ძველი აღთქმა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი მეთორმეტე

1. იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება.

2. მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.

3. მოძღვარნი ცის ნათელივით გაანათებენ, მრავალთა მომარჯულებელნი კი - ვარსკვლავებივით უკუნითი უკუნისამდე.

4. შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა.

5. მაშინ მე, დანიელმა, ვიხილე: აჰა, ჩემს წინ ორი უცხო დგას, ერთი მდინარის გამოღმა ნაპირზე, ერთი გაღმა ნაპირზე.

6. უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: როდის იქნებაო ამ საკვირველი ამბების ბოლო?

7. სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო.

8. გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი. ვუთხარი: უფალო ჩემო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი?

9. მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე.

10. მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან.

11. მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი დღე გავა.

12. ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს!

13. შენ კი გასწიე შენი ბოლოსკენ; განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს.