ძველი აღთქმა

დაბადება

თავი მეთერთმეტე

1. ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი.

2. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.

3. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.

4. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.

5. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.

6. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.

7. აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.

8. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება.

9. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.

10. ეს არის სემის მოდგმა: ასი წლის იყო სემი, როცა შვა არფაქშადი, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ.

11. იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადებიდან ხუთასი წელი. და შვა ძენი და ასულნი.

12. ოცდათხუთმეტი წლის იყო არფაქშადი, როცა შვა შალახი.

13. იცოცხლა არფაქშადმა შალახის დაბადებიდან ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.

14. ოცდაათი წლისა იყო შალახი, როცა შვა ყებერი.

15. იცოცხლა შალახმა ყებერის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.

16. ოცდათოთხმეტი წლისა იყო ყებერი, როცა შვა ფალეგი.

17. იცოცხლა ყებერმა ფალეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.

18. ოცდაათი წლისა იყო ფალეგი, როცა შვა რეღუ.

19. იცოცხლა ფალეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორასცხრა წელი და შვა ძენი და ასულნი.

20. ოცდათორმეტი წლისა იყრ რეღუ, როცა შვა სერუგი.

21. იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი.

22. ოცდაათი წლისა იყო სერუგი, როცა შვა ნახორი.

23. იცოცხლა სერუგმა ორასი წელი ნახორის დაბადების შემდეგ და შვა ძენი და ასულნი.

24. ოცდაცხრა წლისა იყო ნახორი, როცა შვა თერახი.

25. იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.

26. სამოცდაათი წლისა იყო თერახი, როცა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი.

27. ეს არის თერახის მოდგმა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; ჰარანმა შვა ლოტი.

28. მოკვდა ჰარანი მამამისის, თერახის სიცოცხლეში თავის სამშობლო ქვეყნად, ქალდეველთა ურში.

29. ითხოვეს ცოლები აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლი იყო სარაი, ნახორის ცოლი კი მილქა, ასული ჰარანისა, რომელიც იყო მილქას მამა და ისქას მამა.

30. ბერწი იყო სარაი, შვილი არ უჩნდებოდა.

31. მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის, თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ.

32. თერახის სიცოცხლის ხანი იყო ორას ხუთი წელი და მოკვდა თერახი ხარანაში.