ძველი აღთქმა

დაბადება

თავი მეოცე

1. გაემგზავრა იქიდან აბრაამი ნეგების მხრისკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, და იყო მდგმურად გერარში.

2. თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არის ეს ქალი. მაშინ გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი და წაიყვანა სარა.

3. მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე. რადგან ქმრიანია იგი.

4. აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს. უთხრა: უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ?

5. განა თავად არ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი? წრფელი გულითა და უმწიკვლო ხელით გავაკეთე ეს.

6. უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე: არ მიგაკარე მაგ ქალს.

7. ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი. ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ არც შენ და არც შენიანებს.

8. ადგა დილაადრიანად აბიმელექი, დაიბარა თავისი მორჩილნი და მოუყვა მათ მთელ ამ ამბავს. მეტისმეტად შეშინდა ხალხი.

9. დაიბარა აბიმელექმა აბრაამი და უთხრა: ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ ასეთ დიდ ცოდვაში მაგდებდი მეც და ჩემს სამეფოსაც? ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არავისთვის უქნიათ ოდესმე.

10. კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რას ფიქრობდი, ამ საქმეს რომ მიპირებდი?

11. უთხრა აბრაამმა: ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ-მეთქი.

12. მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც ვითხოვე ცოლად,

13. როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან ამახეტიალა, ვუთხარი ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: რა მხარეშიც რა უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი.

14. აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, ყმები და ყმაქალები. და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.

15. უთხრა აბიმელექმა: აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა, იცხოვრე შენს ნებაზე.

16. სარას უთხრა: აჰა, ათასი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველასთან გამართლებული ხარ!

17. ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი. მისი ცოლი და მისი მხევლები, და ეყოლათ შვილები.

18. რადგან ყველასთვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის, სარას გამო.