ძველი აღთქმა

მეოთხე მეფეთა

თავი მეცხრე

1. მოუხმო ელისე წინასწარმეტყველმა ერთ-ერთ წანასწარმეტყველს და უთხრა: შეიბი სარტყელი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და წადი გალაადის რამოთს.

2. მიხვალ და მოძებნი იქ იეჰუს, იოშაფატ ნიმშის ძის ძეს; მიხვალ და წამოაყენებ მისი ძმებისგან და უკანა ოთახში შეიყვან.

3. აიღებ ზეთის ჭურჭელს და ზეთს დაასხამ თავზე. ეტყვი: ასე ამბობს უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ. მერე კარს გააღებ, და დაუყოვნებლივ გაიქცევი.

4. წავიდა ყმაწვილი, წინასწარმეტყველის მსახური, გალაადის რამოთს.

5. მივიდა და, აჰა, სხედან ჯარის სარდლები. უთხრა: სიტყვა მაქვს შენთან, სარდალო. თქვა იეჰუმ: რომელთან ჩვენ შორის? მიუგო: შენთან, სარდალო.

6. ადგა და შევიდა სახლში. გადაასხა ზეთი თავზე და ეთხრა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხებ უფლის ერის, ისრაელის მეფედ.

7. შენ მოსპობ შენი ბატონის, აქაბის სახლს, რომ ავიღო ჩემს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა, სისხლი და უფლის ყველა მორჩილის სისხლი იზებელისგან.

8. განადგურდება აქაბის მთელი სახლი, ამოვძირკვავ ვინც კი ჰყავს აქაბს კედელთან მშარდავი - ყმა და აზატი ისრაელში.

9. გადავაქცევ აქაბის სახლს იერობოამ ნაბატის ძის სხლად და ბაყაშა ახიას ძის სახლად.

10. იზებელს ძაღლები შეჭამენ იზრეყელის ველზე და არავინ იქნება დამმარხველი. გააღო კარი და გაიქცა.

11. გავიდა იეჰუ თავისი ბატონის მორჩილებთან და უთხრეს: ხომ მშვიდობაა? რისთვის მოვიდა შენთან ეგ შეშლილი? მიუგო: თქვენ იცით მაგ კაციც და მისი ნალაპარაკევიც.

12. თქვეს: ტყუილია. გვითხარი. თქვა. ასე და ასე მითხრა, ასე ამბობსო უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ.

13. მყისვე დასტაცეს ხელი თავ-თავის მოსასხამებს და ხედ საფეხურებზე დაუფინეს; ბუკსა ჰკრეს და გამოაცხადეს: გამეფდა იეჰუ.

14. შეთქმულება მოაწყო იეჰუმ, იოშაფატ ნიმშის ძის ძემ, იორამის წინააღმდეგ. ხოლო იორამი მთელ ისრაელთან ერთად არამის მეფეს, ხაზაელს, უდარაჯებდა გალაადის რამოთში.

15. თავად იორამ მეფე უკან დაბრუნდა, რათა იზრეყელში განეკურნა ჭრილობები, არამელებმა რომ მიაყენეს ხაზაელ არამის მეფესთან ბრძოლის დროს. თქვა იეჰუმ: თუ თანახმა ხართ, ნურავის გავუშვებთ ქალაქიდან იზრეყელში შესატყობინებლად.

16. ამხედრდა იეჰუ და გასწია იზრეყელისკენ, რადგან იქ იწვა იორამი და იუდას მეფეც იქ იყო მისული იორმის სანახავად.

17. ებგური იდგა კოშკზე იზრეყელში, დაინახა, იეჰუს ჯარი რომ მოდიოდა, და თქვა: ჯარს ვხედავ. თქვა იორამმა: აიღე და გააგზავნე მხედარი მისაგებებლად, ჰკითხონ: ხომ მშვიდობაა-თქო.

18. წავიდა მხედარი მისაგებებლად და უთხრა: ასე ამბობს მეფე: ხომ მშვიდობა არისო? მიუგო იეჰუმ: შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი. შეატყობინა ებგურმა: მივიდა მათთან მოციქული და აღარ ბრუნდებაო.

19. გაგზავნა მეორე მხედარი. ისიც მივიდა მათთან და თქვა: ასე ამბობს მეფე: მშვიდობა არისო? თქვა იეჰუმ: შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი.

20. შეატყობინა ებგურმა: მივიდა მათთან და აღარ ბრუნდება. ქცევით იეჰუ ნიმშის ძესა ჰგავს, რადგან გადარეულივით იქცევა.

21. თქვა იორამმა: შემიკაზმეთ. შეუკაზმეს ეტლი და გავიდნენ იორამ ისრაელის მეფე და ახაზია იუდას მეფე თავ-თავისი ეტლებით. გავიდნენ იეჰუს შესახვედრად და შეეყარნენ მას ნაბოთ იზრეყელელის ნაკვეთზე.

22. როცა დაინახა იორამმა იეჰუ, უთხრა: ხომ მშვიდობაა, იეჰუ? მიუგო: რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენის, იზებელის გარყვნილებისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?

23. უკან გატრიალდა იორამი და გაიქცა. უთხრა ახაზიას: ღალატია, ახაზია!

24. მოზიდა შვილდს იეჰუმ, ბეჭებს შორის დაჰკრა და გულს უწვდინა ისარი. ჩაიჩოქა თავის ეტლზე იორამმა.

25. უთხრა იეჰუმ ბიდეკარს, თავის მხლებელს: აიღე და გადააგდე იგი ნაბოთ იზრეყელელის ყანაში; გაიხსენე, წყვილად რომ მივყვებოდით უკან ცხენდაცხენ მე და შენ მამამისს, აქაბს, და ეს განაჩენი რომ გამოუტანა უფალმა.

26. განა ნაბოთის და მისი შვილების სისხლი არ ვიხილე გუშინ? ამბობს უფალი. ამავე ყანაში მოგკითხავ სამაგიეროს, ამბობს უფალი. აიღე და გადააგდე ყანაში უფლის სიტყვისამებრ.

27. ეს რომ დაინახა ახაზიამ, იუდას მეფემ, ბაალის სახლისკენ გაიქცა. გაეკიდა იეჰუ და დაიძახა: მაგასაც დაჰკარით მისსავე ეტლზე. დაჰკრეს მას გურის მაღლობზე, იბლეყამთან; მეგიდოში გაიქცა და იქ მოკვდა.

28. წაასვენეს მისმა მორჩილებმა იერუსალიმს და დამარხეს იგი თავის სამარხში მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში.

29. იორამ აქაბის მეთერთმეტე წელს გამეფდა ახაზია იუდაში.

30. მივიდა იეჰუ იზრეყელში და როცა მოესმა ამბავი იზებელს, საოლავი წაისვა თვალებზე, თავი გაილამაზა და გაიხედა სარკმელში.

31. შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, ჰკითხა იზებელმა: ხომ მშვიდობაა, ზიმრი, საკუთარი ბატონის მკვლელო?

32. აჰხედა იეჰუმ სარკმელს და დაიძახა: ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ? და გადმოხედა მას ორმა-სამმა კარისკაცმა.

33. უთხრა: გადმოაგდეთ! გადმოაგდეს და მიესხა მისი სისხლი კედელს და ცხენებს, და გადათელეს იგი.

34. მივიდა, ჭამა და სვა, თქვა: მოძებნეთ ის შეჩვენებული და დამარხეთ, რადგან მეფის ასულია.

35. წავიდნენ მის დასამარხავად, მაგრამ ვერაფერი ნახეს მისგან, თავისქალისა და ხელ-ფეხის მეტი.

36. დაბრუნდნენ და მოახსენეს. თქვა იეჰუმ: ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოაცხადა მან თავისი მორჩილის, ელია თიშბელის პირით: იზრეყელის ველზე შეჭამენო ძაღლები იზებელს.

37. იქნება იზებელის გვამი, როგორც ნეხვი ყანაში, იზრეყელის ველზე, რომ ვერავინ თქვასო: აი, ეს არის იზებელი.