ძველი აღთქმა

დაბადება

თავი ორმოცდამესამე

1. მძიმე გახდა შიმშილი ქვეყანაზე.

2. როცა შეჭამეს მთელი პური, ეგვიპტიდან რომ ჰქონდათ ამოტანილი, მამამ უთხრა მათ: გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ მცირედი საზრდო.

3. უთხრა მას იუდამ: მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან იქნებაო.

4. თუ გაგვაყოლებ ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.

5. თუ არ გაგვაყოლებ, ვერ ჩავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.

6. უთხრა ისრაელმა: რად მიბოროტეთ, რად გაუმხილეთ იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?

7. უთხრეს: არ მოგვეშვა ის კაცი, გვეკითხებო ჩვენს და ჩვენი მოდგმის ამბავს, თუ არის ცოცხალი მამათქვენიო, კიდევ თუ გყავთო ძმა. ჩვენც ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოგვიყვანეთო?

8. უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: გაგვატანე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი.

9. მე ჩავიბარებ და მევე მომკითხე. თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემცოდე ვიყო შენს წინაშე.

10. რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ვიქნებოდით დაბრუნებულები.

11. უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: თუ ასეა, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვნად მცირეოდენი ბალსამონი, მცირეოდენი თაფლი, საკმეველი, შტახსი, ფსტა და ნუში.

12. ერთიორად წაიღეთ ვერცხლი, დაბრუნებული ვერცხლი კი, თქვენს თოფრებში რომ ეწყო, უკანვე მიეცით. ალბათ შეცდომაა რაღაც.

13. თქვენი ძმაც წაიყვანეთ, ადექით და კიდევ წადით იმ კაცთან.

14. ყოვლადძლიერი ღმერთი შეგეწიოთ, რათა წყალობა ნახოთ იმ კაცის თვალში და გამოგატანოთ ის მეორე ძმა და ბენიამინი. მე კი, თუ უშვილოდ დარჩენა მიწერია, დავრჩე უშვილო!

15. წაიღეს კაცებმა ეს ძღვენი, ვერცხლიც ერთიორად წაიღეს, და ბენიამინიც წაიყვანეს; ადგნენ და ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარუდგნენ იოსებს.

16. დაინახა მათთან ბენიამინი იოსებმა და უთხრა თავისი სახლის მოურავს: მომიყვანე სახლში ეს კაცები, საკლავი დაკალი და გაამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური ამ კაცებმა შუადღისას.

17. ისე მოიქცა ის კაცი, როგორც იოსებმა უბრძანა: მოუყვანა კაცმა ეს კაცები იოსებს სახლში.

18. შეეშინდათ ამ კაცებს, იოსების სახლში რომ მიიყვანეს. თქვეს, იმ ვერცხლის გამო მოგვიყვანეს ალბათ, მაშინ რომ ვაშკარანებში ჩაგვიდესო; თავს დაგვესხმიან, რომ დაგვიმონონ და ჩვენს სახედრებსაც დაეპატრონონ.

19. მიადგნენ იმ კაცს, იოსების სახლის მოურავს, და დაელაპარაკნენ სახლის შესასვლელთან.

20. უთხრეს: გევედრებით, ბატონო! ჩვენ წინათაც ჩამოვსულვართ პურის საყიდლად.

21. ღამის გასათევში რომ მივედით, თავი მოვხსენით ჩვენს ვაშკარანებს და ვხედავთ. ვაშკარანის პირზე დევს თითოეულის ვერცხლი უკლებლივ. ახლა გიბრუნებთ ჩვენი ხელით.

22. სხვა ვერცხლი წამოვიღეთ ჩვენი ხელით პურის საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ვაშკარანებში.

23. უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! ნუ გეშინიათ, თქვენმა ღმერთმა, მამათქვენის ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ვაშკარანებში. მომივიდა თქვენი ვერცხლი. და გამოუყვანა სიმონი.

24. შეიყვანა კაცმა ეს კაცები იოსების სახლში, მისცა მათ წყალი ფეხის დასაბანად და მათ სახედრებს საკვები დაუყარა.

25. მოამზადეს ძღვენი, ვიდრე იოსები მოვიდოდა შუადღისას, რადგან გაიგეს, რომ აქ უნდა ეჭამათ პური.

26. მოვიდა იოსები სახლში და მიართვეს მას ძღვენი საკუთარი ხელით, და მიწამდე თაყვანისცეს.

27. მოიკითხა იოსებმა ისინი და უთხრა: ხომ მშვიდობით არის მოხუცი მამათქვენი, ვისზეც მელაპარაკებოდით? ხომ ცოცხალია ჯერაც?

28. უთხრეს: მშვიდობით არის შენი მორჩილი მამაჩვენი, ჯერაც ცოცხალია. მუხლი მოიყარეს და თაყვანისცეს.

29. აიხედა იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის შვილი; იკითხა: ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა, ვისზეც მელაპარაკებოდით? თქვა: ღმერთი გწყალობდეს, ჩემო შვილო!

30. ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი ძმის გამო, ტირილი მოუნდა და გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა.

31. დაიბანა პირი, გამოვიდა, გაიმაგრა გული; თქვა: მოგვიტანეთ საჭმელი.

32. მოუტანეს საჭმელი მას ცალკე და მათ ცალკე, მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად ეჭამათ, პური; სიბილწედ რაცხდნენ ამას ეგვიპტელნი.

33. დასხდნენ მის პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით; გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს კაცებმა.

34. უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს; ბენიამინის კერძი ხუთჯერ მეტი იყო სხვების კერძზე. სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.