ძველი აღთქმა

მესამე მეფეთა

თავი მეცხრე

1. როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,

2. მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გაბაონში გამოეცხადა.

3. უთხრა უფალმა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, რომ მევედრებოდი; მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე; ჩემი თვალი და გული მუდამჟამს მანდ იქნება.

4. შენ კი, თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა წმიდა გულითა და სიმართლით, ყველაფერს აასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს,

5. განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელში სამარადისოდ, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის მითქვამს: არ გაგიწყდება-მეთქი ისრაელის ტახტზე მჯდომელი.

6. მაგრამ თუ განმიდგებით თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და წესებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანსსცემთ მათ,

7. გავწყვეტ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მას მივეცი, მოვიშორებ სახლს, რომელიც ჩემს სახელზე ვაკურთხე, და საიგავოდ და დასაცინად შეიქნება ისრაელი ხალხთა შორის.

8. ნანგრევად იქცევა ეს სახლი, და ყოველი ჩამვლელი გაოგნდება და დაუსტვენს, იტყვის: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?

9. იტყვიან: რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა მათი მამა-პაპა, მოეჭიდნენ სხვა ღმერთებს, თაყვანსსცემდნენ მათ და ემსახურებოდნენ. ამის გამო დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება.

10. ოცი წლის თავზე იყო, რომ დაასრულა სოლომონმა ორი სახლის - უფლის სახლისა და სამეფო სახლის შენება.

11. რადგან ხირამი, ტვიროსის მეფე, უგზავნიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს და ოქროს მისი სურვილისამებრ, მეფე სოლომონმა მისცა ხირამს ოცი ქალაქი გალილეის მხარეში.

12. წარვიდა ხირამი ტვიროსიდან სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი.

13. თქვა: ეს რა ქალაქები მოგიცია ჩემთვის, ძმაო? და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა და ასე ეწოდება დღემდე.

14. გაუგზავნა ხირამმა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო.

15. ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და თავისი სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად.

16. ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და გადაწვა. ამოხოცა მისი მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს.

17. ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი,

18. ბაყალათი და თადმორი, ქვეყნის უდაბნოში,

19. სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი ჰქონდა სოლომონს, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა იერუსალიმში და ლიბანში, და მთელს თავის სახელმწიფოში.

20. ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ამორეველთაგან, ხეთელთაგან, ფერიზეველთაგან, ხივიელთაგან და იებუსეველთაგან, რომელიც არ იყო ისრაელიანთა მოდგმისა,

21. მათი შთამომავლები, მათს შემდეგ რომ დარჩნენ ქვეეანაში, და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანებს, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე.

22. ისრაელიანთაგან არავისთვის დაუკისრებია ბეგარა, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მორჩილებად, მეთაურებად და სარდლებად, თავისი ეტლებისა და მხედრობის მეთაურებად.

23. ხუთას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა სოლომონს სამუშაოების ზედამხედველთა უფროსებად, რომელნიც უძღოდნენ მომუშავე ხალხს.

24. ფარაონის ასული ავიდა დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა მას დავითმა. მაშინ ააშენა მან მილო.

25. წელიწადში სამჯერ სწირავდა სოლომონი აღსავლენ სამადლობელ მსხვერპლს სამსხვერპლოზე, რომელიც უფალს აუშენა; და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. ასე დაასრულა სახლი.

26. ხომალდი ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, მეწამული ზღვის ნაპირას, ედომის ქვეყანაში.

27. გაგზავნა ხირამმა ხომალდით სოლომონის მორჩილებთან თავისი მორჩილნი - ხომალდის ოსტატები, ზღვის მცოდნენი;

28. მივიდნენ ისინი ოფირში და წამოიღეს იქიდან ოთხას ოცი ქანქარი ოქრო და მოართვეს მეფე სოლომონს.