ძველი აღთქმა

მესამე მეფეთა

თავი მეოთხე

1. იყო მეფე სოლომონი მეფედ მთელს ისრაელზე.

2. ეს თავკაცები ჰყავდა მას: ყაზარია, ცადოკ მღვდლის შვილი;

3. ელიხორეფი და ახია, შიშას ძენი - მწერლები; იოშაფატ ახილუდის ძე - მემატიანე;

4. ბენაია იეჰოიადაყის ძე - ჯარის სარდალი; ცადოკი და აბიათარი - მღვდლები.

5. ყაზარია ნათანის ძე - მოურავთ უფროსი, ზაბუდ ნათანის ძე - მღვდელი და მეფის მეგობარი.

6. ახიშარი - სასახლის ზედამხედველი; ადონირამ ყა ბადას ძე - ხარკის განმგებელი.

7. თორმეტი მოურავი ჰყავდა სოლომონს მთელს ისრაელში. ისინი ამარაგებდნენ სარჩოთი მეფესა და მის სახლს; თითოეულს წელიწადში ერთი თვის მანძილზე უნდა ეზიდნა სარჩო.

8. აი, მათი სახელები: ბენ-ხური ეფრემის მთიდან;

9. ბენ-დეკერი მაკაცში, შაყ-ალბიმში, ბეთ-შემეშში, ელონში და ბეთ-ხანანში;

10. ბენ-ხესედი არუბოთში; მისი იყო სოქო და ხეფერის მთელი მხარე;

11. ბენ-აბინადაბი მთელს ნაფათ-დორში; სოლომონის ასული, ტაფათი ჰყავდა ცოლად;

12. ბაყანა ახილუდის ძე თაყანაქში, მეგიდოში და მთელს ბეთ-შეანში, ცართანასთან რომ არის, იზრეყელის ქვემოთ, ბეთ-შეანიდან ვიდრე აბელ-მეხოლამდე და იაკმეყანის გაღმა მხარემდე.

13. ბენ-გებერი გალაადის რამოთში; მისი იყო იაირ მენამეს ძის დაბები გალაადში; მისი იყო არგობის მხარე ბაშანში, სამოცი დიდი ქალაქი, გალავნიანი და სპილენძის ურდულებიანი.

14. ახინადაბ ღიდოს ძე მახანაიმში;

15. ახიმაყაცი ნაფთალის მხარეში; მასაც სოლომონის ასული ჰყავდა ცოლად, ბასმათი.

16. ბაყანა ნუშაის ძე აშერის მხარეში და ბეყადოთმი;

17. იეჰოშაფატ ფარუახის ძე ისაქარის მხარეში;

18. შიმყი ელას ძე ბენიამინის მხარეში;

19. გებერ ურის ძე გალაადის ქვეყანაში, სიხონის, ამორეველთა მეფის, ქვეყანაში და ოგის, ბაშანის მეფის ქვეყანაში. თითო მოურავი თითო ქვეყანაში.

20. ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი.

21. ეპყრა სოლომონს ყველა სამეფო მდინარიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე. მოართმევდნენ ხოლმე ძღვენს და ემორჩილებოდნენ სოლომონს მთელი მისი სიცოცხლე.

22. ეს იყო სოლომონის ყოველდღიური სარჩო: ოცდაათი ქორი გამტკიცული ფქვილი და სამოცი ქორი სადაგი ფქვილი;

23. ათი ნასუქალი ხარი და ათი ნაიალაღარი ხარი, ასი ცხვარი გარდა ნანადირევი ირმებისა, ქურციკებისა, ჯეირნებისა და გამოკვებილი ბატებისა.

24. ეს იმიტომ, რომ ბატონობდა იგი მთელს მდინარის გამოღმა მხარეზე თიფსახიდან ვიდრე ღაზამდე, და მდინარის გამოღმა ყველა მეფეზე, და ზავი ჰქონდა ყველა ქვეყნებთან ირგვლივ.

25. უშიშრად ისხდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი, თითოეული თავის ვენახის ძირას და თავისი ლეღვის ძირას დანიდან ვიდრე ბერშებამდე.

26. ჰქონდა სოლომონს ორმოცი ათასი თავლა ეტლის ცხენებისთვის და ჰყავდა თორმეტი ათასი ცხენოსანი.

27. ამარაგებდნენ ის მოურავები თითოეული თავის განკუთვნილ თვეში მეფე სოლომონს და მეფე სოლომონის სუფრის ყველა მეინახეს, თითოეული თავის განკუთვნილ თვეში, და არაფერს აკლებდნენ.

28. მოჰქონდათ ქერი და თივა ცხენებისთვის და ბედაურებისთვის. თითოეულს მისთვის მიჩენილ ადგილზე.

29. მიჰმადლა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი ჭკუა და ზღვის ქვიშასავით ვრცელი გონება.

30. სოლომონის სიბრძნე აღემატებოდა აღმოსავლელთა მთელს სიბრძნეს და ეგვიპტელთა მთელს სიბრძნეს.

31. ყველა ადამიანზე ბრძენი იყო იგი, ეთან ეზრახელზე, ჰემანზე, ქალქალაზე, დარდა მახოლის ძეზე, და განითქვა მისი სახელი ყველა ხალხში, ვინც კი ირგვლივ იყო.

32. წარმოთქვა სამი ათასი იგავი და შეთხზა ხუთი ათასი გალობა.

33. ლაპარაკობდა ხეებზე ლიბანის ნაძვიდან დაწყებული ეზობამდე, კედელზე რომ მიცოცავს; ლაპარაკობდა ცხოველებზე და ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და თევზებზე.

34. მოდიოდნენ ყველა მოდგმის ხალხისგან სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და ქვეყნის ყველა მეფისგან, ვისაც კი სმენოდა მისი სიბრძნის ამბავი.