ძველი აღთქმა

მეოთხე მეფეთა

თავი მეცხრამეტე

1. როცა გაიგონა ეს ხიზკიამ, ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში მივიდა.

2. გააგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და ჯვალოთი მოსილი მღვდელმთავრები წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან.

3. უთხრეს: ასე ამბობს ხიზკია: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა.

4. ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა სიტყვები რაბშაკესი, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა რომ შემოთვალა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან.

5. მივიდნენ მეფე ხიზკიას მორჩილნი ესაიასთან.

6. უთხრა მათ ესაიამ: ასე უთხარით თქვენს ბატონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინიათ გაგონილი სიტყვებისა, რითაც მლანძღავენ აშურის მეფის მსახურნი.

7. მოვუვლენ სულს და გაიგებს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისვე ქვეყანაში მახვილით დავცემ.

8. დაბრუნდა რაბშაკე და, აჰა, ლიბნას ეომება აშურის მეფე, რადგან გაიგო რომ ლაქიშიდან დაიძრა იგი.

9. თირჰაკაზე ქუშის მეფეზეც გაიგო, უთხრეს: აჰა, შენთან საომრად გამოვიდაო. მაშინ ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიას და დააბარა მათ:

10. ასე უთხარით ხიზკიას, იუდას მეფეს: არ შეგაცდინოს-თქო შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, რომ ფიქრობ, არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში.

11. ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის?

12. აბა თუ უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ხალხი, რომლებსაც მუსრი გაავლო ჩემმა მამა-პაპამ - გოზანი, ხარანი, რეცეფი, ყედენიანები, თელასარში რომ არიან?

13. სად არიან ხამათის მეფე, არფადის მეფე, სეფარვაიმ-ქალაქის, ჰენაყისა და ღივას მეფე?

14. გამოართვა ხიზკიამ წერილი მოციქულებს, წაიკითხა, ავიდა უფლის სახლში და უფლის წინაშე გაშალა წერილი.

15. ილოცა ხიზკიამ უფლის წინაშე და თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე ამხედრებულო! შენა ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენი შექმნილია ცა და მიწა.

16. ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე, თვალი გაახილე და დაინახე; გაიგონე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა.

17. მართალია, უფალო, მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები,

18. ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს, რადგან ღმერთები კი არ ყოფილან ისინი, არამედ ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით ნაკეთები საგნები იყო.

19. აწ გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ ხარ უფალი, ერთადერთი ღმერთი.

20. შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიას. ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: შევიწყნარე რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის წინააღმდეგ.

21. აჰა, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ: დაგცინის, გამასხრებს ქალწული ასული სიონისა; თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა;

22. ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე!

23. შენი მოციქულების პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის წვერზე, ლიბანის ფერდზე. გავჩეხე მაღალი ნაძვები, რჩეული ნაძვები, შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში.

24. ამოვთხარე და შევსვი უცხო წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეებიო.

25. ნუთუ არ გსმენია, რომ ეს ძველთაგანვე გავამზადე, რომ წინარე დღეებში გადავწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები.

26. მათი მცხოვრებნი დაძაბუნდნენ, შეშინდნენ და სირცხვილში არიან; მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით.

27. ვიცი, როგორ ზიხარ, როგორ გამოდიხარ და შედიხარ, როგორ მედიდგულები.

28. იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნება, ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.

29. ეს გქონდეს სასწაულად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს - ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ ნაყოფი.

30. კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი და მაღლა გამოიღებს ნაყოფს.

31. რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნარჩომი და ნატამალი - სიონის მთიდან. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.

32. ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს.

33. უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა. ვერ შევა ამ ქალაქში, ამბობს უფალი.

34. მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის.

35. იმ ღამით იყო, რომ გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთ ათას კაცს. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარი იყო ყველა.

36. აიყარა, წავიდა, გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში.

37. ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.