ძველი აღთქმა

მესამე მეფეთა

თავი მეხუთე

1. გაგზავნა ხირამმა, ტიროსის მეფემ, თავისი მორჩილნი სოლომონთან, რადგან გაიგო, რომ იგი სცხეს მეფედ მამამისის ნაცვლად. ხოლო ხირამი დავითის მოყვარული იყო ყოველთვის.

2. შეუთვალა სოლომონმა ხირამს:

3. შენ იცი, რომ ვერ შესძლო მამაჩემმა დავითმა, აეშენებინა სახლი უფლის, თავისი ღვთის სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარშემო, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა ისინი.

4. ახლა კი ჩამომიგდო ირგვლივ მშვიდობა უფალმა, ჩემმა ღმერთმა; აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ფათერაკი მელის რაიმე.

5. აჰა, და ვფიქრობ ავაშენო სახლი უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის უფალს: შენი ვაჟიშვილი, ვისაც შენს ნაცვლად ტახტზე დავსვამ, ის ამიშენებსო ჩემს სახელზე სახლს.

6. ახლა ბრძანე, რომ კედარის ხეები მომიჭრან ლიბანში; ჩემი მორჩილნი შენს მორჩილებთან ერთად იქნებიან; მე მოგცემ შენს მორჩილთა გასამრჯელოს, რამდენსაც მეტყვი, რადგან შენ იცი, რომ ციდონელებივით ჩვენში ტყეს ვერვინ ჩეხავს.

7. როცა გაიგო ხირამმა სოლომონის სიტყვები, დიდად გაიხარა და თქვა: აწ კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი და ამდენი ხალხის განმგებლად დაადგინა.

8. შეუთვალა ხირამმა სოლომონს: მოვისმინე, რაც შემომითვალე; ყველაფერს შეგისრულებ, რაც კი კედარისა და კვიპაროსის ხეების გამო ისურვე.

9. ჩემი მორჩილნი ჩამოზიდავენ ლიბანიდან ზღვამდე, და ტივებად გავუშვებ ზღვით იმ ადგილამდე, რომელსაც დამითქვამ; იქ დავშლით და წაიღებ. ოღონდ შენ შემისრულე სურვილი: სარჩოთი მომიმარაგე სახლი.

10. უგზავნიდა ხირამი სოლომონს მისი სურვილის თანახმად კედარისა და კვიპაროსის ხეებს.

11. ხოლო სოლომონი უგზავნიდა ხირამს ოცი ათას ქორ ხორბალს მის სახლის სარჩოდ და ოც ქორ გაწმენდილ ზეთს. ამას უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე.

12. მიჰმადლა უფალმა სიბრძნე სოლომონს დაპირებისამებრ. მშვიდობა იყო ხირამსა და სოლომონს შორის და კავშირი ჰქონდათ შეკრული ერთმანეთთან.

13. დაბეგრა სოლომონმა მთელი ისრაელი: ოცდაათი ათასი კაცი გაჰყავდა ბეგარაზე.

14. გზავნიდა მათ ლიბანში, თვეში ათი ათას კაცს მორიგეობით. ერთ თვეს ლიბანში იყვნენ, ორ თვეს თავთავის სახლებში. ადონირამი განაგებდა ბეგარას.

15. სოლომონს ჰყავდა სამოცდაათი ათასი მტვირთავი და ოთხმოცი ათასი ქვისმჭრელი მთაში,

16. გარდა სამი ათას სამასი თავკაცისა, რომელნიც სამუშაოებზე ჰყავდა მიჩენილი სოლომონს და მომუშავეებს ზედამხედველობდნენ.

17. ბრძანა მეფემ და მოზიდეს დიდრონი ლოდები, ძვირფასი ქვის ზოდები სახლის საძირკველისათვის.

18. სოლომონისა და ხირამის მშენებლები და გებალელები ჭრიდნენ და ამზადებდნენ ხესა და ქვებს სახლის ასაშენებლად.