებს წყალობა მიაგე, თანამეინახეებად გყავდეს სუფრაზე, რადგან ახლობლობა ჰქონდათ ჩემთან, როცა შენს ძმას აბესალომს გავურბოდი.

8. აჰა, შენთან არის შიმყი გერას ძე, ბენიამინიანი, ბახურიმიდან; ის იყო, რომ მწარედ მწყევლიდა, როცა მახანაიმში მივდიოდი. იორდანეზე ჩამოვიდა ჩემს შესახვედრად და მეც უფლის სახელით შევფიცე, მახვილით არ მოგკლავ-მეთქი.

9. შენ ნუ გაამართლებ, რადგან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე, რომ სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანო შავეთში.

10. განისვენა დავითმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა დავითის ქალაქში.

11. ხანი დავითის მეფობისა ისრაელზე იყო ორმოცი წელი, ხებრონში შვიდ წელს მეფობდა, იერუსალიმში - ოცდაცამეტ წელს.

12. დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და დიდად განმტკიცდა მისი მეფობა.

13. მივიდა ადონია, ხაგითის შვილი, ბათშებაყთან, სოლომონის დედასთან. უთხრა ქალმა: სამშვიდობოდა ხარ მოსული? მიუგო: სამშვიდობოდ.

14. უთხრა: საქმე მაქვს შენთან: უთხრა: თქვი.

15. თქვა: შენ იცი, რომ ჩემი იყო მეფობა, და მე შემომყურებდა მთელი ისრაელი, რომ მეფე გავმხდარიყავი. მაგრამ წამივიდა მეფობა და ჩემს ძმას ერგო, რადგან უფლისგან ჰქონდა მიცემული.

16. ახლა ერთი სათხოვარი მაქვს შენთან, ნუ გამაწბილებ. მიუგო ქალმა: თქვი.

17. თქვა: უთხარი სოლომონ მეფეს, რომ არ გამაწბილოს და ცოლად მომცეს აბიშაგ შუნამელი.

18. თქვა ბათშებაყმა: კარგი, დაველაპარაკები შენზე მეფეს.

19. მივიდა ბათშებაყი მეფე სოლომონთან, რომ ადონიაზე დალაპარაკებოდა. წარდგა მეფე მის შესახვედრად და თაყვანისცა მას, და დაჯდა თავის ტახტზე. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი და მის მხარმარჯვნივ დაჯდა იგი.

20. უთხრა: ერთი მცირე სათხოვარი მაქვს შენთან, ნე გამაწბილებ. უთხრა მეფემ: მთხოვე, დედაჩემო, რადგან არ გაგაწბილებ.

21. თქვა: მიეცი ცოლად აბიშაგ შუნამელი შენს ძმას, ადონიას.

22. მიუგო მეფე სოლომონმა თავის დედას და უთხრა: რად მოითხოვ ადონიასთვის აბიშაგ შუნამელს? ბარემ მეფობაც მოითხოვე მისთვის, რაკი ჩემი უფროსი ძმაა; მისთვის, აბიათარ მღვდლისთვის და იოაბ ცერუიას ძისთვის!

23. დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი და თქვა: ასე და ასე მიყოს უფალმა, და უარესიც დამმართოს, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ეს სიტყვა ადონიას!

24. ვფიცავ უფალს, რომელმაც განმამტკიცა და დამსვა მამაჩემის ტახტზე, რომელმაც სახლი ამიშენა დაპირებისამებრ, რომ დღესვე მოკვდება ადონია.

25. დაავალა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძეს და მანაც განგმირა იგი და მოკვდა ადონია.

26. აბიათარ მღვდელს კი უთხრა მეფემ: ყანათოთს წადი, შენს მამულში. სიკვდილის ღირსი ხარ, მაგრამ დღეს არ მოგკლავ, რადგან შენ გიტარებია უფლის კიდობანი მამაჩემის, დავითის წინაშე და, ყველაფერს იტანდი, რასაც მამაჩემი იტანდა.

27. მოკვეთა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც თქვა მან ელიას სახელზე სილოამში.

28. მიუვიდა ხმა იოაბს და (რადგან იოაბი ადონიას მიემხრო და აბესალომს არ მიმხრობია) გაიქცა იოაბი უფლის კარვისკენ და სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა.

29. შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკნ გაიქცაო იოაბი და, აჰა, სამსხვერპლოსთან დგასო. გაგზავნა სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე და დააბარა: მიდი, მოკალი!

30. მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: გამოდი, ასე ბრძანა მეფემ. მიუგო: არა, აქ მოვკვდები. მიუტანა ბენაიამ მეფეს ამბავი, ასე თქვაო იოაბმა.

31. უთხრა მეფემ: ისე გააკეთე, როგორც თავად თქვა; მოკალი და დამარხე. ამით მომრეცხავ მეცა და მამაჩემის სახლსაც უბრალო სისხლს, იოაბმა რომ დაღვარა.

32. უფალმა მის თავზევე მიაქციოს მისი სისხლი იმისივის, რომ მიუხდა ორ მასზე მართალ და კეთილ კაცს და მახვილით დახოცა მამაჩემის, დავითის უჩუმრდ აბნერ ნერის ძე, ისრაელის ჯარის სარდალი, და ყამასა იეთერის ძე, იუდას ჯარის სარდალი.

33. მიექცეს მათი სისხლი იოაბის თავს და მისი შთამომავლების თავს უკუნისამდე, ხოლო დავითს, მის მთამომავლობას, მის სახლს და მის ტახტს მშვიდობა სთნდეს უფლისგან უკუნისამდე.

34. წავიდა ბენაია იეჰოიადაყის ძე, თავს დაესხა მას და მოკლა, და მის სახლში, უდაბნოში დამარხა.

35. დანიშნა მეფემ ბენაია იეჰოიადაყის ძე მის ადგილზე ჯარის სარდლად, ხოლო აბიათარის ადგილზე ცადოკ მღვდელი დაადგინა მეფემ.

36. დაიბარა მეფემ შიმყი და უთხრა: აიშენე სახლი იერუსალიმში და იცხოვრე იქ. ნურსად ნუ გახვალ აქიდან.

37. როგორც კი გახვალ და კედრონის ხევს გასცდები, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება. შენს თავზე იქნება შენი სისხლი.

38. უთხრა შიმყიმ მეფეს: კეთილი. როგორც ბრძანა მეფე-ბატონმა, ისე მოიქცევა შენი მორჩილი. ცხოვრობდა შიმყი იერუსალიმში მრავალი ხანი.

39. გავიდა სამი წელი და გაექცა შიმყის ორი მორჩილი აქიშ მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. შეატყობინეს შიმყის, გათში არიანო შენი მორჩილნი.

40. ადგა შიმყი და შეკაზმა სახედარი და წავიდა გათს აქიშთან თავის მორჩილთა საძებრად. წავიდა შიმყი და კიდეც მოიყვანა გათიდან თავისი მორჩილნი.

41. შეატყობინეს სოლომონს, იერუსალიმიდან გათში წავიდა შიმყი და უკან მობრუნდაო.

42. დაიბარა მეფემ შიმყი და უთხრა: რომ დაგაფიცე უფლის სახელით და გაგაფრთხილე, თუ გახვედი და სადმე წასულხარ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება-მეთქი, შენ მიპასუხე: კეთილი, მესმისო.

43. რატომ არ შეინახე უფლის ფიცი და ჩემი ბრძანება, რაც ნაბრძანები მქონდა?

44. კიდევ უთხრა მეფემ შიმყის: შენც კარგად იცი და შენმა გულმაც, რა ავკაცობა გაგიკეთებია დავითისთვის, მამაჩემისთვის. ახლა შენს თავზე მოაქცევს უფალი შენს ავკაცობას.

45. კურთხეული იყოს მეფე სოლომონი და მტკიცე იყოს დავითის ტახტი უფლის წინაშე უკუნისამდე!

46. უბრძანა მეფემ ბენაია იეჰოიადაყის ძეს. ისიც წავიდა და დაჰკრა შიმყის, და მოკვდა იგი. განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში.